გუშინ “ალიანსი საქართველოსთვის” თბილისის მერის არჩევნებში მონაწილეობის საკითხზე თათბირობდა.
24 საათი 01.03.10
გუშინ “ალიანსი საქართველოსთვის” თბილისის მერის არჩევნებში მონაწილეობის საკითხზე თათბირობდა.
ირაკლი ალასანიას პოლიტიკური პარტნიორები თავიანთი პოზიციის სისწორეში დარწმუნებულნი არიან და ირაკლი ალასანიას შეცდომის გამოსწორებისკენ მოუწოდებენ. მათი აზრით, ზურაბ ნოღაიდელის მიმართ ირაკლი ალასანიამ მკვეთრი პოზიცია უნდა გამოხატოს. მიუხედავად ამისა, “ჩვენი საქართველო - თავისუფალი დემოკრატების” ერთ-ერთმა ლიდერმა ვიქტორ დოლიძემ “24 საათს” განუცხადა, რომ ისინი პრაიმერის ინიციატორ ოპოზიციურ პარტიებთანაც აგრძელებენ მოლაპარაკებებს: “ყველასთან ვთანამშრომლობთ, რათა საერთო კანდიდატი გამოვლინდეს. ჩვენ ამისთვის ბოლომდე ვიბრძოლებთ. ეს ჭადრაკის სასახლეში გამართულმა შეხვედრამაც დაადასტურა.” დოლიძის თქმით, უახლოეს დღეებში გამოიკვეთება, თუ ვინ იქნება ოპოზიციის საერთო კანდიდატი. დოლიძე დასძენს, რომ “ალიანსის” საერთო ლიდერად ირაკლი ალასანია რჩება. მივდივართ ერთობისკენ, ეს არის ჩვენი მთავარი მიზანი.”
“რესპუბლიკელმა” დავით ბერძენიშვილმა “24 საათს” განუცხადა, რომ ირაკლი ალასანია ზურაბ ნოღაიდელს ემიჯნება, თუმცა ის ფორმა, რაც ერთი კვირის განმავლობაში ჩანდა, ნოღაიდელისგან დისტანცირებისთვის საკმარისი არ იყო. ბერძენიშვილის აზრით, ამას ცხადყოფს ჭადრაკის სასახლეში ნოღაიდელის მონაწილეობით გამართული ერთობლივი ღონისძიება.
მისი თქმით, “ალიანსს” ნოღაიდელის მიმართ მკვეთრი პოზიცია აქვს, ირაკლი ალასანიაც იზიარებს ამ პოზიციას, თუმცა, ამის გამოხატვის ფორმები ალასანიასა და “ალიანსის” დანარჩენ სუბიექტებს განსხვავებული აქვთ.” მიუხედავად ამისა, როგორც დავით ბერძენიშვილი შენიშნავს, ალასანიასა და “ალიანსი საქართველოსთვის” შემადგენლობაში შემავალ კიდევ სამ სუბიექტს შორის ტაქტიკურ საკითხებში სხვაობა იმ დონემდე არ მისულა, რომ ალასანიას “ალიანსი” დაეტოვებინა.
ბერძენიშვილის აზრით, ირაკლი ალასანიას შესაძლებლობა აქვს, თვითონ განსაზღვროს, სად არის მისი ადგილი. ბერძენიშვილი ღრმად არის დარწმუნებული, რომ ირაკლი ალასანიას ადგილი “ალიანსშია” და იმედს გამოთქვამს, რომ “შეცდომები, რაც ირაკლის მოუვიდა, უახლოეს დღეებში დაიძლევა.”
დავით ბერძენიშვილის მტკიცებით, ირაკლი ალასანია და “ალიანსში” შემავალი დანარჩენი სუბიექტები მუდმივად მართავენ მოლაპარაკებებს. შეხვედრა გუშინწინაც შედგა და მანამდეც. მისი თქმით, ირაკლი ალასანია ბოლო დროს ხშირად სტუმრობს “რესპუბლიკური პარტიის” ოფისს, სადაც საუბრები მიმდინარეობს. “კონსულტაციების ერთი დღეც არ ჩაგვიგდია. ვმსჯელობთ, როგორ დავძლიოთ ის პრობლემა, რაც მთელ რიგ საკითხებში შეიქმნა. ამ ერთმა კვირამ დაადასტურა, რომ “ალიანსს” არც ერთი შეცდომა არ მოსვლია. ჩვენ დავადასტურეთ მყარი ზნეობრივი პოზიცია, რომ რუსეთის პირდაპირ თუ ირიბ წარმომადგენლობასთან საქართველოში არავითარი კავშირი არ გვაქვს და მათ გაძლიერებას არ დავუშვებთ,” - შენიშნავს ბერძენიშვილი. მას მიაჩნია, რომ ალასანია გადაწყვეტილების მიღების ზღვარზეა და იგი ოპტიმალურ გადაწყვეტილებას მიიღებს. ბერძენიშვილის თქმით, “ალიანსის” ლიდერ ირაკლი ალასანიას შესწევს ძალა, რომ გიგი უგულავა და “ნაციონალური მოძრაობა” დაამარცხოს. ის დასძენს: “ლიდერი ოპოზიციური კანდიდატი და ოპოზიციის საერთო კანდიდატი ერთი და იგივეა.” დავით ბერძენიშვილის თქმით, “ალიანსი” ეხმარება ირაკლი ალასანიას, რათა “კვლავ დაუბრუნდეს რწმენა, რომ ის უკვე არის ლიდერი კანდიდატი, სხვა კანდიდატების მხარდაჭერის თუ წინააღმდეგობის მიუხედავად.”
მართალია, “რესპუბლიკელებისთვის” მიუღებელია ნოღაიდელთან კონსულტაციების გამართვა, თუმცა დავით ბერძენიშვილი ასევე მიიჩნევს, რომ ქართულ პოლიტიკაში ე.წ. უპარტიო პოლიტიკის ზომაზე მეტად ჩართვასაც არანაირი სარგებელი არ მოაქვს. “ლევან გაჩეჩილაძე რომ ამბობს - ყველამ მხარი დაუჭიროს ირაკლი ალასანიას, მერე მეც ამოვისუნთქავ და ალასანიას მხარდაჭერას გამოვუცხადებო, მე პირიქით შევაბრუნებდი - ლევან გაჩეჩილაძემ ირაკლი ალასანიას ყოველგვარი პირობების გარეშე დაუჭიროს მხარი და ამის შემდეგ არავითარი პრაიმერის იდეა აღარ იარსებებს. ეს პოლიტიკური აუტსაიდერების პროექტია, მასში ნოღაიდელის ჩართვამ კი კიდევ უფრო გაართულა საქმე და უხერხულ მდგომარეობაში ჩააგდო “კონსერვატორები” და სხვები,” - აღნიშნავს ბერძენიშვილი. ის იმედს გამოთქვამს, რომ გაჩეჩილაძეს პოზიტიური როლის შესრულების რესურსი ჯერ კიდევ აქვს. ამიტომ, როგორც ბერძენიშვილი შენიშნავს, მან თვითონ უნდა გადადგას ნაბიჯი და დაამთავროს ის პოლიტიკა, რომელისკენაც მას უბიძგებენ. ბერძენიშვილის თქმით, “სასურველია, გაჩეჩილაძემ ალასანიას დაუჭიროს მხარი, ეს წაადგება თვითონაც, ალასანიასაც და, რაც მთავარია, ქართულ საზოგადოებას. თუმცა, ჩვენი გადაწყვეტილებები, რა თქმა უნდა, იმაზე არ არის დამოკიდებული, როდის რას იტყვის ლევან გაჩეჩილაძე.” დავით ბერძენიშვილის განცხადებით, “ალიანსს” ჰყავს თავისი კანდიდატი - ირაკლი ალასანია და ნებისმიერი სხვა კონფიგურაციით კანდიდატის გამოვლენა “რესპუბლიკურ პარტიას” არ აინტერესებს.
“რესპუბლიკელების” და “მემარჯვენეების” პოზიციას იზიარებს “ალიანსის” თანათავმჯდომარე სოზარ სუბარი. როგორც სუბარი შენიშნავს, “მთავარია, ოპოზიცია იყოს ერთიანი, ოღონდ საერთო ღირებულებების საფუძველზე.” სოზარ სუბარი “ალიანსის” პირვანდელ მდგომარეობაში დაბრუნებაზეც საუბრობს: “მცდელობა, რომ ირაკლი ალასანიას პოლიტიკური ძალები გაეერთიანებინა, განწირული გამოდგა. მან დაინახა, რომ იქ ზურაბ ნოღაიდელი ერთ-ერთი მოთამაშე კი არა, მთავარი პერსონა იყო. ჩვენ მოვუწოდებთ ყველას, ვისაც გამარჯვება უნდა, რომ მყარად დაუჭიროს მხარი “ალიანსს”, რომლის ლიდერად კვლავ რჩება ირაკლი ალასანია.”
მაშინ, როცა ოპოზიციაში კონსულტაციები ჯერ კიდევ არ დასრულებულა, "ახალი მემარჯვენეები" ირაკლი ალასანიასგან მკვეთრი პოზიციის გამოხატვას უახლოეს დღეებში ელოდებიან. “მემარჯვენე” მანანა ნაჭყებია აცხადებს, რომ “ალიანსი” არც დაშლილა და, შესაბამისად, ალასანიას ე.წ. უკან დაბრუნებაზე საუბარიც არაადეკვატურია.” თუმცა, ნაჭყებიას თქმით, თუ ირაკლი ალასანიამ ზურაბ ნოღაიდელის მიმართ მკვეთრი პოზიცია უახლოეს დღეებში არ გამოხატა, “მემარჯვენეებს” ალასანიასთან თანამშრომლობა გაუჭირდებათ.