საქართველოში მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდები წელს პირველად ჩატარდება.
24 საათი 01.03.10
საქართველოში მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდები წელს პირველად ჩატარდება.
გამოცდები ნებაყოფლობითია და სახელმწიფოს მიერ ფინანსდება. კვალიფიკაციის ამაღლების სურვილი უკვე ბევრმა მასწავლებელმა გამოთქვა, ამისთვის მოტივაციაც არსებობს - სერტიფიცირებულ მასწავლებელთა ხელფასი გაიზრდება, ამასთანავე მათ მენტორ-მასწავლებლებად მუშაობის საშუალებაც ექნებათ.
სასერტიფიკაციო გამოცდების ჩაბარების მსურველ მასწავლებელთა რეგისტრაცია უკვე დაწყებულია და 31 მარტამდე გაგრძელდება. რეგისტრაციის გავლის შემდეგ მასწავლებლებს სახელმწიფო 160-ლარიან ვაუჩერს გადასცემს, რომლითაც სწავლის პროცესი დაფინანსდება. ამ ეტაპზე მასწავლებელთა სერტიფიცირების პროცესში მონაწილეობას მიიღებენ ქართულის, მათემატიკისა და უცხო ენების პედაგოგები. კვალიფიკაციის ამაღლება ასევე შეეძლებათ იმ პედაგოგებს, რომლებიც ამ ეტაპზე არ მუშაობენ, თუმცა მინიმუმ ერთწლიანი გამოცდილება აქვთ.
სასერტიფიკაციო გამოცდები ორი მიმართულებით ჩატარდება. კერძოდ, პედაგოგმა საგნის ცოდნაში მაღალი დონე უნდა გამოავლინოს და ასევე აჩვენოს, რომ სწავლების თანამედროვე მეთოდებს ფლობს. ამისთვის მან ორი გამოცდა უნდა ჩააბაროს - საგანში და უნარ-ჩვევებში.
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრმა უკვე მომზადდა სერტიფიცირებისთვის საჭირო ლიტერატურა, რომელიც ყველა პედაგოგისთვის ხელმისაწვდომია. მათ ეს მასალები საგამოცდო პროგრამის მომზადებაში მაქსიმალურად დაეხმარებათ.
დიმიტრი შაშკინი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი: “მისასალმებელია, რომ სერტიფიცირების პროცესს მასწავლებლები პოზიტიურად შეხვდნენ. სერტიფიცირება ჩვენი თვითმიზანი არ არის, ჩვენ გვსურს კვალიფიციური კადრების მომზადება, რომელთა სოციალური მდგომარეობა და სტატუსი თავისთავად საგრძნობლად გაუმჯობესდება. ამასთანავე, სახელმწიფომ იზრუნა ამ პროცესის ფინანსურ მხარეზეც, მასწავლებლებს კვალიფიკაციის ამაღლება 160-ლარიანი ვაუჩერით უფინანსდებათ. მასწავლებლები, მათი სერტიფიცირება და კვალიფიციური კადრების არსებობა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა საქართველოში მასწავლებელი დაცული და წარმატებული’ იყოს.”
მასწავლებელი, რომელიც სასერტიფიკაციო გამოცდებს ვერ ჩააბარებს, სკოლაში მუშაობას ჩვეულებრივ გააგრძელებს. სურვილის შემთხვევაში კი სასერტიფიკაციო გამოცდებზე გასვლის საშუალება კვლავ ექნება.
პედაგოგთა სერტიფიცირება 2014 წელს დასრულდება. გამოცდები წელიწადში ორჯერ - ივლისში და იანვარში ჩატარდება.
გვანცა კილასონია