ცესკო-ს თავმჯდომარე დეპუტატებს ორწლიან გეგმას აცნობს
24 საათი 02.03.10
ცესკო-ს თავმჯდომარე დეპუტატებს ორწლიან გეგმას აცნობს
პარლამენტის ინტერფრაქციულმა ჯგუფმა გუშინ ცესკო-ს თავმჯდომარის ანგარიში ჩაიბარა. ზურაბ ხარატიშვილმა ჯგუფს მომავალი ორი წლის სამოქმედო სტრატეგია გააცნო. ცხადია, დეპუტატებს, პირველ რიგში, ახალი თავმჯდომარის "მოკლევადიანი სტრატეგია" ანუ ადგილობრივი არჩევნებისთვის მზადების დეტალები აინტერესებდათ.
2010-2011 წლების სტრატეგიული გეგმა ორ ნაწილად არის დაყოფილი: მოახლოებული ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე პერიოდი და ამ არჩევნებიდან 2011 წლის ბოლომდე.
ცესკო-ს თავმჯდომარეს, პირველ რიგში, აუცილებელად მიაჩნია საარჩევნო სიების გაუმჯობესება, ასევე დავების მექანიზმის დახვეწა, საარჩევნო პროცესში ახალი ტექნოლოგიების განვითარება და მოწყვლად ჯგუფებთან - ეთნიკურ უმცირესობებთან და ინვალიდებთან მუშაობის გააქტიურება.
პირველი საკითხის შესახებ ზურაბ ხარატიშვილმა აღნიშნა, რომ მიმდინარე წლის 1 მაისამდე მოხერხდება ცესკო-ს, სამოქალაქო რეესტრისა და ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროების მონაცემთა ბაზების ონლაინ რეჟიმში შეერთება, რის შედეგადაც ამომრჩეველთა სიები აბსოლუტურად იდენტური გახდება.
ცესკო-ს თავმჯდომარემ ასევე განაცხადა, რომ მოკლევადიან პერიოდში ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიზანია ცესკო-სა და ზოგადად საარჩევნო პროცესისადმი საზოგადოების ნდობის ამაღლება, ცესკო-ს მუშაობის გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულობის გაზრდა, ასევე საარჩევენო კანონმდებლობისა და საარჩევენო პროცესის ეუთო-სა და ევროკომისიის რეკომენდაციებთან შესაბამისობაში მოყვანა. გამჭვირვალობის ხარისხის ამაღლების მიზნით ცესკო აპირებს, ითანამშრომლოს ყველა პოლიტიკურ პარტიასთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან და მედიასთან. მისი თქმით, ცესკო მედიას ყველანაირად შეუწყობს ხელს საარჩევნო პროცესის სამართლიანად გაშუქებაში, ასევე იმუშავებს იმ მიმართულებით, რომ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება არ მოხდეს და საარჩევნო პროცესში ნებისმიერი ტიპის ძალადობა გამოირიცხოს.
როგორც მოსალოდნელი იყო, შეხვედრაზე კითხვების დიდი ნაწილი სწორედ სიებს ეხებოდა. თუმცა, საინტერესოა, რომ სიების გამო პრეტენზიები მხოლოდ ხელისუფლების მიმართ არ გაჟერებულა.
ფრაქცია "ძლიერი საქართველოს" თავმჯდომარემ გია თორთლაძემ აღშფოთება გამოთქვა იმ პარტიების მისამართით, რომლებიც საარჩევნო სიების მონიტორინგს აწარმოებენ. თორთლაძის თქმით, თანხების მიღების შემდეგ ეს პარტიები არაფერს აკეთებენ და ამის გადაბრალებას სხვაზე ცდილობენ.
"შესაბამის პარტიებს შორის სიების გადამოწმებისას კოორდინაცია არ არსებობს. ისინი არ ჩადიან იმ რეგიონებში, სადაც გასულ არჩევნებზე დარღვევების მხრივ ყველაზე სერიოზული პრობლემები იყო. ლაპარაკია ქვემო ქართლსა და სამცხე-ჯავახეთზე. მონიტორინგი, ფაქტობრივად, დასავლეთ საქართველოს დიდ ქალაქებსა და თბილისში ხორციელდება. მონიტორინგისთვის განკუთვნილი თანხის მიღების შემდეგ ეს პარტიები არაფერს აკეთებენ და ამას სხვას აბრალებენ," - განაცხადა თორთლაძემ.
ამასთან, იგი ინტერფრაქციული ჯგუფის სხდომაზე საარჩევნო სიების გადამოწმებაში მონაწილე პარტიების მოწვევის წინადადებითაც გამოვიდა, რათა უკვე არსებული შედეგები შეაჯამონ.
სხვა თემებთან ერთად, ოპოზიციამ ვიდეოთვალის საკითხიც დააყენა. ეს საკითხი შეხვედრაზე ვიცე-სპიკერმა ლევან ვეფხვაძემ წამოჭრა. მისი თქმით, ზოგიერთ უბანზე ძველი ვიდეოთვალია დამონტაჟებული, რომელიც თანამედროვე სტანდარტებს ვერ პასუხობს და ამ პრობლემის მოგვარებაა საჭირო.
შეხვედრაზევე გაირკვა, რომ არჩევნების გამჭვირვალობის მიზნით ახალი აპარატურის შესაძენ ხარჯებს უახლოეს მომავალში ცესკო-ში შექმნილი ჯგუფი დაიანგარიშებს. იქნება თუ არა ბიუჯეტში ამ ტექნიკის შესაძენი თანხა, ჯერჯერობით უცნობია, თუმცა თავად საკითხის ინიციატორი მეტად ოპტიმისტურად არის განწყობილი. ლევან ვეფხვაძემ შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ 30 მაისის არჩევნებისთვის შესაძლოა, 3 600-მდე საარჩევნო უბანი ახალი ვიდეოთვალით აღიჭურვოს. ამასთან, ვეფხვაძის განცხადებით, რამდენიმე უბანზე არჩევნები შესაძლოა, ონლაინ რეჟიმით გაშუქდეს და მოსახლეობას საშუალება ექნება, ამ გზით დააკვირდეს არჩევნებს.
ცნობისათვის - საარჩევნო პროცესების მონიტორინგის მიზნით ინტერფრაქციული ჯგუფის შექმნა პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძის ინიციატივა იყო. ჯგუფი 9 წევრისგან დაკომპლექტდა, რომელშიც უმრავლესობა - 5 წევრი ოპოზიციის წარმომადგენელია, ხოლო 4 - ხელისუფლების. ინტერფრაქციული ჯგუფის ხელმძღვანელი "ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის" წევრი გურამ ჩახვაძეა. გუშინდელი შეხვედრა სწორედ მისი ინიციატივით გაიმართა.