RSS ბოლო ნომერი მობილური ვერსია
24 saati
23 მაისი, ოთხშაბათი 2012
თბილისი ... ...
ამბები >>

ადამიანის სულის ინჟინრები

1937 წლის მაისში თბილისში საქართველო კომუნისტური (ბოლშევიკური) პარტიის X ყრილობა მიმდინარეობდა.

24 საათი 06.03.10

  •   aa
  •   aa
    ტიციან ტაბიძის დახვრეტის ოქმი

1937 წლის მაისში თბილისში საქართველო კომუნისტური (ბოლშევიკური) პარტიის X ყრილობა მიმდინარეობდა.

15 მაისს ყრილობაზე საანგარიშო მოხსენებით საქართველოს კომპარტიის ცეკას პირველი მდივანი ლავრენტი ბერია გამოვიდა.

იგი ქვეყანაში პირველი ხუთწლედის შედეგებს აჯამებდა. თავის მოხსენებაში ცკ-ს მდივანმა სახალხო მეურნეობის სხვადასხვა დარგები მიმოიხილა და იქ არსებულ დარღვევებსა თუ შეცდომებზე ისაუბრა. ცკ-ს პირველ მდივანს ყველა დაძაბული უსმენდა. 1937 წელს, როდესაც საბჭოთა კავშირის მასშტაბით საშინელი რეპრესიები მიმდინარეობდა, ლავრენტი პავლოვიჩის გამოსვლას დირექტიული მნიშვნელობა ჰქონდა. ყველა ხვდებოდა, რომ ბერიას მიერ კრიტიკულ კონტექსტში დასახელებული პირები სულ მალე ციხეში აღმოჩნდებოდნენ. თავის მოხსენებაში, ბერია ქვეყნის კულტურულ სფეროს და კერძოდ ქართველ მწერალთა შემოქმედებასაც შეეხო:

"ქართველ მწერლებსა და ხელოვნების მუშაკთა შორის არიან ცალკეული პირები, რომლებმაც უნდა გადასინჯონ თავიანთი კავშირურთიერთობა ქართველი ხალხის მტრებთან - აღნიაშვილთან, ლომინაძესთან, ჯიქიასთან, ელიავასთან და სხვებთან. სერიოზულად დაუფიქრდნენ ამას და გამოიტანონ თავისთვის ყველა საჭირო დასკვნა, ვინაიდან არავის ნებას არ მივცემთ ითვალთმაქცოს, ქართველი ხალხი მოატყუოს და საბჭოთა მწერლის ან მხატვრის მაღალი სახელწოდების ამოფარებით აკეთოს თავისი შავი საქმე ხალხის მტრებთან ერთად.

მაგალითად პავლე იაშვილმა, რომელიც უკვე 40-ზე მეტი წლისაა, დროა ჭკუა ისწავლოს. სიკეთე არ მოჰყვება მის ნავარდს ლომინაძისაგან, ჯიქიასკენ, ჯიქიასაგან აღნიაშვილისაკენ და ბოლოს ელიავას კლანჭებში. ზედმეტი არ იქნება სერიოზულად ჩაუფიქრდნენ თავის საქციელს აგრეთვე გამსახურდია, ჯავახიშვილი, მიწიშვილი, შევარდნაძე და კიდევ ზოგიერთები.

ჩემს მიერ ჩამოთვლილმა მწერლებმა უნდა იცოდნენ, რომ მათი შემდგომი საქციელი, ის გარემოება, თუ რა სწრაფად გარდაიქმნებიან და დაჰგმობენ ისინი თავის წარსულ საქმეებსა და კავშირურთიერთობას, განსაზღვრავს ჩვენი პარტიის და საბჭოთა ხელისუფლების დამოკიდებულებას მათდამი."

ლავრენტი პავლეს-ძე საქართველოში სტალინის გენერალურ ხაზს ატარებდა და სწორედ იგი განსაზღვრავდა რეპრესიების მიმართულებას. საანგარიშო მოხსენებაში მწერლების კრიტიკა, მხოლოდ ერთს ნიშნავდა - მწერალთა კავშირში სულ მალე სასიკვდილო წმენდა დაიწყებოდა.

კომპარტიის X ყრილობიდან ორი კვირის შემდეგ, მწერალთა კავშირში ლავრენტი ბერიას მოხსენების განხილვა დაიწყო. სხდომებს მწერალთა კავშირის პასუხისმგებელი მდივანი დავით დემეტრაძე უძღვებოდა, რომელიც ბერიას მიერ ყრილობაზე ნახსენები პირებისგან, შეცდომების საჯარო აღიარებას და მონანიებას მოითხოვდა.

კომუნისტური რეჟიმი მწერლობას და საერთოდ კულტურას განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობდა. სწორედ მწერლების, პოეტების, დრამატურგების, მხატვრებისა და კულტურის სხვა მოღვაწეთა საშუალებით ცდილობდნენ ბოლშევიკები საზოგადოებაში ახალი იდეოლოგიის დანერგვას. "საბჭოთა მწერალი ადამიანის სულის ინჟინერია", - სტალინის ეს სიტყვები მწერლების მიმართ პარტიის პოლიტიკას ზუსტად ასახავდა.

კომუნისტებთან ზოგი შიშით, ზოგი ანგარებით და ზოგიც ნებაყოფლობით თანამშრომლობდა. საბჭოთა საქართველოში იშვიათად თუ მოიძებნებოდა მწერალი, რომელიც ხელისუფლებას და მათ ბელადებს არ უმღეროდა. განსხვავება მხოლოდ იმაში იყო, რომ ზოგი ამას გამოუვალი მდგომარეობის გამო, მოვალეობის მოხდის მიზნით აკეთებდა, ზოგი კი სისტემატიურად და სიხარულით.

ლიტერატურის სახელმწიფო კონტროლი საბჭოთა ხელისუფლებამ სამოქალაქო ომის დასრულებისთანავე დაიწყო. ბოლშევიკთა ცეკასთან შეიქმნა აგიტაცია-პროპაგანდის განყოფილება და პოლიტიკური განათლების მთავარი სამმართველო, რომლებსაც მეცნიერებისა და ხელოვნების დარგში ცენზურის განუსაზღვრელი უფლება ჰქონდათ.

ლიტერატურის დარგში ყველაზე მძლავრ ორგანიზაციას “რაპპი” (რუსეთის პროლეტარ მწერალთა ასოციაცია) წარმოადგენდა. ასოციაცია ლიტერატურაში პარტიის ხაზს უხეშად და ბოლშევიკური მეთოდებით ატარებდა. “რაპპის” წევრები თვლიდნენ, რომ ბოლშევიკურ დროებას ახალი ლიტერატურა ჭირდებოდა. მჩაგვრელ-ექსპლოატატორთა კლასის მომსახურე რევოლუციამდელი პოეტებისა და მწერალთა სახელები კი დავიწყებას უნდა მისცემოდა.

“რაპპის” ფილიალი საქართველოშიც არსებობდა. მისი ხელმძღვანელი ბენიტო (მირიან) ბუაჩიძე იყო. 1924 წელს მან ქუთაისში პროლეტმწერალთა ასოციაციის განყოფილება ჩამოაყალიბა. ერთი წლის შემდეგ უკვე თბილისში ლიტერატურული ჯგუფი "პროლემაფი" (პროლეტარულ მწერალთა ახალი ფრონტი) შექმნა. 1926-1931 წწ საქართველოს პროლეტარ მწერალთა ასოციაციას ხელმძღვანელობდა. ბენიტო ბუაჩიძე: "ილიას და მისი მიმდევრების მწერლობა ჩვენ არაფრად გამოგვადგება. ჩვენ მოვითხოვთ სკოლის სახელმძღვანელოები ხელახლა იქნეს გაწმენდილი ძველი სახარებიდან და მამაშვილური პატრიოტიზმით სავსე წიგნებისგან... არ უნდა დავივიწყოთ, რომ ჩვენ დამწყები ვართ კაცობრიობის ისტორიაში ოდესმე არსებული მწერლობათა შორის ყველაზე ძლიერი, ყველაზე უდიდესი მწერლობის."

ბუაჩიძის ასოციაციაში შემავალ პროლეტარ მწერლებს ეროვნული აზროვნება საერთოდ არ გააჩნდათ. მათთვის მთავარი რევოლუცია და საბჭოთა სამშობლო იყო. ქართველ კლასიკოსებს აფურთხებდნენ, ეროვნულ პოზიციაზე მდგომი მწერლების ფიზიკურ ლიკვიდაციას მოითხოვდნენ და პატრიოტიზმის ნებისმიერ გავლენას წარსულის გადმონაშთად ნათლავდნენ. მაგალითად, კომუნისტების წინააღმდეგ 1924 წლის აჯანყების მონაწილეებზე კალე ფეოდოსიშვილმა (ვეკუა) ჟურნალ "მერცხალში" ასეთი ლექსი გამოაქვეყნა:

გახსოვს აგვისტო? - მტრების გამოსვლა?

სადარაჯოზე ერთად ვიდექით.

სთქვი: ვინ გაბედავს ტყვიით დაცხრილოს

ეგ ჩვენი დროშა, სისხლით ნაბანი,

მან ჩემგან უნდა მიიღოს ჯილდოდ

გახურებული ტყვია ნაგანის!

ამის შემდეგ რაღა გასაკვირია მისი ლექსი "ქალაქის ბაღში", სადაც ფეოდოსიშვილი რევოლუციის სამსხვერპლოზე საკუთარი მშობლების მიტანასაც არ ერიდება.

მე გადავწყვიტე მთლიანი გულით

ახალი ქვეყნის დავრჩე ერთგული!

არ გაგიკვირდეს დღეს ეს ცვლილება,

არ გაგიკვირდეს, ნუ მეტყვი ჯალათს

მე მამას მოვკლავ, დავახრჩობ დედას,

რევოლუციამ თუ კი მიბრძანა!

ბოლშევიკური ხელისუფლება ყოველმხრივ ცდილობდა ფეოდოსიშვილის შემოქმედება მისაბაძი გაეხადა. მსგავს მწერლებს კომუნისტები ყველა პირობას უქმნიდნენ. კომუნისტები ახალი საზოგადოების ცნობიერებაში სამშობლოს ცნებას შლიდნენ და პროლეტმწერლების გამოყენებით, მის ნაცვლად ინტერნაციონალურ ხაზს ნერგავდნენ. ერთ-ერთ ახალგაზრდა პოეტს, რომელმაც ლექსში თქვა ქართლი, კახეთი, გურია ჩვენი სამშობლოაო, “რაპპის” წევრმა კარლო მელაძემ პროლეტარული კრიტიკით უპასუხა: "რას ჰგავს ეს... რა შუაშია აქ მოქალაქე პოეტო, ქართული სისხლი. რა შუაშია აქ ქართლი, გურია და საქართველოს სხვა კუთხეებზე ნაციონალური აღიღინება?"

"რად მინდა სამშობლო?

ჩემთვის ერთია

ერეკლე მეფე და აღა-მაჰმად-ხან"

ეს ლექსი კი ბუაჩიძის კიდევ ერთ თანამოკალმეს - კონსტანტინე ლორთქიფანიძეს ეკუთვნის. მისი შთაგონების წყარო მხოლოდ აღა-მაჰმადი არ იყო. ლორთქიფანიძის მუზას ის სატვირთო ავტომობილიც წარმოადგენდა, რომლის საბარგულითაც ჩეკისტებს დასახვრეტად ხალხი მიჰყავდათ:

"...ახლაც გმირი ხარ,

ტყვიით დატენილს

არ შეგიცვლია ნაბიჯი გზიდან,

რევოლუციის მოღალატენი

შენ დასახვრეტად გადაგიზიდავს"

პოეზიის თვალსაზრისით საკმაოდ უნიჭო ლექსი, პოლიტიკურად გამართული იყო. სწორედ ამიტომ, როდესაც ამ ლექსის ავტორი გარდაიცვალა, იგი დიდუბის პანთეონში დაკრძალეს.

პროლეტმწერლების მხრიდან განსაკუთრებული იერიში ქართველ კლასიკოსებზე მიმდინარეობდა. ამ შეტევას სათავეში ფილიპე მახარაძე ედგა, რომელიც ბოლშევიკ პოეტებსა და მწერლებს ახალ ორიენტირებს აძლევდა: "ილია ჭავჭავაძე იყო მუშებისა და გლეხების ექსპლოატატორი, როგორც მწერალი ილია ჭავჭავაძე იყო რეაქციონერი, მემამულეების ინტერესების უერთგულესი დამცველი, ფეოდალური საქართველოს თაყვანისმცემელი და მონარქისტი, რეაქციონერი და კონსერვატორი.

პროლეტარმა კალმოსნებმა მახარაძის მითითება კარგად გაიგეს და ჭავჭავაძის ლაფში ამოსვრა მიზანმიმართულად დაიწყეს. ილიას გარდა თავდასხმის ობიექტი აკაკი, ვაჟა და ბარათაშვილიც გახდნენ. ფრიდონ ნაუროშვილი:

ფეოდალ-კლასიკს ჰქონდა მამული

მეტყველ პირუტყვებს აძრობდა ტყავსაც

ჰქონდა გლეხების მას სიყვარული

ვით ხარი უყვარს ღონიერ ყასაბს.

ალექსანდრე სულავა: "ჭავჭავაძის "მგზავრის წერილები" უაღრესად ნაციონალისტური და რეაქციული ნაწარმოებია, რომლის ფორმულას "ჩვენი თავი ჩვენვე უნდა გვეყუდნოდესო", არაერთი წვინტლიანი ინტელიგენტი აუსლოკინებია. აკაკი წერეთლის "თავო ჩემო ბედი არ გიწერია და "გამზრდელში", ნ. ბარათაშვილის ლექსებში არავითარი საკაცობრიო იდეები და ჰანგები არაა."

სიმონ ჩიქოვანი: "ნ. ბარათაშვილმა, ი. ჭავჭავაძემ, აკ. წერეთელმა ისე გაიარეს ლიტერატურაში, რომ პუშკინის როლი ვერ შეასრულეს მწერლობაში მხატვრული გზით. მათ რაიმე ძირეული გამოყენება თანამედროვე მწერლობაში ნაძალადევად მოთრეული მიმბაძველობა იქნება. ბარათაშვილის ცნება ქართულ მწერლობაში უფრო პიროვნების გაიდეალებაა, ვიდრე პოეტური დაფასება. საქართველოში საბედნიეროდ მისაბაძი კლასიკოსი არ მოიძებნება."

პლატონ ქიქოძე: "ვაჟა-ფშაველა ყველაზე უკულტურო და ანტისაზოგადოებრივი მწერალია. არ ვიცი რა მოსაზრებით ატარებს იგი კლასიკოსის სახელს." სამაგიეროდ პლატონ ქიქოძეს ძალიან მოსწონდა ფეოდოსიშვილის "შემოქმედება": "ფეოდოსიშვილი ანვითარებს კულტს პროლეტარული ეთიკისას, ამის მშვენიერი მაგალითია მისი ლექსი "ქალაქის ბაღში"("მე მამას მოვკლავ, დავღრჩობ დედას, რევოლუციამ თუკი მიბრძანა.")

XX საუკუნის 20-იანი წლების ბოლოს საქართველოში მწერალთა რამდენიმე გაერთიანება არსებობდა. პროლეტმწერლების გარდა, მოქმედებდა "ცისფერყანწელების" ჯგუფი (პ. იაშვილი, ტ. ტაბიძე, ვ. გაფრინდაშვილი, ნ. მიწიშვილი, კ. ნადირაძე და ა.შ.), სამწერლო ჯგუფი "არიფიონი" (მ. ჯავახიშვილი, შ. დადიანი, ს. შანშიაშვილი, ლ. ქიაჩელი, გ ქიქოძე, კონსტ. კაპანელი და ა.შ.) და ე.წ. აკადემიური დაჯგუფება (კონსტ. გამსახურდია, პავლე ინგოროყვა, იოსებ გრიშაშვილი, ა. ჭუმბაძე, ვ. კოტეტიშვილი და ა.შ.). პროლეტმწერლების გარდა, ყველა ეს დაჯგუფება საქართველოს თავისუფალ მწერალთა კავშირში შედიოდა, რომელიც ჯერ კიდევ 1917 წელს იყო შექმნილი. ქვეყანაში ბოლშევიკური რეჟიმის დამყარების შემდეგ, კომუნისტებმა მწერალთა ორგანიზაციის ტრანსფორმირება მოახდინეს. 1926 წელს კავშირი გაუქმდა და მის ნაცვლად სრულიად საქართველოს მწერალთა ფედერაცია დაარსდა, სადაც სხვებთან ერთად პროლეტმწერლების წარმომადგენლებიც შევიდნენ. კავშირის თავმჯდომარედ კომუნისტი სილიბისტრო თოდრია დაინიშნა, რომლის მწერლობა ანტირელიგიური პასკვილების წერით შემოიფარგლებოდა.

1930 წელს პროლეტარ მწერალთა ასოციაციის ხელმძღვანელის ბენიტო ბუაჩიძის წინადადებით, ფედერაციამ ორგანიზაციაში მემარჯვენე რეაქციული მწერლების გამოვლენა გადაწყვიტა და ამისთვის სპეციალური კომისიაც შექმნა. 1931 წლის 17 მაისს მწერალთა ფედერაციამ დაამტკიცა კომისიის მიერ ხელმოწერილი ოქმი, რომლის მიხედვითაც მწერლების გარიცხვა დაიწყო: "საჭიროა მწერალთა ფედერაციის შემადგენლობის ფილტრაციაში გატარება, საბჭოთა მწერალთა ფედერაციიდან ისეთი ხალხის მოშორება, რომლებიც მწერლების საერთო საქმიანობას ხელს უშლის. მწერალთა ფედერაცია უნდა გახდეს სოციალისტურ მშენებლობაში საჭირო და უშუალო მონაწილე. ფედერაციიდან გაირიცხოს: 1. პავლე ინგოროყვა, როგორც აშკარა რეაქციონერი 2. კონსტანტინე გამსახურდია - ანტისაბჭოთა და რეაქციონერი მწერალი, რომელიც ამ ათი წლის განმავლობაში განუწყვეტლივ იბრძვის მხატვრული პროდუქციით და ზეპირი გამოსვლებით ფეოდალიზმის თავადაზნაურული იდეოლოგიის შოვინიზმის და "შავი ჩოხის" ტრადიციის დასაცავად, თავის გამოსვლებით მან არაერთხელ დაიმსახურა საბჭოთა საზოგადოების ზიზღი და სიძულვილი. 3. გერონტი ქიქოძე - როგორც ანტისაბჭოთა მწერალი და ფეოდალური მსოფლმხედველობის აკადემიური წარმომადგენელი და თეორეტიკოსი. 4. შალვა შარაშიძე - მენშევიკების აზრების აგიტატორი. თავის ბოლო ნაწარმოებში დასცინის მენშევიკური ხითხითითა და გესლით საბჭოთა ხელისუფლებას. 5. იოსებ იმედაშვილი. ცნობილი რეაქციონერი მწერალი, რომელიც გამუდმებით ებრძვის მწერალთა ფედერაციას.

მწერლები გამუდმებული ზეწოლის ქვეშ იყვნენ. ხელისუფლება მათი მეშვეობით ახალ იდეოლოგიას ქმნიდა და საზოგადოების ცნობიერებას სასურველი კუთხით ამუშავებდა. მათ ტრაქტორზე, ქარხნებზე და ბელადებზე წერას აიძულებდნენ. 1933 წელს პარტიამ მწერლებისგან პირფერობა ოფიციალურად მოითხოვა.

იმ მწერალს, ვინც დემოსტრაციულად ამბობდა უარს ბელადებისა და კომუნისტური იდეების განდიდებაზე, ლიტერატურული მოღვაწეობის საშუალებას საერთოდ არ აძლევდნენ. ეროვნულ პოზიციებზე მდგარი ქართველი მწერლების უმრავლესობა ამჯობინებდა, მცირე ხოტბის საფასურად ქვეყნისთვის საჭირო საქმე ეკეთებინათ. ამიტომ ხალხთა ბელადს და გენიალურ მასწავლებლს თითქმის ყველა უმღერდა. კრებებზე სიტყვით გამოსვლის დროს მწერლები და პოეტები სტალინისადმი ერთგულებაში ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ. სტალინისა და ლენინის გარდა, წერდნენ ვოროშილოვზე, მიხა ცხაკაიაზე, ბორის ძნელაძეზე, სერგო ორჯონიკიძეზე და რა თქმა უნდა, ლავრენტი ბერიაზე. 1935 წლის 17 მარტს მწერალთა კავშირში პრეზიდიუმის სხდომა გაიმართა. სხდომის მიზეზი ლავრენტი ბერიას ლენინის ორდენით დაჯილდოვება იყო. მწერლებმა ბერიას მისალოცი მიმართვა გაუგზავნეს. სიტყვის გამოსვლისას ყველა ლავრენტი პავლოვიჩის ქებას ცდილობდა.თქმა არ უნდა, რომ ამ საერთო "ალილუიაში" პირველ ხმებს პროლეტარულ პოზიციაზე მდგომი მწერლები ასრულებდნენ. თუმცა, მათ არც კი იცოდნენ, რომ კომუნისტურ რეჟიმს ისინი აღარ სჭირდებოდა. მას შემდეგ რაც პროლეტარებს შავი საქმე გააკეთებინეს, საკავშირო კომპარტიის ცეკას დადგენილებით “რაპპი” გააუქმეს, მის წევრებს კი სხვადასხვა ბრალდება წაუყენეს. მაგალითად, კალე ფეოდოსიშვილი 1935 წელს დააპატიმრეს და გადაასახლეს. იგი საქართველოში ვეღარ დაბრუნდა და გადასახლებაშივე გარდაიცვალა. ფეოდოსიშვილს ჩეკაზე დაწერილი ლექსი არ მოუწონეს:

შენ პოეტი ხარ - პოლიტიკური

შენი ველების, შენი მთებისა,

შენ რესპუბლიკის მკვლელის მკვლელი ხარ,

როგორც ჯალათი - ჯალათებისა!

ამ ლექსით ჩეკა ჯალათი გამოდიოდა. მართალია ჯალათის ჯალათი იყო, მაგრამ მაინც ჯალათი. ასეთი იარლიყი კი ჩეკისტებისთვის მხოლოდ ხალხის აშკარა მტერს შეეძლო მიეწებებინა.

30-იანი წლების დასაწყისში კომუნისტურმა რეჟიმმა ჭეშმარიტი მწერლობის დათრგუნვა მოახერხა. სისტემის აშკარა კრიტიკას და განსხვავებული აზრის გამოთქმას მხოლოდ ერთეულები ახერხებდნენ, თუმცა ესეც დროებითი მოვლენა იყო. მწერალთა უმეტესობა აიძულეს საბჭოური თემების დამუშავებაზე გადასულიყვნენ, ზოგიერთი ვინც ამას თავი აარიდა ლიტერატურას საერთოდ ჩამოსცილდა, სხვები თარგმანზე და ლიტერატურის კვლევაზე გადავიდნენ. იყვნენ ისეთებიც, ვინც ასეთ ცხოვრებას, სამშობოლოს დატოვება ამჯობინა. 1931 წელს მწერალი გრიგოლ რობაქიძე გერმანიაში წავიდა და იქ დარჩა. მწერალთა კავშირის პრეზიდიუმმა ამასთან დაკავშირებით სპეციალური სხდომა ჩაატარა და რობაქიძე მიწასთან გაასწორა: "სრულიად საქართველოს საბჭოთა მწერლების კავშირის პრეზიდიუმმა, განიხილა რა ფაშისტ რობაქიძის გამცემლური მუშაობის შესახებ მწერალთა ჯგუფის პ. იაშვილის, ტ. ტაბიძის, ვ. გაფრინდაშვილის და ნ. მიწიშვილის განცხადება, რომელსაც ერთსულოვნად შეუერთდა საქართველოს საბჭოთა მწერლების კავშირის მთელი აქტივი, დაადგინა: ეთხოვოს სსსრ ცაკის პრეზიდიუმს რათა გრ. რობაქიზე, როგორც აშკარა მტერი ჩვენი ქვეყნის მშრომელი ხალხისა, თვალთმაქცურად გადასული კონტრრევოლუციურ ფაშისტურ ბანაკში გამოცხადებულ იქნეს სამშობლოს მოღალატეთ და ჩამოერთვას მას საბჭოთა მოქალაქეობა, აქედან გამომდინარე ყველა შედეგის განხორციელებით."

სულიერად დათრგუნული ქართული მწერლობის ფიზიკური განადგურება 1937 წელს დაიწყო. 1937 წელს საბჭოთა კავშირს რეპრესიების არნახულმა ტალღამ გადაუარა. სტალინი ქვეყანას ხალხის მტრებისგან წმენდას შეუდგა. ხალხის მტრებში ისინი იგულისხმებოდნენ, ვინც პარტიის და კერძოდ კი დიდი ბელადის ხაზს არ იზიარებდა. რეპრესიული კამპანია ორ ძირითად მიზანს ემსახურებოდა: სტალინის ოპოზიციის ყველა წევრის ფიზიკურ განადგურებას და ქვეყანაში ისეთი შიშის დათესვას, რომ დამოუკიდებელი აზრი მომავალში აღარავის გასჩენოდა. რეპრესიების შემდეგ, საბჭოთა კავშირში მხოლოდ დათრგუნულ და მორჩილ მოქალაქეს უნდა ეცხოვრა. 1937 წელს ძველ ბოლშევიკურ გვარდიასთან ერთად, რომელსაც სტალინი ფიზიკურად უსწორდებოდა, უნდა გაენადგურებინა რევოლუციის შემდეგ ცოცხლად გადარჩენილი თავად-აზნაურობა და სასულიერო პირები, მომძლავრებული ტექნოკრატიის ფენა, ამბიციური სამხედროები და ინტელიგენციის ის ნაწილი, რომელიც განსხვავებულ აზროვნებას ბედავდა.

1937 წლის აქციას შინსახკომი (შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატი), რამდენიმე წელი ამზადებდა. ძირითადი სქემა შემდეგი იყო: საბჭოთა კავშირის მასშტაბით მოქმედებდა არალეგალური ორგანიზაცია, რომელსაც საზღვარგარეთიდან სტალინის მთავარი მოწინააღმდეგე, დევნილი ლევ ტროცკი ხელმძღვანელობდა. ამ ორგანიზაციას საბჭოთა კავშირში სტალინის ხელისუფლება უნდა მოესპო. სცენარის მიხედვით, ტროცკისტებთან ყველა ფენის და პროფესიის წარმომადგენლები იყვნენ დაკავშირებული. გამონაკლისს არც მწერლები წარმოადგნდნენ.

განსხვავებულად მოაზროვნე მწერლების დაპატირების საბაბი შინსახკომს ყოველთვის ჰქონდა, მაგრამ 1937 წელს ყველა მნიშვნელოვანი დაპატიმრება რეპრესიების საერთო სცენარის შემადგენელი ნაწილი უნდა ყოფილიყო. ანუ, ციხის გარეთ დარჩენილი საზოგადოებისთვის ხელისუფლებას უნდა ეჩვენებინა, რომ კონკრეტულ პირს აპატიმრებდნენ არა განსხვავებული აზრის გამო, არამედ იმისთვის, რომ იგი ტროცკისტულ-ტერორისტული ორგანიზაციის წევრი იყო. თუ რა ბრალდებას წაუყენებდნენ უკვე კონკრეტულ მწერალს ეს უკვე გამომძიების იმპროვიზაციაზე იყო დამოკიდებული.

ტროცკისტულ ორგანიზაციასთან ქართველი მწერლების მიბმა შინსახკომმა სახელგამის (სახელმწიფო გამომცემლობა) დირექტორის მოადგილის ლიდია გასვიანის საშუალებით მოახერხა. გასვიანი ტროცკის პირადად იცნობდა. ტროცკისტულ ოპოზიციაში მონაწილეობისთვის იგი 1929 წელს გადასახლებაშიც კი იყო. პარტიის წინაშე შეცდომების მონანიების შემდეგ იგი თბილისში დააბრუნეს და სახელგამის დირექტორის მოადგილედ დანიშნეს. სამსახურიდან გამომდინარე იგი საქართველოს მწერალთა კავშირის წევრებს ყოველდღე ხვდებოდა. მას ახლო ურთიერთობა ჰქონდა კონსტანტინე გამსახურდიასთან, მიხეილ ჯავახიშვილთან, ნიკოლო მიწიშვილთან, პაოლო იაშვილთან, გერონტი ქიქოძესთან, ტიციან ტაბიძესთან.

1936 წლის ზაფხულში გასვიანი დააპატიმრეს. გასვიანისგან პირველ რიგში კომპრომატებს ძველ ბოლშევიკებზე ითხოვდნენ. შინსახკომის საკანში გატარებული რამდენიმე თვის შემდეგ, მან აღიარა, რომ საქართველოში მოქმედებდა ტროცკისტული ორგანიზაცია, რომელსაც საქართველოს სახალხო კომისართა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, ბუდუ მდივანი ხელმძღვანელობდა. ამის შემდეგ ქვეყანაში პარტიული ჩინოვნიკების დაპატიმრების სერია დაიწყო.

როდესაც კომპარტიის X ყრილობაზე ბერიამ მწერლების წინააღმდეგ შეტევა განახორციელა, ჩეკისტებმა გასვიანისგან მწერლების ტროცკისტულ საქმიანობაზე აღიარებითი ჩვენების მიცემა მოითხოვეს. გამოძიებას კონკრეტული გვარები ჭირდებოდა. 1937 წლის 27 მაისს, როცა მწერალთა კავშირში დაძაბული სხდომა მიმდინარეობდა, ლიდია გასვიანმა მწერალთა წინააღმდეგ გამოძიებას ჩვენება მისცა: "ჩემთვის, როგორც საქართველოს სახელმწიფო გამომცემლობის გამგის მოადგილესთვის, ადვილი იყო კონსპირაციულად მეხორციელებინა კონტრრევოლუციური საქმიანობა. ამისთვის მე ვიყენებდი საქმიან კავშირებს მწერლებთან, მეცნიერებთან, თეატრალურ მოღვაწეებთან. მე ჩამოვთვლი იმ პირებს, რომლებსაც კონტრრევოლუციური ორგანიზაციის სახელით გადავეცი ინსტრუქციები ტერორის, მავნებლობს და დივერსიის შესახებ: მწერლები: გამსახურდია, ჭიჭინაძე, მიხეილ ჯავახიშვილი, აბაშელი, მიწიშვილი, პოეტი ტიციან ტაბიძე. ყველა ეს მწერალი მთლიანად ეთანხმებოდა ჩემს ინსტრუქციებს"

1937 წლის 2 ივნისს პირველი მწერალი - ნიკოლო მიწიშვილი დააპატიმრეს. გარდა იმისა, რომ მიწიშვილი აქტიურად იდგა ეროვნულ პოზიციაზე, მისი დაპატიმრების მიზეზი სავარაუდოდ ბერიას პირადი მოთხოვნაც იყო. 1936 წლის შემოდგომაზე დრამატურგ სანდრო შანშიაშვილთან წვეულება გაიმართა. სუფრასთან ტიციან ტაბიძე, პაოლო იაშვილი, ნიკოლო მიწიშვილი, გოგლა ლეონიძე, შალვა აფხაიძე, რეჟისორი პატარიძე და არტისტი აკაკი ვასაძე იმყოფებოდნენ. ქეიფი დასასრულს უახლოვდებოდა. პატარიძე და ვასაძე თეატრში რეპეტიციაზე წავიდნენ, ლეონიძემ სუფრა დატოვა და დასასვენებლად მეორე ოთახში გავიდა. მასპინძელმა, სანდრო შანშიაშვილმა ბერიას სადღეგრძელო წამოიწყო. მიწიშვილმა სადღეგრძელო გააპროტესტა:

შალვა აფხაიძე: "მიწიშვილმა ბერიას გინება დაიწყო. სხვისი წიგნის მიმთვისებელიო, ქურდების მფარველიო, თავისი დამქაშების, დიდი გაიძვერების მიერ დაწინაურებული ატამანიაო... მე და ტაბიძე ვაწყნარებდით. ორი დღის შემდეგ ბერიამ ყველაფერი იცოდა. დღესაც მაწვალებს კითხვა: ახლო მეგობრებიდან ვინ იყო ენის მიმტანი? იმ სუფრის ყველა მონაწილე გამოიძახა ბერიამ. მე და შანშიაშვილი იმ დროს ქალაქში არ ვიყავით."

სანდრო შანშიაშვილი: "მოსკოვში ვიყავი ორდენის მისაღებად. როცა დავბრუნდი, ამის თაობაზე ცეკა-ს პასუხისმგებელ მუშაკს დემეტრაძეს მოვახსენე, დამალვა არ შემეძლო - ისედაც იცოდნენ. ამის მერე მიწიშვილი არ მესალმებოდა, ეგონა რომ მე მივიტანე ამბავი."

გოგლა ლეონიძე: "1936 წლის ბოლოს მე და ტიციან ტაბიძე ბერიამ ცეკაში გამოგვიძახა. გაგვლანძღა და ბოლო გაფრთხილება მოგვცა. მიწიშვილზე თქვა, რომ გინებას არ შეარჩენდა და ციხეში დაალპობდა."

დაპატიმრების დღესვე მიწიშვილს კონტრრევოლუციური საქმიანობის ბრალდება წაუყენეს. მიწიშვილის საქმეს გამომძიებელი ნიკიტა კრიმიანი უძღვებოდა. დაკითხვაზე გაყვანილი ნიკოლო საკანში მხოლოდ ორი დღის შემდეგ, ზედამხედველის დახმარებით დაბრუნდა. მწერალმა წამებას ვერ გაუძლო და აღიარებითი წერილი დაწერა.

ნიკოლოზ მიწიშვილი: "შევდიოდი კონტრრევოლუციურ ფაშისტურ ორგანიზაციაში, რომლის წევრებიც იყვნენ მიხეილ ჯავახიშვილი, ტიციან ტაბიძე, გიორგი ლეონიძე, კონსტანტინე გამსახურდია, პაოლო იაშვილი, იაკინთე ლისაშვილი, ლეო ქიაჩელი, დავით წერეთელი. ორგანიზაციის მიზანს საბჭოთა წყობის დამხობა და საქართველოს დამოუკიდებელი სახელმწიფოს ჩამოყალიბება წარმოადგენდა. ჩვენი ორგანიზაცია ტროცკისტულ ცენტრთან ლიდია გასვიანის საშუალებით ამყარებდა კავშირს და მისგან იღებდა დავალებებს."

ყალბი აღიარებითი ჩვენების შემდეგ, მიწიშვილი ერთ თვეში, 1937 წლის 13 ივლისს დახვრიტეს.

მიწიშვილის შემდეგ, პაოლო იაშვილის ჯერი დადგა. პაოლოს დანაშაული ის იყო, რომ იგი მავნებლად გამოცხადებული მეცნიერის - გოგი ელიავას, ტერორისტად შერაცხული რეჟისორის - სანდრო ახმეტელის და ხალხის მტრად მიჩნეული ინჟინერის - ვლადიმერ ჯიქიას უახლოეს მეგობრად ითვლებოდა. გარდა ამისა, პაოლოს ზოგიერთ იმ ძველი ბოლშევიკთანაც ჰქონდა მჭიდრო ურთიერთობა, რომლებიც უკვე დაპატიმრებულნი იყვნენ. 27 მაისს მწერალთა კავშირის სხდომაზე პაოლო თავის მართლებას შეეცადა: "უნაპირო გრძნობით მე მიყვარს ჩემი სოციალისტური სამშობლო. ყოველ წუთში მზად ვარ სტალინს და მის საქმეს შევსწირო თავი. ამხ. ბერია მოითხოვს ჩემი ძველი საქმეების დაგმობას და გარდაქმნას. მე მაქვს სურვილი და შესაძლებლობა ამ გარდაქმნისა, მაქვს სურვილი თავდადებული მუშაობისა. მე ვიღებ ამხ. ბერიას ყველა შენიშვნას და გაფრთხილებას. არ გაივლის ერთი წელიწადი და როგორც ის, ისე ჩვენი მწერალთა კავშირი, ისე ყველა ჩვენი წინსვლის მოხარული ადამიანი დარწმუნდება, რომ ამხ. ბერიას დაურიდებელმა კრიტიკამ მე სარგებლობა მომიტანა და ამიერიდან არავითარი საყვედური არ შემხვდება. ამ წლის ბოლომდე მე შევასრულებ ყველა ვალდებულებებს, რომელიც ჩემს თავზე ამიღია და თქვენ ყველანი იქნებით მოწმენი, რომ მომავალ წელიწადს მე შევხვდები სრულებით გაწმენდილი როგორც ცხოვრების, ისე შემოქმედების შეცდომებისაგან."

თუმცა, თავის მართლებამ შედეგი არ გამოიღო. ერთი თვის განმავლობაში პაოლო შინსახკომში დაკითხვაზე რამდენჯერმე დაიბარეს. მას ლიდია გასვიანის და ნიკოლო მიწიშვილის ჩვენებები წააკითხეს, სადაც იგი ტერორისტული ჯგუფის წევრად იყო მოხსენიებული. როგორც ამბობენ, გამოძიება მას ცისფერყანწელების კონტრრევოლუციურ-ტერორისტულ საქმიანობაზე აღიარებით ჩვენებას სთხოვდა. იაშვილმა თავის მოკვლა გადაწყვიტა. 22 ივლისს, როდესაც მწერალთა კავშირში მორიგი სხდომა მიმდინარეობდა, პაოლომ სხდომათა დარბაზი დატოვა, მეორე სართულზე თავის ოთახში ავიდა და იქ წინა დღეს გადამალული სანადირო თოფით მოიკლა თავი.

28 ივლისს მწერლები სხდომაზე კვლავ შეიკრიბნენ და პაოლო იაშვილის თვითმკვლელობა ერთხმად დაგმეს: "პ. იაშვილის მიერ ჩადენილი პროვოკაციული აქტის შესახებ აზრი გამოთქვეს მწერლებმა: ირ. აბაშიძემ, ი. ლისაშვილმა, ვ. წულუკიძემ, ლ. მეტრეველმა, პ. საყვარელიძემ, გ. ბუხნიკაშვილმა, ი. მოსაშვილმა, შ. რადიანმა, არ. ჭუმბაძემ, ს. წვერავამ, მ. ჯავახიშვილმა, ს. ეულმა, ტ. ტაბიძემ, კ. გამსახურდიამ, ბ. ჟღენტმა, ვ. გაფრინდაშვილმა და ს. კლდიაშვილმა. ყველა ორატორი ერთსულოვნად სასტიკად გმობდა და კიცხავდა პავლე იაშვილის მოღალატურ მუშაობას, საბჭოთა ხალხის მოსისხლე მტრებთან უშუალო კავშირსა და მათ შავბნელ საქმიანობაში მონაწილეობას...”

14 აგვისტოს ციხეში ჩასვეს მწერალი მიხეილ ჯავახიშვილი. მისი დაპატიმრება მოსალოდნელიც იყო. ჯავახიშვილი, რომელიც თავის დროზე ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის მთავარი კომიტეტის წევრი იყო, აშკარად ანტისაბჭოთა ელემენტად ითვლებოდა. 1937 წელს ჯავახიშვილის მსგავსი ბიოგრაფიის ადამიანი აუცილებლად საკანში უნდა აღმოჩენილიყო. ჯავახიშვილისთვის ციხე უცხო არ იყო. 1923 წელს იგი მეტეხის ციხეში აღმოჩნდა. 6 თვიანი პატიმრობის შემდეგ, მას დახვრეტას უპირებდნენ, მაგრამ შემდეგ გაათავისუფლეს. თავისუფლების სანაცვლოდ, ჯავახიშვილმა ჩეკაში გამომძიებლის მიერ შეთხზულ ოქმზე იძულებით ვალდებულებას მოაწერა ხელი, სადაც ეწერა, რომ იგი ეროვნულ-დემოკრატიულ პარტიას დაშლილად გამოაცხადებდა. გარდა ამისა, მწერალს ქაქუცა ჩოლოყაშვილის რაზმთან მოლაპარაკებაც ევალებოდა:

მიხეილ ჯავახიშვილი: "მე ვიკისრებ, ჩოლოყაშვილის ბანდების დაშლას მასთან მოლაპარაკებით, ოღონდ ეს ცნობა საიდუმლოდ უნდა გქონდეთ შენახული, რომ მოწინააღმდეგეებმა არ დამასწრონ მასთან მოლაპარაკება."

1937 წელს ჯავახიშვილს წარსული გაუხსენეს და კვლავ დააპატიმრეს. 1923 წელთან შედარებით, ბრალდება ამჯერად გაცილებით სერიოზული იყო: 1. იყო კონტრრევოლუციური ტერორისტული, დივერსიულ-მავნებლური და ჯაშუშური ორგანიზაციის ცენტრის თავმჯდომარე; 2. აქტიურ მონაწილეობას იღებდა ინტერპარტიული კომიტეტის მუშაობაში, რომელიც ხელმძღვანელობდა საქართველოს მთელი ანტისაბჭოთა ძალების კონტრევოლუციურ მუშაობას; 3. ეწეოდა ჯაშუშურ-დაზვერვით მუშაობას უცხოეთის სახელმწიფოს სასარგებლოდ.

ჯავახიშვილის დაპატიმრებას მწერალთა კავშირი ოპერატიულად გამოეხმაურა. კავშირის პასუხისმგებელი მდივნის დავით დემეტრაძის დირიჟორობით, საბჭოთა მწერლებმა 17 აგვისტოს სხდომაზე ჯავახიშვილი მიწასთან გაასწორეს: "ჯავახიშვილის მსგავსი თვალთმაქცი დივერსანტის განადგურება მხოლოდ აჯანსაღებს საბჭოთა ლიტერატურის ფრონტს. საბჭოთა მწერლობა სწმენდს თავის რიგებს მუხანათურად შენიღბული მავნებლებისგან, უფრო მეტის ერთგულებით ირაზმება ლენინ-სტალინის დიადი პარტიის გარშემო და გაძლიერებული შემოქმედებითი ენერგიით აგრძელებს ბრძოლას სოციალისტური ეპოქის შესაფერი ახალი მხატვრული მიღწევებისათვის."

მწერლებმა დაადგინეს: ჯავახიშვილი, როგორც ხალხის მტერი გაირიცხოს მწერალთა კავშირიდან და განადგურდეს. მისი ნაწარმოებები აიკრძალა. ჯავახიშვილის წიგნები ყველგან ამოიღეს.

მიხეილ ჯავახიშვილის წინააღმდეგ რეპრესიებს ორი კვირის განმავლობაში იყენებდნენ. ისევე, როგორც 1923 წელს მწერალმა ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზემოქმედების შედეგად, გამოძიების მიერ წინასწარ შედგენილი ყველა ბრალდება აღიარა. მან აღიარა, რომ პაოლო იაშვილის დახმარებით გერმანიის საკონსულოს დაუკავშირდა და 6 ათას მანეთად მათ საიდუმლო მასალები გადასცა. ამავე ჩვენებაში ჯავახიშვილმა ფაშისტური ორგანიზაციის არსებობაც დაადასტურა: "ნელ-ნელა ვეფლობოდი ფაშისტურ ჭაობში. ყველაზე ადრე ჩემი თანამზრახველები მწერალთა შორის აღმოვაჩინე. წასული წლის აგვისტოში პაოლო იაშვილმა მიგვიწვია მე, ილო მოსაშვილი და გერონტი ქიქოძე არგვეთაში. აქ დაგვებადა აზრი, ჩამოგვეყალიბებინა ფაშისტური ორგანიზაცია." ფაშისტური ორგანიზაციის წევრებად ჯავახიშვილმა კონსტანტინე გამსახურდია, ნიკოლო მიწიშვილი და ტიციან ტაბიძეც დაასახელა.

გატეხილი მწერალი 1937 წლის 30 სექტემბერს დახვრიტეს. მწერალთა კავშირში წმენდა ამით არ დასრულებულა. შინსახკომი ტიციან ტაბიძის პერსონითაც დაინტერესდა. მწერალთა კავშირის სხდომებზე ტიციანს ისევე მოურიდებლად ლანძღავდნენ, როგორც ადრე ლანძღავდნენ იაშვილს, ჯავახიშვილს და მიწიშვილს. აშკარა იყო, რომ თავისი მეგობრების მსგავსად ტაბიძესაც დაიჭერდნენ. ამას პოეტიც გრძნობდა. 1937 წლის 8 ოქტომბერს ტიციანი მწერალთა კავშირიდან შემდეგი ფორმულირებით გარიცხეს: "ტ. ტაბიძე რიგი წლების მანძილზე მჭიდრო ურთიერთობაში იმყოფებოდა უკვე გამომჟღავნებულ ხალხის მტრებთან. მიუხედავად ამისა არ ისურვა ეთქვა სიმართლე და ბოლომდე განაგრძო თვალთმაქცობა."

შინსახკომის მიერ ტაბიძის ოჯახზე მიჩენილი ჯაშუშის შეტყობინებიდან: "ტ. ტაბიძის ცოლმა შემომჩივლა, რომ ისინი გაწამდნენ გაურკვევლობის მდგომარეობისა და რისხვის მოლოდინში. მან თქვა, რომ პაოლო იაშვილიც ექვსი თვის განმავლობაში დადიოდა განცხადებებით ხან ბერიასთან და ხან გპუ-ში, სადაც მას ყველა აწვალებდა და ისეთ მდგომარეობამდე მიიყვანეს, რომ თავი მოიკლა. ასევე შეიძლება დაემართოს ტიციანს. მთელი ღამეები არ გვძინავს, მიყურადებულები ვართ, ყოველ ჩქამზე, ასეთ მდგომარეობაში ყოფნა აღარ შეიძლება, სჯობს დააპატიმრონ."

ტიციანი 9 ოქტომბერს დააპატიმრეს. მისი დაპატიმრების ფორმალური საბაბი ნიკოლო მიწიშვილის, მიხეილ ჯავახიშვილის და ლიდია გასვიანის ჩვენებები იყო. პოეტი სხვათა მსგავსად სასტიკად დაამუშავეს და გამოძიებისთვის სასურველ აღიარებაზე მოაწერინეს ხელი: ტიციანის თქმით, ცისფერყანწელთა ჯგუფი ფაშისტური ორგანიზაცია იყო. აქვე პოეტმა ლიტერატურაში ამ იდეების გამტარებლებიც დაასახელა: ვ. გაფრინდაშვილი, მიწიშვილი, ა. არსენიშვილი, რ. გვეტაძე, ს. კლდიაშვილი, კ. ნადირაძე, შ. აფხაიძე, ივ. ყიფიანი, გ. ლეონიძე. ბრალდების მიხედვით, ტაბიძე იყო საქართველოს ნაციონალ-ფაშისტური ორგანიზაციის აქტიური წევრი; ლიტერატურისა და ხელოვნების ფრონტზე აწარმოებდა მავნებლურ საქმიანობას. გარდა ამისა, ტაბიძე საფრანგეთის სასარგებლოდ ჯაშუშურ საქმიანობასაც ეწეოდა.

ტიციან ტაბიძე 1937 წლის 15 დეკემბერს დახვრიტეს. 1937 წელს ვერც ისინი გადაურჩნენ, რომლებიც პარტიის პოლიტიკას თავგამოდებით ატარებდნენ მწერალთა კავშირში. ტიციანის შემდეგ, 1937 წლის 13 ოქტომბერს დააპატიმრეს მწერალთა კავშირის პასუხისმგებელი მდივანი - დავით დემეტრაძეც. მას მწერლებში წმენდა ჩატარებინეს, შემდეგ კი ციხეში ჩასვეს. დემეტრაძის წინააღმდეგ გამოძიებამ გასვიანის ჩვენება გამოიყენა, სადაც იგი კონტრრევოლუციური ჯგუფის ერთ-ერთ წევრად სახელდებოდა. 17 ოქტომბერს მწერალთა კავშირიდან დემეტრაძე ისევე გარიცხეს, როგორც იგი რიცხავდა ადრე სხვა მწერლებს. ბრალდება სტანდარტული იყო - გამომჟღავნებული ხალხის მტერი. დავით დემეტრაძესთან ერთად, შემთხვევით დააპატიმრეს მისი ტყუპისცალი კონსტანტინეც. მსგავსების გამო, იგი ქუჩაში ვიღაცას დავითში აერია. შინსახკომში სიმართლე სწრაფად გაარკვიეს, მაგრამ კონსტანტინე აღარ გაუთავისუფლებიათ. იგი დავითთან ერთად დახვრიტეს.

ჯერ კიდევ ზაფხულში დააპატიმრეს პროლეტმწერალთა საქართველოს ორგანიზაციის ხელმძღვანელი ბენიტო ბუაჩიძე. მის წინააღმდეგ აგორებულ კამპანიაში აქტიურ მონაწილეობას მისი ყოფილი მეგობრები იღებდნენ. პროლეტმწერალმა შალვა რადიანმა კომუნისტში წერილი გამოაქვეყნა, სადაც მას ტროცკიზმში დასდო ბრალი: "ბუაჩიძე დაუფარავად ტროცკისტულ მოსაზრებებს აყენებს იმ ლექსების შესახებ, რომელიც მიძღვნილია ჩვენი დიადი ბელადის, და მასწავლებლის სტალინისადმი. ამ ლექსებს ბუაჩიძემ "გაცვეთილი ოდები", "სასახლის პოეზია" და "ოპერული ბუტაფორიები" უწოდა."

8 ივნისს ბუაჩიძე მწერალთა კავშირიდან გარიცხეს, ხოლო 22 ივლისს დააპატიმრეს. მას ბრალად ტროცკისტულ-ტერორისტული ჯგუფის წევრობა დასდეს. გამოძიების წინაშე აღიარებითი ჩვენების შემდეგ იგი 1937 წლის 3 ოქტომბერს დახვრიტეს.

კომუნისტურმა რეჟიმმა ლიტერატურულ ფრონტზე მწერალთა დამორჩილების ოპერაცია წარმატებით დაასრულა. პროლეტმწერლების საშუალებით ჯერ თავისუფალი აზრის მქონე, ეროვნულ პოზიციაზე მდგომი მწერლები დათრგუნა, შემდეგ ამ დათრგუნული მასიდან ყველაზე გამორჩეულები გაანადგურა და ბოლოს პროლეტმწერლების ის ნაწილიც მიაყოლა, რომელიც ყველაზე მეტად აქტიურობდა. ბოლშევიკებს მხოლოდ მორჩილი შემსრულებლები სჭირდებოდათ. მათ არც მოწინააღმდეგეები აწყობდათ და არც ისეთი მომხრეები, რომლებიც ზედმეტ ინიციატივას იჩენდნენ. მართალია, მწერალთა რიგებში კიდევ რჩებოდნენ ურჩი ელემენტები, მაგრამ ისინი როგორც ჩანს რეჟიმისთვის დიდ საფრთხეს არ წარმოადგენდნენ.

მწერალთა კავშირში რეპრესიების შემდეგ გადარჩენილმა მწერლებმა 1937 წლის 17 ოქტომბრის სხდომაზე, კავშირის ახალი ხელმძღვანელის კანდიდ ჩარკვიანის მეთაურობით, ბერიას სახელზე შემდეგი მიმართვა მიიღეს: "საქართველოს საბჭოთა მწერლები, მხურვალე სალამს გიძღვნით თქვენ, ქართველი ხალხის სახელოვან ხელმძღვანელს, დიდი სტალინის უერთგულეს მოწაფეს, ქართული საბჭოთა კულტურისა და მწერლობის დიდს მშენებელს, მეგობარსა და მოამაგეს.

სიტყვას ვიძლევით, რომ დაუნდობლად გამოვამჟღავნებთ და გავანადგურებთ კონტრრევოლუციის ნამსხვრევებს ჩვენს რიგებში, რა ნიღაბსაც არ უნდა იფარებდნენ ისინი!"

მიხეილ ბასილაძე

 

ყველაზე პოპულარული
  1. სპორტი >>

    aa
  2. უცხოეთი >>

    aa
  3. ბიზნესი >>

    aa
  4. ბიზნესი >>

    aa
  5. ბიზნესი >>

    aa
  6. ბიზნესი >>

    aa
  7. რევიუ >>

    aa
  8. კალათბურთი >>

    aa
  9. პოლიტიკა >>

    aa
  10. ინტერვიუ >>

    aa
  11. საზოგადოება >>

    aa
  12. თვალსაზრისი >>

    aa
  13. უცხოეთი >>

    aa
  14. პრესომბუდსმენი >>

    aa
  15. თვალსაზრისი >>

    aa
  16. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  17. რევიუ >>

    aa
  18. რევიუ >>

    aa
  19. სტილი >>

    aa
  20. რევიუ >>

    aa
  21. რევიუ >>

    aa
  22. რევიუ >>

    aa
  23. რევიუ >>

    aa
  24. მარანი >>

    aa
  25. მარანი >>

    aa
  26. მარანი >>

    aa
  27. მარანი >>

    aa
  28. კულინარია >>

    aa
  29. კულინარია >>

    aa
  30. კულინარია >>

    aa
  31. კულინარია >>

    aa
  32. კულინარია >>

    aa
  33. კულინარია >>

    aa
  34. კულინარია >>

    aa
  35. კულინარია >>

    aa
  36. კულინარია >>

    aa
  37. წიგნები >>

    aa
  38. წიგნები >>

    aa
  39. წიგნები >>

    aa
  40. წიგნები >>

    aa
  41. წიგნები >>

    aa
  42. წიგნები >>

    aa
  43. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  44. ამბები >>

    aa
  45. ტექნოლოგიები >>

    aa
  46. ტექნოლოგიები >>

    aa
  47. რევიუ >>

    aa
  48. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  49. რეგიონი >>

    aa
  50. კალათბურთი >>

    aa
  51. სპორტი >>

    aa
  52. რაგბი >>

    aa
  53. რაგბი >>

    aa
  54. წიგნები >>

    aa
  55. წიგნები >>

    aa
  56. წიგნები >>

    aa
   

ამბები
ბიზნესი
სპორტი
საზოგადოება
რევიუ
სტილი
თვალსაზრისი
ტენდერები
The New York Times
გაზეთ"24 საათის"
ელექტრონული არქივი
ავტორები
მობილურის ვერსია
RSS არხები
Twitter
სიახლეების გამოწერა
რეკლამის განთავსება
www.24saati.ge
გაზეთი "24 საათი"
კონტაქტი