RSS ბოლო ნომერი მობილური ვერსია
24 saati
7 სექტემბერი, სამშაბათი 2010
თბილისი ... ...
ამბები >>

დჰაულაგირი

ნახევარი საუკუნის წინათ თოთხმეტიდან ერთ-ერთი ბუმბერაზი მწვერვალი დჰაულაგირიც დანებდა ადამიანებს.

24 საათი 06.03.10

ნახევარი საუკუნის წინათ თოთხმეტიდან ერთ-ერთი ბუმბერაზი მწვერვალი დჰაულაგირიც დანებდა ადამიანებს.

ეს მოვლენა იყო ალპინიზმის ისტორიაში, მაგრამ ის ექსპედიცია... ავიაციის ისტორიაშიც მეტად საყურადღებო აღმოჩნდა.

მაშინ ავსტრიისა და დასავლეთ გერმანიის მთამსვლელთა გაერთიანებული ექსპედიციის წევრებმა დჰაულაგირზე გადამწყვეტი იერიში მაინცდამაინც 13 მაისს მიიტანეს, მაგრამ ეს დღე მათთვის ფრიად იღბლიანი აღმოჩნდა. შელემბერგი, დინერი, ფორერი, დიმბერგერი, ნიმა დორჯი და ნავანგ დორჯი ოთხი საათის შემდეგ, 12 საათსა და 30 წუთზე უკვე მწვერვალზე იდგნენ.

ცივ დჰაულაგირთან ათწლიანი ბრძოლა, როგორც იქნა, ადამიანთა პირველი გამარჯვებით დასრულდა. მათი ასვლით ყველა გახარებული იყო. მოიერიშე ჯგუფის დანარჩენი ექვსი წევრიც მოუთმენლად ელოდა მწვერვალზე ასვლის ნებართვას, მაგრამ ექსპედიციის მეთაური ეიზელინი გაჯიუტდა. მას გაახსენდა ამ და სხვა რვაათასიანებზე დატრიალებული ტრაგედიები, მსხვერპლი... იფიქრა, ჩვენმა ექსპედიციამ უკვე დიდი გამარჯვება მოიპოვა და რაიმე შესაძლო ხიფათი ამ წარმატებას დაჩრდილავსო. ბოლოს, ბევრი ჩიჩინის მერე ეიზელინი დაიყოლიეს და გზას გაუდგნენ, მაგრამ რა იცოდნენ, რომ მალე თავბედს იწყევლიდნენ.

ასვლა რომ დაიწყეს, სულ მალე სკოჩილასს ჟანგბადის ნაკლებობისგან ჰალუცინაციები დაეწყო და იძულებულნი გახდნენ ორი შერპის თანხლებით უკან დაებრუნებინათ. მერე დარჩენილ მოიერიშე სამ მთამსვლელს თავს ქარბუქი დაატყდა. გამოდარების მოლოდინში სამი ღამე VI ბანაკში გაატარეს. ბოლოს საკვები გამოელიათ. ვოშეს ფეხებიც მოეყინა და იძულებულნი გახდნენ V ბანაკისკენ დაძრულიყვნენ. გზად, კულუარში პატარა ზვავი წამოეწიათ და ვებერი და როისი თან გაიყოლა. ვოშემ მათ თვალი მაშინღა მოჰკრა, როცა მეგობრებმა გვერდზე ჩაუქროლეს...

ახლა, მანამ მათზე თხრობას გავაგრძელებდეთ, თავად დჰაულაგირი გავიცნოთ.

დიდხანს, კერძოდ 1818-1848 წლებში დჰაულაგირი დედამიწის უმაღლეს მწვერვალად მიაჩნდათ. ბოლოს აღმოჩნდა, რომ დჰაულაგირი სიმაღლით “მხოლოდ” მეექვსე ყოფილა, მაგრამ “პატარა” რვაათასიანებში იგი ყველაზე მაღალი გახლდათ.

დჰაულაგირი, ეს ძნელად მისავალი, მხრებში ფართოდ გაშლილი ერთთავიანი მთა ნეპალის ცენტრალურ ნაწილში, ჰიმალაის მთავარი ქედის სამხრეთ განშტოებაზე, კალი-განდაკის კანიონის დასავლეთით მდებარეობს. მას იმავე განშტოებაზე ჩრდილოეთიდან მწვერვალი ტეკუჩა (6915 მ) ემეზობლება, ხოლო ქედის სამხრეთ გაგრძელებაზე მანაჰატია (6500) აღმართული. ჩრდილოეთიდან მთავარ ქედზე აღმართულია 7584-დან 7750 მეტრამდე სიმაღლის სხვა დჰაულაგირები, რომლებსაც ნომრებით განასხვავებენ. ესენია: დჰაულაგირი I, დჰაულაგირი II, დჰაულაგირი III, დჰაულაგირი IV, დჰაულაგირი V. ეს თეთრი მთები ისე აღმართულან, თითქოს მთავარ დჰაულაგირს დარაჯობენ და მას ჩრდილოეთის ცივი ქარებისგან იცავენო.

მათ შორის ყველაზე შთამბეჭდავი, რა თქმა უნდა, მთავარი მწერვალია, რომელიც კალი-განდაკის ღრმადშეჭრილი ხეობის ბოლოშია აღმართული და თავისი გოლიათური მასივით ყველა მეზობელი მწვერვალი დაუჩრდილავს. ამ გიგანტს სამი მხრიდან კედელივით კლდოვანი ფერდობები ჩამოუდის. მწვერვალის ზედა ნაწილი თოვლ-ყინულოვან სახურავს გვაგონებს, თუმცა ჰიმალაის სხვა მასშტაბებთან შედარებით დჰაულაგირის გამყინვარებას ვეება არ ეთქმის.

დჰაულაგირი მდინარე კალი-განდაკის მთელ ხეობაში გაბატონებულა და ამიტომაც მას ძველთაგანვე იცნობენ ადგილობრივი მკვიდრნიცა და მოგზაურნიც.

მწვერვალმა სახელწოდება თავისი გარეგნული სახიდან მიიღო. სანსკრიტზე “დჰავალა” თუ “დავალა” თეთრს ნიშნავს, ხოლო “გირი” - მთას. ეს ცივი დჰაულაგირი თეთრი მთა ყოფილა, ამიტომ მას ზოგჯერ ჰიმალაის მონბლანსაც უწოდებენ.

“ჰიმალაის მონბლანი” 1950 წლამდე ახლოდან არცერთ მთამსვლელს არ ენახა. იყო მხოლოდ 1941 წელს შვეიცარიელი პროფესორის არნოლდ ჰეიმის მიერ თვითმფრინავიდან გადაღებული ფოტოები და დოკუმენტური ფილმი, რომლებზეც დჰაულაგირსაც ვხედავთ და ანაპურნასაც, “ჰიმალაის მონბლანიდან” 30 კილომეტრით რომ დაშორებულა.

აი, სწორედ ამ მწირი მასალის ნახვის მერე აღეძრათ მთამსვლელებს სურვილი ასულიყვნენ დჰაულაგირზე, ხოლო ამას თუ ვერ შეძლებდნენ, ბედი ახლა ანაპურნაზე ეცადათ. ისინი ფრანგები იყვნენ მორის ერცოგის მეთაურობით. 1950 წელს მათ სხვადასხვა მხრიდან ბევრი უტრიალეს დჰაულაგირს, მაგრამ დარწმუნდნენ, რომ ვერას გახდებოდნენ, რადგან ასასვლელ გზას ვერ მიაგნეს და ანაპურნასკენ გადაინაცვლეს, იქ კი მიზანს მიაღწიეს და ამგვარად გახდნენ პირველნი, რომლებმაც რვაათასიანი გიგანტი დაიმორჩილეს. ამის მერე შვეიცარიელებმა ორჯერ, არგენტინელებმაც ამდენჯერვე, დასავლეთგერმანელებმა და ავსტრიელებმა თითოჯერ სცადეს დჰაულაგირზე ასვლა, მაგრამ ამაოდ. ისინი 7900-მეტრიან ზღვარს ვერ ასცდნენ. ამასთან, შვეიცარიელთა პირველი ცდა მსხვერპლითაც დასრულდა. მსხვერპლით დასრულდა გერმანელების იერიშიც, ბოლოს კი გამარჯვებაც მოვიდა.

მაშინ, 1960 წელს შვეიცარიელთა ექსპედიციის წევრები დჰაულაგირზე პირველამსვლელები რომ არ გამხდარიყვნენ, მათი ლაშქრობა მაინც ისტორიაში შევიდოდა. შევიდოდა არა მხოლოდ როგორც მწვერვალის დალაშქვრის ერთ-ერთი ცდა, არამედ როგორც მსოფლიო რეკორდი. შევიდა კიდეც, მაგრამ მათი მიღწევა უნდა ვეძებოთ არა ალპინისტურ ლიტერატურაში, არამედ... საავიაციო წყაროებში.

მაგრამ მივყვეთ თანმიმდევრულად. 1960 წლის ადრიან გაზაფხულზე რვაათასიანებისკენ სამი ექსპედიცია დაიძრა, მაგრამ რაკი დჰაულაგირი მანამდე უძლეველი იყო, მთამსვლურმა საზოგადოებამ გამორჩეული გულისყური სწორედ შვეიცარიის ექსპედიციას მიაპყრო.

ეს ექსპედიცია შვეიცარიის მთამსვლური კვლევის საზოგადოების მიერ იყო ორგანიზებული, მაგრამ ფაქტობრივად საერთაშორისო გახლდათ. გუნდში იყვნენ: შვეიცარიელები ერნსტ ფორერი, ჟან ჟაკ რუსი, ალბინ შელბერტი, მიშელ ვოშე, ჰუგო ვებერი, ჰიმალაის ცნობილი მკვლევარის, მთამსვლელისა და ფოტოგრაფის გიუნტერ ოსკარ დირენფურტის შვილი ნორმან დირენფურტი, დასავლეთგერმანელი პეტერ დინერი, ავსტრიელი კურტ დიმბერგერი, პოლონელები ადამ სკოჩილასი და ექიმი ირჟი ჰაიდეკევიჩი, რომელიც ამავე დროს მთამსვლელიც იყო. იყვნენ შერპი მთამსვლელებიც.

ექსპედიციას სათავეში ედგა მაქს ეიზელინი. მისმა გუნდმა გადაწყვიტა დიდ სიმაღლეზე ბარგის ასაზიდად პატარა, ექვსადგილიანი სატრანსპორტო “ჰილატეს პორტერი” გამოეყენებინა. თვითმფრინავს სახელად “იეტი” (თოვლის კაცი) უწოდეს. ამ თვითმფრინავმა მთამსვლელებს ერთი მხრივ დიდი სამსახური გაუწია. მისი წყალობით საჭირო აღარ იყო მებარგულთა მრავალრიცხოვანი ქარავანი და მრავალდღიანი ძნელი ლაშქრობა. 20 მარტს თვითმფრინავმა ბარგის გადაზიდვა დაიწყო დამბუშ-კხოხდაში, სადაც 5100 მეტრზე პირველი, ეგრეთწოდებული სააკლიმატიზაციო ბანაკი მოაწყვეს. 3 აპრილს “თოვლის კაცი” დჰაულაგირსა და ტუკეჩას (6915 მ) პიკს შორის მდებარე ჩრდილო-აღმოსავლეთის ქედზე, 5700 მეტრზე მდებარე ფირნიან პლატოზე დაფრინდა, რითაც შვეიცარიელმა მფრინავებმა ერნს საკსერმა და ემილ ვიკმა თვითმფრინავის დიდ სიმაღლეზე დასმის მსოფლიო რეკორდი დაამყარეს. მთამსვლელებმა მოაწყვეს საბაზო ბანაკიც, მაგრამ 13 აპრილს თვითმფრინავს პოკხარას მიდამოებში, საიდანაც ბარგი მიჰქონდათ, იძულებითი დაჯდომა მოუხდა, რამაც იგი დააზიანა. მისი შეკეთება 4 მაისამდე გაგრძელდა, მომდევნო დღეს კი კვლავ ჰაერში აიჭრა, ისევ ფირნის ველზე დაჯდა, იქიდან აფრენისას კი ავარია შეემთხვა და მწყობრიდან საბოლოოდ გამოვიდა.

“თოვლის კაცის” “დაღუპვამ” მთამსვლელებს კარტები აურია, რის გამოც დამატებით ბანაკების გამართვა გახდა საჭირო. საიერიშო ბანაკიც 12 მაისს 7800 მეტრზე ასწიეს, თუმცა იგი სახელდახელოდ იყო მოწყობილი, თანაც მხოლოდ ერთი ორკაციანი კარავი იდგა, მაგრამ ექვსმა კაცმა გადამწყვეტი იერიში მაინც მეორე დღისთვის დანიშნა, რადგან ამინდის გაფუჭებას პირი არ უჩანდა და ასეთი შანსის ხელიდან გაშვებას არავინ ფიქრობდა.

იმ ღამით ექვსი მთამსვლელი კარავში ისე ჩაეწყო, როგორც შპროტი კონსერვის ქილაში. მართალია, ამგვარად ჩაჭყლეტილებს ყინვა იმდენად აღარ აწუხებდათ, მაგრამ ყოველგვარ დასვენებაზე, თუკი საერთოდ 7800 მეტრზე ღამითევას მსგავსი რამ შეიძლება ეწოდოს, ფიქრიც კი ზედმეტი იყო.

ასე იყო თუ ისე, მეორე დღეს მთამსვლელებმა მიზანს მიაღწიეს და ქვემო საბაზო ბანაკშიც მშვიდობით დაეშვნენ. ყველანი გახარებულნი იყვნენ. თანაგუნდელთა წარმატებით ფრთაშესხმული იყო მეორე საიერიშო გუნდიც, რომელსაც ერთი სული ჰქონდა, როდის დაიძრებოდა მწვერვალისკენ, მაგრამ ეიზელინი ცივ უარზე დადგა - დჰაულაგირი დაპყრობილია, მწვერვალზე ექვსი კაცი ავიდა, თანაც - უმსხვერპლოდ, ყოველგვარი დაშავებისა და მოყინულობის გარეშე; დამყარებულია მსოფლიო რეკორდიც დიდ სიმაღლეზე თვითმფრინავის დაჯდომაზეც, მეტი რაღა გვინდა, კიდევ ერთ იერიშს შესაძლოა მსხვერპლი მოჰყვეს და ეს ჩვენი დიდი გამარჯვება დაჩრდილოსო.

მეთაური, ალბათ მართალი იყო, მაგრამ დარჩენილი ექვსი მთამსვლელის მწვერვალისკენ ლტოლვაც გასაგები გახლდათ. ბოლოს, როგორც იქნა, ეიზელინი დაიყოლიეს და შვეიცარიელები მიშელ ვოშე, ჰუგო ვებერი, ჟან ჟაკ რუსი, პოლონელი ადამ სკოჩილასი და ორი შერპი ძირითადი ბანაკიდან გზას გაუდგნენ. გაუდგნენ და ფათერაკებიც უმალ თან აედევნათ. სკოჩილასს, იმის გამო, რომ ექსპედიციამ თვითმფრინავი გამოიყენა, აკლიმატიზაცია ვერ მოესწრო და ჯერ კიდევ მარშრუტის დასაწყისშივე, ყინულვარდნილთან ჟანგბადის ნაკლებობისგან გონება დაენისლა, ნერვული შეტევა და მოჩვენებებიც დაეწყო. იგი არეულად ლაპარაკობდა და კითხვებზეც აბდაუბდად პასუხობდა. ამიტომ იგი ორ შერპთან ერთად ისევ საბაზოში გააბრუნეს. დანარჩენმა სამმა მთამსვლელმა ხუთი დღის მერე მეექვსე ბანაკში ააღწია. ასვლისთანავე წაიხემსეს და ღამის სათევად მოემზადნენ, რათა დილით გადამწყვეტი იერიში დაეწყოთ, მაგრამ იმ ღამით საშინელი ქარბუქი დაატყდათ თავს. სამი დღე და ღამე იქ ამაოდ უცადეს გამოდარებას, მაგრამ ქარბუქი არა და არ ცხრებოდა. ამასობაში ვოშეს ფეხები მოეყინა. ამიტომ იძულებულნი გახდნენ მეხუთე ბანაკში ჩასულიყვნენ.

დაშვებისას ციცაბო კულუარში ვოშე დაწინაურდა. სწორედ მაშინ პატარა ზვავი მოწყდა და მისი მეგობრები თან გაიყოლა. დაწინაურებულმა ეს მაშინღა შეამჩნია, როცა მათ ზვავთან ერთად ჩაუქროლეს. ამის დანახვაზე ვოშს ელდა ეცა, მაგრამ არ დაბნეულა - წერაყინი უმალ თოვლში ჩაასო, ზედ თოკის შემოხვევაც მოასწრო და მეგობართა ვარდნა ძალების დიდი დაძაბვით შეაჩერა.

გამძვინვარებულმა ქარბუქმა მთამსვლელები არც მეხუთე ბანაკში მოასვენა. მან კარავი გაგლიჯა და საძილე ტომრებიც ჰაერში აიტაცა. სტიქიის გადამკიდენი მწერვალზე უკვე აღარც ფიქრობდნენ და ის იყო ლაშქრობაზე ხელი საბოლოოდ უნდა აეღოთ, რომ 23 მაისს მოულოდნელად ქარბუქი ჩაცხრა და დაშოშმინდა. მზემაც გამოიხედა, მაგრამ მწვერვალზე იერიში უკვე მეტად სახიფათო გამხდარიყო - აქეთ მთამსვლელები დიდ სიმაღლეზე ხანგრძლივი ყოფნის გამო გამოფიტულიყვნენ, იქით კი ახალმოსულ თოვლს მარშრუტი “დაემძიმებინა”.

და მაინც, ვოშემ და ვებერმა თავზე ხელი აიღეს, რუსის კი იმ ზვავში რომ მოჰყვა, წერაყინი დაეკარგა და მის გარეშე მწვერვალზე ასვლა ორგზის სიგიჟე იყო.

ასე იყო თუ ისე, დრო რომ არ დაეკარგათ, ვოშემ და ვებერმა, მიუხედავად იმისა, რომ მწვერვალამდე იქიდან სიმაღლეში 800 მეტრი აშორებდათ, გადამწყვეტი იერიში დაიწყეს.

ისინი ძნელად მიიკვლევდნენ გზას ერთ საათში საშუალოდ 100 მეტრით მიიწევდნენ წინ, მაგრამ ბოლოს ყველა გაჭირვება უკან მოიტოვეს და 18 საათსა და 15 წუთზე მათაც დჰაულაგირის კენწეროდან გადმოიხედეს, მაგრამ ისე იყვნენ ილაჯგაწყვეტილები, რომ ბუნების სიდიადით დიდხანს ტკბობისთვის ძალა აღარ შერჩენოდათ.

ასე იყო თუ ისე, ვებერმა და ვოშემ ძირითად ბანაკში მშვიდობით ჩააღწიეს, სადაც ყოველივე სიხარულს მოეცვა...

ამის მერე დჰაულაგირზე კიდევ ბევრი მთამსვლელი ავიდა და ბევრმაც ახალი ბილიკი გაკვალა, ზოგიც დაიღუპა. დჰაულაგირზე ამსვლელთა შორის ვხედავთ მასზე მოწყობილი პირველი ქართული ექსპედიციის წევრებსაც: აფი გიგანს, ბიძინა გუჯაბიძეს და გელა ოთარაშვილს, რომლებმაც 1995 წლის შემოდგომაზე გია თორთლაძის მეთაურობით დალაშქრეს ეს ბუმბერაზი მწვერვალი.

ავთანდილ გურასაშვილი

ყველაზე პოპულარული
  1. უცხოეთი >>

    aa
  2. რევიუ >>

    aa
  3. ჭიდაობა >>

    aa
  4. ფეხბურთი >>

    aa
  5. ფეხბურთი >>

    aa
  6. უცხოეთი >>

    aa
  7. რევიუ >>

    aa
  8. უცხოეთი >>

    aa
  9. რევიუ >>

    aa
  10. რევიუ >>

    aa
  11. ბიზნესი >>

    aa
  12. სპორტი >>

    aa
  13. სპორტი >>

    aa
  14. ფეხბურთი >>

    aa
   

ამბები
ბიზნესი
სპორტი
საზოგადოება
რევიუ
სტილი
თვალსაზრისი
ტენდერები
The New York Times
გაზეთ"24 საათის"
ელექტრონული არქივი
ავტორები
მობილურის ვერსია
RSS არხები
Twitter
სიახლეების გამოწერა
რეკლამის განთავსება
www.24saati.ge
გაზეთი "24 საათი"
კონტაქტი