რუსმა ოკუპანტებმა გუშინ დილით საქართველო-აფხაზეთის ადმინისტრაციული საზღვრის გამაგრება დაიწყეს.
24 საათი 06.03.10
რუსმა ოკუპანტებმა გუშინ დილით საქართველო-აფხაზეთის ადმინისტრაციული საზღვრის გამაგრება დაიწყეს.
რუსმა სამხედროებმა ზუგდიდის რაიონის სოფელ ორსანტიასა და გალის რაიონის სოფელ ოტობაიას დამაკავშირებელ ხიდზე მავთულხლართები გააბეს. ადგილობრივი მოსახლეობის განცხადებით, ეს მათ ძალიან გაურთულებთ ზუგდიდის რაიონში გადასვლას, რის გამოც სოფელში დაძაბული სიტუაცია შეიქმნება. სიახლეა სამხრეთ ოსეთშიც. სააგენტო “რესის” ინფორმაციით, "სახელმწიფო საზღვრის" დარღვევის შესახებ მოსახლეობა რუს მესაზღვრეებს ცხელი ხაზით შეატყობინებს. "რესის" ცნობით, ამის შესახებ რუსეთის სასაზღვრო სამსახურის ცხინვალის სამმართველოს განცხადებაშია ნათქვამი.
სატელეფონო ცხელი ხაზი ცხინვალში უკვე მუშაობს და, როგორც რუსი მესაზღვრეები აცხადებენ, ახლო მომავალში ამგვარი ხაზი ყველა რაიონში ამოქმედდება. რუსი ოკუპანტები მოუწოდებენ მოსახლეობას, "საზღვრის" ნებისმიერი დარღვევის შესახებ მათ ცხელი ხაზის საშუალებით შეატყობინონ.
განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ "საზღვრის დამრღვევების" 30%-ს სწორედ მოსახლეობის აქტიური მონაწილეობით აკავებენ.