საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გუშინ ბათუმში, ახლად რეაბილიტირებულ ბაგრატიონის ქუჩაზე, თურქული სკოლა-ლიცეუმი გახსნა, სადაც მომავალი თაობის თავისუფლების ხარისხის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
24 საათი 10.03.10
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გუშინ ბათუმში, ახლად რეაბილიტირებულ ბაგრატიონის ქუჩაზე, თურქული სკოლა-ლიცეუმი გახსნა, სადაც მომავალი თაობის თავისუფლების ხარისხის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
მისი თქმით, საქართველოს განათლების სისტემა მსოფლიო სისტემასთან უნდა იყოს ინტეგრირებული. “ბოლო წლების განმავლობაში საქართველოს სკოლების 90 პროცენტის რეაბილიტაცია მოხდა. უკვე თამამად შემიძლია ვთქვა, რომ დღეს პრაქტიკულად ყველა სკოლას აქვს გათბობის საშუალება, მაშინ როცა პრეზიდენტად ჩემი მოსვლის დროს ცენტრალური გათბობა არც ერთ საჯარო სკოლას არ ჰქონდა. ჩვენ ვხდებით თანამედროვე სკოლების ქვეყანა, თანამედროვე განათლების ინფრასტრუქტურით. მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ყველა სკოლას ექნება დახურული სპორტული დარბაზი და სტადიონი. რამდენიმე ათეულ სკოლაში საცურაო აუზიც გაკეთდება.”
ქვეყნის პირველი პირის განცხადებით, საქართველოში არსებობს ისეთი სკოლები, რომელთა დამთავრების შემდეგ ბავშვებს უცხოეთის უმაღლეს სასწავლებლებში პირდაპირ იღებენ. ამ კონტექსტში პრეზიდენტმა ფრანგული და ამერიკული სკოლები იგულისხმა. “მაგრამ მე არ მინდა, განათლება მხოლოდ ელიტის რაღაც ნაწილის პრივილეგია იყოს. ხელისუფლების მთავარი ამოცანაა, ყველა ქართული საშუალო სკოლის ატესტატი მომავალი წლიდან ყველა ევროპული უმაღლესი სასწავლების მიერ იყოს აღიარებული. ჩვენი მთავარი ამოცანაა საქართველოში მაღალი დონის განათლების სისტემის შექმნა. ჩვენმა მთავრობამ და ჩვენ ყველამ გავაკეთეთ არჩევანი - ჩვენ ვიქნებით ევროპაში, ჩვენ ვიქნებით თავისუფლები, როგორც ქართველები, როგორც თავისუფალი ქვეყნის მრავალეთნიკური ერი და მათ შორის რუსეთის გარეშე. ჩვენ არც ერთ შემთხვევაში არავის მეორეხარისხოვანი დანამატი არ ვიქნებით - არც ევროპისკენ მოძრაობაში და არც, მით უმეტეს, იმ იმპერიაში დაბრუნებაში, სადაც გვექაჩებიან. ჩვენ გვაქვს იმხელა კულტურა, იმხელა ხელოვნება, იმხელა განათლებულობა საქართველოში, რომ არავისგან არაფრის გადაღება და არავის კუდში ჩანჩალი არ გვჭირდება”.
მიხეილ სააკაშვილმა თავის გამოსვლაში ისტორიული პარალელი გაავლო 1918-21 წლების მოვლენებთან. მისი თქმით, საქართველოს მაშინდელი მთავრობის მეთაური ნოე ჟორდანია რუსეთს ევროპის მიმართულებით ერთად სვლისკენ მოუწოდებდა, იმავდროულად კი ამხანაგი ფილიპე მახარაძე და ამხანაგი ორჯონიკიძე ევროპაზე უარს ამბობდნენ და მხოლოდ რუსეთისკენ მიილტვოდნენ იმ მოტივით, რომ რუსეთი ძლიერი და მომავლის მქონე სახელმწიფოა. “ჟორდანიასაც და საქართველოს მოღალატე ჯგუფებსაც ერთი რაღაც ჰქონდათ საერთო - ვერც ერთ მათგანს ვერ წარმოედგინა საქართველო რუსეთის გარეშე. საქართველოში ყოველთვის იყო ხალხი, რომელსაც არ უყვარდა თავისი ქვეყანა. რა თქმა უნდა, არის ხალხის გარკვეული პროცენტი, ვისაც ჯანსაღი კრიტიკული დამოკიდებულება აქვს ჩვენი რეალობისადმი და ჩვენი მთავრობისადმი, რაც დემოკრატიის განუყოფელი ნაწილია, მაგრამ არის ხალხის ნაწილი, ძალიან ერთეულები, ვისაც კრიტიკული დამოკიდებულება ჯერ გადაეზარდა საკუთარი მთავრობის სიძულვილში, რაც უკვე არანორმალურია და შემდეგ საკუთარი მთავრობის სიძულვილი გადაეზარდა საკუთარი ქვეყნის და ხალხის სიძულვილში, რაც უკვე აბსოლუტურად საზიზღარი გადახრაა.”
პრეზიდენტის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ დღეს რუსეთში 400 ათასამდე ქართველი ცხოვრობს, საქართველოს მტრებმა ვერც ერთი წარმატებული ქართველი ვერ აქციეს სამშობლოს მტრად. “რუსეთში დღეს 400 ათას ქართველზე ნაკლები ცხოვრობს და ისინი საქართველოს საუკეთესო წარმომადგენლები არიან. ეს ხალხი იმ ქვეყნის ელიტას წარმოადგენს, მაგრამ დააკვირდით, რომ გარდა რამდენიმე დეგრადირებული სუბიექტისა, ვერც ერთ წარმატებულ ქართველში ვერ იპოვეს საქართველოს მოღალატე და საქართველოს წინააღმდეგ მომუშავე ადამიანი. ვერც ერთი მათგანი ვერ გამოიყენეს საქართველოს წინაღმდეგ და იცით რატომ? იმიტომ, რომ მათ ყველაზე კარგად იციან საქართველო, მისი თავისუფლების ფასი და მათ ყველაზე კარგად იციან განსხვავება ავტორიტარულ, არათავისუფალ სისტემასა და იმ სისტემას შორის, რომელსაც ჩვენ ვაშენებთ საქართველოში. ჩვენ მივდივართ სწორი მიმართულებით და ისინი მიდიან, პირიქით უკან. ამიტომ, საქართველოს ვეღავინ დააბრუნებს ბნელ წარსულში. ჩვენ ამ ბავშვებთან ერთად წავალთ თანამედროვე ევროპულ მომავალში და ერთად გავიმარჯვებთ,” - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.