"სახალხო დამცველის ანგარიშებს დეპუტატები არც კი კითხულობენ. გაუგებარია, რა მნიშვნელობა აქვს, ომბუდსმენი პარლამენტს ანგარიშს წელიწადში ერთხელ წარუდგენს თუ ორჯერ.
24 საათი 17.07.10
"სახალხო დამცველის ანგარიშებს დეპუტატები არც კი კითხულობენ. გაუგებარია, რა მნიშვნელობა აქვს, ომბუდსმენი პარლამენტს ანგარიშს წელიწადში ერთხელ წარუდგენს თუ ორჯერ.
რომელმა ერთმა წაიკითხა ყოფილი სახალხო დამცველის 1126-გვერდიანი მოხსენება ან ის მოხსენება, რომელიც ახლა არის შემოსული?" - ეს განცხადება პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე გია არსენიშვილმა რამდენიმე დღის წინ, "სახალხო დამცველის შესახებ" კანონპროექტის განხილვისას გააკეთა.
საქმე ისაა, რომ კანონპროექტი ომბუდსმენის ანგარიშის საპარლამენტო მოსმენების შემცირებას ითვალისწინებს, რასაც საპარლამენტო ოპოზიცია აპროტესტებს.
საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლები გიორგი ტუღუშისგან "პოლიტიკურად ანგაჟირებული" მოხსენების ჩაბარებას არ ელოდნენ და მისი წინამორბედის - სოზარ სუბარის ყოველწლიური ანგარიშებისადმი ტრადიციადქცეული დამოკიდებულების შეცვლასაც აპირებდნენ. თუმცა, გუშინ გიორგი ტუღუშს, ისევე, როგორც მის წინამორბედს, საკმაოდ ვრცელი ანგარიშის ჩაბარება, რომელიც ადამიანის უფლებების მხრივ 2009 წლის მეორე ნახევრის მდგომარეობას ასახავს, ფაქტობრივად, ცარიელ დარბაზში მოუწია. სახალხო დამცველის ანგარიშს თავდაპირველად მხოლოდ 18 დეპუტატი უსმენდა, მოგვიანებით მათი რაოდენობა 25-მდე გაიზარდა.
პარლამენტში სახალხო დამცველის მიერ ანგარიშის წელიწადში მხოლოდ ერთხელ წარდგენის ინიციატივას ომბუდსმენი გიორგი ტუღუშიც იზიარებს. როგორც მან გუშინდელ რიგგარეშე სხდომაზე განაცხადა, სახალხო დამცველის მიერ წელიწადში ერთი ანგარიშის მომზადება აპრობირებული პრაქტიკაა. მისივე განმარტებით, ანგარიშის წელიწადში მხოლოდ ერთხელ წარდგენას წინა ომბუდსმენიც იზიარებდა, რადგან ანგარიშზე მუშაობა საკმაოდ დიდ დროს მოითხოვს და მისი წელიწადში ორჯერ დაწერა ომბუდსმენის აპარატის პარალიზებას იწვევს.
"თუ ანგარიშს პარლამენტისთვის მხოლოდ ერთხელ მოვამზადებ, უფრო მეტ დროს დავუთმობ სპეცანგარიშებს. თუკი დავინახავდი, რომ ხდება სახალხო დამცველის უფლებების შეზღუდვა, ჩემს ხელთ არსებულ ყველა კანონიერ ძალას გამოვიყენებდი, რომ ეს არ მომხდარიყო," - განაცხადა გიორგი ტუღუშმა.
ომბუდსმენის ანგარიშში მოხვდნენ ის საჯარო დაწესებულებები, სადაც სახალხო დამცველის აპარატი პრობლემებს აწყდება. ომბუდსმენმა დეტალურად მიმოიხილა საანგარიშო პერიოდში სხვადასხვა სეფროში ადამიანის უფლებათა დარღვევების კონკრეტული ფაქტები. გიორგი ტუღუშმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა სასჯელაღსრულების დაწესებულებებში შექმნილ მძიმე ვითარებაზე, პატიმრების მიმართ არასათანადო მოპყრობაზე, მათთვის სათანადო სამედიცინო დახმარების არარსებობაზე, პოლიციის დროებითი მოთავსების იზოლატორებში და ჰაუპტვახტებში არსებულ გაუსაძლის პირობებზე, სასამართლო სისტემის ხარვეზებზე, საქმეების გამოძიების გაჭიანურებაზე, მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულებებში გამოვლენილ ძალადობაზე და ასეთი ბავშვების შრომის უკანონოდ გამოყენებაზე.
ომბუდსმენის ანგარიშის დიდი ნაწილი ასევე დაეთმო გამოხატვის თავისუფლების დარღვევის, დევნილთა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა და ეროვნულ უმცირესობათა წარმომადგენლების უფლებათა შელახვის ფაქტებს. ომბუდსმენმა საკანონმდებლო ხარვეზებზეც ისაუბრა და რეკომენდაციებიც უხვად გასცა.
როგორც გიორგი ტუღუშმა განაცხადა, მის ანგარიშს საფუძვლად დაედო ომბუდსმენის აპარატის მიერ სხვადასხვა დროს სხვადასხვა უწყებასა თუ ორგანიზაციაში განხორციელებული მონიტორინგი. როგორც გაირკვა, ანგარიშის მოსამზადებლად სახალხო დამცველის აპარატმა თავისუფლების აღკვეთისა და შეზღუდვის ყველა ტიპის დაწესებულებების მონიტორინგი განახორციელა და გააანალიზა.
სახალხო დამცველი უახლოეს მომავალში მედიასთან დაკავშირებით სპეცანგარიშის მომზადებას გეგმავს. მისი თქმით, მედიაზე ზეწოლის ყველა ფაქტი, რომელიც შესაბამის პერიოდში მოხდა, სპეცანგარიშში აისახება.
მოხსენების ბოლოს, სახალხო დამცველმა ოპოზიციონერი დეპუტატების მიერ დასმულ შეკითხვებს გასცა პასუხი.
"ძალიან სუსტი," - ასე შეაფასეს საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებმა სახალხო დამცველის გიორგი ტუღუშის ანგარიში. მათი თქმით, სახალხო დამცველი სახელისუფლებო სისტემის ნაწილი აღმოჩნდა.
"რა მნიშვნელობა აქვს, აისახება თუ არა ომბუდსმენის ანგარიშში ადამიანის უფლებების შელახვის კონკრეტული ფაქტები, თუკი ამ ფაქტებზე კონტროლი არ განხორციელდება და ანგარიშში მოხვედრილი ყველა უწყება მდგომარეობის გამოსასწორებლად შესაბამის ღონისძიებებს არ გაატარებს," - ასეთი იყო საპარლამენტო ოპოზიციის პოზიცია.
"სახალხო დამცველის ანგარიში იყო მწვავე, მაგრამ არაპოლიტიკური და საზოგადოების ინტერესების ამსახველი, საკმაოდ მოცულობითი, კონსტრუქციული და არაანგაჟირებული. ეს იყო პროფესიონალური მოხსენება, რომელიც გაჯერებულია ასევე პროფისონალურ დონეზე შედგენილი რეკომენდაციებით," - გიორგი ტუღუშის გუშინდელ ანგარიშს ასეთი შეფასება საპარლამენტო უმრავლესობამ მისცა.