ორი წლის განმავლობაში თბილისიდან დასავლეთისკენ დაახლოებით 50-ჯერ მაინც ვარ წასული. მაგრამ ამ გზაზე გასულს, დღემდე მთელს სხეულში მიჯდება იმ "სიცარიელის" განცდა, რომელიც ომის შემდეგ იყო გამეფებული.
24 საათი 07.08.10
ორი წლის განმავლობაში თბილისიდან დასავლეთისკენ დაახლოებით 50-ჯერ მაინც ვარ წასული. მაგრამ ამ გზაზე გასულს, დღემდე მთელს სხეულში მიჯდება იმ "სიცარიელის" განცდა, რომელიც ომის შემდეგ იყო გამეფებული.
"სიცარიელე" გადამეტებული ნათქვამი ნამდვილად არ არის. იმ დროს ამ გზაზე არა თუ მანქანა ან ადამიანი და ჩვეულებრივი მაწანწალა ძაღლი, ჩიტებიც არ დაფრინავდნენ, თითქოს ჰაერიც არ მოძრაობდა. მართლა, არ ვამეტებ... ამას ყველა მიდასტურებს, ვინც ომის დღეებში კონფლიქტის ზონაში მოძრაობდა, მაგრამ ახსნა დღემდე არავის შეგვიძლია. ალბათ არც ვეძებთ...
ორი წლის შემდეგ, მე და "24 საათის" ფოტო-რეპორტიორი გოგიტა ბუხაიძე პირველად მივდივართ თბილისისდან დასავლეთისკენ, უფრო სწორედ, სამაჩაბლოში - ომის ნაკვალევზე. გზადაგზა ერთმანეთს იმ ადგილებს ვაჩვენებთ, სადაც რუსის ჯარი, ტანკები და კარვები იდგა. დღემდე გვახსოვს ოკუპანტების სამხედრო ტექნიკით გადათხრილი ასფალტი, გადამწვარი ტყეები თუ მინდვრები...
ავტობანიდან პირველად წეროვანის დევნილთა დასახლებაში გადავუხვიეთ. აქ ნიკო ბერუაშვილის ოჯახი ცხოვრობს. ისინი 2008 წლის 8 აგვისტოს ომს სოფელ ერედვიდან გამოექცნენ.
მართალია, აქ ლიახვის ბუნება არ არის, რასაც ერედველები ყველაზე მეტად განიცდიან, და არც ორსართულიანი სახლები აქვთ, თავისი უშველებელი ბაღებით, მაგრამ, როგორც ისინი ამბობენ, სხვებთან შედარებით, ნორმალურ პირობებში არიან. პატარა, კოხტად მოწყოფილ სამოთახიან ბინებს, ძალიან მცირე ბაღები აკრავს - სიმინდის, მწვანილის და სხვა ბოსტნეულის გვერდით, ადგილი ყვავილებისთვსაც არის. სამაჩაბლოელებს შრომა ნამდვილად არ ეზარებათ, პირიქით, როგორც ამბობენ, მათი ყველაზე დიდი პრობლემა უმუშევრობაა.
"ცუდია, კაცი უფუნქციოდ რომ რჩება. ჯერ ზარმაცდება, მერე სასმელს ეტანება და ყველა უბედურება აქედან იწყება," - გვიხსნიან წეროვნელი ერედველები (უკვე, ასე ეძახიან ხუმრობით ერთმანეთს).
ნიკო ბერუაშვილი და გოგიტა ბუხაიძის მეგობრობის ისტორია ორი წლის წინ, თბილისში, ვაჟა-ფშაველაზე, თოფურიას ¹ 14 ბაგა-ბაღიდან დაიწყო.
ომს გამოქცეულმა ბერუაშივლის ოჯახმა და მათმა ახლობლებმა ამ საბავშვო-ბაღს შეაფარეს თავი, რატომ მივიდნენ მაინცდაამინც იქ, დღეს უკვე აღარ ახსოვთ - ადგილი იყო და თავი შეაფარეს. მერე თბილისელი მეზობელები მივიდნენ - ზოგმა საჭმელი მიუტანა, ზოგმა ჩასაცმელი და ლოგინი, ზოგმა წამალი, ზოგმა სასმელი - დარდის გასაქარვებლად, და ასე გაიტანეს კვირები და თვეები, ვიდრე არ გაირკვა სამაჩაბლოში მდგომარეობა - ზოგი საკუთარ სახლებს დაუბრუნდა და ზოგიც, ბედსდამორჩილებული, ახლად აშენებულ კოტეჯებს.
"ორი წლის მანძილზე მეორედ მივდივარ ჩვენს მხარეში. პირველად რამდენიმე საათი გავძელი დიცში და წამოვედი. არ მიყვარს იქ წასვლა. როგორია, 3 კილომეტრში ჩემი სოფელია, ჩემი სახლია, მე კი მისვლა არ შემიძლია. არ მიყვარს აქეთ წამოსვლა. ერედვში იცი რამხელა სახლი მქონდა? ისეთი ბაღები მქონა, მარტო უნდა დამდგარიყავი და გეცქირა. ეხლა მარტო გადამწვარი სოფელია დარჩენილი. ერედველები, დიდი და პატარა ლიახვის ხეობელების მსგავსად, სულ წინააღმდეგობას ვუწევდით მტერს და ეს არ გვაპატიეს. ამიტომ გადაწვეს ყველა სახლი, ეშინიათ ჩვენი," - გვიყვება გზადაგზა ნიკო ბერუაშვილი და შორიდან თავის სოფელს გვაჩვენებს, რომელიც წერტილივით მოჩანს.
დიცში ბერუაშვილის ქვისლის ნოდარ საღინაშვილის ოჯახში გველოდებოდნენ. ქართული სოფლების მასიური დაბომბვის შემდეგ, ისინიც თბილისში გამოიქცნენ და ¹ 14 ბაგა-ბაღის შენობას შეეხიზნენ. საღინაშვილის ორი მცირეწლოვანი შვილი, ცოლი, რომელიც მესამე ბავშვზე იყო ფეხმძიმედ და მშობლები, რამდენიმე თვე ცხოვრობდნენ საბავშვო ბაღში.
დიცამდე, გორში ბერუაშვილის და საღინაშვილის სიდედრ-სიმამრის კოტეჯში შევიარეთ.
"მართალია ჭერიდან წყალი ჩამოგვივიდა და ზოგჯერ იატაკში ბალახიც ამოდის, მაგრამ გვპირდებიან, რომ რემონტს გაგვიკეთებენ," - გვიხსნის მასპინძელი მერაბ ოთანაშვილი, სახლში გვეპატიჟება და ამ დროში ხეობაში ცხოვრების ისტორიის მოყოლას ასწრებს.
გორიდან დიცში საღინაშვილების ნათესავი, თამარაშენელი გოგიტა კომიაშვილი დაგვემგზავრა.
"დიდი ლიახვის ხეობელები განსაკუთრებით ვძულდით ოსებს და რუსებს. ჩვენთვის ომი ზვიადის პერიოდში დაიწყო. იქიდან მოყოლებული, სულ წინააღმდეგობას ვუწევდით და ამიტომაც იყარეს ჯავრი. ხეობა კი არ გადაწვეს, საძირკვლიანად გაასწორეს მიწასთან ჩვენი სახლები, რომ აღარასოდეს მოვინდომოთ იქ დაბრუნება. მაგას ვერ ეღირსებიან," - გვიყვება გოგიტა კომიაშვილი.
პატარა ერედვი
სამაჩაბლოსკენ მიმავალთ, ერთი შეხედვით, ომის ნაკვალევი თვალში აღარ გვხვდება. მოვლილი ბაღები და ბოსტნები, ქუჩაში ჩამომსხდარი მოხუცები და "ბირჟაზე" დომინოს მაგიდის ირგვლივ შემოკრებილი შუახნის მამაკაცები; მოსეირნე ახალგაზრდობა და ფეხშიშველი ბავშვები - ყველაფერი ეს ორი წლის წინანდელ მდგომარეობას გავიწყებს. სოფელ დიცში, მასპინძელიც ტრადიციული ქართული მხიარულობით გხვდება და მისვლისთანავე სუფრაზე გეპატიჟება.
სუფრამდე სამაჩაბლოელებს კონფლიქტური ზონის უკიდურეს წერტილამდე მეგზურობას ვითხოვთ. ვიდრე სასურველ ადგილამდე მივალთ, გზადაგზა ქართველი სამართალდამცველების და სამხედროების საგუშაგოებს გავდივართ.
სამხედროები კომენტარზე უარს გვეუბნებიან, თუმცა უფროსებისგან თანხმობას იღებენ და გადაადგილებაზე პროლემას არ გვიქმნიან.
სოფელი ბერულა (იქაურები პარატა ერედვსაც ეძახიან, კონფლიქტის ზონაში ბოლო დასახლებაა) გავიარეთ, მინდორზე გავედით და ცხინვალის შემოგარენი გადავიღეთ. მასპინძლები საკუთარ სოფლებს გვაჩვენებენ, რომლებსაც უკვე ოკუპანტები და ოსები აკონტროლებენ. ქართული დასახლებიდან რამდენმე კილომეტრში რუსებს სამხედრო ბაზა აქვთ აშენებული. სამაჩაბლოელები იგინებიან და უკან გამოსვლას გვირჩევენ - ამ ტერიტორიას რუსები აკონტროლებენ.
პატარა ერედვის ბოლო მოსახლეები ბერუაშვილები არიან.
"მე ლამის 80 წლის ვარ, ძლივს დავდივარ. ჩემი შვილი ავადმყოფია. დაბომბვა რომ დაიწყო, ვერსად წავედით, სათონეში დავიმალეთ. რუსები მოვდნენ, გვიპოვეს და ჩემს შვილს ავტომატები დაადეს. საშინელება იყო. მერე მიხვდნენ, რომ ავადმყოფი იყო და თავი დაანებეს, თორემ მოკლავდნენ. მერე რაც გვქონდა საჭმელი და სასმელი, წაიღეს და წავიდნენ," - გვიყვება ნაზო ჩალიაური-ბერუაშვილი.
ომის დროს, ნათელა ბერუაშვილი თბილისში გაიქცა ნათესავებთან. მის სახლში თურმე რუსები ცხოვრობდნენ. რაც სარჩო-საბადებელი ჰქონდა, იმათ შეჭამეს. ესეც არ დააკლეს, სახლის ყველა ოთახი ავტომატით და ტყვიამფრქვევით დაცხრილეს.
ნათელა ბერუაშვილი, ომიდან რამდენიმე თვეში დაბრუნდა სახლში. ახლა სტუმრად შვილიშვილებიც ჰყავს და ცხვორებას აგრძელებს.
"მთავარია, მშვიდობა იყოს, თორემ ყველაფერს ეშველება. მართალია, ისე ვეღარ ვცხოვრობთ, მაგრამ ღმერთის იმედი გვაქვს," - გვითხრა ნათელა ბერუაშვილმა, რომელიც ორი წლის მანძილზე იმასაც შეეჩვია, რომ პერიოდულად მის სახლთან რუსები გაწვრთნილი ძაღლებით დადიან და თუ ვინმე დაიჭირეს, საზღვრის უკანონო გადაკვეთისთვის აპატიმრებენ.
ომი წლისთვის
ამბობენ, სოფელი ქორდი, დიცი, არბო და მერეთი ომს გადაურჩაო, რადგან ოკუპანტებს სახლები არ დაუწვიათ. რამდენიმე თვით გახიზნული მოსახლეობაც მალევე დაუბრუნდა სახლებს, მაგრამ დღეს, როგორც ქორდელები ამბობენ, ცოტა ხანში ისინი "წყლის ომს" ვეღარ გადაურჩებიან. სოფლის სარწყავი წყალი, რომელიც ცხინვალიდან იღებს სათავეს, ოსებმა გადაკეტეს. მოსახლოება, რომელიც სოფლის მეურნოებაზეა დამოკიდებული, შიმშილის ზღვარზეა.
ორი კვირის წინათ ოსებს და ქართველებს შორის სარწყავ წყალზე მოლაპარაკება ყოფილა, რის შემდეგაც ოსებს წყალი გამოუშვიათ, მაგრამ ორ დღეში ისევ შეწყვიტეს.
"ეხლა სასმელი წყალი დღეში ერთი საათით მოგვეწოდება. სარწყავი წყალი საერთოდ აღარ მოდის. ჩვენ სოფლის მეურუნებაზე დამოკიდებულები ვართ. თუ წყალი არ იქნება, საარსებო არაფერი გვექნება. ვაშლის პლანტაციები გახმა და ამოსაძირკვი გვაქვს. რაც ფული გვქონდა, პომიდორის ნერგებში გადავიხადეთ, მაგრამ უწყლობით ვერ გაიხარა. მოკლედ, შიმშილი გველის, ჩვენი მშვლელი კი არავი არის - კაცმაც მიგვტოვა და ღმეთმაც," - ამბობენ ქორდელები.
ჩვენს ჩასვლამდე ორი დღით ადრე, როგორც ადგილობრივები გვეუბნებიან, ქორდელებს სიცოცხლე გადაუდიათ, ოსების კონტროლირებად ტერიტირიაზე გადაპარულან, წყლის საცავის ჯებირი გადაუნგრევიათ და წყალი გამოუშვიათ. სარწყავი წყალი ერთი ღამე მოდიოდა თურმე, მაგრამ მეორე დღეს ეს ამბავი ოსებს გაუგიათ, ის ჯაბირი ჩაუცემენტებიათ და ამით ქართველებისთვის მორწყვის იმედი საბოლოოდ გადაუწურიათ.
ერგნეთი
ომამდე სამაჩაბლოში ერგნეთი ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ სოფლად ითვლებოდა. დღეს კი ორი წლის წინანდელი ომი ყველაზე მეტად ამ სოფელში იგრძნობა. 170-კომლიანი სოფლიდან 140 სახლი გადამწვარია. ცეცხლსგადარჩენილი კედლების გვერდით, 4-7 მეტრზე, ჩადგმული პატარა კოტეჯები კიდევ უფრო მძაფრად აღგაქმევინებს ამ ხალხის სიძლიერესაც და უმწეობასაც.
"ორსართულიან სახლში 14 ოთახი მქონდა. ჩემი შვილი პოლიციაში მუშაობდა. ალბათ, ამიტომ დაწვეს ჩვენი სახლი. ეს კოტეჯი დანიის განვითარების ფონდმა აგვიშენა, მაგრამ ოჯახში ექვსი სული ვართ, ერთად რომ მოვიდეთ, ამ ერთ ოთახში, ფეხზე დადგომასაც ვერ შევძლებთ. საქართველოს მთავრობამ კომპენსაციის სახით 15 ათასი დოლარი დაგვირიგა. ამ ფულით მარტო სახურავის გადახურვას ვერ შევძლებდით. ვალები გადავიხადეთ, შვილის სწავლის ფული დავფარეთ და მორჩა ჩვენი კომპენსაცია. 2 ჰექტარ მიწაზე ვაშლის ბაღი მაქვს, ორი წლის მანძილზე მორწყვა ვერ შეველით. ეს იმას ნიშნავს, რომ ეს ბაღი გახმება და უნდა ამოვძირკვოთ. მომავალში რითი ვიცხოვროთ, არ ვიცით. დღეს ესაა ჩვენი პრობლემა, - ამბობს ერგნეთელი აკაკი წერეთელი, რომლის სახლსაც პატარა სასაფლაო ესაზღვრება.
ამ სასაფლაოზე, თურმე, საქართველოს სხვადსახვა ადგილას ჩასახლებული ცხინვალიდან დევნილი ქართველები საკუთარ მიცვალებულებს ასაფლავებენ. ამხელა მანძილზე რატომ მოჰყავთ გარდაცვლილები, აკაკი წერეთელს ამის თავისებური ახსნა აქვს: "იქნებ იმიტომ, რომ ჩვენგან ცხინვალი ახლოს არის და მათ საკუთარ სახლებში დაბრუნების იმედი აქვთ."
ამდენ გადამწვარ სახლს რომ უყურებ, გინდა ერგნეთს "მკვდარი სოფელი" უწოდო, მაგრამ დამწვარი სახლების გარშემო კოხტად მოვლილ კიტრის, პომიდორის, ლობიოს რიგებს რომ უყურებ, გიჭირს ამ სოფლისთვის უიმედო სახელის დარქმევა.
დიცი
დიცში ომის დროს ექვსი სახლი დაიწვა. დანარჩენი სოფელი, ერთი შეხედვით, ჩვეულებრივი რიტმით აგრძელებს ცხოვრებას. მასპინძელი გახარებულია იმ ადამიანის სტუმრობით, თბილისში გაჭირვების დროს, ყოველდღე, მატერიალურად და მორალურად რომ ეხმარებოდა. მათაც უნდათ მაქსიმალურად დაიხარჯონ.
სუფრა გაშლილია. მშვიდობის და ოჯახის სადღეგრძელოს შემდეგ, იმ ჯარისკაცებს იხსენებენ, სამშობლოს რომ შეწირეს თავი. რამდენიმე სადღეგრძელოს შემდეგ ომის შეგრძნებეზე საუბარი უფრო ადვილდება. იხსენებენ თვალით ნანახ და გაგონილ ომის ისტორიებს, დაკარგულ ქონებას და კაცურ ღირსებას, იუმორით გაზავებულ თავგადასავლებს და ლეგენდად ქცეულ გმირობის ამბებს. დღემდე ახსოვთ "თბილისელი მეზობლების" ერთგულება და თითებზე ითვლიან იმ ხალხს, ვისაც თავიანთი მოყვანილი ჭირნახული შემოდგომაზე უნდა გაუგზავნონ. უფროსების მონაყოლ ამბებს ბავშვებიც უერთდებიან - იხსენებენ "ვერტალიოტებს", აფეთქების ხმას და კიდევ რაღაც შიშს, რომელიც უკვე კარგად აღარც ახსოვთ...
დიციდან წამოსულები, ბროწლეთელ დუროს ოჯახს ვესტუმრეთ. ძია დურო ისევ ყვავილების კალათებს წნავს, რომელსაც ომამდე ცხინვალში ყიდდა.
"ეხლა გორში ვყიდით ყვავილებს და ამით ვცხოვრობთ. საჭმელიც მაქვს და სასმელიც, დარჩით და გიმასპინძლებთ, როგორც ჩვენი წესია," - გვთხოვს ძია დურო და თბილისში დაახლოებულ "მეზობლებს", დიცელებს, საყვედურს ეუბნება, მუხათწყარობის დღეობაზე რომ არ ესტუმრნენ.
დიცელები კი დურო ძიასაც და ჩვენც, სექტემბრის დასაწყისში თავიანთ დღეობაზე - გერისტომობაზე გეპატიჟებიან.
სამაჩაბლოდან ისე ვერ წამოვედით, ზემო ნიქოზის წმინდა გიორგის ეკლესია რომ არ გვენახა. რუსებმა ერთი ბომბი ერთმორწმუნე მართმადედებელი ეკლესიისთვისაც არ დაიშურეს. ავიაციიდან ნატყორცნმა ბომბმა მე-10 საუკუნეში აშენებული ეპისკოპოსის სასახლე დაანგრია. იგი ნაწილობრივ ჰოლანდიელი დონორების დახმარებით აღდგა, თუმცა სამუშაოების დასრულება, უფინანსობის გამო, დღემდე ვერ ხერხდება. მეუფე ესაიასთან შეხვერდა მშვიდობის პერიოდშიც ვერ შევძელით. ომის დროს, მან პირველმა დაიწყო გარდაცვლილი ქართველი ჯარისკაცების ურმებით გადმოყვანა. ახლა ევროკავშირის წამომადგელნლებს ხვდება - ისევ ხეობის პრობლემების მოსაგვარებლად.