დღის შეკითხვა: რა როლი ეკისრება სახალხო დიპლომატიას საქართველოს ტერიტორიაზე არსებული კონფლიქტების მოგვარებაში, დღემდე რამდენად ეფექტურად გამოიყენებოდა ეს ფორმატი?
24 საათი 12.08.10
დღის შეკითხვა: რა როლი ეკისრება სახალხო დიპლომატიას საქართველოს ტერიტორიაზე არსებული კონფლიქტების მოგვარებაში, დღემდე რამდენად ეფექტურად გამოიყენებოდა ეს ფორმატი?
კახა გოგოლაშვილი, ევროპული კვლევების ცენტრის ხელმძღვანელი, საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობათა კვევის ფონდის ექსპერტი:
მიუხედავად იმისა, რომ ამ კონფლიქტებში ძირითადი პასუხისმგებლობა ოფიციალურ მხარეებს ეკისრებათ, სახალხო დიპლომატია განიხილება, როგორც გადამწყვეტი მექანიზმი კონფლიქტის მოგვარებისთვის. სახალხო დიპლომატია განსაკუთრებულ დატვითვას მაშინ იძენს, როცა კონფლიქტი გაყინულია და ოფიციალურ მხარეებს შორის კონტაქტები მოშლილია, არ არის გახსნილი ოფიციალური არხები ინფორმაციის გაცვლისთვის.
გარდა ამისა, არაფორმალური დიალოგის მეშვეობით ხდება სხვადასხვა შესაძლო გადაწყვეტილებების მოსინჯვა, რომლებმაც შეიძლება, საქმე კონფლიქტის მოგვარებამდე მიიყვანოს.
სახალხო დიპლომატია ჩვენთან თავიდანვე სუსტი იყო. პერიოდულად არასამთავრობო ორგანიზაციები, სამოქალაქო საზოგადოებიდან სხვადასხვა წრეები გარკვეულ წარმატებებს აღწევდნენ, თუმცა შემდეგ ყველაფერი წყალში იყრებოდა, რადგან კონფლიქტი მწვავე ხასიათს იძენდა.
ის, რომ საქართველოში სახალხო დიპლომატია ვერ განვითარდა, განპირობებული იყო საერთაშორისო ორგანიზაციების პასიურობით, ასევე მედიატორების, განსაკუთრებით კი რუსეთის ნეგატიური როლით, რომელიც მხარეებს, თითქოს, უნდა დახმარებოდა, თუმცა სინამდვილეში ეს მის ინტერესებში არ შედიოდა. ყველაფერმა ამან უარყოფითი შედეგი გამოიღო და სახალხო დიპლომატიას არ ეყო ძალა, რათა კონფლიქტის მოგვარებისთვის სერიოზული საფუძველი შეექმნა.
2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ისედაც სუსტ სახალხო დიპლომატიაში რეგრესი შეინიშნება. რთულდება არაოფიციალური დიალოგი აფხაზებთან და ოსებთან.
მიუხედავად იმისა, რომ ეს ომი უშუალოდ აფხაზეთს არ შეხებია, აფხაზებმა, რუსების წაქეზებით, დაარღვიეს ჩვენთან დადებული შეთანხმება, აიღეს კოდორის ხეობა და საქართველოთან შეწყვიტეს ნებისმიერი სახის და მათ შორის ოფიციალური დიალოგი. აფხაზები ფიქრობენ, რომ ამ მომენტში ქართული საზოგადოებისგან დისტანცირება მათთვის მომგებიანი პოზიციაა, ასე უფრო დაიმკვიდრებენ თავს.
მათი ამგვარი განწყობის მიუხედავად, მაინც რჩება გარკვეული თემები, რომელთა შესახებ დიალოგს ისინი ვერ გაექცევიან - ასეთია, თუნდაც, ადამიანის უფლებები, მათ შორის ეთნიკური ქართველების უფლებები კონფლიქტის ზონაში.
საბოლოო ჯამში, უნდა ითქვას, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები, სამოქალაქო სექტორი აქტიურად უნდა ჩაერთონ სახალხო დიპლომატიის განვითარების პროცესში, არაფორმალური დილოგის განვითარებაში.
რაც შეეხება ხელისუფლების როლს, იგი ხელს უნდა უწყობდეს სახალხო დიპლომატიას. თუკი დღეს ხელისუფლებაში ამგვარი მიდგომები არ არსებობს, ჩანასახები მაინც შეინიშნება, რასაც აუცილებლად სჭირდება განვითარება. სახალხო დიპლომატიას რაღაც დონეზე ურთიერთობა უნდა ჰქონდეს ოფიციალურ მხარესთან, რათა არაფორმალური კონტაქტები არ მოსწყდეს რეალობასა და ოფიციალური სტრუქტურების სულისკვეთებას.
პაატა ზაქარეიშვილი, ექსპერტი კონფლიქტების საკითხებში:
სახალხო დიპლომატია მაშინ ხდება საჭირო, როცა ძლიერია სახელმწიფოს პოლიტიკა. ამგვარი პოლიტიკის არარსებობის შემთხვევაში სახალხო დიპლომატია უსუსურია. საქართველოში დღესდღეობით ამ ფორმატზე მოთხოვნილება არ არის, მიუხედავად შესაბამისი რესურსების არსებობისა.
კონფლიქტურ ზონებთან საქართველოს ხელისუფლებას კონტაქტები არ გააჩნია, ამის გამო კი არც არაოფიციალური ურთიერთობების საჭიროება ჩნდება. ზოგჯერ სახალხო დიპლომატიას გადაჭარბებულ როლს აკისრებენ. სინამდვილეში, მას შეუძლია ოფიციალურ პოლიტიკას დახმარება გაუწიოს, ნიადაგი მოუმზადოს, მაგრამ საქმე პოლიტიკოსებმა უნდა აკეთონ.
გამოსავალი ერთია - უნდა აღდგეს ორმხრივი ურთიერთობები აფხაზურ და ოსურ მხარეებთან. მხოლოდ ამის შემდეგ გაჩნდება შესაძლებლობა, რომ არაოფიციალურ ურთიერთობებში აქტიურად ჩაერთოს მთელი არსენალი, ამ მიმართულებით დიდი გამოცდილების მქონე გარკვეული ჯგუფები. სხვათა შორის, ქართული მხარის გარდა, მდიდარი რესურსები აქვთ აფხაზებსაც, სადაც სამოქალაქო საზოგადოება (ოსეთისგან განსხვავებით) საკმაოდ კარგად არის განვითარებული.
მამუკა არეშიძე, ექსპერტი კავკასიის საკითხებში:
სახალხო დიპლომატია ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სეგმენტია კონფლიქტის მოგვარების საქმეში. ჯერჯერობით ვერ ვიტყვი, რომ ეს მექანიზმი აქტიურად არის ამოქმედებული - სახალხო დიპლომატია საქართველოში სახელმწიფოსგან ჯეროვნად არ არის მხარდაჭერილი.
ჩემი აზრით, ამ საკითხებზე მომუშავე არსამთავრობო ორგანიზაციებმა და სახელმწიფომ კოორდინირებულად უნდა იმოქმედონ.
მაგალითისთვის გეტყვით, რომ არსებობს არასამთავრობო ორგანიზაცია "ქართულ-აფხაზური შერეული ოჯახები", რომელიც წლების განმავლობაში ახვედრებს ერთმანერთს საზღვარს აქეთ და საზღვარს იქით მყოფ ნათესავებს, ოჯახის წევრებს, ახლობელ ადამიანებს. ამ ორგანიზაციის ინიციატივით შარშანწინ ბოხუების გვარის წარმომადგენლები შეხვდნენ ერთმანეთს.
ხალხი მსგავს ღონისძიებებს საკუთარი ენთუზიაზმით ან რომელიმე უცხოური ოგანიზაციის მხარდაჭერით ატარებს.
სახელმწიფოს მიერ შემუშავებულ ახალ სტრატეგიაში გათვალისწინებულია სახალხო დიპლომატიის ხელშეწყობა. მსგავსი შინაარსის დოკუმენტები წინა წლებშიც და წინა ხელისუფლების დროსაც არსებობდა, მაგრამ ისინი ქაღალდზე დარჩა. იმედია, ამჯერად რაღაც გამოვა.
ესაუბრა ვერიკო თევზაძე