ვენეციის კომისია კოსტიტუციის პროექტის შესახებ
24 საათი 18.09.10

ვენეციის კომისია კოსტიტუციის პროექტის შესახებ
საქართველოს კონსტიტუციის ცვლილებათა პროექტის შესახებ ვენეციის კომისიის რეკომენდაციები 15-16 ოქტომბრისთვის გახდება ცნობილი. თუმცა თბილისში ორდღიანი ვიზიტის შემდეგ ამ კომისიის პოზიცია ნაწილობრივ ცნობილია.
კერძოდ, კონსტიტუციის პროექტი, მთლიანობაში, შეფასებულია როგორც "წინგადადგმული ნაბიჯი". ამასთანავე, ვენეციის კომისიის მდივან ტომას მარკერტის ინფორმაციით, რეკომენდაციებში გათვალისწინებული იქნება ბევრი კრიტიკული მოსაზრება, რომლებიც კომისიის წევრებმა ქართველი ოპოზიციონერი პოლიტიკოსებისა თუ არასამთავრობო ორგანიზაციებისგან მოისმინეს.
ვიზიტის ფარგლებში ვენეციის კომისია ამ საკითხზე მომუშავე ყველა მხარეს შეხვდა - ექსპერტებს, არასამთავრობოებს, ოპოზიციას და, რასაკვირველია, ხელისუფლების წარმომადგენლებს. გამგზავრებამდე კომისიის მდივანმა ტომას მარკერტმა პრესკონფერენცია გამართა და მედიას თავიანთი ძირითადი პოზიცია გაცნო.
მარკერტმა თანაბრად ისაუბრა როგორც ცვლილებათა პროექტის დადებით მომენტებზე, ასევე პრობლემურ საკითხებზე. "მთლიანობაში, წარმოდგენილი პროექტი წინაგადადგმული ნაბიჯია. 2004 წელს, როდესაც საქართველოს კონსტიტუციაში პირველად შევიდა შესწორებები, ვენეციის კომისიას მკაცრი შენიშვნები ჰქონდა, რადგან პრეზიდენტის უფლებები ძალიან გაიზარდა. ამჟამინდელი ცვლილებებით ეს უფლებები მცირდება და მხარეებს შორის თანაბრად ნაწილდება. არის საკითხები, რომლებიც პრობლემატურად გვეჩვენება. ვფიქრობთ, რომ მათ შესახებ დისკუსია გაგრძელდება," - განაცხადა მარკერტმა. მისივე თქმით, რეკომენდაციებში აისახებაიმ "შენიშვნების დიდი ნაწილი," რომლებიც კომისიამ სხვადასხვა მხარეთა კრიტიკულ გამოსვლებში მოისმინა.
ტომას მარკერტის შეფასებით, დღევანდელი რეალობის გათვალისწინებით, ჩვენი ქვეყნისთვის ყველაზე მეტად მისაღებია შერეული ტიპის კონსტიტუცია, შერეული ტიპის მოდელი ძლიერი პრემიერით. გუშინდელ პრესკონფერენციაზე ვენეციის კომისიის ასეთი წინასწარი რეკომენდაციები გახმოვანდა: უნდა გაიზარდოს პარლამენტის როლი მთავრობის მიმართ - კერძოდ, პრემიერის დანიშვნის და გადაყენების საკითხში. როგორც მარკერტი შენიშნავს, პროექტის მიხედვით პარლამენტს შეუძლია პრემიერის არჩევა, თუმცა გართულებულია პრემიერისთვის უნდობლობის გამოცხადების პროცესი და ეს საკითხი პარლამენტის როლის გაძლიერების ხარჯზე უნდა დაიხვეწოს.
ვენეციის კომისია არ იზიარებს პრემიერის გაზრდილ უფლებას, რომლის თანახმადაც, პრემიერს მთავრობის წევრების გამოცვლა პარლამენტის უკითხავად შეუძლია.
ჟურნალისტების შეკითხვები პარლამენტში უმრავლესობის მიერ ერთპიროვნული გადაწყვეტილებების მიღების თემასაც შეეხო. მარკერტის განმარტებით, ამის შესახებ კონსტიტუციაში ვერაფერი ჩაიწერება, ვინაიდან ეს უფრო პოლიტიკური კულტურის საკითხია.
მედია იმის გარკვევასაც შეეცადა, ეთანხმება თუ არა ვენეციის კომისია ზოგიერთი ოპოზიციური ძალის ("ჩვენი საქართველო - თავისუფალი დემოკრატების") მოთხოვნას - დღეს მოქმედი პრეზიდენტის მიერ უფლებამოსილების ვადის ამოწურვის შემდეგ მისთვის პოლიტიკური თანამდებობის დაკავების აკრძალვის საკითხი კონსტიტუციურად გაფორმდეს.
მარკერტის თქმით, ვენეციის კომისია ამ საკითხზე რეკომენდაციას ვერ გასცემს, რადგან მსგავსი პრაქტიკა ევროპის ქვეყნების კონსტიტუციაში არ არსებობს. ვენეციის კომისიის მდივანი მიიჩნევს, რომ ეს საკითხი ქვეყნის შიგნით, ქართული საზოგადოების მოთხოვნით უნდა გადაწყდეს. "თუ ამაზე კონსენსუსი იქნება, მიზანშეწონილია, რომ ასეთი დებულება ჩაიდოს. მაგრამ ეს იქნება თქვენი გადაწყვეტილება," - განაცხადა ტომას მარკერტმა.
მარკერტის ინფორმაციით, 15-16 ოქტომბერს ვენეციის კომისიის სხდომა გაიმართება, რის შედეგადაც რეკომენდაციების ოფიციალური ვარიანტი შემუშავდება. მარკერტმა კიდევ ერთხელ სთხოვა საქართველოს პარლამენტს, რომ რეკომენდაციების გამოქვეყნებამდე ცვლილებათა პროექტზე საბოლოო გადაწყვეტილება არ მიიღოს.