რაიტ-პატერსონის სამხედრო-საჰაერო ძალების ბაზა, ოჰაიო - იმ საძოვრიდან სამი კილომეტრის დაშორებით, სადაც ძმებმა რაიტებმა პირველი თვითმფრინავების მართვა ისწავლეს, სამხედრო მკვლევარები მორიგი საჰაერო რევოლუციისკენ ილტვიან.
24 საათი 03.07.11

რაიტ-პატერსონის სამხედრო-საჰაერო ძალების ბაზა, ოჰაიო - იმ საძოვრიდან სამი კილომეტრის დაშორებით, სადაც ძმებმა რაიტებმა პირველი თვითმფრინავების მართვა ისწავლეს, სამხედრო მკვლევარები მორიგი საჰაერო რევოლუციისკენ ილტვიან.
მათი მიზანია, რომ უპილოტო საფრენი აპარატები მწერებივით და ჩიტებივით პატარა იყოს.
ბაზის დახურულ საფრენ ლაბორატორიას "მიკროსაფრინველეს" უწოდებენ. უპილოტო აპარატები, რომლებსაც აქ ქმნიან, ფრენის იმავე მექანიკას ეფუძნება, რომელსაც პეპლები, ქორები და ბუნების სამყაროს სხვა წარმომადგენლები იყენებენ. "იმას ვიკვლევთ, თუ როგორ იმალებიან ფრინველები თვალთახედვიდან," - ამბობს ავიაინჟინერი გრეგ პარკერი.
უპილოტო საფრენი აპარატები ამერიკის მიერ ომის წარმოების მეთოდებს ცვლიან. ათიოდე წლის წინ პენტაგონს სულ 50 ასეთი აპარატი ჰქონდა, ახლა კი დაახლოებით 7 000 აქვს. აშშ სამხედრო-საჰაერო ძალების გათვლებით, მომდევნო ათწლეულში პილოტირებული საჰაერო ხომალდების რიცხვი შემცირდება, ხოლო მრავალფუნქციური უპილოტო აპარატების რაოდენობა თითქმის გაოთხმაგდება (ერთ-ერთი ასეთი აპარატია Reaper, რომელიც დაზვერვისთვისაც გამოიყენება და საჰარეო დარტყმებისთვისაც). სამხედრო-საჰაერო ძალები ამჟამად უკვე მეტ დისტანციური მართვის სპეციალისტს ამზადებს, ვიდრე ავიაგამანადგურებლისა და ბომბდამშენის პილოტს (წლეულს უკვე 350 ასეთი სპეციალისტი მომზადდა).
"ეს მზარდი ბაზარია," - ამბობს ეშტონ კარტერი, პენტაგონის მთავარი წარმომადგენელი იარაღის შესყიდვის საკითხებში.
პენტაგონის გათვლებით, 2030 წლისთვის ის სენსორებითა და მიკროკამერებით აღჭურვილ "მზვერავ ბუზებს" გამოიყენებს. პიტერ ზინგერი, ავტორი სამხედრო რობოტიკისადმი მიძღვნილი წიგნისა "საომარი ტექნოლოგიები", მათ "მიკროფონებით აღჭურვილ მწერებს უწოდებს."
უპილოტო აპარატები უკვე ასრულებენ მთავარ როლს. პაკისტანში მდებარე ოსამა ბინ ლადენის საცხოვრებელს ცენტრალური სადაზვერვო სამმართველო ახალი "უხილავი" უპილოტო აპარატიდან გადმოცემული ვიდეოკადრების მეშვეობით აკვირდებოდა. ეს აპარატია RQ-170, რომელსაც "კანდაგარის მხეცსაც" უწოდებენ, რადგანაც პირველად ავღანეთში განლაგებულ ერთ-ერთ აეროდრომზე გამოჩნდა.
ივნისში გავრცელდა ცნობა, რომ ცენტრალურმა სადაზვერვო სამმართველომ უპილოტო საფრენი აპარატის მეშვეობით გაანაგდურა პაკისტანის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი მებრძოლი ილიას კაშმირი (Ilyas Kashmir). ეს ოპერაცია იმ კამპანიის ნაწილი იყო, რომლის ფარგლებშიც უპილოტო აპარატები აქტიურად გამოიყენება და რომელმაც, ადმინისტრაციის წარმომადგენელთა თქმით, ხელი შეუწყო ალ-ქაიდას პარალიზებას ამ რეგიონში. როგორც ინტერნეტ-საიტი www.longwarjournal.com იუწყება, ამერიკულმა საფრენმა აპარატებმა 2006 წლიდან მოყოლებული პაკისტანის სოფლებში 1900-ზე მეტი მეამბოხე გაანადგურეს.
აპრილში აშშ-მ უპილოტო აპარატები Predator პოლკოვნიკ მუამარ კადაფის ძალების წინააღმდეგ გამოიყენა ლიბიაში. გასულ თვეში, ცენტრალური სადაზვერვო სამმართველო სწორედ ასეთი აპარატის საშუალებით შეეცადა ანვარ ალ-ავლაკის განადგურებას. ალ-ავლაკი ამერიკაში დაბადებული რადიკალი ისლამისტია, რომელიც ამჟამად იემენში იმალება.
სამხედრო ეთიკის მკვლევარები აღიარებენ, რომ უპილოტო აპარატებმა შეიძლება ომი კომპიუტერულ თამაშად აქციოს, მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლი გამოიწვიოს და უფრო მეტად უბიძგოს აშშ-ს კონფლიქტებში მონაწილეობისკენ (რადგანაც ასეთი აპარატების გამოყენებისას ამერიკელთა სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება). თუმცა, სამხედროებს შორის არავის ეპარება ეჭვი, რომ უპილოტო აპარატები ამერიკელების გადარჩენის საშუალებაა. მრავალი სპეციალისტის აზრით, ეს აპარატები დისტანციური იარაღის უახლესი სახოებაა. ამავე კატეგორიაში ხვდება თვითმფრინავებიდან ჩამოყრილი კონტეინერები და ბომბები.
უპილოტო აპარატების წარმოება ამჟამად ფოკუსირებულია "მოძრავი ფრთების" ტექნოლოგიის განვითარებაზე, რომელიც ბუნებრივი ფრენის ფიზიკურ მოდელს იმეორებს, ოღონდ მწერების და არა ფრინველების მიბაძვით. ფრინველებს რთული მუსკულატურა აქვთ, რომელიც მათ ფრთებს ამოძრავებს და ეს მათი აეროდინამიკის გამეორებას აძნელებს. მწერების "შექმნა" ასევე რთულია, მაგრამ მათი ფრთების მოძრაობა უფრო მარტივია. "ამ ამოცანის გადაჭრა ბევრად იოლია," - ამბობს დოქტორი პარკერი.
თებერვალში მკვლევარებმა იდუმალებით მოცული "მოწინავე თავდაცვითი კვლევითი პროექტების სააგენტოსთვის" შექმნილი, კოლიბრის მსგავსი უპილოტო აპარატი წარუდგინეს საზოგადოებას. ამ მოწყობილობას 17 კმ/სთ სიჩქარით ფრენა და ფანჯრის რაფაზე დაშვება შეუძლია, თუმცა ამჟამად მხოლოდ მისი პროტოტიპი არსებობს.
ვირჯინიის შტატში მდებარე ლენგლი-იუსტისის ბაზაზე ვეება ოთახების ჭერზა დამაგრებულ რკინის კონსტრუქციებზე ასობით ბრტყელეკრანიანი ტელევიზორი ჰკიდია. ეს ერთ-ერთი ყველაზე უფრო კომპლექსური სისტემაა, რომლის დანიშნულება მთელს მსოფლიოში განთავსებული მფრინავი სენსორებიდან მიღებული აურაცხელი ინფორმაციის დამუშავება, გამოყენება და გავრცელებაა.
რიცხვები შთამბეჭდავია: სამხედრო-საჰაერო ძალებმა ყოველდღიურად 1500 საათის ხანგრძლივობის ვიდეოჩანაწერები და 1500 ფოტო უნდა დაამუშავოს. ამ მასალის დიდი ნაწილი უპილოტო აპარატებიდან არის მიღებული, რომლებიც უწყვეტად ახორციელებენ სამხედრო-საჰაერო პატრულირებას.
ადამიანებისთვის სამუშაო კიდევ უფრო გაიზრდება, როდესაც სამხედროები დღევანდელი ვიწრო ხედვის სენსორებიდან ახალ, "გორგონას მზერის" ტექნოლოგიაზე გადავლენ, რომელსაც მთელი ქალაქის ვიდეოჩანაწერის მოწოდება შეუძლია. ერთი ასეთი აპარატის მიერ მოპოვებული მასალის დასამუშავებლად 2000 ანალიტიკოსია საჭირო, დღევანდელი უპილოტო აპარატებიდან თითოეულს კი მხოლოდ 19 ანალიტიკოსი ემსახურება.
რაიტ-პატერსონის ბაზაზე მაიორი მაიკლ ანდერსონი, რომელიც ბაზის მოწინავე სანავიგაციო ტექნოლოგიის ცენტრში სადოქტორო ნაშრომზე მუშაობს, მომავლის სხვა ასპექტს განიხილავს - უპილოტო აპარატებისთვის იმგვარი ფრთების შექმნას, რომლებიც პეპელა სფიქნსის ფრენას გაიმეორებს (ჰაერში ჩამოკიდების უნარს). მათი შესაძლებლობები ბევრად უფრო შთამბეჭდავია, ვიდრე ჩვენი მოუხეშაი საფრენი აპარატებისა", ამბობს მაიორი ანდერსონი.
ელიზაბეტ ბუმილერი და ტომ შენკერი
საჰაერო ძალების ცვალებადი ფორმები
უპილოტო აპარატები სულ უფრო მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ამერიკის სამხედრო ძალებში. სულ რაღაც 10 წლის წინ პენტაგონს მხოლოდ 50 უპილოტო აპარატი ჰქონდა, ახლა კი მის განკარგულებაში 7000 ასეთი აპარატია - დირიჟაბლებით დაწყებული და პატარა ჩიტისხელა აპარატებით დამთავრებული. ქვემოთ აღწერილია 10 უპილოტო აპარატი, რომელიც ამჟამად გამოიყენება საბრძოლო მოქმედებებში ან პროექტირების ეტაპზეა.
1. აეროსტატი. სიგრძე - 61 მეტრი. სიგანე - 20 მეტრი.
აეროსტატი ქსოვილისგან დამზადებული ბუშტია, რომელიც ჰელიუმით არის გავსებული, ტროსზეა დამაგრებული და 4,5 კილომეტრის სიმაღლეზე ტივტივებს. აეროსტატს ჰაერში 545 კილოგრამის აწევა შეუძლია, მათ შორის ვიდეოკამერისა, რომელიც 360 გრადუსს ფარავს რეალურ დროში უწყვეტი მეთვალყურეობისთვის. აეროსტატები აქტიურად გამოიყენება ავღანეთ-პაკისტანის საზღვარზე და ქაბულის თავზე, სადაც ერთ-ერთი ბალა ჰისარის უძველეს ციხე-სიმაგრეშია დაბმული. აეროსტატების უპირატესობა ის არის, რომ თვეობით ცაში ყოფნა და მძიმე სადაზვერვო მოწყობილობების ტარება შეუძლიათ. თუმცა, შეუძლებელია მათი სწრაფად გადანაცვლება ახალი დავალებების შესასრულებლად.
2. Global Hawk
სიგრძე - 13.4 მეტრი. ფრთების სიგრძე - 35 მეტრი.
ამ აპარატს ხშირად "მფრინავ თეთრ ვეშაპს" უწოდებენ, რადგანაც ის ყველაზე დიდი უპილოტო საფრენი აპარატია. მართალია აპარატს ხმელეთზე მყოფ პერსონალთან აქვს კავშირი, მაგრამ მეტწილად დამოუკიდებლად დაფრინავს თანამგზავრებიდან მიღებული GPS კოორიდნატების წყალობით. ეს აპარატები ავღანეთში იქნა გამოყენებული 2001 წელს და სამხედრო მეთაურებს ბრძოლის ველის სურათებს აწვდიდა. ისინი უფრო მაღლა დაფრინავენ, ვიდრე Predator და ჰაერში ყოფნაც უფრო ხანგრძლივად შეუძლიათ - თითქმის ორი დღის მანძილზე.
3. X-47B
სიგრძე - 11,5 მეტრი. ფრთების სიგრძე - 19 მეტრი
სამხედრო-საზღვაო ძალების საბრძოლო უპიAაპარატის პროტოტიპი და პირველი საბრძოლო უპილოტო აპარატი, რომელსაც ავიამზიდიდან აფრენა და ავიამზიდზე დაშვება შეუძლია. მისი პირველი სატესტო ფრენა თებერვალში შედგა და 29 წუთს გაგრძელდა.
4. Reaper
სიგრძე - 11 მეტრი. ფრთების სიგრძე - 21 მეტრი
ყველაზე დიდი შეიარაღებული უპილოტო აპარატი. მას მონადირე მკვლელს" უწოდებენ, რადგანაც ადამიანების აღმოჩენა და ჰაერი-მიწა ტიპის რაკეტის გასროლა შეუძლია. მალე ჩაანაცვლებს უფრო ცნობილ აპარატს Predator.
5. Predator
სიგრძე - 8,2 მეტრი. ფრთების სიგრძე - 16,7 მეტრი.
პატარ თვითმფრინავის ზომის აპარატი, რომელიც 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტებიდან დღემდე ძირითადი უპილოტო აპარატია. პენტაგონს ამჟამად 169 ასეთი აპარატი აქვს.
6. Fire Scout
ფიუზელაჟი - 7,3 მეტრი.როტორის დიამეტრი - 8,3 მეტრი.
ვერტიკალური აფრენა-დაშვების აპარატი. გასულ წელს, ასეთი აპარატის ოპერატორებმა მასზე კონტროლი დაკარგეს ჰაერში ვაშინგტონის თავზე.
7. Shadow
სიგრძე - 3,5 მეტრი. ფრთების სიგრძე - 4,2 მეტრი.
Predator-ის უმცროსი ძმა. ასაფრენი ბილიკის ნაცვლად, ეს აპარატი ჰაერში კატაპულტის მეშვეობით ადის. აპარატს არმია და საზღვაო ქვეითები იყენებენ. აშშ-მა ამას წინათ ასეთი აპარატები პაკისტანს მიჰყიდა.
8. Raven
სიგრძე - 1 მეტრი. ფრთების სიგრძე - 1,4 მეტრი
აპარატი სულ 2 კილოგრამს იწონის და მას ჰაერში ბურთივით ისვრიან. მას სახმელეთო ნაწილები დაატარებენ, რომლებსაც სწრაფად სჭირდებათ იმის დადგენა, თუ რა იმალება შემდეგ მოსახვევში.
9. Hummingbird
სიგრძე - 10 სანტიმეტრი. ფრთების სიგრძე - 16,5 სანტიმეტრი.
ამ პარატის პროტოტიპი, რომელიც დისტანციური პულტით იმართება, ქვედა ნაწილზე მცირე კამერას ატარებს და სულ 18 გრამს იწონის. აპარატი მოძრავი ფრთების მეშვეობით დაფრინავს და 17 კმ/სთ-მდე სიჩქარის განვითარება შეუძლია. მას აგრეთვე შეუძლია ჰაერში ჩამოკიდება და ფანჯრის რაფაზე დაშვება.
10. Insect Swarms
მომავლის უპილოტო აპარატები. მკვლევართა თქმით, 2030 წლისთვის შესაძლებელია ნემისყლაპიას ზომის (ან კიდევ უფრო მცირე) აპარატების შექმნა, რომლებიც ჯგუფებად იფრენენ.