საქართველოს პრეზიდენტი საგაზაფხულო სამუშაოების შესასრულებლად განკუთვნილი 30-ლარიანი ვაუჩერების დარიგების პროცესით დაინტერესდა.
24 საათი 29.12.11
საქართველოს პრეზიდენტი საგაზაფხულო სამუშაოების შესასრულებლად განკუთვნილი 30-ლარიანი ვაუჩერების დარიგების პროცესით დაინტერესდა.
მიხეილ სააკაშვილი გუშინ პრემიერ-მინისტრ ნიკა გილაურს და სოფლის მეურნეობის მინისტრ ზაზა გოროზიას შეხვდა.
პრეზიდენტის განცხადებით, პროგრამის მიზანია, მოსახლეობას სტიმული მისცეს და მომავალ წელს მიწის ბევრად უფრო დიდი ფართობი დამუშავდეს. ქვეყნის პირველმა პირმა დეტალური ინფორმაცია მოითხოვა სოფლად ტრაქტორების რაოდენობის აღწერის პრობლემებსა და მათი შემოტანის საკითხზეც. მიხეილ სააკაშვილის ინიციატივით, იმ პირებს, რომლებმაც ტრაქტორები დამატებითი ღირებულების გადასახადისგან თავის არიდების გზით შეიძინეს და ამის გამო ტექნიკას არ აჩენენ, ჯარიმა არ დაეკისრებათ. პრეზიდენტის განცხადებით, დამალული გადასახადის დავალიანებაზე ამნისტიაც გამოცხადდება. როგორც მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, ახლა უფრო მნიშვნელოვანია ის, რომ არსებული ტრაქტორები ხალხმა გამოიყენოს და მიწის დამუშავებას მოხმარდეს.
"საქართველოში, სულ ცოტა, 5-6 ათასი ტრაქტორი მაინც არის საჭირო, რათა წელში გავიმართოთ. დღეს ამის დეფიციტი გვაქვს. იმ ხალხს, ვისაც ტრაქტორი არ სჭირდება, შეუძლია, სასუქი იყიდოს ან, თუკი ვაუჩერს ამ მხრივ ვერ გამოიყენებს, ივნისში თანხა აიღოს. პირადად ჩემი რჩევაა, ვაუჩერი სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში გამოიყენონ. 30 ლარის გამოტანას, ვფიქრობ, სჯობს, მიწა დაამუშაონ, რადგან მომავალში ასე უფრო მეტი სარგებელს მიიღებენ. გასაგებია მათი მდგომარეობა, რომლებიც პატარა ქალაქში კორპუსებში ცხოვრობენ და მიწები არა აქვთ, მაგრამ ვისაც მიწა აქვს, ვაუჩერის სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებისთვის გამოყენებით მომავალში ბევრად მეტი მატერიალური ღირებულების შექმნა შეუძლია, ვიდრე შენახვით. ეს ხალხმა ისედაც კარგად იცის. კონკრეტული ადამიანებისა და კონკრეტული ოჯახებისთვის ეს ვაუჩერები, გარკვეულწილად, ხელშეწყობაა. მინიმუმ, ეს მათთვის არის წახალისება, რომ მიწა არ მოაცდინონ და მის დამუშავებაზე იფიქრონ. მსოფლიო კრიზისის პირობებში, მით უმეტეს, მნიშვნელოვანია, რომ მიწის უფრო დიდი რაოდენობა იყოს დამუშავებული," - განაცხადა ქვეყნის პირველმა პირმა.
როგორც პრემიერ-მინისტრმა პრეზიდენტს განუცხადა, ვაუჩერების დარიგება უკვე დაიწყო და იანვრის შუა რიცხვებიდან გლეხებს შესაძლებლობა ექნებათ, ის საჭროებისამებრ გამოიყენონ. ზაზა გოროზიას თქმით კი, იმ ტრაქტორების ლეგალიზაციის პროცესი, რომლებიც სახელმწიფო რეგისტრაციაში არ არის გატარებული, კანონის შესაბამისად უნდა დარეგულირდეს. როგორც მან აღნიშნა, ამ საკითხზე სოფლის მეურნეობის სამინისტრომ საგადასახადო სამსახურთან მუშაობა უკვე დაიწყო.
"შემოდის უკვე ციფრები, რომელი ტრაქტორი არ არის გატარებული სახელმწიფო რეგისტრაციაში და ვმუშაობთ საგადასახადოსთან, თუ როგორ მოხდეს ამ ტრაქტორების ლეგალიზაცია. ვფიქრობთ, რომ ეს პროცესი იანვრის ბოლოსთვის მთლიანად დასრულდება," - განაცხადა გოროზიამ.
რაც შეეხება ახალი ტრაქტორების შემოტანას, სოფლის მეურნეობის მინისტრის განცხადებით, პირველი 100 ტრაქტორი ბელარუსიდან თებერვლის ბოლოს შემოვა, რაც ახალი პროგრამის წარმატებით განხორციელებას უფრო მეტად შეუწყობს ხელს.