მიხეილ სააკაშვილი აშშ-ში
24 საათი 31.01.12
მიხეილ სააკაშვილი აშშ-ში
პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი შეერთებულ შტატებში ვიზიტს განაგრძობს. 1 თებერვალს პრეზიდენტი მიწვეულია მსოფლიო ბანკის ოფისში, სადაც საქართველოს შესახებ წიგნის პრეზენტაცია გაიმართება. სააკაშვილმა ჟურნალისტებს წიგნი წინასწარ აჩვენა და დასძინა, რომ მისი გავრცელება ჯერჯერობით ნებადართული არ არის, თუმცა იგი საქართველოში გატარებულ ანტიკორუფციულ რეფორმებს ეხება და ამიტომ მისი პოპულარიზაცია იგეგმება. "არა მხოლოდ ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნები, არამედ აფრიკის, აზიის სახელმწიფოები და დასავლეთის რამდენიმე ქვეყნის მთავრობებიც კი დაინტერესებულნი არიან, რომ საქართველოს გამოცდილება გაიზიარონ. საქართველო ამ მიმართულებით მსოფლიო ბრენდი გახდა," - აღნიშნავს სააკაშვილი.
მსოფლიო ბანკის ოფისში დანიშნულ შეხვედრამდე სააკაშვილს ვაშინგტონში მოლაპარაკება ჰქონდა "ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის" აღმასრულებელ დირექტორთან დენიელ იოჰანესთან. მათ განათლების სფეროსა და კიდევ ერთი ტრანშის გამოყოფის შესახებ ისაუბრეს. საქართველოს პრეზიდენტმა იოჰანესს ბათუმის ახალი უნივერსიტეტის პროექტი გააცნო. "ჩვენი დიდი ამბიციაა, რომ საქართველოში რომელიმე ამერიკული უნივერსიტეტის ფილიალი გავხსნათ. ერთ-ერთი ბათუმში იქნება. არ ველოდებით ამერიკელებს, მშენებლობა დავიწყეთ და უკვე ვამთავრებთ კიდეც. კორპორაციის დირექტორს ვაჩვენე პროექტი უნივერსისტეტისა, რომელიც სექტემბერში გაიხსნება. ეს საქართველოში ერთ-ერთი ყველა ლამაზი შენობაა და განათლების სისტემაში გარღვევის და გაუმჯობესების სიმბოლოც გახდება. პარალელურად საქართველოში მაგარი სკოლებიც გახსნაზე ვმუშაობთ. რამდენიმე ათეული სკოლა უკვე ავაშენეთ, თუმცა ასეთი რამდენიმე ასეული უნდა იყოს და ამაში ამერიკელები დაგვეხმარებიან, - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა შეხვედრის შემდეგ, - ჩემი მეორე საპრეზიდენტო ვადის ამოწურვამდე საქართველოში მსოფლიო კლასის კლინიკები და სკოლები უნდა იყოს."
დენიელ იოჰანესის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილთან საუბარი მილენიუმის პროგრამის მეორე ხელშეკრულების ფარგლებში მიღწეულ შედეგებს ეხებოდა. მისი თქმით, დოკუმენტი ძირითადად უმაღლეს განათლებაზეა ორიენტირებული.
აშშ-ში ვიზიტი სააკაშვილმა კალიფორნიიდან დაიწყო. საქართველოს პრეზიდენტი "ბეისქემფის" სამიტზე იყო მიწვეული, რომელსაც მსოფლიოს წამყვანი ინვესტორები და ბიზნესლიდერები ესწრებოდნენ. მიხეილ სააკაშვილმა ვარდების რევოლუციამდელი ვითარებისა და 2004 წლის შემდეგ განხორციელებული რეფორმების შესახებ ისაუბრა. დამსწრეებმა მას არაერთი კითხვა დაუსვეს. შეხვედრის მოდერატორმა ფელიქს მარკუარდტმა ბაქოდან თბილისში ავტომანქანით მგზავრობა გაიხსენა და აზერბაიჯანისა და საქართველოს სასაზღვრო პუნქტები შეადარა. "აზერბაიჯანის მხარეს მესაზღვრესთან დალაპარაკებას ორი საათი ვცდილობდი. ამ დროის მანძილზე მძღოლი და მანქანა დავკარგე, როდესაც ვიპოვე, ჩემი ბარგი მანქანაში აღარ იყო, -განაცხადა მან, - ამ ორსაათიანი ნონსენსის შემდეგ საქართველოს მხარეს გადავედი. ერთ-ერთი მებაჟე ჯენიფერ ენისტონს ჰგავდა... სულ 3 წუთი დამჭირდა ამ პროცედურისთვის. უკანასკნელად საზღვარზე ერთი წლის წინათ ვიყავი." მიხეილ სააკაშვილმა მარკუარდტი შეაჩერა და აღნიშნა: "კარგი ახალი ამბავია ისიც, რომ იქ მებაჟეებს ვეღარ შეხვდებით, რადგან უკვე ახალი აღჭურვილობა გვაქვს. ვიღაც ამბობდა, რომ მომავალში ხალხი მხოლოდ ჩიპებით ივლის. ეს საქართველოში უკვე არსებობს. მიდიხარ საბაჟოს კართან მხოლოდ პასპორტით, ჯიბიდან არაფრის ამოღება აღარ გჭირდება, მხოლოდ უნდა გაიარო, რადგან რეგისტრაცია ავტომატურად ხდება ელექტრონული ჩიპებით."
პრეზიდენტის თქმით, თუკი ადრე პოლიციის მიმართ ნდობა მოსახლეობის 5 პროცენტს ჰქონდა, ახლა ეს მაჩვენებელი 86 პროცენტია. როდესაც ინსტიტუტებისადმი ნდობა იზრდება, ქვეყანა უფრო სწორი მიმართულებით ვითარდება.
შეხვედრის მონაწილეები დაინტერესდნენ, კიდევ რა ცვლილებებია საჭირო კანონის უზენაესობისა და სამართლებრივი სისტემის მდგრადობისთვის.
როგორც სააკაშვილმა აღნიშნა, სამართლებლივ სისტემაში მუშაობა ყოველთვის რთულია. მისი თქმით, არსებობს ცდუნება, გახდე კორუმპირებული ან პოლიტიზირებული. "პოლიციის შეცვლა ადვილია, სასამართლო სისტემისას კი დრო და ტრადიცია სჭირდება. ჩვენ შევცვალეთ მოსამართლეთა 100 პროცენტი. ახლა უმეტესად ახალგაზრდები მუშაობენ, რომლებსაც მაღალი ანაზღაურება აქვთ და ისინი ტრადიციას ქმნიან," - ამბობს სააკაშვილი. მან ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს შემოღების შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ადრე სასამართლოს მიმართ ნდობის მაჩვენებელი ნული იყო, ახლა კი 60 პროცენტს აღემატება. მისი თქმით, ეს უფრო ნაკლებია, ვიდრე პოლიციას აქვს, მაგრამ მაინც მაღალია.
ვარდების რევოლუციის შესახებ დასმულ კითხვაზე მიხეილ სააკაშვილმა უპასუხა, რომ ნამდვილი რევოლუცია იწყება არა პარლამენტში მისვლით, არამედ მაშინ, როდესაც ქვეყანას "სი-ენ-ენ"-ის კამერები დატოვებენ. "ჩვენ ვიყავით ახალგაზრდები, გამოუცდელები, იდეალისტები, განათლებულები... მახსოვს, უცხოელი ჟურნალისტები ყოველივე ამას "ოუშენის 11 მეგობარს" ადარებდნენ. მათ სწრაფად უნდა გაეკეთებინათ საქმე, უნდა გაერისკათ. პოლიტიკაში, ძირითადად, ასეა - თუ რისკს არ პასუხობ, მოცდა მოგიწევს. ჩამოყალიბებულ და წარმატებულ საზოგადოებაშიც კი მიდიან რისკზე. პოლიტიკოსებისთვის სხვა გზა არ არსებობს, თუკი ქვეყნის წინსვლის სურვილი აქვთ. მეორე საკითხი - არ უნდა გაეკიდო პოპულარობას. ეს კარგია, მაგრამ თუ მხოლოდ სახელის მოხვეჭას ცდილობ, დაკარგული ხარ, რადგან პოპულარობა არის პოლიტიკური კაპიტალი, რომელიც გონივრულად უნდა დახარჯო," - ამბობს სააკაშვილი.
საქართველოს პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ საქართველოში ყველაზე მთავარი ცვლილებაა მენტალური რევოლუცია, მერიტოკრატიის იდეა და სოციალური მობილურობაა, რაც, მისი აზრით, ნამდვილი გზაა დემოკრატიისკენ.