საარჩევნო სიების დაზუსტების კომისიამ მუშაობის პირველი ეტაპი დაასრულა.
24 საათი 04.02.12

საარჩევნო სიების დაზუსტების კომისიამ მუშაობის პირველი ეტაპი დაასრულა.
გაწეული სამუშაოს ანგარიში ჟურნალისტებს კომისიის თავმჯდომარემ მამუკა კაციტაძემ გააცნო.
სახელმწიფო კომისიამ დაარსებიდან (დეკემბრიდან) დღემდე ბიუჯეტიდან 300 ათასი ლარის დაფინანსება მიიღო.
გამოყოფილი თანხა მატერიალურ-ტექნიკური ბაზის უზრუნველყოფას მოხმარდა. ამომრჩევლეთა სიების შესახებ ყველა ინფორმაცია სწორედ აქ მოიყრის თავს. მონაცემების დასაცავად სპეციალური მექანიზმიც შეიქმნა. გასულ თვეში კომისიის თბილისის და რეგიონული 10 ოფისი კომპიუტერებით მთლიანად აღიჭურვა. გარდა ამისა, ფინანსები დაიხარჯა კომისიის წევრებისა და რეგიონული ოფისების წარმომადგენელთა ანაზღაურებაზეც. სიების დაზუსტების კომისიას საკუთარი ოფისი და ლოგო უკვე აქვს. სიმბოლიკა საზოგადოების ინფორმირებულობას შეუწყობს ხელს. მამუკა კაციტაძე აცხადებს, რომ უკვე მარტიდან კომისია საინფორმაციო კამპანიას დაიწყებს. დამზადდება ვიდეორგოლები და მოსახლეობა ტელევიზიისა თუ ბეჭდური მედიის საშუალებით ამომწურავ ცნობებს მიიღებს კომისიის შესახებ. ღონისძიების მთავარი მიზანია, თითოეულმა ამომრჩეველმა იცოდეს, რომ მასთან სახელმწიფო უწყების წარმომადგენელი მივა. კამპანიისთვის დამატებით ხარჯებს ამერიკული ორგანიზაცია USAID გამოყოფს.
სიების დაზუსტების კომისიას საკუთარი ოფისი და ლოგო უკვე აქვს. მამუკა კაციტაძის თქმით, ემბლემაში სამ ძირითად კომპონენტზეა აქცენტი: 1) სიტყვა სია მიუთითებს, რომ კომისია ამომრჩევლეთა ერთიანი სიის დადგენაზე მუშაობს. 2) საქართველოს რუკა აჩვენებს, რომ სახელმწიფო უწყება საქართველოს მასშტაბით მუშაობს; 3) სიმბოლო, რომელიც აღნიშნავს, რომ კომისია სამი ჯგუფისგან დაკომპლექტდა: ხელისუფლება, ოპოზიცია და არასამთავრობოები.
"ჩვენ შევძელით, დაფინანსება მოგვეპოვებინა. ფინანსთა სამინისტროსგან და შემოსავლების სამსახურისგან დამოუკიდებელი საგადასახადო სერტიფიკატი და საბანკო ანგარიში მივიღეთ. მთლიანი ბიუჯეტი 5 მილიონი ლარია. ამასთან, კომისია ჩამოყალიბდა, როგორც ადმინისტრაციული ორგანო და ერთადერთი ინსტანცია, რომელმაც უნდა დააზუსტოს ამომრჩეველთა ერთიანი სია კონკრეტულ ვადებში," - განმარტავს მამუკა კაციტაძე. პოლიტიკოსის თქმით, კანონით დადგინდა, რომ ამომრჩეველთა ერთიანი გადამოწმებული სია პირველ აგვისტოს უნდა გადაეგზავნოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას. თუმცა, ცესკო-ს არა აქვს უფლება, ჩასწორებები თვითნებურად გააკეთოს. ის ბუნებრივი ცვლილებებიც კი, რომლებიც, შეიძლება, ადამიანის გარდაცვალებამ, დაპიტიმრებამ ან ციხიდან გათავისუფლებამ გამოიწვიოს, მხოლოდ კომისიასთან შეთანხმებით განხორციელდება. არჩევნებამდე 14 დღით ადრე კი, კომისია ერთგვარი მონიტორინგის სამსახური იქნება.
სიები კარდაკარის პრინციპით აპრილ-მაისში გადამოწმდება. სიების დაზუსტების კომისია მომდევნო ორი თვის განმავლობაში საქართველოს მასშტაბით 11 ათას ადამიანს შეარჩევს. სიების დასაზუსტებლად მობილურ ჯგუფებში უპარტიო მოქალაქეები და ასევე, ცალკეული პოლიტიკური ორგანიზაციების მიერ რეკომენდებული ადამიანები გაწევრიანდებიან. თითოეულ ადამიანს ამ სამუშაოში 150 ლარს გადაუხდიან. თუმცა, კონკრეტული სამუშაოების დაწყებამდე მობილური ჯგუფებისთვის სპეციალური ტრენინგები ჩატარდება. ტრენერები არასამთავრობო ორგანიზაციის წევრები და ცესკო-ს სწავლების ცენტრის სპეციალისტები იქნებიან. მამუკა კაციტაძის თქმით, სიების დაზუსტებისას შეცდომის დაშვება გამორიცხულია, ამიტომ აუცილებელია, კადრები კვალიფიციურნი იყვნენ და კარგად იცოდნენ, რას აკეთებენ. ჯერჯერობით ცნობილი არ არის, ჩაებმებიან თუ არა კარდაკარში იმ პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები, რომლებიც კომისიის შემადგენლობაში არ არიან. სურვილი მხოლოდ კახა კუკავას პარტიამ გამოთქვა, თუმცა მობილური ჯგუფის შედგენისას გადაწყდება, მასში ამ პარტიის რომელი წარმომადგენელი გაწევრიანდება.
კომისიაში აცხადებენ, რომ თუ მათ მუშაობას ქართული საზოგადოება, ხელისუფლება და საერთაშორისო ორგანიზაციები დადებითად შეაფასებენ, შესაძლოა, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ მუდმივმოქმედის სტატუსიც მიიღონ.
მაგდა ლეკიაშვილი