საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელთა განცხადებით, მიმდინარე წელი გურიის აღორძინების წელი იქნება.
24 საათი 04.02.12
საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელთა განცხადებით, მიმდინარე წელი გურიის აღორძინების წელი იქნება.
როგორც "ინტერპრესნიუსი" ლანჩხუთის რაიონის მუნიციპალიტეტის პრესსამსახურიდან მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით იუწყება, პარლამენტის წევრები - გოკა გაბაშვილი, ვახტანგ ბალავაძე, ხათუნა ოჩიაური, სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე კოტე კობახიძე ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ შუხუთის მოსახლეობას შეხვდნენ, მათ შეკითხვებს უპასუხეს და პრობლემების მოგვარებაში დახმარებას დაჰპირდნენ.
საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის, თვითმმართველობისა და მაღალმთიანი რეგიონების კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ბალავაძის თქმით, მსგავსი შეხვედრების მიზანი მოსახლეობასთან უშუალო კავშირია. ეს საშუალებას აძლევს დეპუტატებს, ადგილზე გაეცნონ პრობლემებს, გაიგონ, რა აწუხებს ხალხს რეალურად.
მოსახლეობამ პარლამენტართა წინაშე რამდენიმე პრობლემა დააყენა, მათ შორის სოფლის გაზიფიცირების საკითხი, სამელიორაციო არხების გაწმენდა, ამერიკული თეთრი პეპლის წინააღმდეგ ჩასატარებელი სამუშაოები და სოფლის ცენტრში მდებარე კულტურის სახლის რეაბილიტაცია.
საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის გოკა გაბაშვილის განცხადებით, მთავარ პრობლემად ისევ უმუშევრობა რჩება, ამიტომ ხელისუფლების ამოცანაა, ახალი სამუშაო ადგილების შესაქმნელად რაც შეიძლება ბევრი ინვესტიცია მოიზიდონ. მისივე თქმით, მოსახლეობაში დადებითი გამოხმაურება მოჰყვა ახალი საავადმყოფოების მშენებლობას, პენსიონერების დაზღვევას, რომელიც შემდგომიდან განხორციელდება, გზების რეაბილიტაციას, ინფრასტრუქტურის განვითარებას; "ასე რომ, მოსახლეობის თანადგომით ყველა პრობლემას აღმოვფხვრით," - დასძინა მან.
სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე კოტე კობახიძის თქმით, გურიაში ამერიკული თეთრი პეპლის მხრივ მდგომარეობა რთულია. შარშან შეწამვლა არ იყო ეფექტური, რის გამოც მოსახლეობა უკმაყოფილოა, წელს უკვე ბიუჯეტიდან ამ მავნებელთან საბრძოლველად დიდი ოდენობით თანხა გამოიყო. გარდა ამისა, დაიწყო ვაუჩერიზაციის პროცესი, რაც გლეხისთვის, კობახიძის თქმით, ერთგვარი შეღავათია.
გურიაში შეიქმნება როგორც სერვისის, ასევე საკონსულტაციო ცენტრები.