პოლიტიკური განტვირთვის კვირა
დატვირთული და საინტერესო ორკვირეულის შემდეგ გასულმა დღეებმა შედარებით მშვიდად ჩაიარა.
24 საათი 06.05.12
დატვირთული და საინტერესო ორკვირეულის შემდეგ გასულმა დღეებმა შედარებით მშვიდად ჩაიარა.
აღსანიშნავია ლიტვის პრემიერ-მინისტრის ვიზიტი საქართველოში. ეს მოვლენა რამდენიმე მხრივ არის მნიშვნელოვანი. ერთი, რომ ლიტვა საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე ახლო და სტაბილური პარტნიორია. შორს რომ არ წავიდეთ, პირველად სიტყვა ოკუპაცია ჩვენი პარტნიორების მხრიდან, 2010 წლის ზაფხულში გაისმა და ეს ლიტვის სეიმმა გააკეთა. ამ დროს ლიტვის სეიმმა მიიღო რეზოლუცია, რომლის მიხედვითაც 2008 წლის აგვისტოს ომის დროს რუსეთის მოქმედება შეფასდა აგრესიად, ხოლო აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიები კი, ოკუპირებულ ზონებად გამოცხადდა. დღეს ამ ტერმინს უკვე ყველა დასავლელი ლიდერი გაუშინაურდა და თითქმის ყველა რეზოლუციაშია დაფიქსირებული. მეორე - ბალტიელები აქტიურად ლობირებენ ჩვენს ინტერესებს, როგორც ევროკავშირში, ისე ნატო-ში. გარდა ამისა, მომავალი წლის მეორე ნახევარში ლიტვა ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანა ხდება.
ლიტვის პრემიერ-მინისტრმა ანდრიუს კუბილიუსმა თბილისში ვიზიტის პირველ დღეს, 30 აპრილს მოლაპარაკებები გამართა თავის ქართველ კოლეგასთან, ნიკა გილაურთან.
ლიტველ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ ნიკა გილაურმა ხაზი გაუსვა იმ წვლილს, რომელიც ლიტვას შეაქვს საქართველოს ევროკავშირთან ურთიერთობაში პროგრესის მიღწევის საქმეში.
ორმხრივი თანამშრომლობა და ლიტვის მხარდაჭერა საქართველოს ევროპასთან ინტეგრაციის საკითხებში იქნება ლიტვის პრემიერის განხილვის მთავარი საკითხები საქართველოს ხელმძღვანელობასთან, - განაცხადა ლიტვის პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურმა.
ვიზიტის ფარგლებში გაიმართა შეხვედრები პრეზიდენტ სააკაშვილთან, საგარეო საქმეთა მინისტრ გრიგოლ ვაშაძესთან და პარლამენტის თავმჯდომარე - დავით ბაქრაძესთან.
ლიტვა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მტკიცე მხარდამჭერია, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ ლიტვის პრემიერ-მინისტრ ანდრიუს კუბილიუსთან შეხვედრისას განაცხადა. გრიგოლ ვაშაძის თქმით, ლიტვა ასევე მხარს უჭერს საქართველოს სამართლებრივ უფლებას, აირჩიოს იმ ორგანიზაციაში გაწევრიანება, რომელშიც საქართველოს მოქალაქეებს სურთ.
"საქართველოსა და ლიტვას უმაღლეს დონეზე აქვს პოლიტიკური ურთიერთობები აყვანილი. ჩვენ გვაქვს კარგი ეკონომიკური ურთიერთობებიც. საჭიროა ლიტვური კომპანიების შემოსვლა ჩვენს ბაზარზე და ერთმანეთისთვის ბიზნესგამოცდილების გაზიარება," - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ და დასძინა, რომ ჩიკაგოს სამიტის წინ ლიტვის პრემიერის ჩამოსვლას დიდი მნიშვნელობა აქვს.
გარდა ტრადიციული კავშირებისა, ისტორიული შანსი გვაქვს, რადგან მომავალი წლის მეორე ნახევარში ლიტვა ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანა ხდება, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ყვარელში, თავის მამულში, ლიტვის პრემიერ-მინისტრ ანდრიუს კუბილიუსთან შეხვედრისას განაცხადა.
მისი თქმით, ეს მოვლენა ერთი მხრივ, ემთხვევა მისი პრეზიდენტობის ბოლო ვადის დასასრულს. "ვვარაუდობ, რომ ჩემი საპრეზიდენტო ვადის დასასრულისთვის ჩვენ უნდა დავამთავროთ ის, რომ საქართველომ გააფორმოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება. რაც მთავარია, გააფორმოს თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება და უვიზო მიმოსვლის შესახებ ხელშკრულება, ან მიუახლოვდეს მის გაფორმებას. ის, რომ ლიტვა იქნება ევროკავშირის თავმჯდომარე, ეს ამ ყველაფერს გააადვილებს, ეს კარგი დამთხვევაა," - განაცხადა სააკაშვილმა. პრეზიდენტის თქმით, საქართველო მადლობელია ლიტვისგან იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც ქვეყანა ევროკავშირს შიგნით იღებს.
ლიტვის პრემიერმა კი აღნიშნა, რომ მისი ვიზიტის მიზანია საქართველოს მიმართ სოლიდარობის გამოხატვა. "ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, ქვეყნის სწრაფვას ნატო-სა და ევროკავშირში. მომავალი წლის მეორე ნახევარში ლიტვა ხდება ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანა და სწორედ ამ პერიოდში დასრულებული უნდა იყოს თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ასოცირების და ვიზების ლიბერალიზაციაზე მოლაპარაკებები. ამ მიზანს აუცილებლად მივაღწევთ," - განაცხადა ანდრიუს კუბილიუსმა.
ანდრიუს კუბილიუსმა 1 მაისს შეხვედრა გამართა ოპოზიციურ პარტიებთან. ვიზიტის ფარგლებში, რომელიც 3 მაისს დასრულდა, ლიტვის პრემიერ-მინისტრი ასევე გაემგზავრა ქუთაისსა და ბათუმში და მოლაპარაკებები გამართა გიორგი ბარამიძესთან, სახელმწიფო მინისტრთან ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში.
პრემიერის ვიზიტის პარალელურად, საქართველოს ასევე სტუმრობდა ლიტვის სეიმის სახელმწიფო ადმინისტრირებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის კომიტეტის დელეგაცია, რომელიც 30 მაისს ლიტვა-საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის ფორუმში მიიღებს მონაწილეობას.
გასულ კვირას გაგრძელდა საქართველოსა და რუსეთის ლიდერების სიტყვიერი დუელი. პრეზიდენტმა სააკაშვილმა საქართველოს შესახებ რუსეთის პრეზიდენტის დიმიტრი მედვედევის განცხადების საპასუხოდ განაცხადა, რომ ის მზად არის, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაზე მოსკოვის ხელშეკრულებით გამყარებული თანხმობის სანაცვლოდ ხელისუფლებიდან წავიდეს.
26 აპრილს რუსულ ტელეკომპანიებთან ი მედვედევმა ახლო მეზობლებთან ურთიერთობაზე, მათ შორის საქართველოსთან არსებულ "ნამდვილ ომზე" დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ საქართველო და მისი ხალხი რუსეთისთვის "ძვირფასი" და "ახლობელია" და სააკაშვილის შემდგომ ლიდერთან რუსეთი მზად იქნება, ურთიერთობები მოაგვაროს.
"რაც შეეხება საქართველოს, აქ ისტორია გაცილებით სევდიანია, - განაცხადა მედვედევმა, - ეს იყო შეიარაღებული კონფლიქტი, თავდასხმა საქართველოს სახელმწიფოს პატარა ყოფილ ნაწილებზე, რაც ცნობილია რითიც დასრულდა. მათ თავში წაუთაქეს და ჩვენ იძულებული ვიყავით გვეღიარებინა აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი საერთაშორისო სამართლის დამოუკიდებელ სუბიექტებად."
"ჩვენ - მე, ჩემს მეგობრებს, პარტნიორებს, ამხანაგებს - დარწმუნებული ვარ მთელს ჩვენს ერს არ აქვს არანაირი ანტიპათია საქართველოს მიმართ. პირიქით, საქართველო - ჩვენთვის ახლობელი ქვეყანაა, ქართველი ხალხი ახლობელია და ძვირფასი, - განაგრძო მან, - და ჩვენ ის, სხვათა შორის, არაერთხელ გადაგვირჩენია, რაც არ უნდა ილაპარაკონ ცალკეულმა პოლიტიკანებმა საქართველოში."
"ამიტომ სააკაშვილი - ცარიელი ადგილია, ნულია, - განაცხადა მედვედევმა თავისი საპრეზიდენტო ვადის მიწურულს, - ის ადრე თუ გვიან წავა პოლიტიკური ისტორიიდან, და სხვა ნებისმიერი ლიდერი ქვეყნისა, რომელიც იქ მოვა, ჩვენ მზად ვართ მასთან დავამყაროთ ურთიერთობები, აღვადგინოთ დიპლომატიური ურთიერთობები და იმდენად შორს წავიდეთ, რამდენადაც ისინი იქნებიან მზად."
სააკაშვილი ამ განცხადებას რუსთავში, ავტოდრომზე სტუმრობისას გამოეხმაურა. "მათ უნდათ საქართველოს მთავრობის გამოცვლა იმის გამო, რომ მათ უნდათ მოიყვანონ ისეთი ძალა, რომელიც ირიბად ან პირდაპირ პირდება, რომ ის დააკანონებს საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას; ის შეწყვეტს საერთაშორისო მხარდაჭერის მოპოვებას ამ თემაზე და შეურიგდება არსებულ, როგორც რუსები ეძახიან, რუსეთის დღევანდელი მთავრობა ეძახის, "ახალ შექმნილ რეალობას». აი ეს არის ის, რაზეც ლაპარაკობენ," - განაცხადა მან თავის სატელევიზიო კომენტარში, რომელიც ავტომრბოლელის ფორმაში ჩაცმულმა გააკეთა.
"ამიტომ ჩემი პასუხი არის ძალიან მარტივი: თუ ისინი მზად არიან, რომ საქართველოს დაუბრუნონ ოკუპირებულ ტერიტორიებზე კონტროლი და გაიყვანონ აქედან თავის ჯარები, დღესვე, იქნება ეს ბატონი მედვედევი თუ რუსეთის რეალური მმართველი [არჩეული პრეზიდენტი პუტინი], მზად ვარ სადაც უნდათ ჩავფრინდე და მოვაწერო ხელი ხელშეკრულებას, რომ ვცვლი ჩემი ხელისუფლებიდან წასვლას და ჩემი მთავრობის, საქართველოს ტერიტორიების დაბრუნებაზე," - განაცხადა მან.
"რასაც ისინი ამბობენ, ხომ ამბობენ, რომ აღადგენენ ურთიერთობას, უნდათ მთლიან საქართველოსთან ურთიერთობის აღდგენა, თავის ტერიტორიებში, ამაზე დღესვე ვაწერთ ხელს, - განაგრძო მან, - მივდივარ, ამ ხელშეკრულების თანახმად თუ ისინი დათანხმდებიან, ოღონდ დაგვიბრუნონ აფხაზეთზე და ცხინვალის რეგიონზე კონტროლი, გაიყვანონ აქედან თავისი ჯარი, თუნდაც საერთაშორისო კონტროლის ქვეშ მოხდეს ეს ყველაფერი."
პრეზიდენტის თქმით, მტკიცება იმისა, რომ რუსეთის ამჟამინდელ მთავრობას ქართველი ხალხი უყვარს, ტყუილია. »მაგრამ დღეს მათ თვითონ აღიარეს, თუ რატომ უნდათ მათ საქართველოს ხელისუფლების შეცვლა. საქართველოს დღევანდელმა მთავრობამ საქართველო აქცია ისეთი წარმატებული რეფორმების ქვეყნად, მათი აზრით და მათივე გამონათქვამებით, რომლის გამეორებაც - მიბაძვაც კი შეუძლია რუსეთს," - განაცხადა მან.
სააკაშვილს მხედველობაში ჰქონდა ინტერვიუს ის ნაწილი, როცა რუსეთში პოლიციის რეფორმაზე საუბრისას მედვედევმა განაცხადა, რომ პატარა ქვეყნების მსგავსად, რომლის მაგალითებიც ხშირად მოჰყავთ, რუსეთს არ შეუძლია სამართალდამცავების სამსახურებიდან გაშვება და მათი ახალი კადრებით შევსება. ჟურნალისტის კითხვაზე, გულისხმობდა თუ არა ის საქართველოს, როცა ამგვარ მაგალითზე საუბრობდა, მედვედევმა უპასუხა: "მე არაფერი არ მაქვს მხედველობაში - ამას თქვენ ამბობთ."
მიხეილ სააკაშვილის თქმით, რუსეთის ხელმძღვანელობისთვის "წარმატებული საქართველო არის ყველაზე დიდი კოშმარი". "ქვეყანა, რომელიც გამოაცხადეს განადგურებულად, დამთავრებულად 2008 წელში, აღდგა ფერფლისგან და მიაღწია ისეთ წარმატებებს, რომელიც მისაბაძად იქცა არა მხოლოდ რუსეთის ოპოზიციისთვის ან მეზობელი ქვეყნებისთვის, არამედ როგორც დღეს საბოლოოდ დადასტურდა, რასაც დიდი ხანია ისედაც ვვარაუდობთ, ასევე თვითონ რუსეთის დღევანდელი მთავრობის ხელმძღვანელებისთვის," - განაცხადა პრეზიდენტმა სააკაშვილმა.
რუსეთთან მიმართებაში მეორე განცხადება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გააკეთა. საქართველოს მიმართ მოსკოვიდან არსებული საფრთხის მიუხედავად, ინვესტიციები და ტურისტები რუსეთიდან მისასალმებელია, - განაცხადა ვანო მერაბიშვილმა 26 აპრილს.
"საქართველოში ძალიან ბევრი რუსული კომპანია მოღვაწეობს; ძალიან ბევრი რუსული ინვესტიციებია," - განაცხადა მერაბიშვილმა და დასძინა, რომ ამ ინვესტიციების 80 პროცენტი რუსეთის სახელმწიფო კომპანიებს ეკუთვნით.
"ფულს სუნი არ უდის; ნებისმიერი ინვესტიცია, კაპიტალი საქართველოში არის მისასალმებელი," - მიმართა მან დეპუტატებს.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი პარლამენტში სამთავრობო საათის ფარგლებში გამოვიდა სიტყვით. მერაბიშვილი და კიდევ რამდენიმე მინისტრი პარლამენტში ოპოზიციური საპარლამენტო ფრაქციის "ერთობა სამართლიანობისთვის" თხოვნით დაიბარეს.
მერაბიშვილმა განაცხადა, რომ "მიუხედავად რუსეთთან დაძაბული ურთიერთობისა, მიუხედავად იმ ფაქტისა, რომ რუსეთიდან ჩვენ ყოველდღიურად ველით საფრთხეს, ჩვენ დავუჭირეთ მხარი იმ საკითხს, რომ რუსეთის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი შემოღებულიყო".
"ჩვენმა სპეციალურმა სამსახურებმა, რა თქმა უნდა, გააძლიერეს კონტროლის ზომები, რათა თავიდან ავიცილოთ ამ ინიციატივის ის ნეგატიური ნაწილი, რომელმაც შეიძლება საფრთხე შეუქმნას საქართველოს უსაფრთხოებას», - განაცხადა მერაბიშვილმა, - "მაგრამ ფაქტი არის ერთი - ამ განცხადების შემდეგ რუსეთიდან შემომავალი ტურისტების რაოდენობა საქართველოში გაორმაგდა."
მისი თქმით, ქართული პოლიციის რეფორმა გახდა "სავაჭრო ნიშანი" და "იმის ფონზე, როდესაც კრიმინალი ძალიან შემცირდა, თქვენს მონა-მორჩილს და მის მოადგილეებს ძალიან ბევრი დრო დარჩათ თავისუფალი საქართველოს რეკლამირებისთვის".
მისი თქმით, ლიტვის ხელისუფლებასთან მიღწეულია შეთანხმება, რომლის თანახმადაც "თბილისის პოლიციის ასლი, გამჭირვალე შუშის შენობა იქნება ლიტვაში და ეს იქნება პირველი ქართული რეფორმის ექსპორტი."
"ჩვენ შეგვიძლია ვიამაყოთ, რომ ქართული პოლიციის შენობა დაიდგმება ლიტვაში," - განაცხადა მერაბიშვილმა, რასაც მმართველი პარტიის დეპუტატების აპლოდისმენტები მოჰყვა.
"ჩვენ მოლაპარაკებები გვაქვს სხვა ქვეყნის წარმომადგენლებთან, ჩვენ ვაპირებთ მინიმუმ ხუთ ქვეყანაში მოვახდინოთ ქართული შუშის შენობების ექსპორტი, - განაგრძო მან, - ჩვენ მზად ვართ, თუ ამის სურვილი ექნებათ, ჩვენს რუს მეგობრებსაც დავეხმაროთ. თქვენ იცით, რომ არაერთხელ იქნა გაკეთებული განცხადება რუსეთის მაღალჩინოსნების მიერ, რომ რუსეთში აუცილებელია გამჭირვალე, შუშის შენობების აშენება."
მან ასევე ისაუბრა იმ ინიციატივის წინააღმდეგ, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს დეცენტრალიზაციას ეხება. ვარდების რევოლუციის შემდეგ შსს-ში რიგი ძალოვანი სტრუქტურები გაერთიანდნენ, დაწყებული უშიშროების და დაზვერვის სამსახურებით და დამთავრებული საზღვრის დაცვითა და საზღვაო ძალებით. მისი თქმით, აღმოსავლეთ და ცენტრალურ ევროპაში დღესდღეობით ძალოვანი სტრუქტურების გამსხვილების ტენდენცია შეინიშნება.
"ჩვენ არც ვაპირებთ - ეს არც იქნება მისაღები და არც გვაქვს იმის ფუფუნება, რომ დავყოთ შინაგან საქმეთა სამინისტრო, როგორც ადრე იყო, ურთიერთდაპირისპირებულ, არაეფექტურ სამსახურებად," - განაცხადა მერაბიშვილმა.
პოლიციის პოლიტიზაციის შესახებ ბრალდებების საპასუხოდ მერაბიშვილმა განაცხადა: "საქართველო არის ძალიან პატარა ქვეყანა და ყველამ ყველაფერი ვიცით. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აქვს 87 პროცენტიანი ნდობა. საქართველოში არსებულ პოლიტიკურ პარტიებს, მათ შორის ერთიან ნაციონალურ მოძრაობას, გააჩნიათ გაცილებით ნაკლები რეიტინგი, ვიდრე პოლიციას".
"თუ არსებობს თუნდაც ინფორმაცია ან განცდა, რომ პოლიცია არის პოლიტიზირებული, მაშინ მისი რეიტინგი და ნდობა არ იქნებოდა ისეთი, როგორიც გააჩნია შინაგან საქმეთა სამინისტროს," - აღნიშნა მან.
გარდა ამისა, მინისტრმა მოუწოდა პოლიტიკოსებს, სიფრთხილე გამოიჩინონ 2008 წლის აგვისტოს ომის დაწყების გარემოებების შესახებ საჯარო განცხადებების გაკეთებისას და ასევე არ გააკეთონ ისეთი განცხადებები, რომლებიც "ჩვენს მტრებს" უწყობს ხელს. იგი ასევე შეეხო "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერის ირაკლი ალასანიას ბრალდებას ხელისუფლების მისამართით, საარჩევნო მიზნებისთვის არაფორმალური შეიარაღებული ჯგუფების შექმნის თაობაზე და აღნიშნა, რომ ალასანიას განცხადება მოსკოვმა და სოხუმმა საბაბად გამოიყენეს, რათა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიისთვის შეეტიათ.
"ბატონი ალასანიას მიერ გაკეთებული განცხადება იქნა საბაბად გამოყენებული იმისთვის, რომ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი გამოცხადდეს პერსონა ნონ გრატად ე.წ. აფხაზეთის ტერიტორიაზე. მე მგონია, ნებისმიერი საჯარო განცხადება უნდა იყოს ძალიან მოზომილი, რათა ზიანი არ მიადგეს იმ საერთო საქმეს, რომელსაც ჩვენ ვახორციელებთ," - განაცხადა მერაბიშვილმა.
ამავე თემის გაგრძელებად უნდა მივიჩნიოთ ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლესი წარმომადგენლის, კეტრინ ეშტონის პრესსპიკერის მიერ 27 აპრილს გავრცელებული განცხადება. ევროკავშირმა სრული ნდობა გამოუცხადა საქართველოში ევროკავშირის მისიის ხელმძღვანელს ანდჟეი ტიშკევიჩს და აღნიშნა, რომ ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში გამართულ შეხვედრებზე "ევროკავშირის დელეგაციის შემადგენლობის განსაზღვრა სხვა მონაწილის მიერ მიუღებელია".
განცხადებაში ასევე გამოთქმულია სინანული გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში ჩაშლილი შეხვედრის გამო.
"ნებისმიერ გამოწვევას ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ჩამოყალიბებული და შეთანხმებული პროცედურების მიმართ, შესაძლოა, სერიოზული შედეგები მოყვეს», - ნათქვამია განცხადებაში, - "როგორც ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეების 25 აპრილის გ ნათქვამი, ჟენევის დისკუსიების ყველა მონაწილემ აღიარა ინციდენტების პრევენციის მექანიზმი, როგორც მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი უსაფრთხოების საკითხების და ასევე ადგილზე არსებული სხვა საკითხების მოსაგვარებლად".
"ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია მნიშვნელოვან როლს ასრულებს ინციდენტების პრევენციის მექანიზმში სტაბილიზაციისკენ, ნორმალიზებისკენ და ნდობის აღდგენისკენ მიმართული მანდატის ფარგლებში," - აცხადებს ეშტონის პრესსპიკერი.
ევროკავშირი ასევე გამოთქვამს იმედს, რომ ინციდენტების მექანიზმის ფარგლებში შეხვედრა მალე გაიმართება "მისი ყველა მონაწილის სასარგებლოდ".
ამ საკითხის ირგვლივ პრობლემა მას შემდეგ წარმოიშვა, რაც 24 აპრილს გალში დაგეგმილი შეხვედრა არ ჩატარდა მასში მონაწილეობაზე აფხაზური მხარის უარის გამო. მეორე დღეს სოხუმმა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი ანდჟეი ტიშკევიჩი აფხაზური მხარის მიმართ "უპატივცემულობის" გამო მის ტერიტორიაზე "არასასურველ პირად" გ. სოხუმმა ასევე განაცხადა, რომ გალის შეხვედრებში მონაწილეობას იმ პირობით განაგრძობს, თუ მისიის ხელმძღვანელის ნაცვლად მასში ვინმე სხვა მიიღებს მონაწილეობას. თბილისმა გ, რომ სოხუმის ამ პოზიციის უკან, რაც, მისი თქმით, მიზნად ისახავს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის როლის დასუსტებას, რუსეთი დგას.
გავაგრძელოთ რუსეთის და დასავლეთის ურთიერთობის თემა. "ბი-ბი-სი"-ს ცნობით, მოსკოვში ანტისარაკეტო თავდაცვითი სისტემის საერთაშორისო კონფერენციის გახსნაზე რუსეთის თავდაცვის მინისტრმა ანატოლი სერდიუკოვმა განაცხადა, რომ რუსეთსა და ნატო-ს შორის ამ საკითხზე მოლაპარაკებები ჩიხში შედის.
კონფერენციაზე ამერიკის დელეგაციას თავდაცვის მინისტრის მოადგილე მადლენ ქრიდონი და სტრატეგიული და რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვითი საკითხების სპეციალური წარმომადგენელი ელენ ტოშერი წარმოადგენენ. ისინი იმედოვნებენ, რომ რუსეთთან "შედეგიან მოლაპარაკებებს" წარმართავენ.
ამასთან, ამერიკა აღიარებს, რომ ამ დრომდე აღნიშნულ სისტემასთან დაკავშირებით რუსეთთან ჯერ პროგრესისათვის არ მიუღწევიათ. 2010 წელს ლისაბონის სამიტზე, რუსეთი და ნატო რაკეტსაწინააღმდეგო სისტემის პროექტთან დაკავშირებით თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ. თუმცა, შემდეგ მოლაპარაკებები შეფერხდა. მოსკოვი იურიდიულ გარანტიას ითხოვს, რომ აღნიშნული სისტემა რუსული ძალების წინააღმდეგ არ იქნება გამოყენებული.
"ჩვენ ჯერ იმ პირობებზე ვერ ვთანხმდებით, რომელსაც რუსეთის მხარე წარმოადგენს. ჩვენ მოსკოვის მხრიდან გაკეთებული არაერთი პოლიტიკური განცხადება გვინახავს, რომელიც იურიდიული გარანტიების მიცემას ითხოვენ. თუმცა, ჩვენ არ შეგვიძლია არავითარი იურიდიული გარანტიის მიცემა, რომელიც ჩვენი ჯარებისა და ჩვენი დაცვის შესაძლებლობებს შეზღუდავს," - აღნიშნა გუშინ ტოშერმა.
რუსეთის მოქმედმა პრეზიდენტმა მედვედევმა კი, გასულ კვირას აღნიშნა, რომ რუსეთ-ამერიკას რაკეტსაწინააღმდეგო სისტემის პრობლემის გადასაწყვეტად 5-7 წელი აქვს. თუ, ამ საკითხში მოლაპარაკებები ჩაიშლება რუსეთი რაკეტების განლაგებას კალინინგრადში დაიწყებს: "ამერიკელები აცხადებენ, რომ გაითვალისწინებენ ჩვენს ინტერესებს, თუმცა აქამდე მხოლოდ საკუთარ პოზიციას იცავენ." - აღნიშნა მედვედევმა.
სხვა მხრივ აღსანიშნავია, რომ ამერიკის საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა (IRI) საქართველოში პოლიტიკური პარტიების რეიტინგების კვლევა ჩაატარა. "ინტერპრესნიუსის» მიხედვით, რამდენიმე შედეგი უკვე ცნობილია. მომავალ კვირას რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს, რომელ პოლიტიკურ პარტიას დაუჭერდით მხარს? პასუხები შემდეგნაირად გადანაწილდა: "ნაციონალური მოძრაობა» - 45 პროცენტი; "ქართული ოცნება» - 15 პროცენტი; ქრისტიან დემოკრატიული მოძრაობა - 9 პროცენტი; სხვა პარტიები - 4 პროცენტი. გამოკითხვებში პოლიტიკურ ლიდერებს შორის 77 პროცენტით მიხეილ სააკაშვილი ლიდერობს. ოპოზიციური პარტიების ლიდერებიდან, რესპოდენტთა 28 პროცენტი ენდობა გიორგი თარგამაძეს, 21 პროცენტი - ბიძინა ივანიშვილს. დაველოდოთ კვლევების სრულ შედეგებს, თუმცა უკვე ახლა შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ მათ გამოცხადებას ოპოზიციის მორიგი ისტერიკა, აბსურდული ბრალდებები და უფრო სასაცილო მოთხოვნები (მაგ. სოციოლოგიური კვლევების აკრძალვა) მოჰყვება. რა თქმა უნდა, როგორც ყოველთვის ყველაზე აქტიურები ლეიბორისტები და მეოცნებეები იქნებიან.
მეოცნებეებმა გასულ კვირას მორიგი ვირაჟი ჩაატარეს. როგორც ვხედავთ, მათ კიდევ ერთხელ შეცვალეს თავისი გაცხადებული ტაქტიკა. მთავარი მეოცნებე პოლიტიკაში მოსვლის დღიდან ირწმუნებოდა, რომ ის მხოლოდ კონსტრუქციული პოლიტიკის მომხრეა და გამორიცხავს ქუჩის აქციებს. ახლა, როცა გაუჭირდა და რეიტინგი კატასტროფულად შეუმცირდა, მისი წარმომადგენლები უკვე სხვაგვარად ღაღადებენ. ბიძინა ივანიშვილის ოპოზიციური კოალიცია "ქართული ოცნება" მაისში საარჩევნო კამპანიას ხალხმრავალი აქციით დაიწყებს, აღნიშნა კოალიციამ 27 აპრილს გავრცელებულ მოკლე განცხადებაში.
"პოლიტიკური კოალიცია "ქართული ოცნება" იწყებს საარჩევნო კამპანიას და მართავს ხალხმრავალ აქციას 26-27 მაისს," - ნათქვამია კოალიციის განცხადებაში.
"კოალიციამ ღონისძიების ჩატარებასთან დაკავშირებით წერილობით მიმართა ბ. პაიჭაძის სახელობის ეროვნული სტადიონისა და მ. მესხის სახელობის სტადიონის ადმინისტრაციებსა და ქ. თბილისის მერიას. საბოლოო გადაწყვეტილებას ღონისძიების ადგილისა და დროის თაობაზე უახლოეს დღეებში გაცნობებთ," - ნათქვამია განცხადებაში. უკვე ცნობილია, რომ სტადიონების ადმინისტრაციამ მეოცნებეებს უარი შეუთვალა.
რესპუბლიკური პარტიის წევრმა თინა ხიდაშელმა განაცხადა, რომ კოალიცია "აუცილებლად" გამართავს აქციებს თავისი საარჩევნო კამპანიის ფარგლებში. მისი თქმით, "ფობიები" ქუჩის აქციების თაობაზე გაუგებარია და დასძინა, რომ აქციები ნებისმიერი საარჩევნო კამპანიის ნორმალური შემადგენელი ნაწილია. მოკლედ, ისევ მრავალსახეობა ოცნებისა. ბოლო დროს ჩატარებული ყველა კვლევა აჩვენებს, რომ ხალხი ქუჩის აქციებით დაიღალა და მხარს არ უჭერს პოლიტიკური ბრძოლის ამ მეთოდს. მაგრამ, როგორც ზევით აღვნიშნეთ, ოპოზიციას კვლევების და მეცნიერების არ სჯერა მათ უფრო ვარსკვლავმრიცხელების და მკითხავების აზრი მიაჩნიათ საიმედოდ. რას იზამ, როგორც იტყვიან, ყველას თავისი რწმენის მიხედვით მიეზღოს. დაველოდოთ, რა იქნება შემდეგ.