RSS ბოლო ნომერი მობილური ვერსია
24 saati
23 მაისი, ხუთშაბათი 2013
თბილისი ... ...
ამბები >>

პლაგიატი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეგიდით?

რამდენიმე დღის წინ მეგობარმა ჟურნალის "ძველი ხელოვნება - დღეს", (N1, 2010 წელი) ელექტრონული ვერსია გადმომიგზავნა.

24 საათი 06.05.12

  •   aa
    ბაგრატის ტაძარში აღმოჩენილი უნიკალური სამარხი
  •   aa

რამდენიმე დღის წინ მეგობარმა ჟურნალის "ძველი ხელოვნება - დღეს", (N1, 2010 წელი) ელექტრონული ვერსია გადმომიგზავნა.

ჟურნალი გამოიცემა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული სააგენტოს მიერ. მისი მთავარი რედაქტორია სააგენტოს დირექტორი, ბ-ნი ნიკოლოზ ვაჩეიშვილი.

გამოცემის მიმართ ჩემი ინტერესი კიდევ უფრო გაიზარდა, როდესაც ვნახე, რომ პირველივე სტატია ბაგრატის ტაძარში მიმდინარე არქეოლოგიურ კვლევებს ეძღვნებოდა, რადგან ეს საკითხი ჩემი სამეცნიერო ინტერესების სფეროშიც მოექცა 2009 წელს. კერძოდ, საქმე ეხება სტატიას - "არქეოლოგიური კვლევები ბაგრატის ტაძარში", რომლის ავტორებიც არიან არქეოლოგი პროფესორები, ბ-ნები ომარ ლანჩავა და როლანდ ისაკაძე.

დავიწყოთ წინაისტორიით. 2009 წლის 5 აგვისტოს როგორც სამეცნიერო, ასევე ფართო საზოგადოებისთვის ტელევიზიებისა და საინფორმაციო სააგენტოების საშუალებით ცნობილი გახდა, რომ ქუთაისში, ბაგრატის საკათედრო ტაძრის ფუნდამენტის გამაგრებითი სამუშაოების დროს, ტაძრის დასავლეთ კარიბჭის შიგნით, მიკვლეულ იქნა უნიკალური სამარხი. იგი ეკუთვნოდა უცნობ, წარჩინებულ ქალბატონს და გამოირჩეოდა თავისი მდიდრული ინვენტარით (ოქროს სამკაულები, მათ შორის, ძვირფასი თვლებით), რაც იშვიათია აღნიშნული ხანის ქრისტიანული სამარხებისთვის. სპეციალისტები სამარხს ათარიღებდნენ VIII-IX საუკუნეებით.

ამ სენსაციური აღმოჩენის და სამარხში დაკრძალული ქალაბატონის იდენტიფიკაციის შესახებ ტელევიზიასა თუ ბეჭდურ პრესაში მრავალი, ძირითადად, ურთიერთსაწინააღმდეგო მოსაზრება გამოითქვა - სამარხს VI საუკუნიდან XIII საუკუნის დასაწყისამდე პერიოდში ათავსებდნენ და ცნობილ თუ უცნობ, სამეფო გვარის სხვადასხვა ქალბატონს მიაკუთვნებდნენ. ჩემი ყურადღება იმთავითვე მიიპყრო მიცვალებულის დაკრძალვის, ერთი შეხედვით უცნაურმა, "არაქრისტიანულმა" წესმა (კოჭებთან გადაჯვარედინებული ფეხები და ერთი ხელი მკერდთან, ხოლო მეორე მენჯთან) და სამარხის დათარიღებამ (VIII ს.).

ჩემი 8 გვერდიანი წერილი, ამ საკითხთან დაკავშირებით, გამოქვეყნდა გაზეთში "24 საათი" 10 აგვისტოს, ანუ აღმოჩენის გახმაურებიდან სულ რაღაც 5 დღეში (იხ. ნ. ნიკოლოზიშვილი, ბაგრატის ტაძარში დაკრძალული ქალბატონის იდენტიფიკაციისთვის, გაზ. "24 საათი", 2009, 10 აგვისტო, N176 (2214)). მიუხედავად იმისა, რომ სტატია საგაზეთო იყო, ჩემი თხოვნით, გაზეთის რედაქციამ მას შენიშვნების სახით დაურთო წყაროებისა და იმ სამეცნიერო ლიტერატურის სია, რომელთაც ჩემი გამოკვლევის დროს ვეყრდნობოდი (რისთვისაც მადლობას მოვახსენებ გაზ. "24 საათის" რედაქციას; როგორც აღმოჩნდა, ეს სწორი გადაწყვეტილება იყო). უნდა აღინიშნოს, რომ სტატიის წერისას მე საქართველოში არ ვიმყოფებოდი და საკითხის კვლევისას, ძირითადად, ვეყრდნობოდი ელექტრონულ მედიაში გავრცელებულ სპეციალისტთა ინტერვიუებსა და გამონათქვამებს (მათ შორის, ბ-ნ ლანჩავასი, რაც სტატიაში აღინიშნა კიდეც), აგრეთვე პირად საუბრებს ნაცნობ სპეციალისტებთან (არქეოლოგი - იულონ გაგოშიძე, ხელოვნების ისტორიკოსები - ირინე კოშორიძე, არქიტექტორები - ნ. ვაჩეიშვილი და სხვები), რომელთა ნაწილმაც სამარხი გათხრის პროცესში უშუალოდ მოინახულა. ამ ინფორმაციებზე დაყრდნობით ჩემი კვლევა წარიმართა ორი მიმართულებით: 1. საისტორიო წყაროების მეშვეობით უნდა გამომეკვლია, თუ ვინ შეიძლებოდა ყოფილიყო VIII საუკუნის ტაძრის ნართექსში დაკრძალული ქალბატონი; და 2. საიდან უნდა მოდიოდეს ფეხებგადაჯვარედინებული დაკრძალვის წესი VIII საუკუნის საქართველოში, რას უნდა ნიშნავდეს დაკრძალვის ეს წესი და როგორ უნდა მოხვედრილიყო იგი ეგრის-აფხაზეთის დედაქალაქ ქუთაისში. კვლევის საბოლოო დასკვნა ასეთი იყო:

"ქართულ საისტორიო წყაროებსა ("მატიანე ქართლისა", ვახუშტი ბაგრატიონი) და წინასწარი არქეოლოგიური მონაცემების საფუძველზე, ბაგრატის ტაძარში 2009 წლის 4 აგვისტოს აღმოჩენილი დიდგვაროვანი ქალბატონის სამარხი, ჩემი ვარაუდით, უნდა ეკუთვნოდეს აფხაზეთ-ეგრისის მეფის, ლეონ II-ს დედას, ხაზართა ხაკანის ასულს, რომელიც გარდაცვლილა აფხაზთა სამეფოს დედაქალაქის ქუთაისში გადმოტანის შემდეგ (VIII ს-ის 80-იანი წლების დასაწყისი) და დაკრძალულა მისი შვილის მიერ აგებული ლეონიდების დინასტიის საგვარეულო ტაძრის ნართექსში, რომლის ნაცვლადაც, შემდეგ, ბაგრატის საკათედრო ტაძარი აიგო".

რაც შეეხება ბაგრატის ტაძარში დაკრძალული ქალბატონის დაკრძალვის წესს, ამასთან დაკავშირებით, მიმოვიხილავდი რა არქეოლოგიურ სამეცნიერო ლიტერატურაში გამოთქმულ აზრებს ამგვარი წესის გავრცელების დროსა და არეალის შესახებ, ვასკვნიდი:

"ვფიქრობ აშკარაა, რომ ფეხებგადაჯვარედინებული და ხელის მტევნის მენჯზე დასვენების ნიშნებით იგი უნდა დავუკავშიროთ ჩრდილოეთ კავკასიას, კერძოდ კი ხაზართა ხაკანატს (ვიმეორებ, არა ეთნიკურად), რომელიც VIII საუკუნეში იმ რეგიონის უმთავრეს პოლიტიკურ ძალას წარმოადგენდა".

აქვე უნდა აღვნიშნო ერთი რამ, კერძოდ, მიუხედავად იმისა, რომ დღესაც დარწმუნებული ვარ ჩემს მიერ გამოთქმულ მოსაზრებათა სისწორეში, მე მას ვუწოდე ვარაუდი და თუ რატომ, ეს წერილშივე ვთქვი - საჭიროა მიცვალებულის ნაშთების სანდო და დეტალური ანთროპოლოგიური ანალიზი, ისევე, როგორც სამარხში არსებული სამკაულების დეტალური ანალიზი, მათი ანალოგების მოძიებისა და დადგენის მიზნით. ამ ორ საკითხზე, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ჯერ კიდევ არ დასრულებულა კვლევა.

ახლა კი დავუბრუნდეთ ისევ ჟურნალში "ძველი ხელოვნება - დღეს" დაბეჭდილ ბ-ნ ომარ ლანჩავასა და ბ-ნ როლანდ ისაკაძის სტატიას. სტატია ეხება ბაგრატის ტაძარში ჩატარებული არქეოლოგიური გათხრების შედეგებს 1984 წლიდან 2010 წლამდე, განსაკუთრებით კი 2005-2010 წლის პერიოდს. მასში, ბუნებრივია, ავტორებმა გვერდი არ აუარეს ჩვენთვის საინტერესო სამარხსაც (N50). აღნიშნულ სამარხთან დაკავშირებით ავტორთა მსჯელობა შემდეგი თანმიმდევრობით არის გადმოცემული:

1. სამარხის დეტალური აღწერა და მისი მდგომარეობა გახსნისას;

2. სამარხში დაკრძალული მიცვალებულის დაკრძალვის წესის ინტერპრეტაცია;

3. ანთროპოლოგთა წინასწარი დასკვნის გადმოცემა; მიცვალებულის წარმომავლობისა და იდენტიფიკაციის საკითხი;

4. სამარხის ინვენტარის (სამკაულები) აღწერა და მათი შესაძლო კავშირები იმდროინდელ მსოფლიოსთან.

პირველ საკითხთან დაკავშირებით პრობლემა არ არსებობს, ორივე ავტორი სამარხის გახსნისას იქ ბრძანდებოდა და მისი აღწერის სისწორე და ავთენტურობა ეჭვს არ იწვევს, მაგრამ, სტატიის შემდგომი პასაჟების გაცნობისას აღმოჩნდა, რომ სამარხთან დაკავშირებული უმთავრესი იდეა - მიცვალებულის დაკრძალვის წესის ინტერპრეტაცია და მისი იდენტიფიკაცია, უცერემონიოდ იქნა მითვისებული ჩემი ზემოთ მითითებული წერილიდან. ამ საკითხებთან დაკავშირებული სამეცნიერო ლიტერატურაც სწორედ ამავე წერილიდანაა აღებული. ჩემი სახელის ხსენება კი არც თავად სტატიაშია და არც მის სქოლიოებში. საქმე გვაქვს აშკარა პლაგიატთან, რაც მეცნიერებასთან და ბ-ნების ლანჩავასა და ისაკაძის სამეცნიერო რეგალიებითან აშკარად შეუთავსებელი რამ არის. ქვემოთ თვალსაჩინოებისთვის მომაქვს შესაბამისი ციტატები ჩემი საგაზეთო სტატიიდან და ლანჩავა-ისაკაძის სტატიიდან (ჩემს ციტატებს არ ვუთითებ გვერდებს, რადგან ის საგაზეთო სტატიიდანაა და შესაბამისად, ამისი ტექნიკური საჭიროება არ არსებობს).

- ნ. ნიკოლოზიშვილი:

"როგორც ზემოთ ითქვა, ფეხებგადაჯვარედინებული დაკრძალვის წესი არ შეიძლება დავაკავშიროთ ერთ რომელიმე ეთნოსთან ... ის, რომ ქრისტიანი ქალბატონის დასაფლავების წესში ეს წარმართული მიკროდეტალი იჩენს თავს, ვფიქრობ არ უნდა იყოს დიდი დაბრკოლება".

ლანჩავა-ისაკაძე:

"მიცვალებულის დამხრობა კანონიკურად ქრისტიანულია, ხელებისა და ფეხების პოზაში კი წარმართული მიკროდეტალები ჩანს. მარჯვენა ხელი ედო მკერდზე, მარცხენა კი მენჯზე. მარჯვენა ფეხის მუხლს ქვემოთა ძვლები გადაჯვარედინებული (გადალაგებული) იყო მარცხენა ფეხზე" (გვ. 10).

- ნ. ნიკოლოზიშვილი:

"ფეხებგადაჯვარედინებული მიცვალებულის სამარხი აღმოჩენილია წებელდაში, აბგიძრახუს გვიანანტიკური ხანის ორ სამარხში (N9 და N54). ამგვარი დაკრძალვის წესში, წებელდის სამაროვნის გამთხრელი აფხაზი არქეოლოგი მ. თრაფში სარმატული დაკრძალვის ტრადიციას ხედავს".

ლანჩავა-ისაკაძე:

"ფეხებგადაჯვარედინებული სამარხები დადასტურებულია წებელდაშიც, აბგიძრახუს სამაროვანზე (N9 და 54 სამარხები). მ. თრაპში მათში სარმატული დაკრძალვის წესს ხედავს" (გვ. 11).

- ნ. ნიკოლოზიშვილი:

"ფეხების გადაჯვარედინების წესმა ყველაზე დიდი გავრცელება ჰპოვა თავიდან (ძვ. წ. I ს. - I ს. ახ. წ.) ყუბანზე მეოტებთან (11,1%), სარმატებთან კი მხოლოდ II-III სს. ახ. წ. მაგრამ ამ შემთხვევაშიც ეს ნიშანი შეადგენს 7%-ზე ნაკლებს (366 სამარხიდან). ვფიქრობ, რომ არც მეოტებისთვის და არც სარმატებისთვის წესის ეს დეტალი არ შეიძლება განხილულ იქნას, როგორც ეთნიკური ნიშანი" (გვ. 11).

ლანჩავა-ისაკაძე:

"ასეთი პოზა გვხვდება ყუბანისპირეთში მეოტებთან ძვ. წ. I-ახ. წ. I სს-ში (სამარხების 11 %), სარმატებთან მხოლოდ II-III სს-ში (7 %, 366 სამარხიდან) ... არ განეკუთვნება რომელიმე კონკრეტულ არქეოლოგიურ კულტურას და მითუმეტეს არ წარმოადგენს ეთნიკურ მახასიათებელს" (გვ. 11).

- ნ. ნიკოლოზიშვილი:

"დაღესტნის რესპუბლიკის შამილის რაიონის სოფ. ურადას (ავარეთი) ქრისტიანულ სამაროვანში დაფიქსირებულია ქრისტიანთა დაკრძალვის ფაქტები წვივებში გადაჯვარედინებული ფეხებით (N2, 3, 4 და 5 სამრხები). ურადას სამაროვანი სპეციალისტთა მიერ დაახ. X-XIV სს-ებით თარიღდება".

ლანჩავა-ისაკაძე:

"ასეთი პოზა გვხვდება ... X-XIV სს-ით დათარიღებულ დაღესტნის ქრისტიანულ სამარხებში (ურადის სამაროვნის N2-3-5 სამარხები)" (გვ. 11).

 

- ნ. ნიკოლოზიშვილი:

"აღნიშნული დაკრძალვის წესი გავრცელებული ყოფილა ჩრდილოეთ კავკასიასა და მის მთისწინეთში ... ე. წ. სალტოვო-მაიაცკის, ანუ ხაზართა ხაკანატის კულტურას განეკუთვნება (განფენილია მდ. სევერსკი დონეცის ტყე-სტეპებში)".

ლანჩავა-ისაკაძე:

"ფეხების ასეთი პოზა ხშირად დასტურდება სამხრეთ რუსეთის, სამხრეთ-აღმოსავლეთ უკრაინის სტეპებისა და ჩრდილო კავკასიის იმ რეგიონების ძეგლებზე, რომლებიც სალტოვო-მაიაცკის (ხაზართა ხაკანატის) კულტურის არეალშია მოქცეული" (გვ. 10).

- ნ. ნიკოლოზიშვილი:

"ქალთა სამარხების უმრავლესობაში, რომლებიც ამულეტებით იყვნენ შემკულნი, მიცვალებულებს ფეხები ჰქონდათ გადაჯვარედინებული (ე. ი. შეკრული), ან კიდევ კიდურები ნაწილობრივ, ან მთლიანად ჰქონდათ დაზიანებული. ... სავარაუდოდ ეს ქალები სახლის ქურუმები უნდა ყოფილიყვნენ"

ლანჩავა-ისაკაძე:

"ფეხების გადაჯვარედინება (შეკვრა), ძვლების საგანგებოდ არევა, ან ფეხის თითების ნაწილობრივი ამოცლა ამ კულტურის ძეგლებზე სავარაუდოდ ქურუმი ქალების სამარხებშია დაფიქსირებული" (გვ. 10-11).

- ნ. ნიკოლოზიშვილი:

"ჩემი აზრით, ბაგრატის ტაძარში აღმოჩენილი საფლავი უნდა ეკუთვნოდეს აფხაზთა მეფის, ლეონ II-ს (755-800 წწ.) დედას, რომელიც ხაზართა ხაკანის ასული იყო. ... ლეონ II-მ სწორედ ამ ნათესაური კავშირის წყალობით, ხაზართა შემწეობით, თავი დააღწია ბიზანტიაზე დამოკიდებულებას, თავი მეფედ გამოაცხადა ... აქედან გამომდინარე, სრულიად შესაძლებელია, რომ ბაგრატის ტაძარში აღმოჩენილი სამარხი სწორედ ლეონიდების სამეფო დინასტიის დედამთავარს, ხაზართა ხაკანის ასულს ეკუთვნოდეს. ბუნებრივია, რომ მას მნიშვნელოვანი როლი უნდა ეთამაშა ხაზართა ხაკანის მიერ ლეონ მეფისათვის პოლიტიკური მხარდაჭერის აღმოჩენის საქმეში. .. სრულიად ლოგიკურია ვიფიქროთ, რომ ეს შეიძლება იყოს ლეონ II-ს დედის, ხაზართა ხაკანის ასულის საფლავი."

ლანჩავა-ისაკაძე:

"როგორც ცნობილია, ლეონ II დედა ხაზართა მეფის ასული იყო. ლეონ II სამეფო კარს მჭიდრო ურთიერთობა ჰქონდა ხაზარეთთან და კვლევის ამ ეტაპზე ფრთხილი ვარაუდის დონეზე არ გამოირიცხება გარდაცვლილის, რომელიც უთუოდ სამეფო ოჯახის წევრი იყო, ამ სამყაროდან წარმომავლობა" (გვ. 11).

ახლა რაც შეეხება ო. ლანჩავას და რ. ისაკაძის მიერ დამოწმებულ ლიტერატურას: ზემოთ მოტანილი მსჯელობის წყაროებით გასამყარებლად პროფესორები ამაშიც ჩემ მიერ სტატიაში მოყვანილ ლიტერატურას იყენებენ. ესენია:

- С.А. Плетнева, "Амазонки" как социально-политическое явление, "Культура славян и Русь". М., 1998 г., стр. 529-537;

- М. Г. Мошкова, К вопросу о катакомбных погребальных сооружениях как специфическом этническом определителе, История и культура сарматов. Саратов, 1983, стр. 30-31;

- П. Тахнаева, Христианская кулътура средневековой Аварии ( VII-XVI вв.) в контексте реконструкции политической истории, Махачкала, 2001, стр. 243-2454;

- М. Трапш, Култура Цебельдинских некрополей, Труди, Т. 3, ТБ. 1971. стр. 121.

 

ვინმემ შესაძლოა თქვას, რომ რა მოხდა მერე, ეს ლიტერატურა ხომ ყველასთვის ხელმისაწვდომია და, მითუმეტეს, არქეოლოგებისთვის, მაგრამ აქ რამდენიმე გარემოებაა გასათვალისწინებელი: 1. საკითხებზე მსჯელობისას სპეციალისტ არქეოლოგებს, ლოგიკური იქნებოდა მოეძებნათ ჩემზე ოდნავ მაინც უფრო მეტი და ოდნავ მაინც ჩემგან განსხვავებული ლიტერატურა (არადა, გარდა ზემოთ დასახელებული ლიტერატურისა, ჩემ წერილში ამ საკითხებზე დამატებით კიდევ ერთ ათეულზე მეტი ლიტერატურაა მითითებული); 2. ლიტერატურის ნაწილზე, რომელიც მე დამოწმებული მაქვს არაპირდაპირ, სხვა ნაშრომთა მეშევეობით, სქოლიოში მითითებული მაქვს კიდეც შუალობითი წყარო. მითითებული მაქვს, ასევე, ინტერნეტბმულები შრომებზე, რომლებიც ინტერნეტში შეუძლია ყველა დაინტერესებულ პირს მოიპოვოს. ლანაჩავა და ისაკაძე კი ამას არ აკეთებენ, რათა საქმე ისე წარმოაჩინონ, თითქოსდა ეს ლიტერატურა მათ უშუალოდ სამეცნიერო ბიბლიოთეკებში მოიპოვეს (აღსანიშნავია, რომ მითითებული 4 ლიტერატურიდან 2 საერთოდ არ არის საქართველოს ბიბლიოთეკებში); 3. ის ფაქტი, რომ ამ 4 დასახელებული ლიტერატურის მითითებისასაც კი სტატიის ავტორები უშვებენ არაერთ შეცდომას, იმაზე მეტყველებს, რომ მათ ეს ლიტერატურაც კი არ გაუცვნიათ საფუძვლიანად - ერთ შემთხვევაში მითითებულია ერთი ავტორის (Мошкова) გვარი და ნაშრომი, მაგრამ მიწერილი აქვს სხვა ავტორის (Плетнева) ნაშრომის გვერდები; Мошкова-ს შრომის გვერდების მითითებისას კი, ნაცვლად 29-30 გვერდებისა, შეცდომით მითითებულია 30-31 გვერდები.

ასე რომ, პლაგიატი სახეზეა. ის, რომ პატივცემული ბატონები, ო. ლანჩავა და რ. ისაკაძე იცნობენ ჩემს წერილს. ეს სრულიად აშკარად ჩანს ზემოთ მოტანილი ციტატებიდან. ჩემი წერილი, გავიმეორებ, დაიბეჭდა 2009 წლის 10 აგვისტოს, აღმოჩენიდან სულ რაღაც ხუთ დღეში და შემიძლია სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო, რომ 10 აგვისტომდე არც ერთ სპეციალისტს, მათ შორის არც ლანჩავასა და არც ისაკაძეს, არ აქვს გამოთქმული ის მოსაზრებები, რაც მე გამოვთქვი: რომ ბაგრატში დაკრძალული ქალბატონი, სავარაუდოდ, უნდა იყოს ლეონ II-ს დედა, ხაზართა მეფის ასული და რომ VIII საუკუნეში ფეხებგადაჯვარედინებული დაკრძალვის წესის გავრცელების არეალი გახლდათ ჩრდილოეთ კავკასია და ხაზართა ხაკანატის პოლიტიკური და კულტურული გავლენის ქვეშ მყოფი ტერიტორიები.

ბ-ნებმა ლანჩავამ და ისაკაძემ 5-დან 10 აგვისტომდე არაერთი ინტერვიუ მისცეს, როგორც ელექტრონულ, ისე ბეჭდურ მედიას და თუ მე ვცდები, მიგვითითონ ის ინტერვიუ, სადაც მსგავსი აზრები ჰქონდათ მანამდე გამთქმული, მაგრამ საქმე ისაა, რომ ამგვარი რამ ბუნებაში არ არსებობს. სამაგიეროდ გვაქვს ო. ლანჩავას მოგვიანო, 10 აგვისტოს შემდგომდროინდელი, 2009 წლის 18 სექტემბრის ინტერვიუ სააგენტო psnews-თან (18.09.2009, http://www.psnews.info/php/newsshow.php?lang=geo&t=1&uid=258), საიდანაც ცხადად ჩანს, რომ იგი თანდათანობით ემზადება იმისთვის, რომ ცოტა დრო გავიდეს, ჩემი სტატია საზოგადოებამ მიივიწყოს და შემდეგ მასში გამოთქმული აზრები თავისად გაასაღოს. ამასთან დაკავშირებით ნიშანდობლივია მისი სიტყვები ზემოთ მითითებული ინტერვიუდან:

"სამარხის შესახებ ატყდა ერთი მიეთ-მოეთი, ისეთმა ადამიანებმა გააკეთეს კომენტარი და ისეთი არაკვალიფიციური, რომ მე შემრცხვა ... ტელევიზიით რა არ თქვეს: თამარის საფლავიო, მედეას ბაღებიო... სიმონ მასხარაშვილმა თქვა - 560 წელს არის დაკრძალულიო. არადა, სიმონი საერთოდ არ იცნობდა ამ საკითხს ... აქ სიმონი არ ყოფილა, არც მარიამ ლორთქიფანიძე. ერთხელ, ჩვენი მოწვევით, ჩამოსული იყო იულონ გაგოშიძე, არქეოლოგი, მაგრამ ვერაფერი თქვა, ეს სამარხი იმდენად ამოვარდნილია კონტექსტიდან, არ არის მყარი კავშირი წინა კულტურასთან. იმდენად განსხვავებულია ეს ნივთები, რომ ნამდვილად დააეჭვებს კაცს, ხომ არ არის ეს არაქართული? ვერც გაგოშიძემ თქვა რამე და ვერც მისმა მეუღლემ და შვილმა, რომლებიც ხელოვნებათმცოდნეები არიან (sic. ი. გაგოშიძის მეუღლე, ქ-ნი თ. ქუთელია ისტორიკოსაია. ნ.ნ.). ბათუმიდან ჩამოსული იყო ამირან კახიძე, ის სამარხების კარგი სპეციალისტია, თან ახლდა ინგლისელი მეცნიერი ვიკერსი; დამუნჯდნენ, არ ვიცით, რა არისო. ამ საქმეს აჩქარება არ უხდება, თან არც სხვის კომპეტენციაში უნდა ჩაერიო".

 

შემდეგ ბ-ნი ლანჩავა აგრძელებს:

"სამკაულების ჩაყოლება ქრისტიანებმა არ იციან, ამიტომაცაა ამოვარდნილი კონტექსტიდან, თავისი წარმომავლობით უფრო ჩრდილოეთისკენ იხრება. დავადგენთ ყველაფერს. ამერიკელებთან დავამყარეთ ძალიან კარგი ურთიერთობა, იქ უნდა გავაკეთოთ დნმ-ს ანალიზი. მასალას ვიკვლევთ ლიტერატურაში, ინტერნეტში. აჩქარებული დასკვნები არ გვინდა დავდოთ."

ხომ ნათელია, რომ ამ ინტერვიუში ძალიან ფრთხილად შემოაპარა საზოგადოებას ბ-ნმა ლანჩავამ "არაქართული", "ჩრდილოური" ვარიანტი, რაც სხვა არაფერია, თუ არა ჩემი ვერსიის არამეცნიერული, ფოლკლორული გადმოცემა, ხაზართა ხაკანის ასულის შესახებ. იქვე ბ-ნი პროფესორი ორ მნიშვნელოვან გაფრთხილებას გვაძლევს: ერთი, რომ საქმეს აჩქარება არ უხდება და ნაჩქარევი დასკვნები არ უნდა გამოვიტანოთ და მეორე, რომ სხვის კომპეტენციაში არ უნდა ჩავერიოთ. ვინ არის ამ გაფრთხილებების ადრესატი? მის მიერ ზემოთ ნახსენები სვიმონ მასხარაშვილი და მარიამ ლორთქიფანიძე ისტორიკოსები არიან; იულონ გაგოშიძე, ამირან კახიძე და ინგლისელი ვიკერსი - არქეოლოგები (იგულისხმება "დამუნჯებული" მაიკლ ვიკერსი, ოქსფორდის უნივერსიტეტის პროფესორი); უსახელოდ მოხსენიებული იულონ გაგოშიძის მეუღლე - თინათინ ქუთელია და შვილი - გიორგი (გიო) გაგოშიძე, შესაბამისად, - ისტორიკოსი და ხელოვნებათმცოდნე (ამავე ინტერვიუს დასაწყისში ბ-ნი ლანჩავა სვიმონ მასხარაშვილს გაუწყრა: "მთხრელები ამბობენო - ასე მოგვიხსენია. არადა, სახელი მაქვს არცთუ ისე ურიგო". მე მგონი, არც "თინათინი" და "გიორგი" არის ურიგო სახელები და ქ-ნი თინათინ ქუთელია და ბ-ნი გიორგი გაგოშიძე არც თავისი საქმის ურიგო სპეციალისტები არიან და რატომ უნდა მოიხსენიოს პროფესორმა ლანჩავამ ისინი იულონ გაგოშიძის მეუღლედ და შვილად, გაუგებარია! ს. მასხარაშვილის ქმედებაზე უკეთესი რითია პროფ. ო. ლანჩავას ქმედება?). ნუთუ ისტორიკოსთა, არქეოლოგთა და ხელოვნებათმცოდნეთა მიერ აზრის გამოთქმა ბაგრატის მდიდრული სამარხის საკითხზე სხვის კომპეტენციაში ჩარევაა? რატომ თვლის პატივცემული ო. ლანჩავა, რომ ამ საკითხზე მსჯელობა მხოლოდ მისი პრეროგატივაა და სხვას არ აქვს აზრის გამოთქმის, თუნდაც ის მცდარი გამოდგეს, უფლება?

აქვე მინდა მკითხველს გავაცნო თავად ბ-ნი ლანჩავას აბსოლუტურად მცდარი და ამავე დროს მეტად "ორიგინალური" აზრი (იმავე ინტერვიუდან) იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლებოდა მოხვედრილიყო ქრისტიანთათვის უჩვეულო ტრადიციების მქონე ქალბატონის ცხედარი ქრისტიანულ ტაძარში:

"შეიძლება, ეს ქალბატონი არ იყო ქრისტიანი, მაგრამ იმდენად პატივს სცემდა ქართველებს, რომ დამარხეს ქრისტანულ ტაძარში".

მკითხველი დამეთანხმება, რომ აღნიშნულ ციტატას, მეცნიერებასთან არავითარი კავშირი არ აქვს, ბ-ნ ლანჩავას პასუხი იმდენად "ორიგინალურია", რომ ნამდვილად სცილდება არქეოლოგიის კომპეტენციას და მისი ანალიზი მეცნიერების სხვა დარგს განეკუთვნება. თუ მე ვცდები, მაშინ მიგვითითოს პატივცემულმა პროფესორმა თუნდაც ერთი ისეთი შემთხვევა ქრისტიანული ეკლესიის ისტორიაში, როდესაც ამა თუ იმ ერის პატივისცემის გამო (!!!) ვინმე არაქრისტიანი ქრისტიანულ ეკლესიაში რომ დამარხულიყოს. ამგვარი მსჯელობა დაფუძნებულია ქრისტიანობის ისტორიის და საღვთისმეტყველო-ლიტურგიკული პრაქტიკის სრულ უცოდინრობაზე. არ შეიძლება სხვას უკიჟინებდე არაკვალიფიციურობას და სამარცხვინო აზრების გამოთქმას და მეორე წუთში იმავეს შენ აკეთებდე. ამას ისევ ოქსფორდის უნივერსიტეტის პროფესორივით "დამუნჯება" სჯობს.

ამ წერილის წერისას დავინტერესდი ასევე ბ-ნების ო. ლანჩავას, რ. ისაკაძისა და ქ-ნ ნ. ქარცაძის ერთობლივი წერილით - "ქალის მდიდრული სამარხი "ქუთათისის საყდრიდან" (ახალი აღმოჩენა)" (ქუთაისის სახელმწიფო ისტორიული მუზეუმის შრომები, XIX. არქეოლოგია, ხელოვნების ისტორია. ქუთაისი, 2009, გვ. 17-20). ბედის ირონიით ისე მოხდა, რომ ამ წერილის წერისას, ბ-ნმა ომარმა პირადად გამომიგზავნა ეს სტატია ელფოსტით, როდესაც გაიგო, რომ მე მისით დავინტერესდი, რისთვისაც მადლობას მოვახსენებ. მინდა გითხრათ, რომ ეს ჩემთვის მოულოდნელი იყო, რადგან პატივცემულ პროფესორს მე პირადად არ ვიცნობ. ვნახოთ რა ვითარებაა აღნიშნულ წერილში პლაგიატის მხრივ. ამ პატარა სტატიაში ჩვენთვის საინტერესო საკითხებს ერთი აბზაცი ეთმობა:

"მიცვალებულს მარჯვენა ფეხის წვივი გადაწყობილი ჰქონდა მარცხენა ფეხზე. ფეხის თითები ნაკლული და გაბნეული დაგვხვდა. მსგავსი პოზა ქალის სამრახისათვის დადასტურებულია სამხრეთ რუსეთისა და ჩრდილო კავკასიის რეგიონებში, რომელიც ხაზართა კულტურის არეალშია მოქცეული: [Степи Евразии в Эпоху средневековья, М., 1981.] ასევე აზოვისპირეთის ძვ. წ. I ათასწლეულის ძეგლებზე [Якобсон А. Л., 1970] და დაღესტნის ქრისტიანულ სამაროვანზეც, რომელსაც X-XIV სს. ათარიღებენ. ასე რომ, დაკრძალვის ეს პოზა მაინცდამაინც ვინმეს ეთნიკურ მახასიათებელს არ წარმოადგენს".

დაკვირვებული მკითხველი ადვილად მიხვდება, რომ ეს პატარა აბზაცი 2009 წლის 10 აგვისტოს ჩემი სტატიის მოკლე რეზიუმეა. თუმცა, ამ შემთხვევაში, კვალის დასაფარად სულ სხვა სამეცნიერო ლიტერატურაა მითითებული და ისიც ერთობ უცნაურად: თავად ტექსტში მითითებულია ორი დასახელება Степи Евразии в Эпоху средневековья, М., 1981 და Якобсон А. Л., Раннесредневековые селские поселения юго-западной Таврики, МИА СССР., №168., 1970; დამოწმებული ლიტერატურის სიაში კი პირველი საერთოდ არ ფიგურირებს, სამაგიეროდ იქ დამატებულია ერთი ახალი დასახელება, კერძოდ - Седов В.В., Восточные славяне в VI-XIII вв., М., 1982. ამ სამი ნაშრომიდან ორს გვერდები მითითებული არ აქვს. Степи Евразии в Эпоху средневековья-ს შემთხვევაში, რომელიც ავტორთა კოლექტივს ეკუთვნის და მასში რვა სხვადასხვა ავტორის 25 შრომაა თავმოყრილი, არ აქვს მითითებული არც პასუხისმგებელი რედაქტორი (Плетнёва) და არც ის ავტორი და შრომა, რომელსაც იმოწმებენ და, როგორც ვთქვი, არც გვერდები. შესაბამისად, შეუძლებელია ამ 300 გვერდიან ნაშრომში გადაამოწმო, რამდენად მართებულადაა დამოწმებული აღნიშნული კრებული. ამავე მიზეზითვე, შეუძლებელია გადაამოწმო Седов-ის 328 გვერდიანი შრომის დამოწმების მართებულობა. რაც შეეხება Якобсон-ის შრომას, აქ, მართალია, სამი გვერდია მითითებული - 81, 139 და 141 და იფიქრებთ, რომ სწორედ ამ შრომას ეყრდნობოდნენ პატივცემული პროფესორები თავიანთი წერილის მზადებისას, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ამ სამიდან არცერთ გვერდზე, დაახლოებითაც კი არაა საუბარი იმაზე, რაზეც ავტორები საუბრობენ, ანუ იქ საერთოდ არაა ნახსენები არც ქალის ფეხებგადაჯვარედინული დაკრძალვის წესი და არც მსგავსი წესის არსებობა აზოვისპირეთში ძვ. წ. I ათასწლეულის ძეგლებზე. აქედან გამომდინარე, ნიშანდობლივია, რომ ამ სამი ნაშრომიდან, მოგვიანებით, 2010 წელს გამოქვეყნებული ლანჩავა-ისაკაძის სტატიის დამოწმებული ლიტერატურის სიაში, არცერთი აღარ ფიგურირებს, სამაგიეროდ, მათ ნაცვლად უკვე მხოლოდ ჩემი წერილიდან აღებული ლიტერატურაა მითითებული.

ბოლოს, თუ ერთობლიობაში განვიხილავთ ბ-ნი ო. ლანჩავას 2009 წლის 18 სექტემბრის ინტერვიუს, ლანჩავა-ისაკაძე-ქარცაძის 2009 წლის და ლანჩავა-ისაკაძის 2010 წლის სტატიებს, ვნახავთ თუ როგორ "ოსტატურად" და ეტაპობრივად ხდებოდა ჩემ სტატიაში გამოთქმული მოსაზრებებისა და დასკვნების მათ მიერ მითვისება, როგორ პროგრესირებდა პლაგიატ პროფესორთა ქმედება: ჯერ ინტერვიუში ბ-ნმა ლანჩავამ ლამის ფოლკლორის დონეზე შემოგვაპარა ბაგრატის ტაძარში დაკრძალული ქალბატონის "არაქართველობა" და "ჩრდილოელობა"; შემდეგ ლანჩავა-ისაკაძე-ქარცაძის სტატიაში ეს აზრი უკვე ძალიან მოკლედ, "მეცნიერულად" გაფორმდა სრულიად არაადეკვატური ლიტერატურის მეშვეობით, რათა შედავების შემთხვევაში ემტკიცებინათ, რომ ისინი დამოუკიდებლად, ჩემგან განსხვავებული ლიტერატურის საფუძველზე მივიდნენ ანალოგიურ აზრამდე; დაბოლოს, რადგან საქართველოში ჩემი არყოფნის გამო, შემდავებელიც არავინ გამოჩნდა, ორმა პოფესორმა, ლანჩავამ და ისაკაძემ უკვე თამამად გადაიწერეს მთელი პასაჟები, თავისი დასკვნებითურთ, ჩემი სტატიიდან. აქვე, სრული უარი თქვეს ადრინდელ, მათ მიერ მოძიებულ, არაადეკვატურ ლიტერატურაზე და მიუთითეს ჩემს წერილში მითითებული ლიტერატურა, რომელიც ზუსტად ასაბუთებს იმ დასკვნებს, რომლებიც მათ მიითვისეს.

ბ-ნი ო. ლანჩავას ზემოთ ციტირებული ინტერვიუდან ნათელია, სავარაუდოდ, რა პასუხებს გამცემენ, თუ საერთოდ ექნათ ამის ხალისი, ამ მამხილებელ სტატიაზე და რა იქნება მათი პათოსი: ნიკოლოზიშვილი არ არის არქეოლოგი და სხვის კომპეტენციაში ნუ ერევა... ნიკოლოზიშვილს სამარხიც კი არ უნახავს ... და ა.შ და ა.შ. იმედი მინდა გამოვთქვა, რომ ბატონი პროფესორები არ შეეცდებიან ამ და მსგავსი, თითიდან გამოწოვილი, "არგუმენტების" გამოყენებას საპასუხო წერილში (თუკი ასეთი იქნება), რადგან კიდევ უფრო უსუსურ მდგომარეობაში ჩაიგდებენ თავს.

არც ის გამოდგება პასუხად, რომ ზემოთ განხილული მათი წერილები მხოლოდ არასრულყოფილი, წინასწარი ანგარიში იყო და ამიტომაც არ მიუთითეს ჩემი სტატია, რომელსაც მომავალში, ე.წ. საბოლოო დასკვნით წერილში მიუთითებენ. ამას არანაირი გამართლება არ აქვს. დარწმუნებული ვარ კვლევა არც ჩემით და არც ლანჩავა-ისაკაძით დამთავრდება, ყოველთვის შეიძლება გამოჩნდეს ახალი გარემოებები, რომლებიც თუ არ შეცვლიან საკითხზე წარმოდგენას, გააღრმავებენ მაინც ჩვენს ცოდნას ამ მხრივ. ამიტომაც, მოუთმენლად ველი სანდო, უახლეს მეთოდებეზე დაფუძნებულ ანთროპოლოგიურ დასკვნას და სამარხში ნაპოვნი სამკაულების შესახებ ხელოვნების ისტორიკოსთა დეტალურ, მაღალკვალიფიციურ ანალიზს, რათა მათ საფუძველზე შესაძლებელი გახდეს სრულფასოვანი მეცნიერული დისკუსიის წარმართვა. ამ პროცესის ნებისმიერ, ხაზს ვუსვამ, ნებისმიერ ეტაპზე, ნებისმიერი დონის სამეცნიერო ჟურნალსა თუ საგაზეთო სტატიაში, რა მოცულობისაც უნდა იყოს ის, მეცნიერი ვალდებულია შეინარჩუნოს თავისი სამეცნიერო ღირსება და არ შელახოს სხვისი საავტორო უფლებები.

საბოლოოდ, კიდევ მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ ბაგრატის ტაძარში დაკრძალული ქალბატონის იდენტიფიკაცია და მისი დაკრძალვის წესის განმარტება, რასაც მთლიანად ეძღვნებოდა ჩემი წერილი, არის ის ძირითადი და არა მეორეხარსიხოვანი თემა, რომელიც ყველაზე მეტად არის საინტერესო არამარტო ჩვენი საზოგადოებისთვის, არამედ მე-8 საუკუნის საქართველოს და, ზოგადად, კავკასიის ისტორიის რეკონსტრუქციისათვის და სწორედ ამიტომ ენიჭება დიდი მნიშვნელობა იმას, თუ ვინ, სად და როდის გამოთქვა ეს მოსაზრებები პირველად. ამასთან დაკავშირებით, მინდა პატივცემულ პროფესორებსა და ჟურნალის "ძველი ხელოვნება - დღეს" რედაქციას შევახსენო, რომ საავტორო უფლებები საქართველოში "საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ" კანონით რეგულირდება, რომლის მე-14 მუხლში მოცემულია განმარტება მედიის საავტორო უფლებების შესახებ: "დაუშვებელია გაზეთში, ჟურნალში ან სხვა პერიოდულ გამოცემაში შესული ნაწარმოებების გამოყენება სხვა პირის მიერ ამ გამოცემის, გამომცემლის ავტორის თანხმობის გარეშე". ამავე კანონის მიხედვით, იმ შემთხვევაში თუ მედია გამოიყენებს ინფორმაციის სხვა საშუალებაში გამოქვეყნებული ექსკლუზიურ მასალას, აუცილებელია დაიმოწმოს ის გაზეთი თუ ჟურნალი, სადაც ეს მასალა პირველად გამოქვეყნდა.

მინდა მკითხველმა ასევე იცოდეს, რომ მე ბ-ნ ლანჩავას და ბ-ნ ისაკაძეს მეილით, პირადი წერილის საშუალებით შევთავაზე, მათთვის ამ უსიამოვნო სიტუაციიდან შედარებით უმტკივნეულო გამოსავალი, მაგრამ მათგან საპასუხს ვერ ვეღირსე და სწორედ ამან მაიძულა, რომ საკითხი საჯარო მსჯელობის საგნად გამეხადა. ამ ეტაპზე, ჩემი, როგორც პლაგიატისაგან დაზარალებულის, ერთადერთი მოთხოვნაა, რომ ჟურნალის - "ძველი ხელოვნება - დღეს" რედაქციამ თავის მომავალ ნომერში გამოთქვას მომხდართან დაკავშირებით თავისი გულისტკივილი, რადგან კულტურული მემკვიდრეობის დაცვაზე არანაკლებ მნიშვნელოვანი საავტორო უფლებების დაცვაა. პლაგიატის გზით კი კულტურულ მემკვიდრეობას ნამდვილად ვერც დავიცავთ და ვერც პოპულარიზაციას გავუწევთ.

ნიკოლოზ ნიკოლოზიშვილი

 

ყველაზე პოპულარული
  1. უცხოეთი >>

    aa
  2. ამბები >>

    aa
  3. განათლება >>

    aa
  4. სპორტი >>

    aa
  5. სპორტი >>

    aa
  6. კალათბურთი >>

    aa
  7. უცხოეთი >>

    aa
  8. რევიუ >>

    aa
  9. სპორტი >>

    aa
  10. სპორტი >>

    aa
  11. სპორტი >>

    aa
  12. ავტო >>

    aa
  13. ავტო >>

    aa
  14. ავტო >>

    aa
  15. ავტო >>

    aa
  16. ავტო >>

    aa
  17. ავტო >>

    aa
  18. ავტო >>

    aa
  19. ავტო >>

    aa
  20. ავტო >>

    aa
  21. ავტო >>

    aa
  22. ავტო >>

    aa
  23. ავტო >>

    aa
  24. ავტო >>

    aa
  25. ავტო >>

    aa
  26. ავტო >>

    aa
  27. ავტო >>

    aa
  28. საზოგადოება >>

    aa
  29. თვალსაზრისი >>

    aa
  30. ინტერვიუ >>

    aa
  31. პოლიტიკა >>

    aa
  32. უცხოეთი >>

    aa
  33. პრესომბუდსმენი >>

    aa
  34. თვალსაზრისი >>

    aa
  35. რევიუ >>

    aa
  36. რევიუ >>

    aa
  37. სტილი >>

    aa
  38. რევიუ >>

    aa
  39. რევიუ >>

    aa
  40. რევიუ >>

    aa
  41. რევიუ >>

    aa
  42. მარანი >>

    aa
  43. მარანი >>

    aa
  44. მარანი >>

    aa
  45. კულინარია >>

    aa
  46. კულინარია >>

    aa
  47. ავტო >>

    aa
  48. ავტო >>

    aa
  49. ავტო >>

    aa
  50. ავტო >>

    aa
  51. ავტო >>

    aa
  52. ავტო >>

    aa
  53. ავტო >>

    aa
  54. ავტო >>

    aa
  55. ავტო >>

    aa
  56. ავტო >>

    aa
  57. ავტო >>

    aa
  58. ავტო >>

    aa
  59. მეცნიერება >>

    aa
  60. მეცნიერება >>

    aa
  61. რევიუ >>

    aa
  62. საზოგადოება >>

    aa
  63. რევიუ >>

    aa
  64. ამბები >>

    aa
  65. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  66. რევიუ >>

    aa
  67. რევიუ >>

    aa
  68. სპორტი >>

    aa
  69. სპორტი >>

    aa
  70. სპორტი >>

    aa
   

ამბები
ბიზნესი
სპორტი
საზოგადოება
რევიუ
სტილი
თვალსაზრისი
ტენდერები
The New York Times
გაზეთ"24 საათის"
ელექტრონული არქივი
ავტორები
მობილურის ვერსია
RSS არხები
Twitter
სიახლეების გამოწერა
რეკლამის განთავსება
www.24saati.ge
გაზეთი "24 საათი"
კონტაქტი