ინტერვიუ გაბრიელ გარსია მარკესთან
24 საათი 20.02.10
ინტერვიუ გაბრიელ გარსია მარკესთან
- ვის თვლით თქვენს მასწავლებლად?
- ჩემთვის მასწავლებლები ის ადამიანები არიან, რომლებიც პიროვნების ჩამოყალიბებაზე, ცხოვრების გზის არჩევაზე, ნიჭისა და მიდრეკილებების განვითარებაზე ახდენენ გავლენას. ჩემს ცხოვრებაში ასეთები ბევრნი იყვნენ. პირველ ყოვლისა, პაპაჩემი დედის მხრიდან, პოლკოვნიკი ნიკოლას რიკარდო მარკეს მეხია. პაპა დახელოვნებული იუველირი იყო, ოქროსგან თევზებს, ბეჭდებს, ძეწკვებს, სამაჯურებს და სხვ. ამზადებდა. მის სახლში ვიზრდებოდი და ბევრი რამ მასწავლა, მიამბობდა სამოქალაქო ომების შესახებ, რომელთა მონაწილეც იყო, მიხსნიდა ბუნების მოვლენებს. მე კი რომელიმე სიტყვის მნიშვნელობაზე კითხვებს ვაყრიდი და ხშირად პაპა იძულებული ხდებოდა, დასახმარებლად ლექსიკონისთვის მიემართა. არ ყოფილა შემთხვევა, შვილიშვილის ხარბი ცნობისმოყვარეობა არ დაეკმაყოფილებინოს. ახლობლებიდან ჩემი მხოლოდ პოლკოვნიკ მარკესს ესმოდა. ბავშვობასა და ყმაწვილობაში ბევრს ვფანტაზიორობდი, ვთხზავდი, ამბებსა და არარსებულ მეგობრებს ვიგონებდი, ყველას ვარწმუნებდი, რომ მძიმე ავადმყოფი ვარ, თუმცა, სინამდვილეში, ჯანმრთელი ვიყავი. მინდოდა ცხოვრება უფრო საინტერესო გამეხადა, ნათელი ფერებით შემემკო. ამისთვის მეჩხუბებოდნენ, მატყუარასა და ლაქლაქას მეძახდნენ. ფანტაზიებისთვის მხოლოდ პაპა არ მკიცხავდა. ეტყობა, პატარა ცრუპენტელაში მომავალი მწერალი დაინახა. ერთხელ ვიღაცას ჩემ დახატულ კომიქსებზე უთხრა: "ისტორიებს აკვნიდანვე თხზავს". რვა წლის ვიყავი, პაპა რომ გარდაიცვალა. მთელი ჩემი სამწერლო შრომა - ეს არის ცდა, აღწერო, მიხვდე, რა მოხდა ჩემში და ჩემს გარემომცველ სამყაროში იმ რვა წელიწადში.
მეორე ადამიანი, რომელსაც ასევე შემიძლია მასწავლებელი ვუწოდო, - ლიცეუმში ჩემი ესპანური ენისა და ლიტერატურის პედაგოგი - კარლოს ხულიო კალდერონ ერმიდი იყო. მისი საყვარელი მოსწავლე ვიყავი. დონ კარლოსი დისციპლინის პრეფექტი იყო და როცა მორიგი გამოხდომისთვის მკაცრი სასჯელი მელოდა, მერხთან მსვამდა და მიბრძანებდა ხოლმე... მეორე დღისთვის მოთხრობა დამეწერა. წერისკენ სწორედ მან მიბიძგა. ჩემს პოეტურ ქმნილებებს მას ვუჩვენებდი და მისი ინიციატივით დაბეჭდა ისინი ლიცეუმის ლიტერატურულმა გაზეთმა. ყველა ლექსი მაშინდელ შეყვარებულს მივუძღვენი. კალდერონის წყალობით ერთი "ელ ტემპომაც" გამომიქვეყნა. იგი პირველი ადამიანი იყო, რომელსაც ჩემი პირველი წიგნი "ჩამოცვენილი ფოთლები" ვაჩუქე. ლიტერატურული მასწავლებლებიდან ოთხს გამოვყოფ. საერთოდ, ლიტერატურული გავლენა ძალზე საინტერესო რამ არის. ძალიან ახალგაზრდას კაფკას მოთხრობების კრებული "მეტამორფოზები" ჩამივარდა ხელში. მისი კითხვისას ნამდვილი შოკი დამემართა, გავიფიქრე: "აი, ის! თუ ლიტერატურა ეს არის, ესე იგი, წერა ღირს"... კაფკამ დამანახვა, რომ რასაც ლიტერატურისთვის აკრძალულად, დაუშვებლად ვთვლიდი, სინამდვილეში შეიძლება და უნდა აკეთო. ფურცელი და კალამი ავიღე და საწერად დავჯექი. პირველი ნაწარმოებები კაფკას გავლენით დავწერე. ისინი ყოველთვის შეაქვთ ჩემს ანთოლოგიებში. ეს არ მომწონს, რადგან ჩემი პირველი ლიტერატურული ოპუსები ზედმეტად ინტელექტუალიზებულია და საერთო არაფერი აქვთ არც ჩემს ცხოვრებასთან და არც, საერთოდ, რეალობასთან. ეს ის არ იყო, რისი თქმაც ადამიანებისთვის მინდოდა.
უილიამ ფოლკნერმაც ბევრი მასწავლა. უფრო სწორად, ჩემი მაშინდელი დასკვნები დამიდასტურა. მის მიერ აღწერილი სამყარო უზომოდ ჰგავს იმას, რის შესახებაც მინდოდა მეწერა. ფოლკნერი აშშ-ს სამხრეთში ცხოვრებაზე ჰყვება. ამ ადგილებს ბევრი საერთო აქვს კოლუმბიის კარიბის სანაპიროში მდებარე დასახლება არაკატაკასთან, სადაც ამქვეყანას მოვევლინე. საძოვრები, პალმები, თუთიით გადახურული სახლები, მატარებლის ვაგონები - ეს ყოველივე შტატების სამხრეთშიც არის და ჩემს მშობლიურ მხარეშიც. საქმე ისაა, რომ არაკატაკა ცნობილმა "იუნაიტედ ფრუთ კომპანიმ" ააშენა, რომელმაც თან მოტანა ამერიკული ყოფა-ცხოვრების წესი, სამხრეთის შტატების ატმოსფერო. სხვათა შორის, შტატები კარგა ხნის მანძილზე ლათინური იყო - მექსიკას ეკუთვნოდა, სანამ XX საუკუნის მეორე ნახევარში გრინგოები მიიტაცებდნენ. ასე რომ, ფოლკნერი თავისი იოკნაპატოფით, მიუხედავად ლათინო და ჩრდილოამერიკულ სამყაროს წყობასა და აღქმას შორის უფსკრულისა, ასევე ჩემი მიკროკოსმოსის ნაწილია.
ჩემზე უცნაური გავლენა მოახდინა ვირჯინია ვულფმაც. მისი პროზა ფანტასტიკურია და, რაც მთავარია, დროის საოცრად მძაფრი შეგრძნებით გამორჩეული. მან ყველაზე კონკრეტული, რეალური წამები, წუთები, საათები, დღეები აღბეჭდა, მაგრამ ამასთან შეინარჩუნა მთლიანად მარადისობის ტვიფრი. მისი წიგნები წერაში დამეხმარა. არ შემიძლია, ნიკარაგუელი პოეტი რუბენ დარიო არ ვახსენო. მის ლექსებში კარიბის ამერიკის განუმეორებელი, მაგიური სამყაროა. "პატრიარქის შემოდგომაში" - ჩემი ცხოვრების მთავარ წიგნში - დარიოს პოეზიას და კარიბის ხალხების ლექსებს ვათამაშებდი. ჩემი აზრით, დარიო დიდი ფეოდალური დიქტატორების ეპოქის ყველაზე ტიპური პოეტია. იგი ჩემთვის შეუცვლელი იყო პატრიარქის შესახებ წიგნის წერისას, მთელი რომანის განმავლობაში ვათამაშებდი მისი ლექსების საოცარ ენას. მის გარეშე რომანი არ შეიქმნებოდა.
- თქვენი ცხოვრებით და კარიერით კმაყოფილი ხართ?
- ამ შეკითხვაზე დადებითად გიპასუხებთ. ჩემს მდგომარეობაში სულ ცოტა, უცნაური იქნებოდა, ცხოვრებითა და კარიერით უკმაყოფილებლობის შესახებ მელაპარაკა. უფრო სწორი იქნება ვთქვა, არა ჩემს მდგომარეობაში, არამედ ჩემს ასაკში. 76 წლისა წიხლებს ისროდე, თავი მოგქონდეს "მარად ახალგაზრდული სულის" მოხუც ბატონად, რომელიც "ყველაფრის თავიდან დაწყებაზე" იცნებობს, - სისულელეა. ფიდელ კასტრო არ ვარ, რომელიც ახლაც მზად არის, დაუფიქრებლად გადაეშვას მორევში და რაღაც არაბუნებრივი, ჭაბუკური მგზნებარებით ცხოვრობს. მშურს მისი.
ვერ ვიტყვი, რომ წლები მაწუხებს. სიბერისთვის ყოველთვის მზად ვიყავი. ათი წლისას მეტსახელად "მოხუცს" მეძახდნენ, იმიტომ, რომ ბევრად უფროსი მინდოდა ვყოფილიყავი, და თანატოლების აზრით, მოხუცებულივით ვფიქრობდი და ვმსჯელობდი. ეს გადაულახავი სურვილი - ჩემს ასაკზე დიდი გამოვჩენილიყავი, კიდევ დიდხანს მდევდა. ჩემს თავს ხშირად იმაზე ვიჭერდი, რომ პაპასავით ვლაპარაკობდი.
ჩემი ცხოვრების და სამწერლო კარიერის ნიშნეული ზღვარი, რომელსაც ველოდი და თითქმის ნახევარი საუკუნე მეშინოდა, მემუარების წერა იყო. ამ მომენტს, როგორც შემეძლო, ვაჭიანურებდი, რადგან სულაც არ მინდოდა, ამქვეყნად ჩემი არსებობის შედეგები შემეჯამებინა, მინდოდა, უბრალოდ მეცხოვრა. თანაც ყოველთვის გამოგონილ ისტორიებს, ყველაფერ არარსებულს ვყვებოდი, აქ კი მკითხველისთვის ყველაზე ნამდვილი, "შიშველი" სიმართლე უნდა გაგენდო. ეს მიჯნა ორი წლის წინ გადავლახე - მემუარების - "იცხოვრო, რათა ცხოვრების შესახებ მოყვე" პირველი ტომი გამოვაქვეყნე. წიგნის 579-ივე გვერდი წმინდა წყლის სიმართლეა გაბრიელ გარსია მარკესისგან. მოგონებების ჩაწერა 1998-ში დავიწყე, მაგრამ 2002 წელსაც კი ისე ვერ ჩამოყალიბდა, რომ გამოსაქვეყნებლად გამომდგარიყო. მაგრამ ჩემი გამომცემლები სხვა აზრის იყვნენ - მაჩქარებდნენ და, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, ხელნაწერი ხელიდან გამომტაცეს. უკვე აწყობილ ტექსტში ოთხასზე მეტი შესწორების შეტანა მომიხდა. ბოლო მომენტში ავტოგრაფი დავურთე, რომელიც წიგნის ლაიტმოტივს გამოხატავს - "ცხოვრება ის კი არ არის, რაც გადაგიტანია, არამედ ის, რაც ამის შესახებ გახსოვს, და ის, ამის შესახებ როგორ მოჰყვები".
რუბიკონის გადალახვისას აღმოვაჩინე, რომ ადამიანი, სახელად გაბრიელ გარსია მარკესი, დიდი ხანია რამდენიმე, მინიმუმ ორი, ცხოვრებით ცხოვრობს. ერთი ჩემი საკუთარია, რომელიც ვიცი, რომელითაც მივდივარ და ვუფრთხილდები. მეორე კი ჩემგან სრულიად დამოუკიდებლად, ავტონომიურად არსებობს და ჩემთან გარკვეული დამოკიდებულება აქვს. ამ სხვა ცხოვრებაში ზოგჯერ ხდება ის, რის გაკეთებასაც მე ვერ ვბედავ.
ასეთი გაორება მას შემდეგ დაიწყო, რაც თავს დამატყდა სახელი. ჟურნალ-გაზეთებში სტატიები და ცნობები იბეჭდება ჩემს მონაწილეობაზე ღონისძიებებში, რომლებზე წარმოდგენაც კი არ მაქვს. პრესიდან ვიგებ მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში ჩემ მიერ წაკითხული ლექციების, კონფერენციებზე, პრეზენტაციებზე, მიღებებზე დასწრების შესახებ, საკუთარ თავთან ინტერვიუებს აღმოვაჩენ ხოლმე. ყველაზე საოცარი ის არის, რომ თუმცა ეს ინტერვიუები არ მიმიცია, მზად ვარ, ნებისმიერ სიტყვას ხელი მოვაწერო. რაც უნდა უცნაური იყოს, თავიდან ბოლომდე გამოგონილ ინტერვიუებში რეალურ საუბრებზე უკეთაა ჩემი აზრები შეხედულებები, გემოვნება ჩამოყალიბებული. ეს კიდევ რა არის! მეგობრებთან სტუმრობისას რამდენჯერ შეუმჩნევლად ბიბლიოთეკაში შევსულვარ, ჩემი წიგნები მომიძებნია ავტოგრაფის გასაკეთებლად და აღმომიჩენია, რომ უკვე აქვს - ჩემი ხელნაწერით, ჩემი საყვარელი შავი მელნით და აჩქარებული სტილით. ერთხელაც ვერ გავბედე, მეგობრებს გამოვტყდომოდი, რომ ჩემი ავტოგრაფები არ იყო. ამის დამტკიცება პრაქტიკულად შეუძლებელი იყო. ამასთან, არ მინდა, ბებერ მარაზმატიკად ჩამთვალონ.
ჩემი იდუმალი ორეულის საქმენი ამითაც არ თავდება. მსოფლიოში მოგზაურობისას ყველგან ვხვდები ადამიანებს, რომლებიც მინახავს იქ, სადაც არასოდეს ვყოფილვარ და ამ შეხვედრებს თბილად იგონებენ. ისეთებიც არიან, რომელიმე ჩემს ნათესავთან რომ მეგობრობდა ან კარგად იცნობდა და, აღწერის მიხედვით, ჩემი ოჯახის ნამდვილი წევრის მხოლოდ ორეული აღმოჩნდება ხოლმე, თანაც ორიგინალის რაიმე ნიშანი არც კი აქვს. მეხიკოში დიდი ხნის მანძილზე სისტემატურად ვხვდებოდი კაცს, რომელიც ფერწერული სიზუსტით მიყვებოდა ჩემს ძმასთან, აკაპულკოელ უმბერტოსთან ერთად შფოთიანი ლოთობის ამბებს. ერთხელ, გულითადი მადლობაც გადამიხადა ჩემი ძმის მიერ გაწეული დახმარებისთვის. კარგა ხანს ვერ გავბედე, ამ სენიორს გამოვტყდომოდი, რომ არავითარი აკაპულკოელი ძმა, უმბერტო არ მყავს.
ცხოვრებაში უამრავი მსგავსი შემთხვევა მქონდა. უფრო ყურადსაღები ამბები თექვსმეტი წლის წინ სტატიაში - "ჩემი მეორე მე" შევკრიბე. იმედი მქონდა, მისი წაკითხვისას ჩემი ორეული შეწუხდებოდა, რომ მისი "გმირობები" საქვეყნო გახდა და ჩემი სახელით მოქმედებას შეწყვეტდა. მაგრამ, ჩემამდე ახლაც აღწევს ჩემი მეორე "მეს" ამბების ექო.
ბოლო წლებში ჩემს პერსონასთან დაკავშირებულმა კონფუზებმა სამწუხარო და უსიამოვნო ხასიათიც კი მიიღო. მასობრივი ინფორმაციის საშუალებები გაუგებარი მონდომებით მასამარებენ. ბევრჯერ ტელევიზორი ან რადიო რომ ჩამირთავს, წამყვანის იმქვეყნიური ხმა გამიგონია, რომელიც გვამცნობდა: "დღეს გარდაიცვალა გაბრიელ გარსია მარკესი". ერთხანს ეს მაცოფებდა, მაგრამ, ბოლოს და ბოლოს, საკუთარი სიკვდილის ცნობებს - არანაკლებ ორ თვეში ერთხელ რომ ცხადდებოდა - შევეჩვიე. ახლახან მეხიკოს ერთ რესტორანში ჟურნალისტმა მითხრა: "მაესტრო, დილას რადიოში გამოაცხადეს, რომ გარდაიცვალეთ". რაღა დამრჩენოდა, ვუპასუხე; "ჰოდა, აი, გარდაცვლილს მიყურებთ". ორიოდე წლის წინ კი, ვიღაც ჭკვიანმა ინტერნეტით გაავრცელა თითქოს ჩემ მიერ დაწერილი გამოსათხოვარი სიტყვა კაცობრიობისადმი. მრცხვენია და ვმწარდები, ჩემი თაყვანისმცემლები, რომელთაც გულწრფელად ვუყვარვარ, ასეთ ბანალურ საშინელებას ჩემს თხზულებად რომ აღიქვამენ.
ეს ყველაფერი, ასე ვთქვათ, სახელის თანმდევია და ვერაფერს იზამ. "ჩემი მეორე "მე" ამქვეყნად დასეირნობს, ჩემთან შეუთანხმებლად ჩემი დიდების სხივებში ბანაობს, ყველაფერს აკეთებს, რაც გულით უნდა და ალბათ, ვერც კი წარმოიდგენს, როგორ არ ვგავართ ერთმანეთს. სანამ ის ჩემი ცხოვრებით და კარიერით კმაყოფილი, თავისი წარმოსახვითი არსებობით ტკბება, მე ჩემს საწერ მაგიდასთან თანდათან ვბერდები, ამაყი მარტოობა მენატრება და როგორც შემიძლია ვცხოვრობ.
- როგორია თქვენი ახლანდელი სულიერი მდგომარეობა?
- სულ მცირე ათი წელია ჩემს სულს მოუსვენრობა და შიში იპყრობს. მსოფლიო მეტისმეტად სწრაფად იცვლება ცუდისკენ და ეს დამღუპველი ცვლილებები თითოეულ ჩვენგანზე აისახება. თუ ჯერ კიდევ არცთუ დიდი ხნის წინ საკმაოდ გარკვევით წარმომედგინა ჩვენს პლანეტაზე ცხოვრების მდინარება, დღეს თავს ვერ დავდებ მომხდარი მეტამორფოზები განვსაჯო, გავაანალიზო. ზოგჯერ მეჩვენება, რომ საერთოდ არაფერი გამეგება. შესაძლოა, ჩამოყალიბებული რომანტიკოსი და მეოცნებე ვარ, მაგრამ ჩემთვის სულ ერთი არ არის, როგორი იქნება სამყარო ხვალ და ზეგ. ამიტომ კოლეგების უმეტესობისგან განსხვავებით, არ მრცხვენია, ჩემი აზრი, შეხედულება ყველას გასაგებად განვაცხადო. ბევრს ეს არ მოსწონს, და აქტიურობისთვის მკიცხავენ. კიცხავენ პრესით გახმაურებულ ჩემს გადაწყვეტილებას - იქამდე არ ჩავიდეთ ესპანეთში, რომელიც ჩვენთვის, კოლუმბიელებისთვის, დედის მაგიერია, სანამ ესპანეთის მთავრობა კოლუმბიის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმს არ გააუქმებს. მკიცხავენ რევოლუციური კუბის მხარდაჭერისთვის.
მსაყვედურობენ პოლიტიკურ აქციებში, მათ შორის, კოლუმბიის მთავრობასა და პარტიზანებს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებებში მონაწილეობისთვის. რა თქმა უნდა, ჩემი, ისევე როგორც ნებისმიერი ცალკე აღებული მოქალაქის ხმა ცოტას ნიშნავს. მარტოს არავის შეუძლია საერთო-საკაცობრიო, როგორც დღეს მოდურია უწოდო, გლობალური პრობლემების გადაწყვეტა. აუცილებელია აღვკვეთოთ, წინააღმდეგობა გავუწიოთ უსაზღვრო ინდივიდუალიზმს, რომელიც ძალებს იკრებს, თავდაპირველი მნიშვნელობა დავუბრუნოთ მეგობრობის, ამხანაგობის, სიყვარულის შელახულ ცნებებს. დარწმუნებული ვარ, ამის გაკეთება შეიძლება. აუცილებელია მხოლოდ ერთი - ყველა ღონე ვიხმაროთ მსოფლიო ცივილიზაციის სულიერი აღორძინებისთვის. ამასთან დაკავშირებით ძველი რევოლუციური ლოზუნგი მახსენდება: "როცა ქვეყანა ერთიანია - ის დაუმარცხებელია", რომელმაც ჩვენს შფოთიან დროში ახალი აზრი შეიძინა.
- თქვენი სამომავლო გეგმები? პირადი...
- წერა განვაგრძო. ჩემი სამუშაოს გარეშე ერთი დღეც ვერ გავძლებ. ასე რომ, თავს იმ იმედით ვიწყნარებ, უფალი მომცემს ჩემი გეგმების განხორციელების ძალას. ბოლო ექვსი წელია ვამჩნევ, რომ სულ ვჩქარობ. ვჩქარობ ცხოვრებას, მემუარების დამთავრებას, უამრავი უამრავი რამის კეთებას. მაგრამ ამასთან ვცდილობ, ისე ვიცხოვრო, როგორც ყოველთვის ვცხოვრობდი. ძველებურად უამრავი სურვილი და არაერთი ოცნება მაქვს. ერთ-ერთი, ვშიშობ, განუხორციელებელი, ძველი მეგობრების დაბრუნებაა. სიკვდილი ჩვენ შორის ერთადერთი ბარიერი არ არის. არსებობს ერთი გარემოება: ხშირად მე და მერსედესი საღამოს შინ მარტო ვრჩებით და მთელი გულით გვინდა, მეგობრებმა დაგვირეკონ და სტუმრად ან სადმე დაგვპატიჟონ. სამწუხაროდ, ისინი წინასწარ დაარწმუნებულები არიან, რომ ყურმილს ცოცხალი ძეგლი აიღებს და აუცილებლად განუცხადებს, რომ დღეს მნიშვნელოვანი მიღება აქვს, ან მორიგი ეპოქალური რომანის წერითაა დაკავებული და არ აპირებს ძვირფასი დრო ტყუილ-უბრალოდ დაკარგოს. ასეთი სიტუაცია გთრგუნავს. მწვერვალზე ასვლისას მოვიხედე და შემეშინდა: ირგვლივ არავინ იყო. იზოლაციაში ყოფნა, მაშინ როცა თითქმის 24 საათი ყველას თვალწინ ხარ, განსაკუთრებით საშიშია. აი ნამდვილი მარტოობა, რომელმაც ასე დამიპყრო მთელი ჩემი სამწერლო მოღვაწეობის მანძილზე. მარტოობის მეფობა და ძალაუფლების სიმარტოვე - ჩემი რომანების, მოთხრობების მთავარი თემებია. ბედი ბოროტად მეხუმრა: ცხოვრების ბოლოს თავად აღმოვჩნდი მარტოობაში, დიდების მარტოობისთვის განწირული, რომელიც ძალიან ჰგავს ძალაუფლების მარტოობას. ამის ნათელი მაგალითია ჩემი ძველი მეგობარი და ღრმადპატივცემული ეროვნული ლიდერი ფიდელ კასტრო, თუმცა ის, რბილად რომ ვთქვათ, ამ ჩემს თეორიას არ იზიარებს.
- ოჯახთან დაკავშირებული...
- ოჯახი, ნათესავები და ახლობლები ძალიან მიყვარს. მათ მხოლოდ სიკეთეს ვუსურვებ და შესაძლებლობების ფარგლებში ვცდილობ გავახარო. ოჯახური კეთილდღეობა პროფესიული წარმატების საწინდარია. ჩემი ლიტერატურული მიღწევები ბევრად განაპირობა სიყვარულმა, მხარდაჭერამ, ახლობლების თანაგრძნობამ. მთელი გულით მინდა, ჩემს ოჯახს განშორება და უთანხმოება არ გაეკაროს.
- როგორია თქვენი დამოკიდებულება მშობლებისა და წინაპრებისადმი?
- პაპაჩემზე უკვე მოგიყევით. წინაპრების შესახებ ცოტა რამ ვიცი. მამაჩემის მშობლები ესპანელები იყვნენ, მაგრამ მთელი ცხოვრება კოლუმბიაში გაატარეს. პაპაჩემის მამაც (დედის მხრიდან) ესპანელი იყო, ასტურიის პროვინციიდან. კოლუმბიაში სიმდიდრის ძიებამ ჩამოიყვანა, რომელსაც ევროპელებს ახალი სამყარო უქადდა.
რუსი მეგობრები მეუბნებიან, რომ გარეგნულად სომეხს ვგავარ. რა ვიცი, შეიძლება მართლა მაქვს სომხური სისხლი. კოლუმბია ახალმოსახლეთა ქვეყანაა. ჩვენს მიწაზე ათობით ეროვნება და ხალხი შეერთდა. აქ სომეხიც ბევრია. ქალაქი სომხეთი ჩვენთანაც არის.
ბებიაჩემი ტრანკილინა იგუარან კოტესი პაპაჩემის დეიდაშვილი იყო. მათ ორი ვაჟი და გოგონა ჰყავდათ. ბებია ყველაზე მიმნდობი და მგრძნობიარე ქალი იყო, როგორსაც ოდესმე შევხვედრივარ. ის ჩემი დაუოკებელი ფანტაზიის მთავარი მსხვერპლი იყო. სულგანაბული უსმენდა ჩემ მოგონილ იგავებს და ერთ მშვენიერ წამს გენიალურმა აზრმა გაუელვა: მისი შვილიშვილი მესიაა. ჩემი წინასწარმეტყველების შედეგად ის კინაღამ ლოგინად არ ჩავარდა.
დედაჩემი, ლუის სანტიაგო მარკეს იგუარანი - მას "არაკატაკას ყვავილს" ეძახდნენ - ძალიან ლამაზი და კარგად აღზრდილი იყო. მამა, გაბრიელ ელიხიო გარსია მარტინესი, ტელეგრაფისტი იყო, მერე პრაქტიკოსი ჰომეოპათი გახდა. ისინი დედაჩემის მშობლების ნების წინააღმდეგ დაქორწინდნენ. პოლკოვნიკი მარკესი თვლიდა, რომ მისი ერთადერთი ქალიშვილი არ შეიძლებოდა ტელეგრაფისტს გაჰყოლოდა, რომელსაც ჯიბეში გროშიც არ უჭყაოდა. ამას გარდა, პაპა ლიბერალი იყო, მამა კი - კონსერვატორი. კოლუმბიაში ეს სერიოზული მიზეზია მტრობისთვის.
მე პირმშო ვიყავი. 1928 წლის 6 მარტს დავიბადე. ჩემმა ამქვეყნად მოვლინებამ წერტილი დაუსვა ოჯახურ შუღლს: მამამ და პაპამ ერთმანეთს ხელი ჩამოართვეს.
დედა პირველად ორი წლისამ ვნახე. მასთან მიმიყვანეს და მითხრეს: "დედას მიესალმე". ძალიან გამიკვირდა, რომ ეს ქალი დედაჩემი იყო. იგი მხოლოდ ამ მომენტიდან მახსოვს. ჩემს მიმართ ძალიან მომთხოვნი იყო, თვლიდა, რომ მე, შვილებში უფროსს - ისევე როგორც თვითონ, ოჯახური პრობლემების გადაწყვეტაზე პასუხისმგებლობა მაკისრია. იგი უსაზღვროდ მიყვარდა და მასავით გულწრფელი არავისთან ვყოფილვარ. ნებისმიერ თემაზე ვმსჯელობდით. წლების განმავლობაში, სადაც უნდა ვყოფილიყავი, ყოველ კვირას, ყოველთვის ერთსა და იმავე დროს, ვურეკავდი. ეს ჩვენი ურთიერთობების უმნიშვნელოვანესი ნაწილი იყო.
დედა ჩემი საუკეთესო მკითხველი იყო. ის შეუმცდარად პოულობდა ჩემი წიგნების გასაღებს და ყოველთვის ზუსტად ხვდებოდა, ვინ იყო ამა თუ იმ პერსონაჟის პროტოტიპი. "გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკის" გმირის, სანტიაგოს სახე დედაჩემისგან არის გადმოწერილი. რომანი რომ წაიკითხა, განერვიულდა, იმიტომ, რომ მთელი ცხოვრება ცდილობდა თავისი მეორე, ულამაზო სახელი (ასე თვლიდა) - სანტიაგო დაემალა, ახლა კი ის მთელმა მსოფლიომ გაიგო.
მამასთან რთული ურთიერთობები მქონდა. პირველად ექვსი წლის და ცხრა თვისამ ვნახე, 33 წლის რომ გახდა. წლების განმავლობაში იგი ჩემთვის რაღაც მითად რჩებოდა. სინამდვილეში არსებობდა, მაგრამ თითქოს არც იყო. ხან გამოჩნდებოდა, ხან ჩემი ცხოვრებიდან ქრებოდა. შვიდი წლისა მშობლების სახლში გადავედი. ამ დროს ცნება "მამაკაცი" ჩემთვის მხოლოდ პაპასთან ასოცირდებოდა. ვცდილობდი, ყველაფერი მასავით გამეკეთებინა - ისე მელაპარაკა, მევლო, ადამიანებთან ისე მოვქცეულიყავი. მამა კი პაპას სრულიად არ ჰგავდა. ოჯახური წრის შეცვლა ჩემს ცხოვრებაზე აისახა. მამა, პაპაჩემისგან განსხვავებით, ჩემ მიმართ ძალიან მკაცრი და პირქუშიც კი იყო, ერთხელაც არ მომფერებია. წარმოდგენა არ მქონდა, მასთან ურთიერთობები როგორ ამეწყო, მამას ხომ ცუდად ვიცნობდი. მხოლოდ როცა ოცდაათს გადავშორდი, ბოლოს და ბოლოს ერთმანეთს გავუგეთ და თანდათან სულ უფრო დავახლოვდით. მიუხედავად ყველაფრისა, მამაჩემისგან ბევრით რამით ვარ დავალებული: კითხვა სწორედ მან შემაყვარა. ის ლიტერატურას აღმერთებდა და ყოველთვის გატაცებით კითხულობდა. კითხულობდა ყველაფერს, რაც ხელში მოხვდებოდა: კლასიკას, მოდურ ბესტსელერებს, ჟურნალებს, სარეკლამო ბუკლეტებს, მაცივრების ინსტრუქციებს. "კითხვის კულტმა", რომლის პროპაგანდასაც იგი ეწეოდა, მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა ჩემს გადაწყვეტილებაზე მწერალი გამოვსულიყავი.
- როგორი ურთიერთობა გაქვთ შვილებთან და შვილიშვილებთან?
- ისინი ჩემი იმედი და ერთ-ერთი სტიმულია აქტიურად ვიცხოვრო. როგორც ნებისმიერ მამას და პაპას, მეც მინდა, რომ მათ ხორცი შეასხან ჩემს ჩანაფიქრს, რაც ვერ განვახორციელე, რადგან საკუთარი თავი მთლიანად სამწერლო საქმიანობას მივუძღვენი და ვერ მოვასწარი, ზოგჯერ კი უბრალოდ დამეზარა, ბევრი მნიშვნელოვანი საქმის გაკეთება.
- რაში ხედავთ ცხოვრების აზრს?
- შენი შესაძლებლობები უნდა გამოიყენო, დიდ ოცნებას ხორცი შეასხა და შეიცნო ჭეშმარიტი სიყვარული. თქვენს ჟურნალს შესანიშნავი სახელწოდება აქვს "პიროვნების განვითარება". ადამიანი პიროვნებად ვერ ჩამოყალიბდება, მით უფრო, ვერ განვითარდება, საკუთარ, უზანაესის მოცემულ გზას თუ არ დაადგა. ყველა ჩვენგანმა სწორედ თავისი და არა ვინმეს ცხოვრებით უნდა იცხოვროს. უდიდესი ტრაგედიაა, მოწიფულ ასაკში უკან მოხედვისას გააცნობიერო, რომ ყველაფერი, რაც წარსულში იყო, შენი არ არის, უცხო, გაუგებარი, უსარგებლოა, წინ კი გაურკვევლობა და... ტოტალური მარტოობა, დახშული წრეა... ჩემი ცხოვრების აზრი კი ის არის, ნამდვილი ცხოვრებით ვიცხოვრო და ამის შესახებ მოვყვე.
რა არის სიცოცხლე ნამდვილი სიყვარულის გარეშე. ეს გრძნობა აძლევს ცხოვრებას სტიმულს, სიცოცხლეს ალამაზებს. სიყვარულის გარეშე ცხოვრება უბრალოდ მოსაწყენი კი არა, უაზრო და უსარგებლოა. გული, რომელიც სიყვარულის - ყველაზე შესანიშნავი და სასურველი ვირუსით, არ არის დასნეულებული, ხმება, შავდება და იშლება. ადამიანი კვდება, როცა მის გულს აღარ უყვარს ან სიყვარული იღლება. ასე რომ არ ხდებოდეს, მთელი სამყარო, კაცობრიობა სულ სხვანაირი იქნებოდა.
- რომელ სათნოებას სცემთ ყველაზე დიდ პატივს?
- გულწრფელობას. ჩვენს სამყაროში ის სულ უფრო მცირდება, ჩვენ თვალწინ შაგრენის ტყავივით ქრება, ამიტომ განსაკუთრებით ფასეული ხდება და პიროვნების აუცილებელი ატრიბუტიდან რაღაც განსაკუთრებულ თვისებად იქცევა.
- რომელ ნაკლს ეკიდებით ყველაზე შემწყნარებლურად?
- ტყუილს. ჩემში გაღიზიანებისა და ზიზღის გარდა არაფერს იწვევს.
- თქვენი საყვარელი საქმიანობა?
- ჩემი მთავარი, საყვარელი და არსებითად ერთადერთი საქმიანობა წიგნების წერაა.
- ყოვლისშემძლე ჯადოქარი რომ ყოფილიყავით, რას გააკეთებდით? თქვენთვის...
- ძალიან გულწრფელად, მაღალფარდოვნების გარეშე თუ ვიტყვი, მომაბეზრებელი დაავადებისგან განვთავისუფლდებოდი.
- ახლობლებისთვის...
- მათი კეთილდღეობისა და ბედნიერებისთვის, ისეთ საქციელს ჩავიდენდი, რომელიც ჩემს მოკრძალებულ "მიწიერ" შესაძლებლობებს აღემატება...
- თქვენი მოღვაწეობისთვის...
- ჩემი ნაწერებიდან რომან "მარტოობის ას წელს" ამოვიღებდი ან, უარეს შემთხვევაში, გადავწერდი. ამ წიგნის მრცხვენია, იმიტომ, რომ მთელი რიგი მიზეზების გამო დრო არ მეყო, კარგად დამეწერა.
მიგელ პალასიო
აგვისტო, 2005 წ.
თარგმნა რუსუდან ქართველიშვილმა