RSS ბოლო ნომერი მობილური ვერსია
24 saati
23 მაისი, ოთხშაბათი 2012
თბილისი ... ...
ამბები >>

ნაფიცები შეცვლიან ერთადერთ ხელისუფლებას, რომლის ფორმირებაშიც ხალხი ვერ მონაწილეობს

ინტერვიუ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარესთან კოტე კუბლაშვილთან

24 საათი 26.09.10

ინტერვიუ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარესთან კოტე კუბლაშვილთან

- 2004 წელს კონსტიტუციაში, სხვა ცვლილებებთან ერთად, შევიდა ცვლილება, რომლის მიხედვითაც საქართველოში ნაფიც მსაჯულთა სასამართლო შეიქმნებოდა. ხანგრძლივი მოსამზადებელი პერიოდის შემდეგ, პირველი ოქტომბრიდან ეს ცვლილება ამოქმედდება და ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს საქმეების განხილვა შეეძლება.

- ჩვენ ვიცოდით, რომ, ადრე თუ გვიან, ეს დღე დადგებოდა, რადგან კონსტიტუციაში შესული ცვლილების შემდეგ ხელისუფლებისთვის ამ სასამართლოს შექმნა ვალდებულება გახდა. ცხადია, ამას დრო დასჭირდა. 4-5 წელი ვმუშაობდით ამ პროექტზე. ამ დროის განმავლობაში არამხოლოდ ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს შექმნაზე, არამედ მთლიანად ახალი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის შექმნაზეც ვმუშაობდით. ეს სასამართლო ამ კოდექსის ერთ-ერთი ნაწილია. ეს ალბათ, ადეკვატური პერიოდია მოწვეულ და ადგილობრივ ექსპერტებთან კონსულტაციებისთვის, დისკუსიებისთვის. მოსამზადებელ სამუშაოებში ევროპის საბჭო იყო ჩართული აქტიურად. ექსპერტების ნაწილი ეწინააღმდეგებოდა ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს შექმნას, ბევრი ემხრობოდა, მაგრამ, კონსტიტუციური ვალდებულებიდან გამომდინარე, ეს უნდა მომხდარიყო. საბოლოოდ, ამ პროექტმა ყველა მხრიდან მიიღო დადებითი შეფასება, პარლამენტმა დიდი განხილვების შედეგად დაამტკიცა და ამის შემდეგ დაზუსტდა თარიღი. პროცესმა, დაახლოებით, 1 წლით იმიტომ გადაიწია, რომ ამ სიახლისთვის ყველა უნდა მომზადებულიყო. ყველა, ვინც მართლმსაჯულების დიდ სისტემაშია ჩართული - ადვოკატები, პროკურორები, მოსამართლეები - ისინი არამხოლოდ ნაფიცი მსაჯულებისთვის ემზადებიან, არამედ სრულიად განსხვავებულ პრინციპზე აგებული საპროცესო კოდექსით მუშაობისთვისაც. ახალი კოდექსი აგებულია მხარეებს შორის თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპზე, რაც მანამდე არ იყო. დღესაც კი საკმაოდ გაუწონასწორებელი კოდექსით ვხელმძღვანელობთ - სანახევროდ შეჯიბრებითობის პრინციპზე აგებულ ახლანდელ კოდექსში დაახლოებით, 1000-ზე მეტი შესწორებაა შესული. მართალია, ეს იმაზე უკეთესია, რაც 1998 წელს იყო, მაგრამ ძალზე რთულია ამ ცვლილებებში მუშაობა.

- რატომ უნდა იყოს საქართველოში ნაფიც მსაჯულთა სასამართლო?

- უნდა იყოს, რადგან სამი ძირითადი ხელისუფლებიდან ეს ერთადერთია, რომლის შექმნასა და მუშაობაშიც მოსახლეობას არანაირი მონაწილეობა არ მიუღია. დანარჩენი ორის (საკანონმდებლო და აღმასრულებელი) შექმნაში კი, ხალხი პირდაპირ მონაწილეობს.

ცხადია, ისეთი ქვეყნებიც არსებობს, სადაც ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი არ არის და ეს არ ნიშნავს, რომ ასეთი ქვეყანა დემოკრატიული არ არის. ჩემი პირადი აზრით, გაცილებით უკეთესია, როდესაც მოსახლეობის გარკვეული ნაწილი სასამართლო ხელისუფლების საქმიანობაში ჩაერევა და თავად მიიღებს გადაწყვეტილებას. ესაა იმ ადამიანთა მთავარი არგუმენტი, ვინც ამ სისტემის საქართველოში დანერგვის მომხრე იყო.

- რა იყო იმ ევროპელ თუ ადგილობრივ ექსპერტთა არგუმენტი, ვინც ეწინააღმდეგებოდა ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის შემოღებას?

- ერთ-ერთი ზოგადი არგუმენტი ის იყო, რომ ეს სისტემა ევროპის ბევრ ქვეყანაში არ მუშაობს, არ არსებობს და სწორედ იმიტომ, რომ სისტემა არის ძალიან რთული, პრობლემატური, გარკვეულ ხარჯებთან დაკავშირებული, ამ სისტემით საქმის განხილვამ შეიძლება ცოტა მეტი დრო მოითხოვოს. კიდევ ერთი არგუმენტით, სარისკოა ამ სისტემის ისეთ ქვეყანაში მოწყობა, როგორიც საქართველოა, რადგან მოსახლეობის დიდ ნაწილს ერთმანეთთან ფამილარული ურთიერთობები აქვს. ეს არგუმენტები აუცილებლად უნდა მოგვესმინა, რადგან უნდა ვიცოდეთ, რა წინააღმდეგობა შეიძლება შეგვხვდეს.

მაგრამ, ამ ინსტიტუტის შემოღების მომხრე არგუმენტები იმდენად ბევრია და ძლიერი, რომ მცირე რისკების გამო ამაზე უარის თქმა არ შეიძლება.

- ეს დისკუსია იმ ქვეყნებშიც კი გრძელდება დღემდე, სადაც ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს დიდი ხნის ტრადიცია აქვს…

- დიახ, ასეა. გარდა ამისა, ინგლისსა და ამერიკაში გაცილებით მეტი საქმეები იხილება ჩვეულებრივი სასამართლოს გზით და არა ნაფიცი მსაჯულების მიერ.

- რატომ?

- ალბათ, იმის გამო, რომ ადამიანს, რომელსაც მართლმსაჯულებასთან და კანონთან პრობლემები შეექმნება, სურს ძალიან სრაფად მოაგვაროს ეს პრობლემა და საუკეთესო გზად ჩვეულებრივი სასამართლო პროცესი მიაჩნია.

- არჩევანი - ნაფიცმა მსაჯულებმა განიხილონ ეს საქმე თუ რიგითმა მოსამართლემ, აქაც არსებობს. რას ელით, განხილვების რაოდენობა სად იქნება უფრო მეტი?

- დიახ, არჩევანის საშუალება იქნება, თუ მხარეები იტყვიან, რომ არ სურთ ნაფიც მსაჯულთა სასამართლო.

- ხელისუფლების, მათ შორის სასამართლო ხელისუფლების პოლიტიკური ოპონენტები ამბობენ, რომ ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი სისტემის ნომერ პირველი პრობლემა არ არის და ეს არსებულ უნდობლობას ნდობით ვერ შეცვლის. თქვენ, ცხადია, სტატისტიკის მოხმობა შეგიძლიათ და ეს სტანდარტული კამათია თქვენსა და ოპონენტებს შორის, მაგრამ რამდენად შეუწყობს ხელს ნდობის აღდგენას ეს ახალი ინსტიტუცია? თქვენი ოპონენტების ეს შიში რეალურია?

- შიშებზე არ უნდა ვილაპარაკოთ, რადგან ამ სისტემით დანერგილი მექანიზმი მოქალაქეს ძალიან დეტალურად დაანახებს, რას ნიშნავს სასამართლო. პირველ რიგში, მთავარი ისაა, რომ თავად მოქალაქეები აიღებენ პასუხისმგებლობას პირის დამნაშავე-უდანაშაულობაზე, ეს ძალიან სერიოზულად იმოქმედებს მათ მიმართებაზე საზოგადოებრივი მნიშვნელობის საკითხებთან, მაგრამ, მეორე მხრივ, ჩვენ შემოგვაქვს ისეთი სისტემა, რომელიც პირდაპირ ამბობს, რომ ესაა ხალხის გადაწყვეტილება და გაიზრდება თუ არა ნდობა სასამართლოს მიმართ, ამას შეიძლება მეორადი მნიშვნელობა ჰქონდეს. თუმცა ვფიქრობ, რომ ნდობა ნამდვილად გაიზრდება, რადგან მოქალაქეები საკუთარი თვალით ნახავენ, როგორ მუშაობს სასამართლო და რამდენად რთული და საპასუხისმგებლოა ასეთი საქმეების განხილვა - როდესაც ერთხელ უკვე იქნებიან ნაფიცი მსაჯულები, შემდგომ ისინი დაფიქრდებიან იმ კრიტიკაზე, რომელიც სასამართლოს მისამართით�ისმის. ისინი იფიქრებენ, რომ ესაა ერთი მხარის მიერ სამართლოს საქმიანობის გადაწყვეტილების სუბიექტური შეფასება. ისინი უკვე იყვნენ ნაფიცი მსაჯულები და კარგად ეცოდინებათ, რომ მეორე მხარესაც, მის არგუმენტებსაც ყურადღებით უნდა მოუსმინონ და ისე შეაფასონ. როცა ასეთი ადამიანების რიცხვი გაიზრდება, ჩვენ გვეყოლება პასუხისმგებლობის მქონე ადამიანების დიდი რაოდენობა. ესაა ყველაზე მთავარი და ამას ორი ძირითადი დადებითი ეფექტი ექნება: სასამართლოს სწორედ ამგვარად შეაფასებენ და თუ ის მაინც კრიტიკული იქნება, ნამდვილად ობიექტურ კრიტიკასთან გვექნება საქმე. მოქალაქეების სამოქალაქო პასუხისმგებლობა კი ერთიორად გაიზრდება.

- რამდენად იქნება კანონით დაცული ნაფიცი მსაჯული ზეწოლისგან - ნათესაური იქნება ეს, მეგობრული თუ ჩინოვნიკური? დაცვის მექანიზმები კონსტიტუციით აქვთ გარანტირებული მოსამართლეებსაც, მაგრამ მათ მიმართ საზოგადოებრივი ნდობა დაბალია და თავადაც იცით, არაერთი მოსამართლეა გაშვებული სამსახურიდან არაკეთილსინდისიერი საქციელისთვის.

- მოსამართლეებში ეს მართლაც ხდებოდა, მაგრამ ეს ახლო წარსულში იყო. ახლა - იშვიათად, რადგან არამარტო სასამართლო სისტემაში მოხდა ცვლილებები, არამედ - მთლიანად სახელმწიფო სტრუქტურებში. ასეთი შემთხვევები ერთიათად ნაკლებია. გაცილებით უკეთესი მდგომარეობაა ახლა და ეს ნაფიც მსაჯულთა დაცულობაზეც იმოქმედებს.

კოდექსში დევს, ვინ არ შეიძლება იყოს ნაფიცი მსაჯული და რომ არ იყვნენ ნათესავები, კონკრეტული საქმის განხილვისას რომ არ იმოქმედონ სუბიექტურად - ეს რისკი მხარეებზე გადადის. სასამართლო ვალდებული არ არის ჩაერიოს, ან დაეხმაროს ერთ ან მეორე მხარეს. მხარეები შეარჩევენ იმ 12 ადამიანს, რომელიც მათ საქმეს განიხილავს. ამიტომ, თუ იქ რამე მოხდება, ეს მათი არაკვალიფიციურობის ბრალი იქნება.

- ნაფიცი მსაჯულების შემთხვევითობის პრინციპით შერჩევა გარკვეული რისკის შემცველია. ალბათ, სასურველია მსაჯული იყოს ისეთი თვისებების, რეპუტაციისა და ცხოვრების წესის ადამიანი, ვისაც სხვისი განსჯა და ვერდიქტის გამოტანა შეეძლება. ამ მხრივ კანონში რაიმე ნორმები არსებობს?

- კანონის თანახმად, ნაფიცი მსაჯული ვერ გახდება სახელმწიფო თანამდებობის პირი, სასულიერო პირი, პროფესიით იურისტი, ფსიქოლოგი, ფსიქიატრი, რადგან პროფესიიდან, თანამდებობიდან და უნარ-ჩვევებიდან გამომდინარე, მათი მიდგომა სუბიექტური იქნება. სხვა ნებისმიერ ადამიანს შეუძლია გახდეს ნაფიცი მსაჯული. 50 ან მეტი შემთხვევით შერჩეული ადამიანიდან 12 ძირითადი და 2 სათადარიგო მსაჯული აირჩევა. ესეც მხარეების პასუხისმგებლობაა, ისინი წინასწარ უნდა გაესაუბრონ მათ. ვთქვათ, წინასწარი გასაუბრებით პროკურორი და ადვოკატი მიხვდნენ, რომ კანდიდატში ემოციები ჭარბობს პრაგმატული გადაწყვეტილების მიღების უნარს. მათ უფლება აქვთ აცილება მისცენ. ადამიანის ბუნება, ხასიათი პროცესის დროს ადვილად გამომჟღავნდება. კითხვები, რომელსაც ნაფიც მსაჯულს უსვამენ, გამოცდილი ქვეყნების პრაქტიკიდანაა აღებული. ეს კითხვებიც სწორედ იმიტომაა, რომ ორივე მხარემ და სასამართლომაც გაიგოს, როგორი მსოფლმხედველობის ადამიანი ზის მათ წინაშე. გარდა ამისა, მხარეებს თავადაც შეუძლიათ დამატებითი კითხვების დასმა და მხოლოდ ამის შემდეგ შეუძლიათ აცილება მისცენ ან არ მისცენ კონკრეტულ მსაჯულს. თუ, ვთქვათ, ადამიანი ნებისმიერი დანაშაულის უმკაცრესად დასჯის მომხრეა, ეს შეიძლება ძალიან მოეწონოს პროკურორს, მაგრამ ადვოკატის პასუხისმგებლობაა, ამგვარმა ადამიანმა მონაწილეობა არ მიიღოს საქმის განხილვაში.

მინდა აღვნიშნო, რომ მომდევნო ორი წელი ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი მხოლოდ თბილისში იმუშავებს და მხოლოდ ერთ დანაშაულზე - განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებებში. ორი წლის შემდეგ იქნება ქუთაისში (დასავლეთ საქართველოსთვის) და თბილისში (აღმოსავლეთ საქართველოსთვის). თან დაემატება კიდევ ორი სახის დანაშაული - გაუპატიურება და ადამიანის მკვლელობა ძლიერი სულიერი აღელვების მომენტში.

- მხარეებისთვის ცნობილი იქნება ნაფიც მსაჯულთა ვინაობა. ამ რისკს როგორ გაართმევს თავს სასამართლო?

- ცხადია, აქ არსებობს გარკვეული რისკი, მაგრამ ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად კეთილსინდისიერად მოიქცევიან ადვოკატი, პროკურორი და, თავის მხრივ, სასამართლოც. პროცესის ვიდეოგადაღების უფლება არავის აქვს და მათი სახეები ცნობილი არ იქნება, მაგრამ არსებობს გარკვეული რისკი იმისა, რომ მხარემ მათი სახელი და გვარი გაამჟღავნოს და კონკრეტული ნაფიცი მსაჯულის მიმართ გარკვეული შანტაჟი და სპეკულაციები დაიწყოს. ეს პრესის და ჟურნალისტების სინდისზე იქნება, კანონი კი, ამაზე არაფერს ამბობს და არც ამ ახალ ცვლილებებშია რაიმე აკრძალვა ნაფიც მსაჯულთა ვინაობის გამჟღავნების თაობაზე. გარკვეული რისკები არსებობს, მაგრამ უნდა ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები.

- თუკი ნაფიცი მსაჯული მაინც დაჰყვება ზეწოლას, ან ქრთამს აიღებს, რა სასჯელი ელის?

- ისეთივე, როგორც სხვა ნებისმიერი ამგვარი დანაშაულის შემთხვევაში და პლუს, კანონში პირდაპირ წერია, რომ თუკი ამის გამო ნაფიცმა მსაჯულმა სუბიექტური გადაწყვეტილება მიიღო და სხვებიც გადაიბირა, ის ვერდიქტი გაუქმდება.

- მოსამართლის როლი, ერთი შეხედვით, კნინდება. გადაწყვეტილების მიღების ტვირთი ნაფიც მსაჯულებზე გადადის. როგორ შეხვდნენ ამ ცვლილებას თავად მოსამართლეები?

- ნაფიც მსაჯულთა პროცესის გარდა, ნებისმიერ სხვა პროცესზე მოსამართლეებს არბიტრის როლი ექნებათ, ეს ბევრ ქვეყანაში სწორედ ასეა - არ ერევიან და დამატებითი კითხვებით არ ეხმარებიან მხარეებს. ამას დაკნინებას ვერ დავარქმევთ. მოსამართლის როლი პროცესის მიმდინარეობის კონტროლის კუთხით იზრდება - ერთი საპროცესო დარღვევაც კი, ან ისეთი მტკიცებულების წარმოდგენა, რომელიც არ უნდა წარმოდგენილიყო, მიღებული გადაწყვეტილების გადასინჯვის სრულ საფუძველს იძლევა. ამიტომ, მოსამართლემ დიდი ყურადღებით უნდა გააკონტროლოს, როგორ მუშაობენ და მოქმედებენ მხარეები, ხომ არ არღვევენ ერთმანეთის უფლებებს, ან - ზოგადად კანონს. მოსამართლეს საკმაოდ მნიშვნელოვანი როლი აქვს და საბოლოო სასჯელს მოსამართლე ნიშნავს.

- მოსამართლეს მსაჯულთა ვერდიქტის შეცვლა შეუძლია?

- არა, მაგრამ მან უნდა დაადგინოს საბოლოო სასჯელი, სანქციის ფარგლებში (ვთქვათ, 10-დან 15 წლამდე) რამდენს მიუსჯის.

- ამ ცვლილებით სასამართლო პროცესში მთავარი ვინ ხდება?

- ნაფიცი მსაჯულების პროცესის დროსაც და სხვა პროცესებზეც მხარეები ძალზე მნიშვნელოვანნი ხდებიან. მთლიანად მათ კვალიფიკაციაზე, მჭერმეტყველებაზეა დამოკიდებული, როგორ დაარწმუნებენ მსაჯულებს თავიანთი პოზიციების სიმართლეში.

ისიც უნდა აღვნიშნო, რომ დაცვის მხარეს პროცესშივე აქვს ჩადებული გარკვეული უპირატესობები. თუკი ისინი კვალიფიციურად გამოიყენებენ ამას, მათ დიდი ალბათობით ექმნებათ ძალიან კარგი წინაპირობები იმისთვის, რომ საქმე მათ სასარგებლოდ გადაწყდეს.

- როგორ უნდა მოიქცეს მედია ნაფიც მსაჯულთა სასამართლოზე?

- ამ კუთხით განსაკუთრებით არაფერი იცვლება, მედიას იგივე უფლებები ექნება - დასწრება, ჩაწერა. ნაფიცი მსაჯულები კომენტარს ვერ გააკეთებენ, მაგრამ, თუ მხარეები თანახმა იქნებიან, მედიას მათი კომენტარების ჩაწერის უფლება აქვს. სასამართლოს კომენტარი კი, სპიკერისგან, ან პრესსამსახურისგან შეგიძლიათ მიიღოთ. დღესაც ასეა.

- როგორც ამ ინსტიტუტის ისტორია გვაჩვენებს, ნაფიცთა ვერდიქტი ყოველთვის უტყუარი არ არის…

- დიახ, ასეა. ეს ხალხის გადაწყვეტილებაა და შეიძლება არ გამოხატავდეს სხვა, თუნდაც დიდი ნაწილის მოსაზრებას. თუმცა, ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ ეს ხალხი შემთხვევით შეირჩა და მოსახლეობის რაღაც ფენა სწორედ ასე ფიქრობს…

- თუნდაც ეს ნაწილი უმცირესობა იყოს?

- დიახ. სხვა შემთხვევაში სხვა შეირჩევა და შეიძლება მას დაახლოებით მსგავს შემთხვევაზე სულ სხვა აზრი ჰქონდეს. ყოველ ახალ საქმეზე ახალი მსაჯულები იქნებიან.

რადგანაც ძალზე დიდი ინტერესი გამოიწვია ახალი ინსტიტუციის შემოღებამ და უამრავ ზარს და წერილს ვიღებთ მოქალაქეებისგან, ერთი რამეც მინდა ვთქვა - ნებისმიერი ნაფიცი მსაჯული სასამართლო განხილვის განმავლობაში გათავისუფლებული იქნება სამსახურიდან, სადაც ის მუშაობს. საჯარო დაწესებულებებს ევალებათ შეუნარჩუნონ ის ხელფასი, რაც მათ აქვთ და ნაფიც მსაჯულად ყოფნის პერიოდში დანაკლისი არ ექნება. რაც შეეხება კერძო კომპანიებსა და საწარმოებში მომსახურეთ, თუ ამ საწარმოთა ხელმძღვანელები მათ მსაჯულად ყოფნისას გაცდენილი დროის ხელფასს არ მისცემენ, სახელმწიფო იღებს ვალდებულებას, მათ ეს დანაკლისი აუნაზღაუროს. თუმცა, კერძო კომპანიების ხელმძღვანელებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ ეს მოქალაქის საპატიო მოვალეობაა. მოქალაქეს ექნება ოფიციალური ცნობა, რომ სასამართლომ იგი ნაფიც მსაჯულად მიიწვია და ამიტომ ვერ მოდის სამსახურში.

- რას ემსახურება ის ჯარიმა, რომელიც მოქალაქეს არასაპატიო მიზეზით ნაფიც მსაჯულობაზე უარის თქმის შემთხვევაში ეკისრება?

- ეს, გარკვეულწილად, იმის შეხსენებაა, რომ სამოქალაქო მოვალეობაზე უარის თქმა არ შეიძლება. ეს ისეთივე მოვალეობაა, როგორიცაა ჯარში გაწვევის ვალდებულება, გადასახადების გადახდა და სხვა. ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ საქართველოს მოქალაქეს აქვს არამხოლოდ უფლებები, არამედ ვალდებულებებიც. ერთ-ერთი ასეთი ვალდებულება ნაფიც მსაჯულად სამსახურია და ეს კანონში წერია. თუმცა, საპატიო მიზეზები შეიძლება არსებობდეს და ამისთვის ჯარიმას არავინ დააკისრებს. მაგალითად, ჯანმრთელობის მდგომარეობა, ან საქართველოში არყოფნა, ან ექიმია და ოპერაციები აქვს იმ დღეს. სწორედ ასეთი ჩანაწერია კანონში, რომ თუკი მისი სამსახურში არყოფნით მის სამსახურს სერიოზული დანაკლისი ექნება, ეს უნდა დაასაბუთოს და სასამართლო ამას გაითვალისწინებს.

- რა ტიპის წინააღმდეგობებს ელით, როგორ იმუშავებს ეს კანონი?

- გარკვეული სირთულეები აქაც იქნება. მაგალითად, საყურადღებოა, როგორ გამოეხმაურებიან სასამართლო მოწვევებს მოქალაქეები. რამდენი მოვა და როგორ გაიგებს, რა ევალება. ამის ორგანიზება საკმაოდ რთულია. შედარებით ნაკლებად რთულად მეჩვენება პროცესი, როდესაც უკვე იქნებიან შერჩეული ნაფიცი მსაჯულები. ჩვენ მათ ყველანაირ განმარტებებს მივცემთ - ზეპირად და წერილობით, ვაჩვენებთ ფილმებს. ამ სრულიად ახალი ვალდებულების შეჩვევას 2 წელი ნამდვილად სჭირდება - მოქალაქემ უნდა იცოდეს, რომ ეს მისთვის ჩვეულებრივი, რიგითი და, ამავე დროს, ძალზე საპასუხისმგებლო ვალდებულება იქნება.

- 2 წლის მერე, სამოქალაქო საზოგადოების განვითარების თვალსაზრისით, რა სურათი გვექნება?

- ვფიქრობ, რომ ამ სისტემას სულ უფრო და უფრო მეტი გამოხმაურება მოჰყვება და დიდი უმრავლესობა თანახმა იქნება, გაფართოვდეს ეს სისტემა. ამის თქმის საშუალებას მაძლევს ის წინასწარი კვლევები და მოსამზადებელი სამუშაოები, რაც ამ პროცესს უძღოდა. ამ კვლევებით ჩანს, რომ დიდ ნაწილს ამ სისტემის დანერგვა სურს. შეიძლება ბევრი კარგად არაა ინფორმირებული, მაგრამ კვლევების მიხედვით, ბევრი მზადაა თქვას - დიახ, მე ვიქნები ნაფიცი მსაჯული.

ნაწილს შეიძლება გარკვეული შიშიც აქვს და ნაწილში ჯერ კიდევ მძლავრია შეგნება, რომ არანაირი პასუხისმგებლობა არ აქვს და სხვაზე გადაბრალება და გარედან კრიტიკა სჯობია. ამგვარი ხალხის აზრის შეცვლა რთული იქნება, მაგრამ ეს ორი წელი დაგვანახებს, რომ იმ ხალხის რაოდენობა, რომელსაც პროცესში მონაწილეობა და პასუხისმგებლობის გაზიარება სურს, მეტია. თუ ასეთი ხალხის რაოდენობა დიდი იქნება, ნდობაც გაიზრდება, გაძლიერდება სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საკითხებზე სამოქალაქო საზოგადოების კონტროლი.

- როგორ გგონიათ, როდის გაიმართება ნაფიც მსაჯულთა პირველი სასამართლო პროცესი?

- ასეთი დანაშაული შეიძლება სექტემბერშიც მოხდეს, მაგრამ ნაფიც მსაჯულთა სასამართლო ამ საქმეს იმის მიხედვით დაიწყებს, როდის დაიწყება სისხლის სამართლებრივი დევნა. დამნაშავის დაუსწრებლად ნაფიცი მსაჯულები საქმის განხილვას ვერ დაიწყებენ.

- შემდგომში რა მუხლები დაემატება ამ სასამართლოს?

- პირველ რიგში, უნდა ვნახოთ, რას ითვალისწინებს სტატისტიკა. მაგალითისთვის, საქართველოში წელიწადში ქურდობის 100 000 შემთხვევა ხდება. ნაფიცთა მიერ ამის განხილვა წარმოუდგენელია, ჩაიშლება ყველაფერი. სტატისტიკით, თბილისში წელიწადში ხდება, დაახლოებით, 20-25 განზრახ მკვლელობა დამამაძიმებელ გარემოებაში. მთელ საქართველოში ეს საკმაოდ დიდი ციფრია - 200-მდე. მაგრამ, ეს 200 შემთხვევაც დიდი გამოწვევა იქნება.

- 2 წელიწადში ეს რიცხვი არ შემცირდება?

- უნდა შემცირდეს, მაგრამ შეიძლება ბრალდებულმაც თქვას უარი, მისი საქმე ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ განიხილოს.

- რა შემთხვევაში ამბობენ უარს?

- საპროცესო შეთანხმებისას სწრაფად გვარდება ყველაფერი და ურჩევნიათ, დროზე შეიტყონ, რა ელით…

- იმის მიუხედავად, რომ არსებობს შანსი ნაფიცმა მსაჯულებმა გამამართლებელი ვერდიქტი გამოუტანონ?

- დიახ, ასეთ შემთხვევაშიც. ამერიკაში საპროცესო შეთანხმება 98 პროცენტ საქმეებზე ფორმდება და საქმეების მხოლოდ 2 პროცენტი გადის ნაფიც მსაჯულთა სასამართლოზე. არავის სურს თავისი საქმის ხანგრძლივი განხილვა. თან, პრინციპში, ვინც საპროცესო შეთანხმებაზე მიდის, იმან იცის, რომ დამნაშავეა. გამონაკლისებიც არის, მაგრამ ეს ძალზე უმნიშვნელო პროცენტია, ერთი პროცენტიც არ არის.

გამამართლებელი განაჩენი 1 პროცენტამდე შემთხვევებში დგება. ეს კი იმიტომ ხდება, რომ დიდი უმრავლესობა საპროცესოზე მიდის - დღესდღეობით, საპროცესო შეთანხმებები საქმეების 77 პროცენტზე ფორმდება. ყველგან ასეა - იაპონიაში გამამართლებელი განაჩენი საქმეთა ზუსტად 1 პროცენტში დგება, ცოტა მეტია ნორვეგიაში - 4 პროცენტი, ამერიკის შეერთებულ შტატებში - 3-4 პროცენტია.

გამამართლებელი განაჩენის სიმცირეს ისიც განაპირობებს, რომ პროკურატურა, არასაკმარისი მტკიცებულებების გამო, სასამართლომდე წყვეტს საქმეებს. გასულ წელს პროკურატურამ 23 000 საქმე თავად შეწყვიტა, წელს კი, 6 თვეში, 11 000 საქმე შეწყდა სასამართლომდე.

- გამამართლებელი განაჩენის რიცხვს ნაფიც მსაჯულთა ვერდიქტი გაზრდის?

- შეიძლება, მაგრამ - უმნიშვნელოდ. თან ჩვენთან ერთი პრობლემა დგას - ადვოკატების დაბალი კვალიფიკაცია (იშვიათი გამონაკლისის გარდა). მათ თავად უნდა იზრუნონ კვალიფიკაციის ამაღლებაზე - აქვთ ასოციაცია და ფინანსები, თავად უნდა ჩაატარონ ტრენინგები, მოიზიდონ დახმარება და სხვა. ამ მხრივ გარკვეული უთანასწორობა არის, რადგან პროკურატურაში საქმე უკეთაა - არც კი ასვენებენ, ყოველთვიურად აქვთ ტრენინგები, ყველა გადამზადებულია, არჩევენ საუკეთესოებს და ეს სისტემა მუშაობს.

ყველაზე პოპულარული
  1. სპორტი >>

    aa
  2. უცხოეთი >>

    aa
  3. ბიზნესი >>

    aa
  4. ბიზნესი >>

    aa
  5. ბიზნესი >>

    aa
  6. ბიზნესი >>

    aa
  7. რევიუ >>

    aa
  8. კალათბურთი >>

    aa
  9. პოლიტიკა >>

    aa
  10. ინტერვიუ >>

    aa
  11. საზოგადოება >>

    aa
  12. თვალსაზრისი >>

    aa
  13. უცხოეთი >>

    aa
  14. პრესომბუდსმენი >>

    aa
  15. თვალსაზრისი >>

    aa
  16. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  17. რევიუ >>

    aa
  18. რევიუ >>

    aa
  19. სტილი >>

    aa
  20. რევიუ >>

    aa
  21. რევიუ >>

    aa
  22. რევიუ >>

    aa
  23. რევიუ >>

    aa
  24. მარანი >>

    aa
  25. მარანი >>

    aa
  26. მარანი >>

    aa
  27. მარანი >>

    aa
  28. კულინარია >>

    aa
  29. კულინარია >>

    aa
  30. კულინარია >>

    aa
  31. კულინარია >>

    aa
  32. კულინარია >>

    aa
  33. კულინარია >>

    aa
  34. კულინარია >>

    aa
  35. კულინარია >>

    aa
  36. კულინარია >>

    aa
  37. წიგნები >>

    aa
  38. წიგნები >>

    aa
  39. წიგნები >>

    aa
  40. წიგნები >>

    aa
  41. წიგნები >>

    aa
  42. წიგნები >>

    aa
  43. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  44. ამბები >>

    aa
  45. ტექნოლოგიები >>

    aa
  46. ტექნოლოგიები >>

    aa
  47. რევიუ >>

    aa
  48. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  49. რეგიონი >>

    aa
  50. კალათბურთი >>

    aa
  51. სპორტი >>

    aa
  52. რაგბი >>

    aa
  53. რაგბი >>

    aa
  54. წიგნები >>

    aa
  55. წიგნები >>

    aa
  56. წიგნები >>

    aa
   

ამბები
ბიზნესი
სპორტი
საზოგადოება
რევიუ
სტილი
თვალსაზრისი
ტენდერები
The New York Times
გაზეთ"24 საათის"
ელექტრონული არქივი
ავტორები
მობილურის ვერსია
RSS არხები
Twitter
სიახლეების გამოწერა
რეკლამის განთავსება
www.24saati.ge
გაზეთი "24 საათი"
კონტაქტი