RSS ბოლო ნომერი მობილური ვერსია
24 saati
23 მაისი, ოთხშაბათი 2012
თბილისი ... ...
ამბები >>

სკოლა არ იქნება უმაღლესი განათლების დამატება

ინტერვიუ განათლებისა და მეცნიერების მინისტრთან, დიმიტრი შაშკინთან

24 საათი 12.12.10

ინტერვიუ განათლებისა და მეცნიერების მინისტრთან, დიმიტრი შაშკინთან

- შეხვედრები და საუბრები განათლების სისტემის წარმომადგენლებთან გაძლევთ სრულ სურათს იმის თაობაზე, თუ რა ხდება დღეს სისტემაში?

- განათლების სისტემა საქართველოში ყველაზე დიდი ინსტიტუციაა. სამინისტროს კომპეტენციაში შედის საჯარო და კერძო სკოლები, პროფესიული კოლეჯები, კერძო სასწავლებლები, სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტები. სისტემა, ამა თუ იმ დოზით, თითოეულ ოჯახს ეხება. ამიტომ მოსახლეობის მხრიდან დიდი მოთხოვნა და ინტერესი არსებობს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია შევასრულოთ ეს მოთხოვნა და ჩვენი როლი, რაც პერსპექტივაში ჩვენს ქვეყანას მოუტანს წარმატებას.

- და ამ როლს რა ნიშანზე ასრულებთ?

- სულ ახლახან მსოფლიო ბანკმა დააფინანსა, ჩაატარა და უკვე გამოაქვეყნა განათლების სისტემის კვლევა საქართველოში. ამ კვლევით, მოსახლეობის 65 პროცენტი ამბობს, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში სისტემაში გაუმჯობესებაა. 80-85-მა პროცენტმა ახსენა, რომ ერთ-ერთი ყვლაზე დიდი წარმატება საჯარო სკოლებში მანდატურების შეყვანაა. წარმატებულადაა შეფასებული ინგლისურენოვანი მასწავლებლების ჩამოყვანა და პედაგოგთა სერტიფიცირება. ამავე დროს, მოსახლეობის 70 პროცენტი ამ რეფორმების გაგრძელებას მომავალ წელსაც ელის. ეს ჩვენთვის სერიოზული და მნიშვნელოვანი გამოწვევაა.

- რა ვერ გააკეთეთ 2010 წელს?

- რასაც დავპირდით ხალხს, რომ 2010-ში გავაკეთებდით, ყველაფერი შევასრულეთ. ცხადია, ეს საკმარისი არ არის. ვინაიდან განათლების სისტემა დიდია, ბევრი პრობლემაა და ერთ წელიწადში ყველაფერი ვერ მოგვარდება. ის, ვინც გეტყვით, რომ რეფორმები წარმატებით დასრულდა და წარმატების მიღწევის შემდეგ მუშაობის გაგრძელება საჭირო აღარ არის, ცდება. ასეთი მიდგომა რეფორმის შეჩერების პირველი ნაბიჯია. არ არსებობს სფერო ქვეყანაში, სადაც რეფორმები შეიძლება შეჩერდეს, ან შეიძლება თქვა, რომ დასრულებულია. შსს-ს ისეთ წარმატებულ რეფორმაზეც კი, როგორიც პატრულია, ვერავინ გეტყვით, რომ ეს რეფორმა დამთავრდა.

- რა საყვედურებს და სურვილებს ისმენთ შეხვედრებზე პედაგოგებისგან, დირექტორებისგან - რა არის დღეს სისტემის მთავარი მინუსი?

- სკოლებით დავიწყოთ. სკოლაში რამდენიმე სუბიექტია - მშობელი, მასწავლებელი, მოსწავლე, სკოლის ადმინისტრაცია და ყველას სხვადასხვა ტიპის პრობლემები აქვს. კვლევებმა აჩვენა, რომ მშობლისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი განათლების ხარისხი და ბავშვების უსაფრთხოებაა; მასწავლებლებისთვის - განათლების ხარისხი და ანაზღაურება და ეს ბუნებრივიცაა; სხვაგვარი მოთხოვნები აქვს მოსწავლეს და სხვა - ადმინისტრაციას. მსოფლიო ბანკის კვლევებმაც აჩვენა და ჩვენც ვიცით, რომ მომავალ წელს საზოგადოება ჩვენგან სახელმძღვანელოების პრობლემის მოგვარებას ელის. საერთოდ, მომავალი წელი გამოწვევის წელი იქნება განათლების რეფორმისთვის, რადგან შესაძლებლობა გვეძლევა, ერთხელ და სამუდამოდ მოვაგვაროთ რამდენიმე პრობლემა, რომელთაგან უპირველესი სახელმძღვანელოებია.

ალბათ უკვე იცით, რომ მომავალი წლისთვის გრიფირების განსხვავებული წესი ამუშავდება.

წელს ჩატარდა რუტინული სამუშაო და შედგენილია ახალი სასაწავლო გეგმა, რომელზეც რამდენიმე ასეული სპეციალისტი მუშაობდა. პროგრამაში შემოდის სავალდებულო კომპონენტი - ჰუმანიტარულ მეცნიერებებში ეს იქნება 60 პროცენტი და ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნირებაში - 80 პროცენტი... წინა სასწავლო გეგმით მასწავლებელი თავად ირჩევდა რომელი ნაწარმოებების მიხედვით უნდა ესწავლებინა, მაგალითად, ილია ჭაჭავაძის შემოქმედება. ეს ბევრ გაუგებრობას ქმნიდა - შეიძლებოდა გურჯაანში ერთი ნაწარმოები შეერჩია პედაგოგს და გლდანში - სულ სხვა. ჩვენ დასაბუთებულ პრეტენზიებს ვისმენდით მშობლებისა და მასწავლებლებისგან.

- რით იყო ცუდი ეს თავისუფლება?

- თავისუფლება კარგია. პიროვნების თავისუფლება ერთ-ერთი მთავარი ღირებულებაა. 11 წელი ვმუშაობდი ამერიკულ კორპორაციაში, საერთაშორისო რესპუბლიკურ ინსტიტუტში, რომლის იდეოლოგიაა ნეოკონსერვატიზმი და მემარჯვენეობა, სადაც ყველაზე მთავარი ფასეულობა პიროვნული თავისუფლებაა. მაგრამ ჩვენ ერთმანეთისგან უნდა განვასხვავოთ პიროვნების თავისუფლება და ინსტიტუციის თავისუფლება. არ გვაქვს იმის უფლება, რომ სხვადასხვა რაიონში მცხოვრებ ბავშვებს სხვადასხვა დონის განათლება შევთავაზოთ. სახელმწიფო ვალდებულია, ბავშვებს საბაზისო განათლება მისცეს. ბავშვზეცაა დამოკიდებული და პედაგოგზეც - მაგალითად, ქართულ ენასა და ლიტერატურაში არასავალდებულოდ დარჩენილი 40 პროცენტი აბსოლუტურად საკმარისია მასწავლებლის კრეატიულობის გამოსავლენად.

რაც შეეხება სახელმძღვანელოებს: მომავალი წლიდან დაიწყება ახალი ეროვნული სასწავლო გეგმის იმპლემენტაცია პირველიდან მეექვსე კლასის ჩათვლით, ხოლო შემდეგ წელს - მეშვიდედან მეთორმეტე კლასის ჩათვლით. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მომავალ წელს 1-6 კლასის ყველა სახელმძღვანელო იცვლება და ახალმა სახელმძღვანელოებმა უკვე აპრილში უნდა მიიღონ გრიფირება.

ამ დროისთვის ბაზარზე 900 სახელმძღვანელოა, რაც ნიშნავს, რომ თითო საგანში ათამდე სხვადასხვა წიგნია. მათი უმრავლესობა, სამწუხაროდ, შინაარსითაც და პოლიგრაფიულადაც დაბალი ხარისხისაა. სხვადასხვა ავტორების სხვადასხვა მეთოდოლოგიით შედგენილ წიგნებს შორის არ იყო ლოგიკური ბმა, რაც სერიოზულ პრობლემებს ქმნიდა. ბავშვი რაღაცას ან ორჯერ სწავლობდა, ან საერთოდ არ სწავლობდა. პირველი, რაც შეიცვალა, ისაა, რომ გრიფირებას მხოლოდ ის სახელმძღვანელო მიიღებს, რომელიც საფეხურს ფარავს. მაგალითად, მათემატიკა, ქართული, ინგლისური იქნება 1-დან მე-6 კლასის ჩათვლით, საქართველოს ისტორია, რომელიც მეხუთე კლასში შემოდის - მტ-5-მე-6 კლასის ჩათვლით და ა.შ.

გრიფირების წინა წესის შექმნისას თეორიულად სწორი მიდგომა იყო, მაგრამ პრაქტიკა თეორიისგან ძალიან შორს აღმოჩნდა - ბევრ სკოლაში პედაგოგი ირჩევდა სახელმძღვანელოს, ბევრში კი - ადმინისტრაცია. მას შემდეგ, რაც სახელმძღვანელოს აირჩევდნენ, ბავშვები და მშობლები ავტომატურად ხდებოდნენ იმ გამომცემლობის მძევალი, რომლის გამოცემული სახლემძღვანელოც აირჩიეს. ეს გამომცემელი კარნახობდა, რა ფასად და სად უნდა ეყიდათ წიგნი.

როდესაც სასწავლო წლის დასაწყისში გამომცემლობებს შევხვდი, ვთხოვე ფასები არ გაეზარდათ. ისინი მიკითხავდნენ ლექციას საბჭოთა პოლიტეკონომიიდან, თუ როგორ იქმნება ფასი... ძალიან კარგად ვიცით, რა არის წიგნის თვითღირებულება.

- მინისტრის ეს თხოვნა კერძო ბიზნესში სახელმწიფოს ჩარევად იყო აღქმული.

- ეს არ არის ჩვეულებრივი კერძო ბიზნესი. თუ ჩვენ საბაზრო ეკონომიკაზე ვსაუბრობთ, ფასს ქმნის თავისუფალი ბაზარი, მოთხოვნილება. თუ ბაზარმა დააფიქსირა, რომ, მაგალითად, კარტოფილი უნდა ღირდეს ლარი, ბაზარს არ აინტერესებს რა დაგიჯდათ მისი მოყვანა - 50 თეთრი, თუ 5 ლარი.

სახელმძღვანელოების შემთხვევაში, ბაზარი არ მუშაობდა, რადგან საბაზრო ეკონომიკას კონკურენცია ქმნის. ჩვენ კი ასეთი სიტუაცია გვქონდა: ერთი გამომცემელი ქმნიდა ფასს, კონკურენცია არ არსებობდა. ბოლო წვეთი კი ის იყო, რომ ის 300-პრცენტიანი მოგება, რომელიც ზოგიერთ გამომცემელს ჰქონდა ჩადებული, 800-პროცენტიან მოგებად იქცა. 4-5 ლარის თვითღირებულების წიგნს 32 ლარად ყიდდნენ.

- ამ რისკებისგან როგორ იცავს გრიფირების ახალი წესი?

- ახალი წესი შეიძლება არ მოეწონოს მას, ვისაც ამ 60 მილიონ ლარიან ბაზარზე მონოპოლია ჰქონდა, მაგრამ ეს მოეწონება მშობელს, საზოგადოებას და, რაც მთავარია, ეს იქნება სამართლიანი. ახალი წესით, გრიფირება და არჩევანის საშუალება რჩება და სახელმწიფო ამ სახელმძღვანელოს თანამესაკუთრე ხდება. უკვე გრიფირებული სახელმძღვანელოს დაბეჭდვა ნებისმიერ სტამბას შეუძლია - დადოს ავტორთან ხელშეკრულება, გადაუხადოს შეთანხმებული პროცენტი და დაბეჭდოს - ზოგი ძვირად, ზოგი შედარებით იაფად. სახელმწიფო ავტორთან (ფიზიკურ ან იურიდიულ პირთან) აფორმებს ხელშეკრეულებას და ბეჭდვის უფლებას აძლევს ყველა სტამბას. ფასს კი ბაზარი დაარეგულირებს. მოსახლეობა იყიდის იმას, რომელიც იაფია.

- გრიფირებული წიგნის ავტორს სტამბასთან ხელშეკრულების დადება სახელმწიფოს გარეშეც შეეძლო. უფრო კონკრეტულად რას ნიშნავს სახელმწიფოს თანამესაკუთრეობა?

- ერთადერთი მოტივი, რის გამოც სახელმწიფო სახელმძღვანელოს თანამესაკუთრე ხდება ის არის, რომ სახელმძღვანელოს ავტორმა დამამუხრუჭებელი ბერკეტი არ შეუქმნას გამომცემლებს. სამინისტროს ვალია, ბაზარზე რაც შეძლება მეტი მწარმოებელი იყოს, რათა ფასი დარეგულირდეს. სხვა შემთხვევაში, კონკრეტული გამომცემელი კვლავ მონოპილისტი იქნება.

- გასულ კვირას მედიის მთავარი თემები "ვიკილიქსის" სკანდალი და თქვენ იყავით. ამას კარგ მუშაობას მიაწერთ?

- ჩვენს მუშაობას საზოგადოება ხედავს. ამ ბოლო კვლევით, საზოგადოების 65-მა პროცენტმა აღნიშნა, რომ წელს განათლების სისტემაში სიტუაცია მკვეთრად გამოსწორდა.

- თუმცა, არსებობს კონკრეტული პრობლემები, რომლის სიმწვავეს სწორედ სისტემის განსაკუთრებული სეგმენტი - ბავშვები წარმოშობს. რა იყო მთავარი პრობლემა 173-ე სკოლაში, ვინ შექნა ეს პრობლემა და რატომ ვერ მოხერხდა ამის თავიდან აცილება?

- მთელ ისტორიას მოგიყვებით. 173-ე სკოლა ორი სკოლის გაერთიანებით შეიქმნა. წლების წინ ხელოვნურად გაყოფილი ეს ორი სკოლა ერთ ეზოში მდებარეობდა და ორი ადმინისტრაცია მართავდა. ზაფხულში ამ სკოლების შერწყმა მოხდა და თბილისში სიდიდით მეორე სკოლად იქცა, სადაც 2 300-მდე ბავშვი სწავლობს. სკოლის ბიუჯეტი 1 110 000-ზე მეტი ღირებულების ვაუჩერით განისაზღვრება. ნოემბრის დასაწყისში ყველა სკოლის დირექტორს ვთხოვე გათბობის სისტემის მოწესრიგება. ვიცოდი, რომ პრობლემები იქნებოდა, ეს მე შარშან ვნახე. პრობლემები, ძირითადად, ცუდ მენეჯმენტთან იყო დაკავშირებული. ინფრასტრუქტურული თვალსაზრისით, განათლების სისტემაში ბევრი რამ გაკეთდა ბოლო 6 წლის განმავლობაში. თბილისის ბევრ სკოლაში სახელმწიფომ მიიტანა და დაამონტაჟა გათბობის სისტემა, რომელსაც მოვლა სჭირდება. ჩვენი სამინისტროს ინფრასტრუქტურის სამმართველოს სპეციალისტებმა შეამოწმეს და ყველა სკოლიდან მოიტანეს ანგარიში. ამ კონკრეტულ სკოლაში გათბობის ჩართვა შეუძლებელი აღმოჩნდა - "ბოილერი" იყო გაძარცვული, მილები - გაფუჭებული. ადმინისტრაციას ზომების მიღებისკენ მოვუწოდე. ამასობაში, ამ სკოლაში დირექტორების მიერ მოწვეულმა კერძო აუდიტებმა დასკვნა დადეს. შედეგები კატასტროფული იყო. ამიტომ მივიღე გადაწყვეტილება გამეთავისუფლებინა დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი, რომელიც შერწყმის შემდეგ დაინიშნა. შემოვიდა დირექტორის მოვალეობის ახალი შემსრულებელი, რომელიც ორი კვირის განმავლობაში ცდილობდა ძველი ადმინისტრაციისგან ბეჭდის მიღებას, არ უღებდნენ სეიფს, არ აჩვენებდნენ ხელშეკრულებებს...

- ყოფილ მანდატურზე საუბრობთ?

- დიახ, იგი გასული წლის მაისში საპილოტო პროგრამაში მონაწილეობდა. მას აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება, სხვადასხვა მიმართულებით მუშაობდა და მისი ბიოგრაფიიდან ერთ-ერთი პროფესია არის მანდატური. კითხვა - შეიძლება თუ არა მანდატური დირექტორად დაინიშნოს, ჩემთვის აპრიორი მიუღებელია. ეს დაახლოებით იმ 700 ადამიანის შეურაცხყოფაა, რომელიც მანდატურად მუშაობს - ცუდი პროფესიაა? ადამიანი არ არის? ჩემთვის მანდატური სრულფასოვანი პროფესიაა. იმ კონკრეტულმა ადამიანმა მანდატურების მომზადებისას წამყვანი როლი შეასრულა და აჩვენა, რომ აქვს კარგი ორგანიზატორული თვისებები და პროცესების მართვა შეუძლია. ჩემთვის ეს მნიშვნელოვანი იყო.

- ამას არავინ ამბობს, მაგრამ როცა დირექტორად ინიშნება, განათლების სისტემაში მუშაობის რაიმე გამოცდილება არ უნდა ჰქონდეს? თან სკოლაში ისიც თამაშობს როლს, რომ მანდატურს პედაგოგზე გაცილებით მაღალი ხელფასი აქვს...

- სკოლასთან ლოტოტრონით დანიშნულ ბევრ დირექტორსაც არ ჰქონია შეხება. რაც შეეხება ხელფასს, მასწავლებელი სკოლაში საათობრივი დატვირთვით მუშაობს, მანდატური - დილიდან საღამომდე, მანამდე, ვიდრე სკოლაში ერთი ბავშვი მაინც იმყოფება. ზოგადად, მანდატურის ხელფასი 400 ლარია, რაც ბევრად არ აღემატება მასწავლებლის ხელფასს.

- ლოტოტრონით დანიშნულები ყოფილი დირექტორები ან პედაგოგები იყვნენ...

- სისტემაში არიან გამოცდილი დირექტორებიც. ლოტოტრონით მისული 2 200 დირექტორიდან ბევრს შეხება არ ჰქონია განათლების სისტემასთან... ცნობილი ფეხბურთელი არჩილ არველაძე, რომელსაც მე დიდ პატივს ვცემ, არის ერთ-ერთი სკოლის დირექტორი. ის არასდროს ყოფილა პედაგოგი და ცუდი დირექტორია? არ უყართ ბავშვებს? მას პედაგოგობის გამოცდილება ჰქონდა?

- საფეხბურთო სკოლის დირექტორად დაინიშა, ეს სპეციალური სკოლაა.

- ეს არის ჩვეულებრივი საჯარო სკოლა. სპორტსკოლები განათლების სამინისტროს დაქვემდებარებაში არ შედის. იმის გამო, რომ არველაძე იყო ფეხბურთელი და ყველას უყვარს, შეიძლება გახდეს სკოლის დირექტორი და უცნობი პროფესიონალი, რომელსაც უმაღლესი განათლება აქვს, არ შეიძლება?

პირდაპირ მინდა განვაცხადო - არ ვეთანხმები და არასოდეს დავეთანხმები აზრს, რომ დირექტორს აუცილებლად უნდა ჰქონდეს შეხება განათლების სისტემასთან. ეს ერთ-ერთი კომპონენტი შეიძლება იყოს, მაგრამ არ უნდა იყოს განმსაზღვრელი. ამ ლოგიკით, ჯანდაცვის სამინისტროს მხოლოდ ექიმმა უნდა უხელმძღვანელოს, ეკონომიკას - ფინანსისტმა და ა.შ. ეს არ არის სწორი, ამაზე შეგვიძლია ვიკამათოთ...

- თავად ბრძანეთ, სახელმძღვანელოების ბიზნესი არ არის ჩვეულებრივი ბიზნესი და განათლება არ არის ერთ-ერთი რიგითი დარგი...

- მესმის. არ შეიძლება პედაგოგად იმუშაოს არაპედაგოგმა, მაგრამ სკოლის დირექტორი არ არის მასწავლებელი, მას სასწავლო პროცესის ორგანიზება ავალია. იმ ადამიანს, ვისაც ასეთი განცდა აქვს, შეუძლია წაიკითხოს ბევრი წიგნი, მსოფლიოში არის ამაზე ჩამოყალიბებული აზრი.

173-ე სკოლას დავუბრუნდეთ. მას შემდეგ, რაც დირექტორის მოვალეობის ახალმა შემსრულებელმა მთავარი ბუღალტერი მოხსნა, მეორე დღესვე მოხდა ის, რაც მოხდა. ძველმა დირექტორმა თავად დაწერა განცხადება თანამდებობიდან წასვლაზე მას შემდეგ, რაც აუდიტის შედეგები წარუდგინეს. მაგრამ ის სკოლაში პედაგოგად დარჩა. ადმინსტრაციიდან მოხსნილი ორი სასწავლო ნაწილის გამგეც დარჩა მასწავლებლად. სამინისტრომ მოვალეობის შემსრულებელი დანიშნა და ეს იურიდული დარღვევა არ არის.

ადმინისტრაციის მოხსნილმა წევრებმა ბავშვები შეცდომაში შეიყვანეს და სიცრუე უთხრეს - პედაგოგებს ხსნიანო. ამ სკოლაში არც ერთი მასწავლებელი არ მოხსნილა. მხოლოდ ერთ პედაგოგს ჩამოართვეს კლასის დამრიგებლის საათები იმის გამო, რომ ამ მასწავლებელმა საბაჟოზე დაიწყო მუშაობა და დამრიგებლობას ვეღარ ახერხებდა. ისიც დარჩა სკოლაში. ბავშვებში ემოციური ტალღის შექმნა რთული არ არის. შეიძლება თქვენ ეს კადრები ნახეთ კიდეც - ბავშვები მოითხოვდნენ არ გათავისუფლებულიყვნენ მასწავლებლები და სკოლაში გათბობა ყოფილიყო. ინსინუაციები, რომელიც ჩემს მისვლას მოჰყვა, იმ ადამიანთა სინდისზე იყოს, ვინც ეს მოაწყო. 2 300-დან სამასამდე ბავშვი იყო გამოსული და როცა ამდენი ბავშვია ეზოში, ნებისმიერ შემთხვევაში ყვირიან და უსტვენენ, თან ბავშვები საამისოდ ემოციურად მომზადებულები იყვნენ. მათ უკან იმალებიან კონკრეტული პოლიტიკოსები. ვინც იქ იყო, დაინახა, რაც ხდებოდა რეალურად. ამ ქვეყანაში არ ბნელა. ყველას შუძლია მივიდეს და ნახოს - მეორე დღესვე სიმშვიდე იყო სკოლაში.

ვის დავნიშნავ მოვალეობის შემსრულებლად სკოლაში, ეს ჩემი უფლება და კომპეტენციაა. საბოლოოდ მისი დირექტორად არჩევა კი, მშობლებისა და პედაგოგებისგან დაკომპლექტებულ სამეურვეო საბჭოს ევალება.

დავიღალე საუბრებით, ის იქ რატომ დაინიშნა, რატომ მოიხსნა... გადახედეთ გაზეთებს, ტელეარხებს - რაზე აკრიტიკებენ განათლების სამინისტროს - სად რომელი დირექტორი მოიხსნა - რატომ უნდა ვისაუბროთ ამაზე?

- ბუნებრივია, ეჭვი გაჩნდება, როცა ერთ დღეს 8 დირექტორი დაწერს განცხადებას თანამდებობიდან წასვლაზე.

- 2 200 დირექტორიდან, წლის განმავლობაში, დაახლოებით, 20 პროცენტი იცვლება, ამაში ტრაგედიას ვერ ვხედავ. ზოგმა სხვა პერსპექტივა ნახა, ზოგს აღარ სურს სკოლაში მუშაობა... რაც ეხება იმ რვა განცხადებას - ძალიან გასაგებად ახსნა ეს 162-ე სკოლის დირექტორმა. მიშა მინდაძემ სიტყვასიტყვით თქვა: მე ვნახე ჩემი ბავშვები, რომლებიც აპროტესტებდნენ სწავლას და არ ვთვლი, რომ ჩემი ადგილი იმ სკოლაშია, სადაც სწავლა არ უნდათ.

აჟიოტაჟი ატყდა, ასევე, 52-ე და 53-ე სკოლების დირექტორები მოხსნესო; შეგიძლიათ ნახოთ - ეს ხალხი ისევ თავის ადგილებზეა.

- რატომ დადგა გამოცდების წესის შეცვლის საკითხი, როდესაც ეროვნული გამოცდები ერთ-ერთი წარმატებული რეფორმა იყო?

- ერთიანი ეროვნული გამოცდები არის კიდეც წარმატებული რეფორმა - ერთიან ეროვნულ გამოცდებზე 4 გამოცდა რჩება. ზოგადი განათლება უმაღლესი სასწავლებლის დამატება არ არის, სკოლა ცალკე ინსტიტუციაა. ბოლო ერთი წლის განმავლობაში ბევრი დემაგოგია მოვისმინე თემაზე - რატომ დადგა 8 საატესტატო გამოცდის საჭიროება... ბავშვს არ უნდა დაუწერო ნიშანი, არ უნდა დააძალო სწავლა, არ გვჭირდება ჟურნალები... - ეს ასეც იყო და ახლა ვიმკით ამ ფსევდოლიბერალური მიდგომების შედეგებს. ლიბერალიზმთან ამ მიდგომას საერთო არაფერი ჰქონდა, ამას ერქვა ანარქია - ვისაც როდის და როგორც უნდოდა, ისე დადიოდა სკოლაში.

მსოფლიო ბანკის მიერ ცალკე ჩატარდა პედაგოგთა გამოკითხვა. გამოკითხულთა 90 პროცენტი კლასიდან კლასში გადასასვლელი გამოცდების ჩატარებას ითხოვს. ამაზე საუბარი ახლა ზედეტია. მაგრამ საატესტატო გამოცდამ შესაძლებლობა მოგვცა, ბავშვი სკოლაში დაგვებრუნებინა. 2010 წლის იანვარში საზოგადოება პრეტენზიებს გვიყენებდა ამ მხრივ. მაქსიმუმ, იმ სამ საგანს სწავლობდნენ, რომელიც უმაღლეს სასწავლებელში ჩასაბარებლად სჭირდებოდათ. ახლა მე-12 კლასის მოსწავლეები საკლასო ოთახებში სხედან. ეს ჩვენ სამი მიმართულების გამოყენებით გავაკეთეთ - მანდატურმა სკოლაში დისციპლინა უზრუნველყო, საატესტატო გამოცდების დანიშვნით ბავშვს საბუნებისმეტყველო საგნის სწავლების საშუალება მიეცა, ეროვნული სასწავლო გეგმა დაიხვეწა.

ბავშვმა უნდა მიიღოს განათლება და თუ ვინმეს განცდა აქვს, რომ ეს არ გვჭირდება, პრობლემა არც ესაა - სახელმწიფო 322 მილიონით აფინანსებს სკოლებს. ეს 322 მილიონი მივცეთ ჩვენს პენსიონერებს, დამსახურებულ ხალხს პენსიები გაუორმაგდება და შემოსავალი ექნება.

მიდგომამ, რომელსაც დღეს ქადაგებენ - გამოცდების მოხსნამ და ნიშნების უარყოფამ - იქამდე მიგვიყვანა, რომ ექსპერტებმა, რომელიც ჩემი თხოვნით შევიდნენ სკოლებში და მონიტორინგი ჩაატარეს, მითხრეს: თუ 2010-ში სისტემაში რევოლუციური ცვლილებები არ მოხდება, 2012 წელს სკოლაში ივლიან მხოლოდ პირველიდან მეექვსე კლასამდე. აი, ეს იყო ფსევდოლიბერალური მიდგომის შედეგი.

- თქვენ ისაუბრეთ დისციპლინაზე, ბავშვების სკოლაში დაბრუნებასა და სასწავლო პროგრამაზე. არ გიხსენებიათ პედაგოგები. მათი ნაწილი ნებაყოფლობით ტესტირებაზე გავიდა და მაინცდამაინც კარგი შედეგი არ უჩვენებია...

- ვერ დაგეთანხმებით. ეს იყო ინსინუაციები და ინტერპრეტაციები. ვერსად ვერ მოისმენდით ოფიციალურ ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ პედაგოგებმა ცუდი შედეგები აჩვენეს. სერტიფიცირება წამატებული რეფორმაა, რაც 2014 წლამდე ნებაყოფლობითია. ამიტომ, 20 000-დან 10 000 პედაგოგის ნებაყოფლობით გასვლა სასერტიფიკაციო გამოცდაზე დიდი შედეგია. პედაგოგები ორ გამოცდას აბარებდნენ - საგნობრივს და უნარ-ჩვევებს. უმრავლეობამ ერთის ჩაბარება არჩია. მეორე სასერტიფიკაციო გამოცდა ივლისში ჩატარდება და შედეგს მაშინ ვნახავთ. სერტიფიცირებით პედაგოგებს კვალიფიკაციის ამაღლების შესაძლებლობას ვთავაზობთ. კარგად მესმის, რომ ადამიანებს არ აქვთ სრულყოფილი ინფორმაცია განათლების სისტემაზე...

- ამას ვის აბრალებთ?

- აქ ორი პრობლემაა - განათლების სისტემა ძალიან დიდია. ამდენ ხანს ვსაუბრობთ და საკითხების მეათედიც ვერ დავფარეთ. მეორე მხრივ, მსოფლიო ბანკის კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ ჯერ კიდევ პრობლემაა მშობელთა სასწავლო პროცესში ჩაბმა. ჩართულთა 70 პროცენტზე მეტი პირველიდან მეექვსე კლასამდე ბავშვის მშობელია. ზედა კლასებში მშობელთა 10-15 პროცენტია ჩართული და ეს ძალზე ცოტაა.

- რა არის განათლების იმ სისტემის საფუძველი, რომელსაც ჩვენ ვაშენებთ?

- ძალზე სერიოზული გამოწვევები გველის. საჯარო სკოლების წინაშე განათლების ხარისხის გაუმჯობესების საკითხი დგას, ესაა ყველაზე მნიშვნელოვანი პრიორიტეტი, რაც მასწავლებელთა კვალიფიკაციის ამაღლების გარეშე შეუძლებელია. სკოლებში უნდა იყოს დისციპლინა და საინტერესო სასწავლო პროცესი. და თუ თქვენ სტრატეგიულ კურსს მეკითხებით - საჯარო სკოლა არის ავტონომიური ინსტიტუცია და სანამ მინისტრი ვარ, სკოლაში ბავშვი რელურად მიიღებს ზოგად განათლებას. სკოლა არ იქნება უმაღლესი განათლების დამატება.

პროფგანათლების მიმართულებით მომავალ წელს ფუნდამენტური ცვლილება იგეგმება, რაც სტუდენტთა 8 000-იან კონტინგენტს 25 000-მდე გაზრდის.

უმაღლესი განათლების სისტემაში რევოლუციურ ნაბიჯს ვამზადებთ - უმაღლეს სასწავლებლებს იურიდიული სტატუსი შეეცვლებათ. დღეს ყველა უმაღლესი სასწავლებელი "სიპის" სტატუსს ატარებს. მომავალი წლიდან მათ "აიპი" სტატუსზე გადავიყვანთ. ეს ჩვენი წინადადებაა და რა თქმა უნდა, ამას პარლამენტის, საზოგადოების თანხმობა ჭირდება.

"სიპის" შემთხვევაში რექტორატს აქვს გარკვეული იურიდიული შეზღუდვები სამინისტროს მხრიდან. "აიპიზე" გადასვლა უნივერსიტეტებს აბსოლუტურად დამოუკიდებლებს გახდის. სახელმწიფო მზადაა უნივერსიტეტებს ქონება გადასცეს იმისთვის, რომ შექმნან ენდაუმენტების ფონდები და უფრო ძლიერები გახდნენ. ეს, პირველ რიგში, რექტორების მოთხოვნაა. სამინისტრო შეგნებულად იზღუდავს თავის უფლებებს და უნივერსიტეტებზე გადააქვს. მაგალითად, უმაღლესი სასწავლებლები არ დაექვემდებარებიან განათლების სამინისტროს გენინსპექციას; იქნებიან ავტონომიურნი და დამოუკიდებელნი ფინანსური საქმიანობისას; მათ ექნებათ შესაძლებლობა, მოიპოვონ რეალური დამოუკიდებლობა და გახდნენ ძლიერი ინსტიტუციები. ეს უნივერსიტეტების დამოუკიდებლობის მწვერვალია

- მზად არიან ამისთვის?

- ეს პროცესი ერთ დღეში არ დასრულდება, ამას მთელი წლის მუშაობა დასჭირდება, მაგრამ ეს, პირველ რიგში, რექტორთა აკადემიური წრის მოთხოვნაა და ჩვენ ამ თხოვნას გამოვეხმაურეთ.

ყველაზე პოპულარული
  1. სპორტი >>

    aa
  2. უცხოეთი >>

    aa
  3. ბიზნესი >>

    aa
  4. ბიზნესი >>

    aa
  5. ბიზნესი >>

    aa
  6. ბიზნესი >>

    aa
  7. რევიუ >>

    aa
  8. კალათბურთი >>

    aa
  9. პოლიტიკა >>

    aa
  10. ინტერვიუ >>

    aa
  11. საზოგადოება >>

    aa
  12. თვალსაზრისი >>

    aa
  13. უცხოეთი >>

    aa
  14. პრესომბუდსმენი >>

    aa
  15. თვალსაზრისი >>

    aa
  16. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  17. რევიუ >>

    aa
  18. რევიუ >>

    aa
  19. სტილი >>

    aa
  20. რევიუ >>

    aa
  21. რევიუ >>

    aa
  22. რევიუ >>

    aa
  23. რევიუ >>

    aa
  24. მარანი >>

    aa
  25. მარანი >>

    aa
  26. მარანი >>

    aa
  27. მარანი >>

    aa
  28. კულინარია >>

    aa
  29. კულინარია >>

    aa
  30. კულინარია >>

    aa
  31. კულინარია >>

    aa
  32. კულინარია >>

    aa
  33. კულინარია >>

    aa
  34. კულინარია >>

    aa
  35. კულინარია >>

    aa
  36. კულინარია >>

    aa
  37. წიგნები >>

    aa
  38. წიგნები >>

    aa
  39. წიგნები >>

    aa
  40. წიგნები >>

    aa
  41. წიგნები >>

    aa
  42. წიგნები >>

    aa
  43. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  44. ამბები >>

    aa
  45. ტექნოლოგიები >>

    aa
  46. ტექნოლოგიები >>

    aa
  47. რევიუ >>

    aa
  48. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  49. რეგიონი >>

    aa
  50. კალათბურთი >>

    aa
  51. სპორტი >>

    aa
  52. რაგბი >>

    aa
  53. რაგბი >>

    aa
  54. წიგნები >>

    aa
  55. წიგნები >>

    aa
  56. წიგნები >>

    aa
   

ამბები
ბიზნესი
სპორტი
საზოგადოება
რევიუ
სტილი
თვალსაზრისი
ტენდერები
The New York Times
გაზეთ"24 საათის"
ელექტრონული არქივი
ავტორები
მობილურის ვერსია
RSS არხები
Twitter
სიახლეების გამოწერა
რეკლამის განთავსება
www.24saati.ge
გაზეთი "24 საათი"
კონტაქტი