RSS ბოლო ნომერი მობილური ვერსია
24 saati
23 მაისი, ოთხშაბათი 2012
თბილისი ... ...
ამბები >>

საქართველოს შეხედავენ, როგორც მდგრად ადგილს ინვესტიციებისთვის

ინტერვიუ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან ვერა ქობალიასთან

24 საათი 12.02.12

ინტერვიუ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან ვერა ქობალიასთან

- დავიწყოთ ამერიკის შეერთებულ შტატებში პრეზიდენტის ვიზიტით. თქვენ იყავით დელეგაციის შემადგენლობაში. რა შეხვედრები იყო კონკრეტულად, რას ნიშნავს თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი აშშ-სთან?

- აბსოლუტურად გადაუჭარბებლად ითქვა, რომ ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე შედეგიანი ვიზიტი ამერიკაში. ერთი კვირის განმავლობაში გვქონდა უამრავი შეხვდრა, მგონი არ დაგვიტოვებია არც ერთი სენატორი და კონგრესმენი. სწორედ მათი ინტერესი იყო ჩვენთან შეხვედრა, რადგან საქართველო მათთვის მნიშვნელოვან როლს თამაშობს და ხედავენ, რომ ჩვენი ქვეყანა რეალურად არის პარტნიორი ამ რეგიონში. გარდა ამისა, მსოფლიოში არსებული ეკონომიკური კრიზისის და სხვა პრობლემების ფონზე, ბევრი ქვეყანა იმდენად დატვირთულია შიდა პრობლემებით (თუნდაც ევროპის ქვეყნები), რომ რთულია არამარტო საქართველოსთვის, არამედ თუნდაც ისეთი დიდი ქვყნისთვის, როგორიც ამერიკაა, ჰყავდეს ძლიერი პარტნიორები და ჩვენ ნამდვილად ვართ ამერიკის ასეთი პარტნიორი, თუნდაც ავღანეთში, და ეს არ არის ჩვენი სიტყვები, ეს ამერიკელი ხალხის სიტყვებია.

რაც ეხება ეკონომიკურ საკითხებს - აქამდე, როცა ამერიკაში სხვადასხვა სტრუქტურებთან ვიწყებდით საუბარს თავისუფალი სავაჭრო რეჟიმის თაობაზე, ყოველთვის გვხვდებოდა თავშეკავებული პოზიცია, რომ ეს რთული საკითხია, რომ ამერიკის დღევანდელი ადმინისტრაციისთვის, მითუმეტეს საარჩევნო პერიოდში, ეს არ არის მარტივად გადასაწყვეტი საკითხი და ა.შ. მართალი გითხრათ, არ ველოდით, რომ პრეზიდენტი ობამა ასეთ განცხადებას გააკეთებდა. დღეს ზუსტად ვიცით, რომ ამერიკასა და საქართველოს შორის თავისუფალი ვაჭრობის პერსპექტივა აშშ-ს პრეზიდენტის ინიციატივა იყო. ეს ძალიან მნიშვნელოვანი, ერთი მხრივ, იმ კუთხითაა, რასაც საქართველოსთვის მოიტანს. და, მეორე ასპექტი - დღეს ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაცია თვლის, რომ საქართველო იმდენად მნიშვნელოვანი პარტნიორია, რომ ამგვარი ხელშეკრულებაც უნდა გაფორმდეს. ამერიკასთან ასეთი ხელშეკრულება მხოლოდ რამდენიმე ქვეყანას აქვს მსოფლიოში.

- მაქსიმუმს რას ელოდით ამ ვიზიტით?

- იცით, რომ ჩვენ ვმუშაობთ კორპორაციასთან «ათასწლეულის გამოწვევა» (MCC). უკვე მიღებულია გადაწყვეტილება, რომ ამ კორპორაციის მიერ გამოყოფილი მეორე ტრანში მიემართება განათლების სფეროში, ბათუმში მშენებარე ახალი უნივერსიტეტის მშენებლობაზე და სკოლების მშენებლობაზე. სწორედ ეს იყო შეხვედრებზე განსახილველი ერთ-ერთი პროექტი, რადგან გვინდა, რაც შეიძლება მალე დავიწყოთ იმპლემენტაცია.

მეორე საკითხი იყო სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავება. ვფიქრობდით, გვესაუბრა იმ პროდუქციის სიის გაზრდაზე, რაც უკვე გადის საექსპორტოდ. გარდა ამისა, უნდა გვესაუბრა ურთიერთობების გაღრმავებაზე სხვადასხვა სექტორშიც. ადმინისტრაციაში მოღვაწე ეკონომიკური გუნდისთვის უნდა შეგვეთავაზებინა, თავად ჩამოსულიყვნენ საქართველოში ბიზნესმენებთან ერთად და ენახათ, რამდენად საინტერესო ქვეყანაა საქართველო საინვესტიციოდ. აი, ეს იყო ის თემები, რაზეც საუბარს ვაპირებდით... გაცილებით უფრო მეტით გამოვედით.

- რა როლს გვანიჭებს ეს ხელშეკრულება რეგიონში?

- ჩვენი გეგმა და სტრატეგია არის, გავხდეთ ამ რეგიონის ეკონომიკური, სავაჭრო ცენტრი. ამერიკასთან თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი ერთ-ერთი ის ბიძგია, რომელიც ამ საშუალებას გვაძლევს. დღეს თუ სატრანზიტო ციფრებს გადახედავთ და ნახავთ, რა რაოდენობით ტვირთი გადის საქართველოს რკინიგზის ან სხვა სატვირთო გზებით, ნათელი გახდება, რამდენად მნიშვნელოვანია საქრთველო რეგიონისთვის და ეს ისედაც ყოველთვის ასე იყო. ეს ხელშეკრულება წარმოების გაზრდის საშუალებას მოგვცემს... მაგალითისთვის მოვიყვან თურქეთში ტანსაცმლის მწარმოებელ ფაბრიკას - ჩვენთან ჯერ კიდევ დაბალია ელექტროენერგიის, გაზის და ხელფასის ხარჯები, ვიდრე თურქეთში. როდესაც ჩვენი პროდუქციის ამერიკაში გატანის საშუალება მოგვეცემა, საქართველოში ფაბრიკის გახსნის ბევრად მეტი ინტერესი იქნება და კომპანიებისთვის საქართველო საინტერესო გახდება. გარდა ამისა, პასუხი გაეცემა ერთ ყველაზე მნიშვნელოვან კითხვას, რომელიც ყოველთვის ისმება - ვისთან, რომელ ქვეყანასთან გაქვთ თავისუფალი სავაჭრო ურთიერთობები?!

- ქართული კომპანიები რის შეთავაზებას აპირებენ, რას გაიტანენ ამერიკულ ბაზარზე?

- რა თქმა უნდა, ამას დრო დაჭირდება, მაგრამ ამ დროის განმავლობაში აუცილებელია გაიზარდოს საექსპორტო პროდუქციის სია. დღეს ეს სია გარკვეულწილად შეზღუდულია. საზღვარგარეთ გადის სოფლის მეურნეობის პროდუქტი, ღვინო, მინერალური წყლები, აქ წარმოებული სხვა პროდუქცია, მაგრამ მაინც ძალიან შეზღუდულია. სამწუხაროდ, ამ ეტაპზე გვაქვს მცირე რაოდენობის გადამამუშავებელი საწარმოები. ჩვენი სოფლის მეურნეობის პროდუქცია ეკოლოგიურად სუფთაა და რომ გადამუშავდეს, უზარმაზარი ბაზარი დახვდება ამერიკაში.

- ამერიკისთვის რითია საინტერესო ჩვენს ქვეყანასთან თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი?

- ეკონომიკური კუთხით თუ შევხედავთ, მათთვის ეს ცხოვრებას არ ცვლის. ჩვენ კარგად გვესმის, აშშ-მ ეს იმისთვის გააკეთა, რომ საქართველოს ეკონომიკა განვითარდეს, აიწიოს ცხოვრების დონე. ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ ეს აუცილებლად მოხდება.

და, რა თქმა უნდა, ამით ხაზს უსვამენ, რომ ვართ მათი სტრატეგიული პარტნიორი. ასეთივე ხელშეკრულებები ამერიკას აქვს ისრალეთან, იორდანიასთან, კოლუმბიასთან. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ეს ქვეყნები ამერიკის ეკონომიკურ პოლიტიკას შეცვლიან, მაგრამ ამით მთელ მსოფლიოს აჩვენებენ, რომ ეს ამერიკის მეგობარი ქვეყნები არიან (როგორც სამხრეთ კორეა), რომ ამ ქვეყნებს ამერიკა აძლევს საშუალებას, ბიზნესურთიერთობისას პრიორიტეტი ჰქონდეთ.

- მსოფლიოში ამ არასტაბილური პოლიტიკური და ეკონომიკური ვითარების გათვალისწინებით, საიდან არის მოსალოდნელი ინვესტიციები საქართველოსთვის?

- წინა წლების ციფრებს რომ დახედოთ, თუნდაც ინვესტიციების კუთხით, ნახავთ, ჩვენ არ ვართ დამოკიდებული ერთ ბაზარზე და ეს ძალზე მნიშვნელოვანია. კარგად არის გადანაწილებული, საიდან უნდა შემოვიდეს ინვესტიციები. სავარაუდოდ, წელს ევროპიდან შემოსული ინვესტიციების რაოდენობა შემცირდება და აზიის მიმართულებიდან გაიზრდება. სწორედ ამ მხრიდან იზრდება ინტერესი ჩვენი ქვეყნისადმი. დიდი სამუშაოები ჩავატარეთ როგორც ინდოეთში, ასევე აზიის სხვა ქვეყნებში იმისთვის, რომ პირველ ეტაპზე საქართველო გაგვეცნო. დღეს უკვე ვხედავთ, რომ პირადი ინტერესითა და ინიციატივით ჩამოდიან, ადგილზე ეცნობიან გარემოს და ქართველ ბინზესმენებს. ეს გვაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ წელს აზიის ინვესტიციები გაიზრდება. რა თქმა უნდა, ეს ასევე განისაზღვრება იმ ეკონომიკური მდგომარეობით, რომელიც დღეს არსებობს აზიასა და ევროპაში და იმედია, პრეზიდენტ ობამას განცხადების შემდეგ თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმზე არამხოლოდ აზიიდან დავინახავთ ინვესტიციას, არამედ ზოგადად მეტ ინვესტიციას დავინახავთ, რადგან ეს არის მესიჯი მთელი მსოფლიოს ინვესტორებისთვის - საქართველოს შეხედონ, როგორც მდგრად ადგილს თავისი ინვესტიციებისთვის.

- ეკონომიკური კრიზისი გრძელდება. ქვეყანამ გარკვეული ეტაპი დიდწილად უცხოური ტრანშებით გადალახა. მაინც რა იყო მთავარი კომპონენტი, რამაც კრიზისი, ასე თუ ისე, გადაგვატანინა და კიდევ რა ახალ გამოწვევებს ველით?

- კრიზისი გრძელდება და ავტორიტეტულ ანალისტიკოსთა შეფასებებით, სავარაუდოდ, ევროპაში ეს კრიზისი გაუარესდება. რა თქმა უნდა, დამოკიდებული ვართ და ვიქნებით ამაზე თუნდაც იმიტომ, რომ ჩვენი საექსპორტო პროდუქციის 22 პროცენტი ევროპაში გადის. ცხადია, ამის ეფექტს ვიგრძნობთ.

2011 წლის დასაწყისში დიდი გამოწვევა გვქოდა ინფლაციის გამო, მაგრამ წინა კრიზისის ასე დაძლევა და გარკვეულ კალაპოტში მოქცევა იმის გამო შევძელით, რომ მაქსიმალურად ვცდილობთ იმ სექტორების დივერსიფიკაციას, რომელზეც აქცენტს ვაკეთებთ - ტურიზმი, ტრანსპორტი, ენერგეტიკის სექტორი. როდესაც ეკონომიკური კრიზისი რაღაც მიმართულებებს შეეხო, ამავდროულად გაიზარდა ენერგოსექტორი. მოგეხსენებათ, ბევრმა ქვეყანამ და მათ შორის თურქეთმა, იაპონიის ტრაგედიის შემდეგ გადაწყვიტეს, დახურონ ატომურ სადგურებთან დაკავშირებული პროექტები და ყურადღებით მოეკიდონ ალტერნატიული ენერგეტიკული წყაროების ძებნას. ჩვენ ამის უდიდესი რესურსი გვაქვს. დივერსიფიკაცია კი ძალზე მნიშვნელოვანია, რადგან ვართ პატარა ქვეყანა და ჩვენი ბაზარი მცირეა. სხვადასხვა სექტორის დივერსიფიცირება საშუალებას იძლევა, დამოკიდებული არ ვიყოთ თუნდაც მხოლოდ ტურიზმზე, ან მხოლოდ ტრანსპორტზე და რომელიმე ერთ სექტორზე.

- მინდა ერთ ძველ პროექტს შევეხოთ - ქუთაისის ეკონომიკურ ზონას, სადაც ეგვიპტურ ინვესტიციებს ველოდით...

- პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ კმაყოფილი არ ვართ ამ პროექტის განვითარებით. გასაგებია, რომ იყო ომი, კრიზისი და სხვა სირთულეები მსოფლიოში და ეს ყველაფერი ამ პროექტსაც შეეხო.

- შეგიძლიათ თქვათ, რომ ეს პროექტი ჩავარდა?

- არ ვფიქრობ, რომ ჩავარდა იმიტომ, რომ ამ ბოლო თვეების განმავლობაში გამოჩნდნენ ახალი დაინტერესებული კომპანიები, რომელთაც სურთ, თავისი წარმოება ქუთაისის ზონაში შემოიტანონ. მაგრამ ვფიქრობ, რეალურად კიდევ ერთი წელი გვჭირდება იმისთვის, რომ შევაფასოთ, შეძლეს თუ არა პრობლემების გადალახვა.

- ახლა, როდესაც ამას მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წევრობა მოითხოვს, მიმდინარეობს თუ არა რაიმე ფორმით მოლაპარაკებები სახელმწიფოებრივ დონეზე ქართული პროდუქციის რუსეთის ბაზარზე დაბრუნების თაობაზე?

- ვფიქრობ, ბიზნესმენებმა უნდა მიიღონ გადაწყვეტილება, უნდათ თუ არა თავისი პროდუქციის რუსეთის ბაზარზე შეტანა. რუსეთმა გადაწყვიტა, რომ უნდა შევიდეს მსო-ში და უნდა დაიცვას ის პირობები, რასაც მისგან ეს ორგანიზაცია მოითხოვს. მას აგრეთვე აქვს ვალდებულება, საქართველოს შეხედოს ისე, როგორც ნებისმიერ სხვა მეზობელ ქვეყანას. ამიტომ ის გამოგონილი მიზეზები აღარ იმუშავებს, რაც აქამდე იყო. ვერ ვიტყვი, ხვალ იქნება თუ ზეგ, მაგრამ ახლო მომავალში რუსეთის ბაზარი ისევ გაიხსნება, იძულებულები იქნებიან, გახსნან ბაზარი.

- რუსეთის სანიტარული სამსახურის უფროსი ონიშჩენკო ამბობს, რომ მოლაპარაკებებს აწარმოებს ქართულ კერძო კომპანიებთან ბაზარზე დაბრუნების თაობაზე. რა იცით ამის შესახებ?

- ჩვენს სახელმწიფოს ონიშჩენკოსთან არავითარი პირდაპირ კავშირი არ აქვს. ამ ეტაპზე ჩვენს შორის მოლაპარაკებები არ მიმდინარეობს, რადგანაც არის გარკვეული პროცესი, რომელიც ძალაში უნდა შევიდეს.

კერძო კომპანიებს აქვთ სხვადასხვა ტიპის მოლაპარაკებები და ინტერესი, შევიდნენ რუსეთის ბაზარზე, მაგრამ ძალზე მნიშვნელოვანია, ქართულმა კომპანიებმა გაითვალისწინონ ის მაგალითები, რაც მოლდოვის, ბელარუსის, ახლა უკვე უკრაინის და ნორვეგიის შემთხვევაში მოხდა, როცა რუსეთმა დახურა ბაზარი ამ ქვეყნებისთვის. რუსეთის ბაზარს ერთი თავისებურება აქვს - ვერ გათვლი, რა შეიძლება მოხდეს. როდესაც ხარ მწარმოებელი და დამატებით ინვესტიციას დებ იმისთვის, რომ გაზარდო წარმოება, რადგან შეკვეთა გაქვს რუსეთიდან და მოულოდნელად იკეტება ეს ბაზარი (რუსეთისგან არაფერია გამორიცხული), ამით ეს მეწარმე თავის კომპანიას დიდი დარტყმის ქვეშ აყენებს. რა თქმა უნდა, ბიზნესისთვის ეს საინტერესო ბაზარია, მაგრამ უნდა გაითვალისწინოს ის პირობები, გარემო, ცვლილებები და საფრთხეები, რომელიც დღეს არსებობს რუსეთში. ამიტომ, ძალიან ფრთხილად უნდა შეხედონ ამ ბაზარს. თუ ბიზნესმენები ამ საფრთხეებს სწორად გათვლიან, რა თქმა უნდა, სახელმწიფოს საწინააღმდეგო არაფერი ექნება.

- ამ ქვეყნის ეკონომიკის მთავარი საყრდენი რომელი დარგია?

- აუცილებელია, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის საყრდენი იყოს სხვადასხვა სექტორი, ბევრი მიმართულება. როდესაც შევხედავთ ციფრებს, ნაწილი მოდის ტრანსპორტზე და გადაზიდვებზე, ნაწილი - ტურიზმზე, საფინანსო სექტორზე და ა.შ. ჩვენ გვინდა გამოვიყენოთ ისეთივე ეკონომიკური მოდელი, როგორიც არის შვეიცარიაში, სინგაპურში და სხვა ისეთ ქვეყნებში, სადაც შიდა ბაზარი პატარაა, მაგრამ საინტერესო რეგიონული მოთამაშეები არიან. ახლა ვიყავით დავოსში, მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე. აშკარაა, რომ მათი ეკონომიკის მამოძრავებელი საფინანსო სექტორია, მაგრამ მათ აგრეთვე ძალზე განვითარებული აქვთ ტურიზმი - შვეიცარიაში ყოველწლიურად 12 მილიონი ადამიანი ჩადის დასასვენებლად. მე ეს არც ვიცოდი, რადგან პირადად ჩემთვის შვეიცარია არ არის ის ადგილი, სადაც პირველ რიგში წავიდოდი დასასვენებლად...

- ასეთი ადგილი სად არის?

- მე ძალიან მიყვარს საქართველო...

- თქვენი წარმოდგენით, როგორი უნდა იყოს ტურისტებისთვის მიმზიდველი საქართველო?

- ვფიქრობ, ტურიზმის განვითარების კუთხით ხორვატიამ დიდ წარმატებებს მიაღწია. დღეს ხორვატიის მოსახლეობის დიდ ნაწილს აქვს სხვადასხვა ტიპის ბიზნესი, რომელიც ტურიზმთან არის დაკავშირებული. ამის გამო გაეზარდათ შემოსავლები... ჩვენი ზომის ქვეყნებს რომ შევადაროთ, ხორვატია ძალზე კარგი მაგალითია.

- მტკივნეული საკითხი - უმუშევრობა. მაგრამ სამუშაოს შოვნის შემდეგ პრობლემა დაბალი ანაზღაურება ხდება. როგორ შეიძლება აქ სახელმწიფო ჩაერიოს?

- პირველ რიგში აუცილებელია განვმარტოთ, ასე ხშირად რატომ ვსაუბრობთ ტურიზმის განვითარებაზე. იმიტომ, რომ ტურიზმი არის საქმე, რომელსაც ძალიან მალე მოაქვს ეფექტი. ჩვენთვის უმნიშვნელოვანეს სექტორში, ენერგეტიკაში ასე არ არის - ცხადია, იქმნება სამუშაო ადგილები მშენებლობების დროს, მაგრამ დარგის ეფექტს თითოეული მოქალაქე მოგვიანებით გრძნობს, ეს გრძელვადიანი პროექტებია.

ტურიზმში ეფექტი მალევეა - დღეს ჩამოვიდა ადამიანი, დღეს უნდა მას სახლი, საკვები და სხვა მომსახურება. ამიტომაც, რეალურად ეს არის ის მიმარულება, სადაც ბევრი სამუშაო ადგილის შექმნაა შესაძლებელი.

გარდა ამისა, აუცილებელია სხვადასხვა ტიპის წარმოებების შექმნა. თურქეთი მაგალითად იმიტომ მოვიყვანე, რომ ეს არის ქვეყანა, რომელსაც ევროპაში მსუბუქი მრეწველობის ყველაზე მეტი პროდუქცია შეაქვს. საქართველოში ამ დარგში დიდი გამოცდილებაა, რადგან ბევრი ადამიანი იყო დასაქმებული მსუბუქ მრეწველობაში და ეს კვალიფიკაცია ხალხს ჯერ კიდევ აქვს. სახელმწიფოს შეუძლია შექმნას ისეთი პირობები, რომ ეს კომპანიები საქართველოში გადმოვიდნენ და ამით შეიქმნას სამუშაო ადგილები. ხელფასები კი ავტომატურად გაიზრდება კონკურენციით. რაც უფრო მეტი საწარმო იქნება, უფრო მეტი შეთავაზება ექნება კვალიფიციურ თანამშრომელს და შემოსავალიც იზრდება.

- მინისტრად ყოფნის ორი წლის განმავლობაში საქართველოში განხორციელებულ ყველაზე წარმატებულ ეკონომიკურ პროექტად რომელი მიგაჩნიათ?

- ბევრი წარმატებული პროექტი გვქონდა. ტურიზმზე ხშირად ვლაპარაკობ, მაგრამ მაინც ვახსენებ, რადგან მართლა წარმატებული სექტორია. წელს არ ველოდოდით, რომ 2012 წლის იანვარში, შარშანდელთან შედარებით, 41 პროცენტიანი ზრდა გვქონდა. სადღაც 25 პროცენტიან ზრდას ველოდით.

მეორე - ხშირად ამას, როგორც ნეგატიურს, უყურებენ, მაგრამ ჩემთვის პრივატიზაციის პროცესი წარმატებულია. პრივატიზაცია არ ნიშნავს მხოლოდ ობიექტების გაყიდვას. როდესაც სახელმწიფო კერძო ხელში გადასცემს რაღაც ობიექტს, ხელშეკრულებაში აუცილებლად იდება ვალდებულება, რომ ამუშავდეს ეს ობიექტი და შეიქმნას სამუშაო ადგილები. მაგალითიც გვაქვს - სოკოს ქარხანა, რომელიც იყო გაჩერებული. შემდეგ ეს ქარხანა ქართულმა ბიზნესმა შეისყიდა. შარშან ჩვენ შემოგვქონდა სოკო თურქეთიდან და სხვა ბაზრებიდან. ამ ქარხანამ კი უკვე შეძლო ხალხის დასაქმება, შიდა ბაზრის ათვისება და ახლა ექსპორტით გააქვს სოკო სომხეთში და სხვა ბაზრებზე. ეს არის იმის მაგალითი, თუ რატომ არის მნიშვნელოვანი სწორი საპრივატიზაციო პოლიტიკა.

- მაგრამ გვაქვს დიდი ხნის წინ გაყიდული და დღემდე «გაყინული» ობიექტები, მაგალითად, თავისუფლების მოედანზე მდებარე ცენტრალური უნივერმაღი...

- სამწუხაროდ, ასეთი ბევრია. არსებობს ჩემამდე გაფორმებული ძალიან ცუდი კონტრაქტები. ჩვენ ინტენსიურად ვმუშაობთ ამ ინვესტორებთან აბსოლუტურად ყველა გაჩერებულ პროექტზე. თვეში ერთხელ მაინც ჩავდივართ, ვეკონტაქტებით ამ ხალხს და მაქსიმალურად ვცდილობთ, დაძრან პროექტები. რამდენიმე ასეთ პროექტში არ არის მითითებული დასრულების თარიღები და ძალიან რთულია სამართლებრივი დავა, რომელიც ხანგრძლივი პროცესია და ვცდილობთ, გამოვიყენოთ ყველა საშუალება, რომ არბიტრაჟამდე არ მივიდეთ.

- გაქვთ სტატისტიკა იმის თაობაზე, თქვენი მინისტრობის ორი წლის მანძილზე რამდენი ადამიანი დასაქმდა და რა სეგმენტებში?

- ბოლო ერთი წლის განმავლობაში უმუშევრობის ციფრი შემცირდა სადღაც, 1 პროცენტით. ეს ჯერ კიდევ ძალიან ცოტაა, მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ, რომ დღეს ევროპის ქვეყნებშიც იზრდება უმუშევრობის ციფრი. ჩვენ მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის პირობებში მაქსიმალურად ვცდილობთ და ეს უმეტესწილად, კერძო სექტორის დამსახურებაა, რომ ბიზნესები იქმნება და ხალხი საქმდება. იმედი მაქვს, წელს ეს პროცენტი გაიზრდება, რადგან კვლევები პოზიტიურ ტენდენციას აჩვენებს და რაც მთავარია, მცირე და საშუალო ბიზნესები გაიზარდა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან თუ ჩვენ ეკონომიკის დასავლური მოდელი გვინდა, ჩვენი ეკონომიკა მცირე და საშუალო ბიზნესს უნდა ეყრდნობოდეს.

- თვითმხილველი ხართ და მინდა გკითხოთ - რამდენ ხანს გრძელდებოდა ობამა-სააკაშვილის შეხვედრა?

- მეტი თუ არა, 1 საათიანი შეხვედრა ნამდვილად იყო. იმდენად დიდხანს ვიყავით თეთრ სახლში, ზეპირად ვისწავლეთ განლაგება. დილიდან ჯერ ვიცე-პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა მიგვიღო ლანჩზე, რომელიც ძალიან დიდ ხანს გაგრძელდა. ლანჩის მერეც დავრჩით. შემდეგ ბაიდენმა და ჩვენმა პრეზიდენტმა გამართეს შეხვედრა ერთი-ერთზე. ამის მერე გადავედით შეხვედრაზე ობამასთან...

- ლანჩზე რა თემები განიხილეთ?

- ბაიდენი თავად ამბობს, როდესაც საუბარი ჩამოვარდება საქართველოზე, ყველა მეკითხება, როგორ არისო შენი ძმაკაცი მიშა...

- ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე დემოკრატიულ პროცესებზე საუბარს ვგულისხმობ...

- როდესაც ჩამოვედი, ყველას აინტერესებდა და მეკითხებოდა, იყო თუ არა დასმული ირანის საკითხი და ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე დემოკრატიული პროცესების, მათ შორის მომავალი არჩევნების თემა. არც კლინტონთან, არც ობამასთან და არც ბაიდენთან შეხვედრაზე, იქ სადაც მე ვესწრებოდი, არც ერთი ეს საკითხი დასმული არ ყოფილა.

ყველაზე პოპულარული
  1. სპორტი >>

    aa
  2. უცხოეთი >>

    aa
  3. ბიზნესი >>

    aa
  4. ბიზნესი >>

    aa
  5. ბიზნესი >>

    aa
  6. ბიზნესი >>

    aa
  7. რევიუ >>

    aa
  8. კალათბურთი >>

    aa
  9. პოლიტიკა >>

    aa
  10. ინტერვიუ >>

    aa
  11. საზოგადოება >>

    aa
  12. თვალსაზრისი >>

    aa
  13. უცხოეთი >>

    aa
  14. პრესომბუდსმენი >>

    aa
  15. თვალსაზრისი >>

    aa
  16. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  17. რევიუ >>

    aa
  18. რევიუ >>

    aa
  19. სტილი >>

    aa
  20. რევიუ >>

    aa
  21. რევიუ >>

    aa
  22. რევიუ >>

    aa
  23. რევიუ >>

    aa
  24. მარანი >>

    aa
  25. მარანი >>

    aa
  26. მარანი >>

    aa
  27. მარანი >>

    aa
  28. კულინარია >>

    aa
  29. კულინარია >>

    aa
  30. კულინარია >>

    aa
  31. კულინარია >>

    aa
  32. კულინარია >>

    aa
  33. კულინარია >>

    aa
  34. კულინარია >>

    aa
  35. კულინარია >>

    aa
  36. კულინარია >>

    aa
  37. წიგნები >>

    aa
  38. წიგნები >>

    aa
  39. წიგნები >>

    aa
  40. წიგნები >>

    aa
  41. წიგნები >>

    aa
  42. წიგნები >>

    aa
  43. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  44. ამბები >>

    aa
  45. ტექნოლოგიები >>

    aa
  46. ტექნოლოგიები >>

    aa
  47. რევიუ >>

    aa
  48. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  49. რეგიონი >>

    aa
  50. კალათბურთი >>

    aa
  51. სპორტი >>

    aa
  52. რაგბი >>

    aa
  53. რაგბი >>

    aa
  54. წიგნები >>

    aa
  55. წიგნები >>

    aa
  56. წიგნები >>

    aa
   

ამბები
ბიზნესი
სპორტი
საზოგადოება
რევიუ
სტილი
თვალსაზრისი
ტენდერები
The New York Times
გაზეთ"24 საათის"
ელექტრონული არქივი
ავტორები
მობილურის ვერსია
RSS არხები
Twitter
სიახლეების გამოწერა
რეკლამის განთავსება
www.24saati.ge
გაზეთი "24 საათი"
კონტაქტი