სერგო მოსიაშვილი, ლევან ტატუაშვილი და შოთა მამისწარაშვილი - პირველი პატიმრები არიან, რომლებიც საქართველოს ისტორიაში პირველად სამდღიან შვებულებაში გავიდნენ.
24 საათი 16.09.09
სერგო მოსიაშვილი, ლევან ტატუაშვილი და შოთა მამისწარაშვილი - პირველი პატიმრები არიან, რომლებიც საქართველოს ისტორიაში პირველად სამდღიან შვებულებაში გავიდნენ.
“ეს არის დემოკრატიული რეფორმის მეორე ტალღის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი. დასავლეთის ბევრ ქვეყანას 10-20 წელი დასჭირდა შვებულების სისტემის დასანერგად, ჩვენ კი ამ ჰუმანური ნაბიჯის გადადგმა ძალიან მცირე დროში მოვახერხეთ. ამ გზით, ერთი მხრივ, გვინდა გავაადვილოთ პატიმართა რესოციალიზაცია და მათი ადაპტაცია საზოგადოებასთან და, ამასთან, ჩვენი სურვილია, საზოგადოებამ გაიზიაროს პასუხისმგებლობა და ყველამ ერთად კეთილსინდისეირად შეასრულოს თავისი მოვალეობა,” - განაცხადა პატიმართა შვებულებაში გაშვების წინ საგანგებოდ გამართულ პრეზენტაციაზე სასჯელაღსრულების, პრობაციის და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა.
ყალბი საბუთის დამზადებაში მსჯავრდებული სერგო მოსიაშვილი, ცრუ ჩვენებისთვის დაპატიმრებული ლევან ტატუაშვილი და სამხედრო დანაშაულსთვის გასამართლებული შოთა მამისწარაშვილი გუშინ სასჯელაღსრულების დაწესებულებებიდან ბადრაგის სპეციალური ავტომანქანით სასჯელაღსრულების, პრობაციის და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს შენობაში მიიყვანეს. ხელბორკილდადებული პატიმრები პირადად დაესწრნენ დროებით გათავისუფლების ბრძანებაზე ხელის მოწერის ცერემონიალს. მათ შვებულებაში გასვლის ბრძანებას ხელი სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უფროსმა დავით ჭაკუამ მოაწერა და შესაბამისი დოკუმენტებიც გადასცათ, შემდეგ ბადრაგის თანამშრომლებმა მსჯავრდებულებს ხელბორკილები მოხსნეს და სამი პატიმარი, ყოველგვარი დაცვის გარეშე, სრულიად თავისუფალი აღმოჩნდა.
“გილოცავთ შვებულებაში გასვლას, თქვენს კეთილსინდისიერებაზეა დამოკიდებული, შეძლებენ თუ არა მომავალში სხვა პატიმრები შვებულებებით სარგებლობას. იმედი გვაქვს, ჩვენს ნდობას გაამართლებთ,” - უთხრა პატიმრებს მინისტრმა.
ეს ფრაზა პირდაპირი მნიშვნელობით ითქვა, რადგან პატიმრებს პირად თავდებად სწორედ სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი დიმიტრი შაშკინი, მინისტრის პირველი მოადგილე კოკა სეფერთელაძე და სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უფროსი დავით ჭაკუა დაუდგნენ.
იმ შემთხვევაში, თუ მსჯავრდებულები სამი დღის შემდეგ საკუთარი ნებით არ დაბრუნდებიან სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, თავდებში მყოფი პირები 10 ათასი ლარით დაჯარიმდებიან.
“ჩვენ იმიტომ გამოგვიშვეს შვებულებაში, რომ პატიმრობაში ყოფნისას კარგად ვიქცეოდით. სწორედ ამის გამო მოგვცა ციხის ადმინისტრაციამ რეკომენდაციები,” - ამბობდნენ პატიმრები, რომლებიც რამდენიმედღიანი თავისუფლებისთვის მადლობას უხდიდნენ მინისტრს, დეპარტამენტის თავმჯდომარეს, დაწესებულების ხელმძღვანელობას, პირობას აძლევდნენ, რომ მათ იმედებს გაამართლებდნენ და დათქმულ დროზე ციხეში დაბრუნდებოდნენ.
“ჯერ იმას ვერ წარმოვიდგენდი, რომ დამაპატიმრებდნენ, მერე იმას, რომ შეიძლებოდა შვებულებით სახლში წასვლა. ძალიან გახარებული ვარ,” - გითხრა სერგო მოსიაშვილმა.
ეს ყველაფერი ჟურნალისტების თანდასწრებით მოხდა, რასაც მინისტრი საზოგადოების ინფორმირებულობის აუცილებლობით ხსნის. თუმცა, როგორც შაშკინი აცხადებს, მომავალში პატიმართა შვებულებაში გასვლა სასჯელაღსრულების სისტემის ყოველდღიური ცხოვრების წესად იქცევა და მსჯავრდებულები პირდაპირ დაწესებულებიდან წავლენ სახლებში. მაგალითად, დღეს ხონის ციხიდან გავა რამდენიმე პატიმარი და ა.შ.
ჯერჯერობით შვებულებები არ შეეხებათ ქალ პატიმრებს. მინისტრის თქმით, ამის მიზეზი არის ის, რომ ჯერ კიდევ არ დასრულებულა ქალთა კოლონიაში მომხდარი ბუნტის სასამართლო პროცესი. ქალები შვებულებით სწორედ ამ პროცესის დასრულების შემდეგ ისარგებლებენ.
“ჩვენი მიზანი მატერიალური დაინტერესება არ არის, ჩვენ გვინდა პატიმრობაში მყოფი ადამიანების მიმართ პასუხისმგებლობა საზოგადოებამაც გაიზიაროს,”- ამბობს შაშკინი.
შვებულებაში გასულ პატიმრებს სამინისტროსთან ახლობლები არ დახვედრიან. როგორც თავად გვითხრეს, ეს მათი სურვილი იყო. სამინისტროს შენობიდან გასული სერგო მოსიაშვილი, ლევან ტატუაშვილი და შოთა მამისწარაშვილი სასჯელაღსრულების თანამშრომლებმა სკუთარი მანქანებით ჯერ პრობაციის ბიუროში მიიყვანეს, სადაც ისინი აღრიცხვაზე ავიდნენ, შემდეგ კი სახლებში წაიყვანეს.
რას გააკეთებენ სამდღიანი არდადეგების პერიოდში “თავისუფალი პატიმრები”, წინასწარ არ იციან, თუმცა დარწმუნებულები არიან, რომ ამით პატიმრობის სიმძიმე უფრო შეუმსუბუქდებათ.
“ნურავის ექნება იმის ილუზია, რომ ციხის კარები გაიღება და ყველა პატიმარი წავა შვებულებაში. რა თქმა უნდა, ეს ასე არ იქნება. შვებულება არის კიდევ ერთი სტიმული იმისთვის, რომ ეს ადამიანები სასჯელაღსრულების დაწესებულებაში კარგად მოიქცნენ და ამით დაიმსახურონ შვებულება. ამასთან, ჩვენი სურვილია, რომ მსჯავრდებულებმა გაიაზრონ თავისი დანაშაულის სიმძიმე და დაბრუნდნენ სრულფასოვანი წევრები, რომლებსაც საზოგადოება დიდი სიამოვნებით მიიღებს. ეს არის შვებულების მთავარი მიზანი. ამასთან, თუ შვებულებაში გასული პატიმრები თავისუფლების პერიოდში კეთილსინდისიერად მოიქცევიან და არ დაარღვევენ წესებს, მაშინ ეძლევათ შანსი, რომ მათი საქმეები პირობით ვადაზე ადრე საქმეების განმხილველმა კომისიამ განიხილოს,” - თქვა სასჯელაღსრულების, პრობაციის და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის მოადგილემ კოკა სეფერთელაძემ.