უკანასკნელი წლების განმავლობაში თანამედროვე მსოფლიოს ერთ-ერთ პირველხარისხოვან კრიმინალურ პრობლემად კომპიუტერული დანაშაულები იქცა.
24 საათი 01.02.10
უკანასკნელი წლების განმავლობაში თანამედროვე მსოფლიოს ერთ-ერთ პირველხარისხოვან კრიმინალურ პრობლემად კომპიუტერული დანაშაულები იქცა.
თუმცა, უცხოელმა სპეციალისტებმა ამ საკითხს ყურადღება ჯერ კიდევ გასული საუკუნის 70-იან წლებში მიაქციეს - ამერიკელმა ალფონს კონფესორემ ელექტროგამომთვლელი მანქანის გამოყენებით 602 ათასი აშშ დოლარი მოიპარა და მსოფლიო კრიმინალისტიკის ისტორიაში პირველ კიბერდამნაშავედ იქცა. დანაშაულის ეს სახეობა დღეს უკვე იმდენად განვითარდა, რომ ნარკოტიკებისა და იარაღით ვაჭრობის შემდეგ ყველაზე შემოსავლიან დანაშაულად ითვლება.
კომპიუტერული დანაშაულების მსოფლიო სქემა
FBI-ს ყოფილი მაღალტექნოლოგიური აგენტის კრიმინალურ საკითხებში და ამჟამად ნიუ-იორკის კომპიუტერის უსაფრთხოების საგამოძიებო ფირმის თავმჯდომარის ედვარდ სტროზის სქემის მიხედვით, კომპიუტერის უსაფრთხოება მუდმივი შეჯიბრია ე.წ შავქუდიან თავდამსხმელებსა და თეთრქუდიან დამცველებს შორის. თავდამსხმელთა ერთ-ერთი მთავარი იარაღი მავნებელი პროგრამებია, რაც ბოლო წლებში კიდევ უფრო განვითარდა. ამ მავნებელ პროგრამებს ერთ დროს ვირუსებისა და "ჭიების" სახე ჰქონდა, რომლებიც იჭრებოდნენ და, ხანდახან, აზარალებდნენ პერსონალურ კომპიუტერებს და ქსელებს. თუმცა, დღევანდელი მავნე პროგრამები უფრო დახვეწილი და სელექციურია და ბუდეს კორპორაციულ ქსელებში იკეთებს. ეს შეიძლება იყოს იარაღი ინდუსტრიული ჯაშუშობისთვის, რაშიც იგულისხმება სავაჭრო საიდუმლოებების ციფრული ასლების, მომხმარებელთა სიების, სამომავლო გეგმებისა და კონტრაქტების გადაგზავნა. კორპორაციები და სამთავრობო ორგანიზაციები, მავნე პროგრამებისგან დასაცავად და მათთან საბრძოლველად, უსაფრთხოების სპეციალიზებულ პროგრამაზე ყოველ წლიურად მილიარდობით დოლარს ხარჯავენ. და მაინც, ედვარდ სტროზის აზრით, უპირატესობა ძირითადად შავქუდოსანთა მხარესაა.
აშშ-ში ოფიციალური მონაცემებით, კომპიუტერული დანაშაულების შედეგად მიყენებული ზარალი წელიწადში საშუალოდ 5 მილიარდი დოლარია, საფრანგეთში - 1 მილიარდი ევრო, გერმანიაში კი - 4 მილიარდი ევრო. ექსპერტების შეფასებით, ყოველწლიურად მსოფლიოში კიბერდანაშაულებათა რიცხვი 30-40 პრეოცენტით მატულობს. კომპანია Symantec-ის მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით, კიბერდანაშაულებათა კუთხით პირველ პოზიციას 35 პროცენტიანი მაჩვენებლით აშშ იკავებს, მეორე ადგილზეა ჩინეთი 30 პროცენტით, მესამეზე - ბრაზილია 14,3 პროცენტით, სადაც განსაკუთრებით კომპიუტერული ვირუსებია გავრცელებული, მეოთხეზე - რუსეთი 4,1 პროცენტი, ხოლო საპატიო ხუთეულს შვედეთი 3,8 პროცენტით ასრულებს.
ბოლო დროს როგორც რუსულ მედიაშია წერენ, კომპიუტერული დანაშაულებების რიცხვი ქვეყანაში კომპიუტერიზაციის ტემპის პარალელურად იზრდება. ოფიციალურად დარეგისტრირებული მონაცემებით კი, რუსეთში 2007 წელს 12 ათასი ამგვარი ფაქტი დაფიქსირდა და მათგან 10 ათასი ფაქტის გახსნა მოხერხდა.
უნდა აღინიშნოს ერთი გარემოებაც, ყველა სახელმწიფოში კომპიუტერული დანაშაულებების მონაცემები ყოველთვის აჭარბებს ოფიციალურად დაფიქსირებულ მონაცემებს. როგორც უცხოელი ექსპერტები აღნიშნავენ, სამართალდარღვევათა ეს ფაქტები ხშირ შემთხვევაში საერთოდ არ ვლინდება. FBI-ს მონაცემებით, კომპიუტერული დანაშაულებების დაახლოებით 85 პროცენტი საერთოდ არ მჟღავნდება, ხოლო სასამართლომდე მხოლოდ ფაქტების ერთი პროცენტი მიდის. ამ გარემოების სპეციალისტები კომპიუტერული დანაშაულების თავისებურებებს ასახელებენ. საქმე ის გახლავთ, რომ ამა თუ იმ ორგანიზაციებისა და კომპანიების ხელმძღვანელი პირები დანაშაულის გამოვლენის შემთხვევაში სამართალდამცველ ორგანოებს თითქმის არ მიმართავან. დაფარვის მოტივი მარტივია, ამგვარი ფაქტების გახმაურება ხშირად ორგანიზაციის რეპუტაციის შელახვას ან კლიენტთა დაკარგვას იწვევს. FBI-ს მიერ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ კომპიუტერული დანაშაულის შემთხვევაში სამართალდამცველ ორგანოებს აშშ-ს კომპანიების მხოლოდ 17 პროცენტი მიმართავს. აქედან გამომდინარე, ექსპერტები აცხადებენ, დაზარალებულთა ამგვარი დამოკიდებულება უწყობს ხელს კიბერდანაშაულებათა განსაკუთრებულ ზრდას.
კომპიუტერული დანაშაული საქართველოში
იმის გამო რომ, კომპიურეტული ტექნიკა საქართველოში მსოფლიოს სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით, გვიან დაინერგა, თავისთავად ცხადია, ქვეყანაში ამ სფეროსთან დაკავშირებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის არანაირი მექანიზმი და საშუალება არ არსებობდა. შესაბამისად, ეს დანაშაული 2004 წლამდე არც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში მოიძებნებოდა. პირველი დანაშაულის გამოვლენის შემდეგ კი - 2004 წელს სს კოდექსში კომპიუტერულ დანაშაულთან დაკავშირებული სამი მუხლი ჩაიდო.
სს კოდექსის 284-ე მუხლის - “კომპიუტერულ ინფორმაციასთან არამართლზომიერი შეღწევა” თანახმად, “კანონით დაცულ კომპიუტერულ ინფორმაციასთან, ესე იგი მანქანამატარებელზე, ელექტროგამომთვლელ მანქანაზე (ეგმ-ზე), ეგმ-ის სისტემაში ან მათ ქსელში ასახულ ინფორმაციასთან არამართლზომიერი შეღწევა, რამაც ინფორმაციის განადგურება, ბლოკირება, მოდიფიცირება ან მოპოვება ანდა ეგმ-ის, ეგმ-ის სისტემის ან მათი ქსელის მოშლა გამოიწვია, ასევე მობილური მოწყობილობის საერთაშორისო იდენტიფიკატორის შეცვლა, ისჯება ჯარიმით ან ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთით. იგივე ქმედება, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, იმის მიერ, ვისაც ხელი მიუწვდებოდა ეგმ-ზე, მის სისტემაზე ან მათ ქსელზე, ისჯება ორიდან ხუთ წლამდე პატიმრობით.
ქართული კანონმდებლობა სს კოდექსის 285-ე მუხლით სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს “ეგმ-ის ის დამზიანებელი პროგრამის შემქმნელების მიმართაც, მათი სასჯელი სამიდან ხუთწლამდეა დადგენილი. “ეგმ-ის სისტემის ან მათი ქსელის ექსპლუატაციის წესის დარღვევა” (286-ე მუხლი) ორიდან ოთხ წლამდე პატიმრობას გულისხმობს.
ამ მუხლების ამოქმედებიდან ორი წლის შემდეგ კომპიუტერული დანაშაული სისხლის სამართლის კოდექსის XXXVIII - “ტერორიზმის” თავშიც გაჩნდა.
324-ე პრიმი მუხლით, “კიბერტერორიზმი, ესე იგი კანონით დაცული კომპიუტერული ინფორმაციის მართლსაწინააღმდეგო დაუფლება, მისი გამოყენება ან გამოყენების მუქარა, რაც ქმნის მძიმე შედეგის საშიშროებას და ხელყოფს საზოგადოებრივ უსაფრთხოებას, სახელმწიფოს სტრატეგიულ, პოლიტიკურ ან ეკონომიკურ ინტერესს, ჩადენილი მოსახლეობის დაშინების ან ხელისუფლების ორგანოზე ზემოქმედების მიზნით, ისჯება თავისუფლების აღკვეთით ათიდან თხუთმეტ წლამდე. ხოლო, იგივე ქმედება, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი გამოიწვია, თორმეტიდან ოც წლამდე ან უვადო პატიმრობას გულისხმობს.
ჯერჯერობით საქართველოში კომპიუტერული კრიმინალი ოფიციალური მონაცემით, სხვა ქვეყნების მასშტაბებისგან საკმაოდ შორს არის. შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის ინფორმაციით, 2001-2003 წლებში კიბერდანაშაული საქართველოში ოფიციალურად არ გამოვლენილა. დღემდე კი სულ ექვსი ამგვარი ფაქტია აღრიცხული. როგორც შს სამინისტროში აცხადებენ, ამ დანაშაულებებიდან პირველი, რომელიც 2004 წელს არის ჩადენილი, უკვე გახსნილია. ეს ფაქტი ერთ-ერთ ქართულ ბანკს უკავშირდებოდა, დანარჩენი ხუთი კი - საჯარო სტრუქტურებს. 2006 წელს მომხდარი დანაშაულებებიდან ქართველმა სამართალდამცველებმა მხოლოდ ერთის გახსნა მოახერხეს. 2007 წელს საქართველოში ამგვარი ფაქტი ოფიციალურად საერთოდ არ არის რეგისტრირებული, 2008 წელს კი გამოვლენილია ერთი კომპიუტერული დანაშაული, რომელიც ასევე გახსნილია.
რატომ არის საქართველოში კომპიუტერული დანაშაულის გახსნის ასეთი დაბალი მაჩვენებელი, ამ თემით ცოტა ხნის წინ საერთაშორისო ორგანიზაციები დაინტერესდნენ.
ექსპერტების ინფორმაციით, სიაში, სადაც 110 ქვეყანაა წარმოდგენილი, საქართველო მსოფლიოში ნომერ პირველი კომპიუტერული პირატია, ანუ საქართველოში არალიცენზირებული კომპიუტერული პროგრამები სხვა ქვეყნებთან შედარებით ყველაზე ჭარბადაა. ამ მაჩვენებლით მას ბანგლადეშიც კი ჩამორჩება. საპროგრამო უზრუნველყოფის პროგრამების სფეროში პირატობის დონის მიხედვით პირველ ადგილზე - 95 პროცენტით საქართველოა. Business Software Alliance (BSA)-ს მოხსენების თანახმად, რომელიც International Data Corporation (IDC)-ის მიერ შესწავლილ 2008 წლის მონაცემებს ეყდრნობა, პირატული პროდუქციის წილით ჩვენი ქვეყანა ისეთ სახელმწიფოსაც კი ჩამორჩება, როგორიც ბანგლადეშია.
საქართველოს შემდეგ მეორე ადგილზე, როგორც აღვნიშნეთ, ბანგლადეშია, მესამეზე კი სომხეთი. აზერბაიჯანმა 2007 წელთან შედარებით საკუთარი პოზიციების გაუმჯობესება ოთხი პუნქტით შეძლო და მეექვსე ადგილზე გავიდა.
რაც შეეხება საუკეთესო მაჩვენებლებს, კომპიუტერული პირატობის მინიმალური - 20 პროცენტით აშშ ლიდერობს, მას მოსდევს იაპონია და ლუქსემბურგი. პირატობის საერთო დონე კი მსოფლიოში 41 პროცენტს შეადგენს და მათ მიერ მიყენებული ზარალი 53 მილიარდის დოლარის შეადგენს.
ბრძოლა კომპიუტერული დანაშაულის წინააღმდეგ
საქართველომ 2001 წლის ხელი მოაწერა კომპიუტერული დანაშაულის შესახებ" ევროპული კონვენციის დებულებათა კონვენციას”, თუმცა მისი რატიფიცირება ჯერ არ მოუხდენია. საქართველოსათვის კომპიუტერული დანაშაულის პრობლემა მწვავედ დადგა 2008 წლის მოვლენების შედეგად, რა დროსაც ქვეყნის სამთავრობო და არასმათავრობო ინტერნეტ-რესურსებზე მასობრივი კიბერ-შეტევები განხორციელდა.
სწორედ გასულ წელს საქართველოს ხელისუფლებამ კომპიუტერული დანაშაულის წინააღმდეგ აქტიური მუშაობა დაიწო. ამისათვის იუსტიციის და შინაგან საქმეთა სამინისტროებისა და ევროპის საბჭოსა და ევროკავშირის ერთობლივ პროექტიც შეიქმნა. ამ პროეტის მიზანია “კომპიუტერული დანაშაულის შესახებ" ევროპული კონვენციის დებულებათა იმპლემენტაცია.
“კომპიუტერული დანაშაულის პროექტი” მიზნად ისახავს საქართველოს საკანონმდებლო ბაზის სრულყოფასა და მოდერნიზაციას კომპიუტერული დანაშაულის ეფექტური აღკვეთისა და პრევენციის მიზნით. პროექტი ასევე ითვალისწინებს საქართველოს ხელისუფლების მხარდაჭერას სპეციალიზირებული “მაღალტექნოლოგიური" საგამოძიებო დანაყოფების შექმნასა და პერსონალის სათანადოდ მომზადებაში.
სხვათა შორის, საქართველოს კომპიუტერული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში დახმარებას ამერიკის შეერთებული შტატები გაუწევს, რაც აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ქარტიაშიც არის აღნიშნული.
ქარტიის IV ნაწილში - “დემოკრატიის გაძლიერება” - აღნიშნულია, “...ჩვენ ვგეგმავთ ჯეროვანი ძალისხმევა მივმართოთ ისეთი საერთო ტრანსნაციონალური დანაშაულის საფრთხეების წინააღმდეგ, როგორიცაა ტერორიზმი, ორგანიზებული დანაშაული, ადამიანებით და ნარკოტიკებით უკანონო ვაჭრობა, ფულის გათეთრება და კომპიუტერული დანაშაული”.