თბილისის საქალქო სასამართლომ დაასრულა "ქალების ბუნტის" სახელით ცნობილი საქმის განხილვა და ბუნტში მონაწილე 25 განსასჯელ ქალს 3-დან 13 წლამდე პატიმრობა მიუსაჯა.
24 საათი 25.02.10
თბილისის საქალქო სასამართლომ დაასრულა "ქალების ბუნტის" სახელით ცნობილი საქმის განხილვა და ბუნტში მონაწილე 25 განსასჯელ ქალს 3-დან 13 წლამდე პატიმრობა მიუსაჯა.
სასჯელაღსრულების დაწესებულების დეზორგანიზება, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თანამშრომლების მიმართ წინააღმდეგობის გაწევა, სხვისი ქონების განადგურება და დოკუმენტების მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრება - ეს, ის ბრალდებებია, რომლითაც 38 პატიმარი ქალი გაასამართლეს. საუბარია 2009 წლის 18 აპრილს ქალთა და არასრულწლოვანთა N5 დაწესებულებაში მომხდარ ბუნტზე.
38 განსასჯელი ქალიდან 22-ს ბრალდება შედარებით მსუბუქ დანაშაულში - დაწესებულების დეზორგანიზებასა და დაუმორჩილებლობაში მონაწილეობას ედავებოდა. დანარჩენ 16-ს კი უფრო მძიმე ბრალდება ჰქონდა წარდგენილი - სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თანამშრომლებეზე თავდასხმა.
საქმე ისაა, რომ სახელმწიფო ბრალდებამ განსასჯელებს საპროცესო შეთანხმება შესთავაზა. მძიმე მუხლებით ბრალდებულ განსასჯელებს საპროცესო შეთანხმებით 8-წლიანი, ხოლო მსუბუქი მუხლებით ბრალდებულებს 2-წლიანი პატიმრობა. თუმცა ის 22 პატიმარი, რომლებსაც 2-წლიან საპროცესო შეთანხმებას სთავაზობდნენ, ამ შეთავაზებაზე დიდი ხნის განმავლობაში უარს ამბობნდნენ, ვიდრე, სხვა 16 განსასჯელს მძიმე მუხლს არ მოუხსნიდნენ. საბოლოოდ, 13 განსასჯელის საქმე, რომლებმაც სრულად აღიარეს წარდგენილი ბრალდება, ცალკე წარმოებად გამოიყო და მათთან საპროცესო შეთანხმება გაფორმდა. სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თანამშრომლებზე თავდასხმაში ბრალდებულები თავს დამნაშავედ არ ცნობდნენ.
სასამართლო პროცესის მსვლელობისას, რომელიც შვიდი თვის განმავლობაში მიმდნარეობდა, სულ 49 სასამართლო სხდომა ჩატარდა, დაიკითხა 62 მოწმე დაზარალებული და 22 განსასჯელი.
"დანარჩენი 25 განსასჯელის მიმართ წარდგენილი ბრალდება დადასტურებულია სასამართლოს მიერ გამოკვლეული მტკიცებულებებით: მოწმეთა ჩვენებებით, საინჟინრო და სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, წერილობითი მტკიცებულებებით, - აცხადებენ თბილისის საქალაქო სასამართლოში.
სასამართლოს განმარტებითვე, ვინაიდან ყველა განსასჯელი მსჯავრდებულია წარსულში ჩადენილი სხვადასხვა კატეგორიის დანაშაულთათვის, მათ მიმართ საბოლოო სასჯელის დანიშვნა მოხდა განაჩენთა ერთობლიობით თავისუფლების აღკვეთის სახით - 25 წლამდე ვადის ფარგლებში.
"2009 წლის 18 აპრილს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ქალთა და არასრულწლოვანთა N5 დაწესებულების ადმინისტრაციამ გამოაქვეყნა 2009 წლის 18 აპრილის პრეზიდენტის განკარგულებით შეწყალებულ მსჯავრდებულთა სია. მსჯავრდებულთა ნაწილი, რომელიც შეწყალებულთა სიაში არ მოხვდა, შეიარაღდა ხელჯოხებითა და სხვადასხვა საგნებით და მოუწოდა სხვა მსჯავრდებულებსაც მათთვის დაეჭირათ მხარი. მსჯავრდებულები არ დაემორჩილნენ სასჯელაღსრულების დაწესებულების ადმინისტრაციის კანონიერ მოთხოვნას, ცეცხლის წაკიდებითა და სხვა საშუალებებით დააზიანეს სასჯელაღსრულების დაწესებულების ინვენტარი და გაანადგურეს დოკუმენტაცია. საბოლოოდ, დანაშაული აღკვეთილ იქნა სპეციალური დანიშნულების რაზმის მიერ," - ასეთი იყო სისხლის ამართლი საქმის შინაარსი, რომელსაც სასამართლო ნახევარ წელიწადზე მეტ ხანს განიხილავდა.