რამდენიმე თვეში, სისხლის სამართლის ახალი საპროცესო კოდექსის ამოქმედებისთანავე, დედაქალაქში მაცხოვრებლებს, სასამართლოდან უწყება მიუვათ, რომლის თანახმადაც, მათ ნაფიცი მსაჯულის როლი დაეკისრებათ.
24 საათი 25.02.10
რამდენიმე თვეში, სისხლის სამართლის ახალი საპროცესო კოდექსის ამოქმედებისთანავე, დედაქალაქში მაცხოვრებლებს, სასამართლოდან უწყება მიუვათ, რომლის თანახმადაც, მათ ნაფიცი მსაჯულის როლი დაეკისრებათ.
ეს იმას ნიშნავს, რომ რამდენიმე თვეში, განზრახ მკვლელობის მუხლით აღძრული სისხლის სამართლის საქმეების განხილვას თბილისის საქალაქო სასამართლო ნაფიცი მსაჯულების მონაწილეობით შეუდგება.
ნაფიცი მსაჯულების ინსტიტუტის შესახებ მოსახლეობას უკვე თითქმის სრულყოფილი ინფორმაცია აქვს, თუმცა, ამ ახალი ინსტიტუტის საბოლოოდ ამოქმედებამდე, მოქალაქეები მართლმსაჯულებათან თანაშრომლობის შესახებ ყველა დეტალს არა მარტო ტელეეთერებში გასული გადაცემებით, არამედ სხვა ხერხებითაც შეიტყობენ.
უკვე რამდენიმე დღეა თბილისის ქუჩებში უზენაესი სასამართლოს კურიერი ჩვეულებრივ, რიგით მოქალაქეებს წერილებს და საინფორმაციო შინაარსის ბროშურებს ურიგებს. როგორც გაირკვა, ეს ერთჯერადი აქცია არ გახლავთ. საქმე ისაა, რომ უზენაესი სასამართლო მოსახლეობასთან ურთიერთობის გასაუმჯობესებლად კომუნიკაციის სხვადსხვა საშუალებას მიმართავს.
ამჯერად, თბილისის ათეულობით მოქალაქეს წერილები და საინფორმაციო შინაარსის ლიტერატურა გაეგზავნა. წერილების ავტორი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეა, ადრესატები კი რიგითი თბილისელები, ის ადამიანები არიან, რომლებიც ჩართულები იყვნენ სატელევიზიო პროექტ "ვერდიქტში".
გადაცემა მიზნად ისახავდა ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის პოპულარიზაციას.
"ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს შემოღებით ქართველი საზოგადოება უშუალოდ იქნება ჩართული მართლმსაჯულების განხორციელებაში და თავად იგრძნობს იმ უდიდეს პასუხისმგებლობას, რასაც ვერდიქტის გამოტანა ჰქვია. მიმაჩნია, რომ ნაფიცი მსაჯულობა კიდევ უფრო გაზრდის ჩვენი საზოგადოების სამოქალაქო პასუხისმგებლობას, რაც მოქალაქეს განსაკუთრებით მაშინ უჩნდება, როცა მიმდინარე პროცესებში თვითონ არის ჩართული და იცის, თუ რა ხდება მის სახელმწიფოში, მის სასამართლოში. სწორედ ამ მიზნით გადავწყვიტეთ, უფრო ინტენსიური იყოს ჩვენი ურთიერთობა და უფრო მეტად იყოთ ინფორმირებულები ჩვენი საქმიანობის შესახებ," - წერია უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მიერ ხელმოწერილ წერილში.
სასამართლოსა და საზოგადოებას შორის თანამშრომლობის ეს ფორმა თითქმის ყველასთვის მისაღები აღმოჩნდა.
"კარგია, როცა უშუალოდ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის ხელმოწერილით იღებ წერილს და არა ფაქსიმილეს. ეს ნიშნავს, რომ სასამართლო ფიქრობს, უფრო ეფექტური და უფრო უშუალო გახადოს საზოგადოებასთან ურთიერთობა," - ასეთი შეფასება გააკეთა სასამართლოს გზავნილზე ექსპერტმა ნოდარ ლადარიამ.