კოტ დივუარის ყოფილი საპატიო კონსული ერმილე თორთლაძე, რომელიც ნარკოდანაშაულისთვის არის მსჯავრებული, უნდობლობას უცხადებს ციხის საავადმყოფოს ექიმებს და აცხადებს, რომ მას მიზანმიმართულად სჯიან ევროპის სასამართლოსადმი აქტიური მიმართვების გამო.
24 საათი 26.02.10
კოტ დივუარის ყოფილი საპატიო კონსული ერმილე თორთლაძე, რომელიც ნარკოდანაშაულისთვის არის მსჯავრებული, უნდობლობას უცხადებს ციხის საავადმყოფოს ექიმებს და აცხადებს, რომ მას მიზანმიმართულად სჯიან ევროპის სასამართლოსადმი აქტიური მიმართვების გამო.
ერმილე თორთლაძის განცხადებით, 23 თებერვალს პატიმართა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში შედგა სამედიცინო კონსილიუმი და მას შეუმცირეს “მორფინის” დოზა, რომელიც კლინიკა "გულში" კარდიოსტიმულატორის იმპლანტაციის შემდეგ მკურნალობის მიზნით დაენიშნა კუნთში ინექციის სახით.
"კონსილიუმი ისე ჩატარდა, რომ ექიმებმა საერთოდ არ მომისმინეს. “მორფინის” დოზის შემცირებამ კი ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობა დაამძიმა, რამაც, შესაძლოა, გამოიწვიოს უეცარი ლეტალური შედეგი, რადგან მძიმე კარდიოლოგიური ავადმყოფი ვარ და ხშირი სტენოკარდიული შეტევების გამო, აუცილებლად მჭირდება ეს პრეპარატი," - აცხადებს პატიმარი. მისივე განმარტებით, ციხის საავადმყოფის პერსონალის მხრიდან აშკარად გამოხატული მუქარა მას შემდეგ დაიწყო, რაც მან მესამე საჩივარი გაგზავნა ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლოში სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევის ახალ ფაქტებთან დაკავშირებით.
ევროსასამართლოში თორთლაძის ინტერესებს ადვოკატი მანანა კობახიძე იცავს. მისი განცხადებით, თორთლაძემ სპეციალიზირებულ კარდიოლოგიურ კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით არაერთხელ მიმართა სასჯელაღსრულების დეპარტამენტს, თუმცა იგი კვლავ რჩება ციხის საავადმყოფოში, სადაც არ არის უზრუნველყოფილი კვალიფიციური კარდიოლოგიური მკურნალობით.
"ერმილე თორთლაძის საჩივრებს უკვე 4 წელია იხილავს ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლო. ევროსასამართლომ საქართველოს მთავრობას არაერთხელ მიუთითა, რომ უზრუნველყოს პატიმარი შესაბამისი მკურნალობით, თუმცა დღემდე ეს მითითები არ სრულდება სათანადოდ. არადა, სახელმწიფო ვალდებულია, იზრუნოს პატიმრის ჯანმრთელობაზე, წინააღმდეგ შემთხვევაში, მთელი პასუხისმგებლობა სწორედ სახელმწიფოს დაეკისრება," - აცხადებს მანანა კობახიძე.
ერმილე თორთლაძემ სტრასბურგში მესამე საჩივარი მას შემდეგ გააგზავნა, რაც თბილისის საქალაქო სასამართლომ მას უარი უთხრა "ამნისტიის შესახებ" კანონის გამოყენებაზე სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის 1 ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულში მსჯავრდებასთან და სასჯელის შემცირებასთან დაკავშირებით.