"თუკი მოსამართლეს ობიექტურობის განცდა გააჩნია და სამართლიანობის შეგრძნება არ დაუკარგავს, ცოტნე გამსახურდიას საქმე უნდა დახუროს და ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლოს," - აცხადებს ადვოოკატი ქეთი ბექაური და ამ განცხადების საფუძვლად გუშინდელ სასამართლო სხდომაზე განვითარებული მოვლებს ასახელებს.
24 საათი 02.03.10

"თუკი მოსამართლეს ობიექტურობის განცდა გააჩნია და სამართლიანობის შეგრძნება არ დაუკარგავს, ცოტნე გამსახურდიას საქმე უნდა დახუროს და ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლოს," - აცხადებს ადვოოკატი ქეთი ბექაური და ამ განცხადების საფუძვლად გუშინდელ სასამართლო სხდომაზე განვითარებული მოვლებს ასახელებს.
ადვოკატის განმარტებით, მას შემდეგ, რაც საქმეში დაზარალებულად ცნობილმა დავით ბაჯელიძემ გუშინ სასამართლოს განუცხადა, ცოტნე გამსახურდიას წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმის ძიება უნდა შეწყდეს.
საქმე ისაა, რომ როგორც დავით ბაჯელიძემ გუშინ განაცხადა, მის დაჭრასთან ცოტნე გამსახურდიას საერთო არაფერი აქვს. ბაჯელიძის განმარტებითვე, მას ჩვენების შეცვლას სთხოვდნენ. საქმე ისაა, რომ მოსამართლემ დაზარალებულ დავით ბაჯელიძეს საათნახევარიანი ვადა მისცა, რათა საქმეში არსებულ ფარულ ვიდეო-აუდიო ჩანაწერებს გაცნობოდა და სასამართლო პროცესზე შესვენება გამოცხადდა. განახლებულ სასამართლო სხდომაზე კი დავით ბაჯელიძემ განაცხადა, რომ მასალების გასაცნობ ოთახში მასზე განხორციელდა ზეწოლა პოლიციის თანამშრომლის მხრიდან.
"პროცესზე შესვენების დროს, მასალების გასაცნობ ოთახში, ჩემზე პოლიციის თანამშრომლის მხრიდან ზეწოლა განხორციელდა. კერძოდ - როდესაც მოსამართლის მდივანთან ერთად ფარულ ვიდეო-აუდიო მასალებს ვეცნობოდი, ტელეფონით დამიკავშირდნენ და დამემუქრნენ, რომ სასამართლოს შენობიდან გასვლის შემდეგ ჯიბეში ნარკოტიკულ ნივთიერებას "ჩამიდებდნენ" და დამაკავებდნენ, თუკი ცოტნე გამსახურდიას საწინააღმდეგო ჩვენებას არ მივცემდი," - განაცხადა დავით ბაჯელიძემ დაკითხვისას.
მისივე განმარტებით, სატელეფონო საუბრისას უთხრეს, რომ წინასწარი გამოძიებისთვის მიცემული ჩვენება შეეცვალა და ცოტნე გამსახურდიას მამხილებელი ჩვენება მიეცა სასამართლოსთვის.
"მუქარა იყო ჩემი ოჯახის წევრების მიმართაც. ამ ყველაფრის გამო, გთხოვთ, გაატაროთ სპეციალური ღონისძიებები," - ასე მიმართა მოსამართლეს დავით ბაჯელიძემ. მოსამართლემ კი მას აუხსნა, რომ ამ თხოვნით, მან უნდა მიმართოს პროკურატურას.
ცოტნე გამსახურდიას ინტერესების დამცველის განმარტებით, ბაჯელიძეს წინასწარ გამოძიებაში მიცემული აქვს ჩვენება, რომლის მიხედვითაც, ცოტნე გამსახურდია არ იყო ის პირი, ვინც მას ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა.
მოსამართლემ სხდომის გადადების გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც დავით ბაჯელიძემ განაცხადა, რომ ჯანმრთელობის არადამაკმაყოფილებელი მდგომარეობის გამო სხდომაში მონაწილეობის მიღებას ვეღარ შეძლებდა. პროცესის მონაწილე მხარეებმა ბაჯელიძის გარეშე სასამართლო გამოძიების დაწყება მიზანშეწონილად არ მიიჩნიეს და, აქედან გამომდინარე, სხდომა 4 მარტს გადაიდო.
მანამდე კი მოსამართლე მერაბ ჯორბენაძემ ადვოკატებს ორი შუამდგომლობა დაუკმაყოფილა. შუამდგომლობა ეხებოდა ექსპერტ კახაბერ ერისთავის მოწმის სახით დაკითხვას და მისი დასკვნის საქმეზე დართვას.
ექსპერტიზის მიხედვით, ბრალდების მთავარი მოწმე რაისა საიადოვა, რომელსაც მხედველობა დაქვეითებული აქვს, კოლხური კოშკიდან გამოსულ ცოტნე გამსახურდიას, რომელსაც ხელში იარაღი ეკავა, სათვალის გარეშე ვერ დაინახავდა, სათვალით კი, გაუჭირდებოდა მისი დანახვა.