კომისია შეწყალების რეკომენდაციას არ გაუწევს განსაკუთრებით მძიმე დანაშაულში ბრალდებულებს
24 საათი 02.03.10
კომისია შეწყალების რეკომენდაციას არ გაუწევს განსაკუთრებით მძიმე დანაშაულში ბრალდებულებს
2010 წელს პატიმართა შეწყალება პირველად სააღდგომოდ იგეგმება. მსჯავრდებულები და მათი ახლობლები (არსებული ინფორმაციით, დღეისთვის საქართველოს პენიტენციურ სისტემაში 22 ათასზე მეტი პატიმარია) აპრილის დასაწყისში პრეზიდენტისგან არამარტო მსუბუქი დანაშაულისთვის მსჯავრდებულების, არამედ მძიმე მუხლებით ბრალდებულთა გათავისუფლებასაც ელიან. სააღდგომოდ ფართომასშტაბიანი შეწყალების მიზეზად ადგილობრივი არჩევნები სახელდება.
ბოლო წლების სტატისტიკით დასტურდება, რომ არჩევნების წინ შეწყალებულთა რაოდენობა საგრძნობლად მატულობს.
2006 წელს, როდესაც ქვეყანაში 15 464 მსჯავრდებული იყო, პრეზიდენტმა სულ 118 მსჯავრდებული შეიწყალა. ოთხჯერ განხორციელებული შეწყალება მაშინ ძირითადად, მამაკაცებს და მხოლოდ 3 ქალს შეეხო, ამ სიაში მაშინ არც ერთ არასრულწლოვანი არ მოხვედრილა.
2007 წელს (18 310 მსჯავრდებული იყო) პრეზიდენტმა შეწყალების აქტს ხუთჯერ მოაწერა ხელი, აქედან სამი შეწყალების დროს მხოლოდ 28 მსჯავრდებული გათავისუფლდა, ხოლო ბოლო ორი შეწყალება, რომელიც 2007 წლის 23 ნოემბერს და 31 დეკემბერს განხორციელდა, ციხე-კოლონიები 984 პატიმარმა დატოვა. აქედან 26 არასრულწლოვანი იყო, 40 კი ქალი მსჯავრდებული.
შეწყალების მხრივ ყველაზე მნიშვნელოვანი იყო 2008 წელი. ამ წელს ქვეყანაში საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა, შესაბამისად, ყველაზე უხვშეწყალებიანი ეს წელი გამოდგა. 2008 წელს 16-ჯერ გამოიცა შეწყალების აქტი და 18 ათას 491 მსჯავრდებულიდან სასჯელაღსრულების დაწესებულება 2 ათას 611 პატიმარმა დატოვა. აქედან 165 ქალი იყო, 38 კი არასრულწლოვანი.
2009 წელს კი შეწყალების აქტის რაოდენობის კლებასთან ერთად შეწყალებულთა რიცხვმაც დაიკლო. ხუთჯერ განხორციელებული შეწყალებიდან ციხე დაახლოებით ათასმა მსჯავრდებულმა დატოვა. ბოლო შეწყალება ახალი წლისთვის განხორციელდა და სულ 171 პატიმარი გათავისუფლდა.
2010 წელს შეწყალება პირველად საშობაოდ იგეგმებოდა, თუმცა, მაშინ მოლოდინი არ გამართლდა. სააღდგომოდ კი შეწყალების კომისია ქვეყნის პირველ პირს იმ პატიმართა განცხადებებს წარუდგენს, რომლებმაც კანცელარიაში შეწყალების თხოვნა გასული წლის დეკემბერში, 2010 წლის იანვარსა და თებერვალში შეიტანეს.
შეწყალების კომისიის თავმჯდომარის ელენე თევდორაძის განცხადებით, შესაძლებია, კომისიამ მარტის თვეში შესული განცხადებებიც განიხილოს თუ, რა თქმა უნდა, კანცელარიის შესაბამისი სამსახურიდან საჭირო დოკუმენტაცია კომისიამდე მიაღწევს.
"ჯერჯერობით გადაწყვეტილია, რომ სააღდგომოდ პრეზიდენტს შესაწყალებელთა სია ბოლო სამი თვის განმავლობაში შესული განცხადებებიდან მიეწოდება. თუმცა, ზოგჯერ ხდება ისიც, რომ ჩვენამდე ამ პერიოდში დაწერილი განცხადებები არ აღწევს. ამის მიზეზია ის, რომ კანცელარიის შესაბამისი სამსახური, რომელიც სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან პატიმართა რეკომენდაციას ითხოვს, ამ განცხადებების გადმოგზავნას დროულად ვერ ახერხებს," - ამბობს ელენე თევდორაძე.
არაოფიციალურად იმასაც ამბობენ, რომ ვიდრე შესაწყალებელ პატიმართა სია პრეზიდენტამდე მიაღწევს, მათ მონაცემებს პროკურატურა ამოწმებს, თუმცა, კანონმდებლობით ამის აუცილებლობა არსად არ არის მითითებული. პატიმართა რეკომენდატორებად ხშირად პარლამენტარებსაც ასახელებენ.
სააღდგომო შეწყალებაზე ინფორმაციის გავრცელებისთანავე, გაჩნდა მოსაზრება, რომ ამჯერად პრეზიდენტი არამხოლოდ მსუბუქი დანაშულისთვის მსჯავრდებულებს შეიწყალებდა, არამედ ჰუმანური აქტი შეეხებოდა ყველა კატეგორიის პატიმარს, გარდა განზრახ მკვლელობაში, ნარკორეალიზაციასა და ჯგუფურ დანაშაულში ბრალდებულებისა.
შეწყალების კომისიის თავმჯდომარემ ეს ინფორმაცია არ დაადასტურა.
უფრო სწორედ, მან კატეგორიულად უარყო შეწყალების კომისიის მხრიდან მძიმე დანაშაულში ბრალდებულთათვის რეკომენდაციის გაცემა, თუმცა, არც ის გამორიცხა, რომ შესაძლებელია, პრეზიდენტამდე მძიმე დანაშაულში ბრალდებულთა განცხადებაც მივიდეს. ამის მაგალითად გასული წლის ნოემბერ-დეკემბერში შეწყალებულთა ციფრებს ასახელებს.
ელენე თევდორაძის თქმით, 2009 წლის ნოემბერში პრეზიდენტმა 156 მსჯავრდებული შეიწყალა, აქედან შეწყალების კომისიისგან რეკომენდირებული მხოლოდ 28 პატიმარი იყო. საახალწლოდ გათავისუფლებული 171 პატიმრიდან კი მხოლოდ 7.
ოფიციალურად ცნობილია, რომ პრეზიდენტს შესაწყალებელ პატიმართა სიას შეწყალების კომისია და საპატრიარქო აწვდის. როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, გასული წლის ბოლოს განხორციელებულ შეწყალებაში საპატრიარქოს სიიდანაც საკმაოდ მცირე რაოდენობა მოხვდა.
საქართველოს კანონმდებლობით, შეწყალებას ახორციელებს საქართველოს პრეზიდენტი ინდივიდუალურად, განსაზღვრული პირის მიმართ. შეწყალების აქტით, მსჯავრდებული შეიძლება გათავისუფლდეს სასჯელის მოხდისაგან, მისთვის დანიშნული სასჯელი შემცირდეს ან შეიცვალოს უფრო მსუბუქი სასჯელით. გარდა ამისა, კანონმდებლობა ქვეყნის პირველ პირს ჰუმანური აქტის განხორციელებაში სხვა შეზღუდვას არ უწესებს. თუმცა, ვიდრე შესაწყალებელ მსჯავრდებულთა სია პრეზიდენტს წარედგინება, პატიმართა საქმეებს შეწყალების კომისია განიხილავს, რის შემდეგაც კომისიის წევრები თითოეულ პატიმარზე გადაწყვეტილებას იღებენ და პრეზიდენტს შესაწყალებელ პატიმართა სიას უგზავნიან.
ელენე თევდორაძის თქმით, მართალია, პრეზიდენტს შეუძლია ინდივიდუალურად ნებისმიერი პატიმარი შეიწყალოს, თუნდაც ათი ადამიანის მკვლელი, მაგრამ, კომისია ცდილობს შეწყალების რეკომენდაცია გაუწიოს ისეთ პატიმრებს, რომლებიც მსჯავრდებულები არ არიან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულში. ამასთან, როგორც შეწყალების კომისიის თავმჯდომარემ გვითხრა, მსუბუქი დანაშაულისთვის მსჯავრდებულს დადებითი რეკომენდაციის მისაღებად მოხდილი უნდა ჰქონდეს სასჯელის 1/3, ხოლო მძიმე დანაშაულისთვის გასამართლებულს სასჯელის ნახევარი. შეწყალების მსურველებს ელენე თევდორაძე კიდევ ერთ განმარტებას აძლევს: ხშირ შემთხვევაში, შეწყალება არ ვრცელდება იმ მსჯავრდებულებზე, რომლებსაც მთლიანი სასჯელის ნახევარი საპროცესო გარიგების საფუძველზე არასაპატიმრო ღონისძიებით აქვთ შეცვლილი.
იმისთვის, რომ პატიმარმა პრეზიდენტის შეწყალება მიიღოს, აუცილებელია მას ჰქონდეს სასჯელაღსრულების დაწესებულების თანამშრომლების დადებითი დახასიათება.
თუ შეწყალების მსურველ მსჯავრდებულთა მონაცემები ამ მოთხოვნებს არ აკმაყოფილებს, როგორც ელენე თევდორაძემ გვითხრა, იქმნება საერთო ოქმი იმ განცხადებების, რომელიც განხილვას არ ექვემდებარება.
კომისიის ასეთი სიფრთხილე გამოწვეულია იქიდან, რომ შეწყალებულმა პატიმარმა ახალი დანაშაული არ ჩაიდინოს და კვლავ ციხეში არ მოხვდეს. სხვათა შორის, შეწყალება ერთი და იმავე პატიმარზე ორჯერ არ ვრცელდება (ვთქვათ, ერთხელ თუ გაუნახევრდა სასჯელი და შემდეგ შეწყალებით გათავისუფლებას ითხოვს), კომისიაში თურმე ასეთი განცხადებებიც მრავლად შედის.
მიუხედავად იმისა, რომ შეწყალება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ჰუმანური აქტია და მის მიღებას ყველა მსჯავრდებული ციხეში მოხვედრის დღიდანვე ცდილობს, ეს აქტი არც ისე იოლი დასამსახურებელია.
შეწყალებაზე უარის მიღების შემთხვევაში, პასუხი აუცილებლად უნდა მიუვიდეს განცხადების ავტორს. შემდეგი განცხადების დაწერის უფლება მას ექვსი თვის შემდეგ ეძლევა.