RSS ბოლო ნომერი მობილური ვერსია
24 saati
9 სექტემბერი, ხუთშაბათი 2010
თბილისი ... ...
ამბები >>

რევოლუციური კოდექსის შეჩერებული ნოვაციები

ახალი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მუხლები, რომლებიც მოგვიანებით ამოქმედდება

24 საათი 03.03.10

ახალი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მუხლები, რომლებიც მოგვიანებით ამოქმედდება

რამდენიმე თვეც და ქართული მართლმსაჯულება სამართალწარმოების სრულიად ახლებურ სტანდარტებზე გადავა. ოქტომბრიდან ამოქმედდება ნაფიც მსაჯულთა სასამართლო და მოწმის ინსტიტუტი, დაინერგება შეჯიბრებითობის პრინციპი - ბრალდების და დაცვის მხარეები თითქმის თანაბარ პირობებში იქნებიან, შემცირდება წინასწარი თუ სასამართლო გამოძიების ვადები, სასჯელის განსაზღვრის შეკრებითი წესი შთანთქმით პრინციპზე გადავა და ა.შ. თუმცა, ახალ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში არის მუხლები, რომლებიც ქართველ კანონმდებელთა გადაწყვეტილებით, მოგვიანებით ამოქმედდება. ეს კი ზოგიერთი ექსპერტის ვარაუდით, ცვლილებას, რომელიც საერთაშორისო თუ ქართველ ექსპერტთა მიერ რევოლუციურად შეფასდა, გარკვეულ უხერხულობას შეუქმნის.

იურისტთა დიდი ნაწილი თვლის, რომ სისხლის სამართლის ახალი საპროცესო კოდექსის ერთ-ერთი მთავარი ნოვაცია არის ის, რომ მოწმე დაიკითხება ერთხელ და მხოლოდ სასამართლო პროცესზე.

თუმცა, ეს ნორმა კანონმდებლებმა ორი წლით შეაჩერეს. სისხლის სამართლის ახალი საპროცესო კოდექსის 332-ე მუხლით: “2012 წლის 1 ოქტომბრამდე გამოძიებისას მოწმე დაიკითხება საქართველოს 1998 წლის 20 თებერვლის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით (მათ შორის, 305-ე მუხლის მე-5 ნაწილით) დადგენილი წესით.” ეს კი იმას ნიშნავს, რომ კვლავ ძალაში რჩება პროკურორის თუ გამომძიებლის მიერ მოწმის დაკითხვის ტრადიცია და ამ გზით მისგან მიღებული ჩვენება ხშირად საბრალდებო დასკვნის მთავარი საფუძველია.

“ის, რომ მოწმე სავალდებულო წესით მხოლოდ მოსამართლის წინაშე იკითხება, არის ახალი საპროცესო კოდექსის ერთ-ერთი პროგრესული ნორმა, რომელიც კანონმდებლებმა გაუგებარი მიზეზით რამდენიმე წლით შეაჩერეს. 2012 წლამდე ისევ იმოქმედებს ძველი კოდექსი, რომლის მიხედვითაც, ბრალდების მხარეს უფლება აქვს წერილობითი ფორმით წარმოადგინოს ჩვენება, თუ მოწმის წარდგენას სასამართლოზე გარკვეული მიზეზით ვერ ახერხებს. ანუ, ნაფიც მსაჯულებს მოუწევთ გაიზიარონ ის ჩვენება, რომლის მიღების ზუსტი ვითარება არ იციან. ეს კი ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან, როგორც ვიცით, ხშირად წინასწარ გამოძიებაში მოწმის მიერ მიცემული ჩვენება არ არის სიმართლე. ყველა ქვეყანაში მოწმე უნდა დაიკითხოს ნაფიცი მსაჯულის წინაშე, რაც ჩვენთან ორი წლის მანძილზე არ მოხდება,” - აღნიშნა “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი ჩხეიძემ.

სისხლის სამართლის ახალი საპროცესო კოდექსის 333-ე მუხლით, რომელიც კოდექსის ამოქმედების წესს განსაზღვრავს, გარდა მოწმის ინსტიტუტის დროებით შეჩერებისა, 2012 წლის 1 ოქტომბრამდე აჩერებს 310-ე მუხლის “ე" ქვეპუნქტის მოქმედებასაც.

ეს მუხლი ეხება ახლადგამოვლენილი გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვას. ანუ, განაცენი გადაიხედება თუ: სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილია, რომ მტკიცებულება, რომელიც საფუძვლად დაედო განაჩენს ყალბია; თუ არსებობს გარემოება, რომელიც ადასტურებს, განაჩენის დამდგენი სასამართლოს უკანონო შემადგენლობას, ან იმ მტკიცებულების დაუშვებლობას, რომელიც საფუძვლად დაედო გადასასინჯ განაჩენს; თუ სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილია, რომ მოსამართლემ, პროკურორმა, გამომძიებელმა, ნაფიცმა მსაჯულმა ან ნაფიცი მსაჯულის მიმართ სხვა პირმა საქმესთან დაკავშირებით ჩაიდინა დანაშაული. ეს მუხლი განაჩენის გადახედვის სხვა ნორმებსაც ადგენს, თუმცა, კანონმდებელთა გადაწყვეტილებით, ახალი საპროცესო კოდექსის ამოქმედებიდან ზუსტად ორი წლის შემდეგ ძალაში შევა ამ მუხლის “ე” პუნქტი, რომლის თანახმადაც, თუ არსებობს ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც დაადგინა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის ან მისი ოქმების დარღვევის ფაქტი ამ საქმესთან დაკავშირებით და გადასასინჯი განაჩენი ამ დარღვევას ეფუძნება, განაცენი არ გადაისინჯება.

“აღმოჩენილი გარემოების საფუძველზე განაჩენის გადასინჯვის შესაძლებლობა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ეს ჩვენთან დღემდე არ ხდება. თუმცა, სამწუხარია, რომ ევროსასამართლის გადაწყვეტილებების საფუძველზე საქმის გადასინჯვა ჯერჯერობით არ მოდება. ჩემი აზრით, ამის მიზეზი არის ის, რომ ამ ეტაპზე ქვეყანა არ არის მზად, რადგან ბოლო პერიოდში ბევრი საქმეა წასული ევროსასამართლოში და შეიძლება ბევრზე გამოიტანოს ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც შეიძლება გადასინჯვის საფუძველი გახდეს,” - ამბობს გიორგი ჩხეიძე.

ორი წლის შემდეგ ამოქმედდება დაცვის მხარის უფლება ამ კოდექსის 180-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული შუამდგომლობის დაყენების თაობაზეც. კერძოდ,

ახალ საპროცესო კოდექსში ჩაწერილია: “თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ ბრალდებული დანაშაულის ჩადენისას შეურაცხი იყო ან მისი ჩადენის შემდეგ გახდა შეურაცხადი და საჯარო უსაფრთხოების ინტერესები მოითხოვს მის სამედიცინო დაწესებულებაში იზოლირებას, გამოძიების ადგილის მიხედვით სასამართლოს პროკურორის ან ადვოკატის შუამდგომლობით გამოაქვს პირის სახელმწიფო სამედიცინო დაწესებულებაში მოთავსების თაობაზე განჩინება.”

იურისტ გიორგი ჩხეიძის აზრით, გაუგებარია, როტამ ჩადეს კანონმდებლებმა ეს შეზღუდვა, მაგრამ ფაქტია, რომ ამ შემთხვევაში დაცვის უფლება დროებით, მაგრამ მაინც იზღუდება.

“ახალ საპროცესო კოდექსში შემოტანილია ახალი თავი - “ფარული საგამოძიებო მოქმედები”. მართალია ბევრი დებულებაა ძველი, დღეს მოქმედი ოპერატიულ- სამძებრო კანონიდან არის გადმოტანილი, მაგრამ ახალ კოდექსში ჩადებულია ბევრი ნოვაცია, მაგალითად, ფიქსირებული ვადა - რა ვადით შეიძლება გაიცეს ფარული საგამოძიებო მოქმედებებზე ბრძანება. პროგრესულია ისიც, რომ სასამართლო სხდომის დაწყებამდე ხუთი დღით ადრე უნდა გასაჯაროვდეს ინფორმაცია ფარული საგამოძიებო მოქმედებების თაობაზე. მოკლედ, ამ თავში, მთელი რიგი პროგრესული დებულებები ჩაიდო, მაგრამ მისი ამოქმედებაც 2011 წლის 1 აპრილამდე გადაიდო, რაც ასევე უარყოფითად აისახება ახალ საპროცესო კოდექსის ეფექტურობაზე,” - ასეთია “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” თავმჯდომარის მოადგილის გიორგი ჩხეიძის პოზიცია.

ყველაზე პოპულარული
  1. უცხოეთი >>

    aa
  2. რევიუ >>

    aa
  3. უცხოეთი >>

    aa
  4. რევიუ >>

    aa
  5. რევიუ >>

    aa
  6. სპორტი >>

    aa
  7. ფეხბურთი >>

    aa
  8. ამბები >>

    aa
  9. ამბები >>

    aa
  10. კალათბურთი >>

    aa
  11. უცხოეთი >>

    aa
  12. უცხოეთი >>

    aa
  13. სპორტი >>

    aa
  14. უცხოეთი >>

    aa
  15. რევიუ >>

    aa
  16. ჭიდაობა >>

    aa
  17. ფეხბურთი >>

    aa
  18. ფეხბურთი >>

    aa
  19. უცხოეთი >>

    aa
  20. რევიუ >>

    aa
   

ამბები
ბიზნესი
სპორტი
საზოგადოება
რევიუ
სტილი
თვალსაზრისი
ტენდერები
The New York Times
გაზეთ"24 საათის"
ელექტრონული არქივი
ავტორები
მობილურის ვერსია
RSS არხები
Twitter
სიახლეების გამოწერა
რეკლამის განთავსება
www.24saati.ge
გაზეთი "24 საათი"
კონტაქტი