ესპანურმა გაზეთმა ABC-მ გამოაქვეყნა სენსაციური განცხადება, რომლის მიხედვითაც, რუსული მაფიის ლიდერმა შაქრო კალაშოვმა ესპანეთის ციხეში ყოფნისას შექმნა სტრუქტურა, რომლის მეშვეობითაც, იგი გათავისუფლებას ცდილობდა.
24 საათი 10.03.10

ესპანურმა გაზეთმა ABC-მ გამოაქვეყნა სენსაციური განცხადება, რომლის მიხედვითაც, რუსული მაფიის ლიდერმა შაქრო კალაშოვმა ესპანეთის ციხეში ყოფნისას შექმნა სტრუქტურა, რომლის მეშვეობითაც, იგი გათავისუფლებას ცდილობდა.
მთავარ როლს ამ საქმეში თამაშობდა რუსეთის პრეზიდენტ ბორის ელცინის მრჩეველი და საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის წევრი ოლეგ ვორონცოვი. კალაშოვის გასათავისუფლებლად ესპანეთში “კანონიერ ქურდთა” მიერ შეგროვებული მსხვილი “ობშიაკი” გაიგზავნა. გამოცემის ინფორმაციით, კალაშოვს მფარველობენ რუსეთის ხელისუფლების უმაღლესი ეშელონების წარმომადგენლები.
საქმე ისაა, რომ გასულ კვირას ესპანეთის უზენაესმა სასამართლომ 300 ათასი ევროს სანაცვლოდ “ქართული და რუსული მაფიის გენერალი” შაქრო კალაშოვი პატიმრობიდან გაათავისუფლა. როგორც ესპანური გაზეთი El Pais-ი წერს, კალაშოვი ესპანეთში რუსული მაფიის ერთ-ერთი თავკაცი იყო და 2006 წელს ფულის გათეთრების, დამნაშავეთა დაჯგუფების შექმნისა და საბუთების გაყალბების ბრალდებით დააკავეს.
გასული წლის ნოემბერში სასამართლო სხდომაზე პროკურორმა კალაშოვისთვის 12-წლიანი პატიმრობა და 32 მილიონი ევროს ჯარიმის გადახდა მოითხოვა. ესპანეთის პროკურატურა ამტკიცებს, რომ კალაშოვის დაჯგუფება მოსკოვში ერთ-ერთ ყველაზე დიდ კაზინოს აკონტროლებდა და სწორედ აქ ახერხებდა ფულის გათეთრებას. თავად კალაშოვი კატეგორიულად უარყოფდა ამ ბრალდებას.
ესპანეთში კალაშოვს რუსული დამნაშავეთა დაჯგუფებების ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ხელმძღვანელად თვლიან. კალაშოვი ეჭვმიტანილი იყო ნარკოტიკებისა და იარაღის რეალიზაციაში და ფულის გამოძალვის ფაქტებშიც.
როგორც გაზეთი წერს, შაქრო კალაშოვი (“კნიაზევიჩი”), მეტსახელად "შაქრო-უმცროსი", საქართველოსა და რუსეთის ფედერაციის მოქალაქეა. იგი მოსკოვში თბილისიდან გადავიდა საცხოვრებლად. რუსეთში მას "სოლნცევსკის", "იზმაილოვსკისა" და "ბრატსკის" საძმოების ხელმძღვანელად თვლიან. რუსი სამართალდამცველები მას ერთერთ ყველაზე გავლენიან კრიმინალურ ავტორიტეტს უწოდებენ.
ესპანური გამოცემის ინფორმაციით, მასზე სამჯერ განხორციელებული თავდასხმის შემდეგ, კალაშოვმა საზღვარგარეთ წასვლა გადაწყვიტა და 2000 წელს ესპანეთში ჩავიდა. ესპანელი სამართალდამცველების განცახდებით, იგი ხელმძღვანელობდა "მეთერთმეტე" დაჯგუფებაში შემავალ დამნაშავეთა ქსელს და ამავდროულად ქართული მაფიის ბოსიც გახლდათ, რომელიც ესპანეთში საკურორტო ქალაქ კოსტა-დელ-სოლში მოქმედებდა. ამ დამნაშავეთა ორგანიზებულ დაჯგუფებას მჭიდრო კავშირი ჰქონდა რუსეთისა და დსთ-ს სხვა ქვეყნების კრიმინალურ დაჰჯგუფებებთან.
ზემოთჩამოთვლილი ბრალდებების გარდა, კალაშოვი მრავალ მძიმე დანაშაულშია ეჭვმიტანილი. მათ შორის, ნავთობის კონტრაბანდაში, ადამიანების გატაცებასა და ფულის გამოძალვაში, მკვლელობათა სერიაში და სხვა ორგანიზებულ დანაშაულებში, როგორც რუსეთის ფედერაციაში, ისე ესპანეთის სანაპირო ზოლში.
კალაშოვმა ესპანეთი 2005 წელს, ესპანელი სამართალდამცველების მიერ ჩატარებული ფართომასშტაბიანი სპეცოპერაციის შედეგად დატოვა. მაშინ, ესპანეთის სამართალდამცველმა ორგანობმა საერთაშორისო ორდერი გასცა კალაშოვის დასაკავებლად და მისი დაკავება 2006 წლის მაისში დუბაიში შეძლეს. ერთი თვის შემდეგ იგი ესპანეთში გადაიყვანეს.
თბილისის საქალაქო სასამართლომ ავტორიტეტული კრიმინალი დაუსწრებლად გაასამართლა. ქართულმა მართლმსაჯულებამ ქართული და რუსული მაფიის ლიდერი, ცნობილი "კანონიერი ქურდი", შაქრო კალაშოვი დამნაშავედ ცნო და მას 18 წლით პატიმრობა მიუსაჯა.
სამართალდამცველებმა შაქრო კალაშოვს წყნეთში მდებარე სახლიც ჩამოართვეს, როგორც დაუსაბუთებელი ქონება, რომლის ღირებულებაც 30 მილიონ დოლარს აღწევდა.