ვარდების რევოლუციის შემდეგ ნარკოდანაშუალის წინააღმდეგ გააქტიურებულ ბრძოლას, თავის დროზე, ასობით საჯარო მოხელე შეეწირა.
24 საათი 10.03.10
ვარდების რევოლუციის შემდეგ ნარკოდანაშუალის წინააღმდეგ გააქტიურებულ ბრძოლას, თავის დროზე, ასობით საჯარო მოხელე შეეწირა.
ნაწილისთვის ნარკოტიკების მოხმარება თუ მხოლოდ სამსახურის დაკარგვით დასრულდა, ნაწილს ბიუჯეტის სასარგებლოდ ჯარიმის გადახდა მოუწია, უარეს შემთხვევაში კი ციხეში აღმოჩნდა.
ნარკოდანაშაულთან დაწყებული ბრძოლა ერთჯერადი არ ყოფილა. პერიოდულად მკაცრდებოდა სანქციები, რაც ასევე აისხებოდა საჯარო მოხელეებზე. დაახლოებით ორი წლის წინ, პროკურატურის ინიციატივით მიღებული კანონით, ნარკოტიკების მომხმარებელს, სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველზე, სამი წლით ჩამოერთმევა სატრანსპორტო საშუალებების მართვის უფლება, საექიმო, პედაგოგიური, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის დაწესებულებაში საქმიანობის უფლებები. ამასთან, ვეღარ შეძლებენ არჩევნებში კენჭისყრას, იარაღის შეძენას, შენახვასა და ტარებას.
რამდენიმე დღის წინ კი პარლამენტში დეპუტატმა დიმიტრი ლორთქიფანიძემ ანტინარკოტიკული პაკეტის განხილვის დაჩქარება მოითხოვა, რომელიც ნარკომოხმარებაზე საჯარო მოხელეების ახალი მეთოდოლოგიით შემოწმებას ითვალისწინებს. კერძოდ, სუბარია თმის ღერის გამოკვლევის დანერგვაზე.
ამ მეთოდით შესაძლებელი იქნება გამოვლინდეს ის საჯრო მოხელე, რომელმაც ნარკოტიკული საშუალება დაახლოებით ექვსი თვის მანძილზე მოიხმარა. სხვათა შორის, ანტინარკოტიკული პაკეტი ჯერ კიდევ წინა მოწვევის პარლამენტში იყო ინიცირებული, თუმცა, მისი განხილვის პროცედურა მაშინ გაურკვეველი მიზეზით შეჩერდა.
საკუთარი ინფორმაცია
ოპოზიციონერი დეპუტატის ამჟამინდელი ინიციატივა პრეზიდენტმა მოიწონა და იდეის ავტორთან და ჯანდაცვის მინისტრ ალექსანდრე კვიტაშვილთან საგანგებო შეხვედრაც გამართა. პრეზიდენტმა დაავალა მინისტრს, შემუშავდეს პროგრამა, რომლითაც სახელმწიფო ჩინოვნიკები შემოწმდებიან. მეტიც, მიხეილ სააკაშვილმა გამოთქვა მზადყოფნა, თავადაც ჩააბაროს ანალიზისთვის თმის ღერი.
პრეზიდენტის მიერ მხარდაჭერილი ინიციატივა პარლმენტშიც გაიზიარეს. გუშინდელ ბიუროს სხდომაზე პარლამენტის ვიცე-სპიკერი გიგი წერეთელიც ინიციატივით გამოვიდა, რომ ანტინარკოტიკული პაკეტის განხილვის პროცედურა "საჯარო სამსახურის შესახებ" კანონში შესატანი ცვლილებების პროექტით დაიწყოს, რათა ლორთქიფანიძე-სააკაშვილის წინადადება მასში დროულად აისახოს.
საპარალმენტო ოპოზიციის წარმომადგენელი ითხოვს იმასაც, რომ საჯარო მოხელეთა შემოწმება ნარკოტიკების მოხმარებაზე სახელმწიფო კომისიამ განახორციელოს.
სახელმწიფო კომისიის შექმნის იდეით ლორთქიფანიძე სესიაზე გამოვიდა. მისი თქმით, სახელმწიფო კომისია, რომელიც უნდა შეიქმნას პრეზიდენტის ბრძანებით, დაკომპლექტდება საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანებით, რაც საჯარო მოხელეთა მიმართ საზოგადოების ნდობის გაძლიერების გარანტი იქნება.
"ნარკომანთა რიცხვის კლება უმაღლეს სახელმწიფო რანგში უნდა იყოს აყვანილი და საჭიროა ამისათვის ქმედითი ნაბიჯები გადაიდგას," - განაცხადა დიმიტრი ლორთქიფანიძემ, რომელიც მიიჩნევს, რომ გარდა მეთოდისა, კანონმდებლობითვე უნდა დარეგულირდეს შემოწმების სიხშირეც. პარლამენტართა დაპირებით დიმიტრი ლორთქიფანიძის და პრეზიდენტის მხარდაჭერილი ინიციატივის გახორციელება საკანონმდებლო დონეზე უახლოეს მომავალში დაიწყება. შესაბამისი ცვლილებები კი "საჯარო სამსახურის შესახებ" კანონში აისახება, რომლის მომზადებაც უკვე დაწყებულია.