არასამთავრობო ორგანიზაცია "ადამიანის უფლებათა პრიორიტეტი" სტრასბურგის სასამართლოს კიდევ ერთი განაცხადით მიმართავს.
24 საათი 10.03.10
არასამთავრობო ორგანიზაცია "ადამიანის უფლებათა პრიორიტეტი" სტრასბურგის სასამართლოს კიდევ ერთი განაცხადით მიმართავს.
საქმე ეხება რუსეთ-საქართველოს ომის დროს, შეიარაღებული თავდამსხმელების მიერ გორის რაიონის ერთ-ერთი სოფლის მკვიდრი ქალბატონის გაუპატიურების ფაქტს (გასაგები მიზეზების გამო, ორგანიზაცია დაზარალებულის ვინაობას არ ახმაურებს).
დაზარალებულის მონათხრობის მიხედვით, ეთნიკურად არაქართული წარმოშობის ოთხი შეიარაღებული პირი მის სახლში 2008 წლის 13 აგვისტოს შეიჭრა და გააუპატიურა. როგორც ორგანიზაციის წარმომადგენელი ლია მუხაშავრია აცხადებს, განმცხადებელს ფიზიკური და მორალური ტრავმის გარდა, მიადგა მატერიალური ზიანი. როგორც სამედიცინო გამოკვლევებმა აჩვენა, გაუპატიურების შედეგად მნიშვნელოვნად გაუარესდა დაზარალებულის ჯანმრთელობა.
"ადამიანის უფლებათა პრიორიტეტი" აცხადებს, რომ განმცხადებლის მიმართ დარღვეულია ევროკონვენციის რამდენიმე მუხლი, ასევე საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ნორმები. ორგანიზაციის განცხადებით, გარდა წამებისა და არაადამიანური მოპყრობის კვალიფიკაციისა, შეიარაღებული კონფლიქტის დროს ჩადენილი გაუპატიურება საერთაშორისო დონეზე მიჩნეულია ე.წ. ომის იარაღად. გაუპატიურებისა და სხვაგვარი სექსუალური ძალადობის ფაქტების "ომის იარაღად" აღიარება მოხდა გაერო-ს გენერალური ასამბლეის რეზოლუციით (A/RES/50/192), რომელიც ეხებოდა სექსუალური ხასიათის დანაშაულებებს ყოფილი იუგოსლავიის ტერიტორიაზე.
"ადამიანის უფლებათა პრიორიტეტის" მიერ სტრასბურგში გაგზავნილ საჩივარში რუსეთის ფედერაციის ხელისუფლებისადმი წაყენებულია ბრალდებები.
“11-12 აგვისტოდან გორის რაიონის ქართულ სოფლებზე ვრცელდებოდა რუსეთის ფედერაციის კონტროლი, რომელმაც ვერ უზრუნველყო საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა აღნიშნულ ტერიტორიებზე. შესაბამისად, აღნიშნულ პერიოდში ჩადენილ დანაშაულზე პირდაპირი პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთის მხარეს. მნიშვნელოვანია ის, რომ გაუპატიურების ეს შემთხვევა კონფლიქტის დროს არ ყოფილა ერთადერთი. 2008 წლის აგვისტოს მოვლენების შესახებ საერთაშორისო ანგარიშებში აღნიშნულია, რომ კონფლიქტის დროს დაფიქსირდა რიგი გაუპატიურების შემთხვევები. ამავე ანგარიშებში ხაზგასმითაა აღნიშნული ისიც, რომ სამხრეთ ოსეთის შეიარაღებული ფორმირებების მხრიდან ადგილი ჰქონდა ქართული მოსახლეობის ეთნიკურ წმენდას. შესაბამისად, მიგვაჩნია, რომ განმცხადებლის, ისევე, როგორც სხვა ქართველი მოსახლეობის მიმართ განხორციელებული გაუპატიურება წარმოადგენდა ეთნიკური წმენდის ერთ-ერთ გამოხატულებას და გამოიყენებოდა ქართველების მიმართ, როგორც "ომის იარაღი", - აცხადებს ორგანიზაცია "ადამიანის უფლებათა პრიორიტეტი".
ორგანიზაცია თვლის, რომ განმცხადებლის მიმართ საქართველოს მთავრობამაც დაარღვია ევროკონვენციის მე-3 მუხლი, რომელიც მთავრობას აკისრებს ვალდებულებას, დაიცვას ნებისმიერი პირი საკუთარი იურისდიქციის ფარგლებში წამების, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობისაგან. მიუხედავად იმისა, რომ მოცემული დანაშაულის ჩადენის დროს საქართველო ვერ ახორციელებდა ეფექტურ კონტროლს კონფლიქტის ზონაში, აღნიშნული ფაქტის თავიდან აცილება შესაძლებელი იყო ფართომასშტაბიან საომარ მოქმედებებამდე მოსახლეობის გაფრთხილებისა და ევაკუაციის გზით.
აღნიშნული ფაქტი წარმოადგენს საქართველოს კონსტიტუციის მე-13 (1) მუხლის დარღვევას. ამას გარდა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით "ყველას აქვს უფლება იცოდეს ინფორმაცია იმ საშიშროების შესახებ, რომელიც ემუქრება მათ სიცოცხლეს, ან ჯანმრთელობას".