საკონსტიტუციო ცვლილებები, მიმდინარე სამართლებრივი რეფორმა, ქვეყნის ნეიტრალიტეტისა და უსაფრთხოების საკითხები დღეს გამორჩეულად აქტუალური თემებია და საკანონმდებლო ორგანო ამ მიმართულებით კიდევ არა ერთი ცვლილების მიღებას გეგმავს.
24 საათი 12.03.10
საკონსტიტუციო ცვლილებები, მიმდინარე სამართლებრივი რეფორმა, ქვეყნის ნეიტრალიტეტისა და უსაფრთხოების საკითხები დღეს გამორჩეულად აქტუალური თემებია და საკანონმდებლო ორგანო ამ მიმართულებით კიდევ არა ერთი ცვლილების მიღებას გეგმავს.
მოსალოდნელ საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით გვესაუბრება სხვადასხვა კანონპროექტების ავტორი, პარლამენტის ანტიკრიზისული საბჭოს ექსპერტი სამართლებრივ საკითხებში, ადვოკატი ლევან ადეიშვილი.
- მანამდე, სანამ მოსალოდნელი სამომავლო საკანონმდებლო ინიციატივების თაობაზე ვისაუბრებთ, ბოლო დროს ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური საკითხი სამშობლოს ღალატის თემა გახდა.
- ამერიკის რამდენიმე შტატში, მათ შორის ჯორჯიაში, დღესაც მოქმედებს ეს მუხლი და სამშობლოს ღალატისთვის სიკვდილით დასჯაცაა გათვალისწინებული. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში არსებობდა 307-ე მუხლი სახელმწიფოს ღალატი, რომელიც რამდენიმე წლის წინ ამოიღეს კოდექსიდან, თუმცა ბუნებრივია დარჩა იმ დანაშაულთა კატეგორია, რომელიც აერთიანებდა ამ მცნებას და იძლეოდა აღნიშნულ კვალიფიკაციას.
საქართველოს ტერიტორიული ხელშეუხებლობის დარღვევა, ანტიკონსტიტუციური ხელშეკრულების დადება ან მოლაპარაკების წარმოება, საქართველოს საგარეო უშიშროების ხელყოფა, უცხოეთის სადაზვერვო სამსახურში შესვლა, საქართველოს თავდაცვისუნარიანობის ხელყოფა, სახელმწიფო საიდუმლოების გაცემა, ჯაშუშობა, უცხო ქვეყნისათვის ან ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარება, - ეს მუხლები დღესაც მოქმედებს კოდექსში და წარმოადგენს ქვეყნის უშიშროების წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულთა წინააღმდეგ ბრძოლის საშუალებას. ამ დანაშაულების კატეგორიას ყველაზე ფრთხილი და კვალიფიციური გამოძიება სჭირდება და მაქსიმალურად უნდა იქნეს დაცული ადამიანის უფლებები. დანაშაულის წინააღმდეგ ეფექტური ბრძოლისათვის ანტიკრიზისული საბჭოს მიერ მომზადდა საკანონმდებლო პროექტი, რომელიც აერთიანებს ქვეყნის უსაფრთხოების, ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის და ლუსტრაციის კანონპროექტებს.
- ანტიკრიზისული საბჭო ამზადებს ცვლილებათა პაკეტს საკონსტიტუციო კომისიაში წარსადგენად, რას გულისხმობს ეს პაკეტი?
- რაც შეეხება მოსალოდნელ ცვლილებებს, იგი შეეხება სასამართლო სისტემის რეფორმას და ცვლილებების კანონპროექტები წარედგინება პრეზიდენტს და საკონსტიტუციო კომისიას. საქართველოს კონსტიტუციის 86-ე მუხლით განსაზღვრულია, რომ მოსამართლე შეიძლება იყოს საქართველოს მოქალაქე 28 წლის ასაკიდან, თუ მას აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება და სპეციალობის მუშაობის სულ ცოტა 5 წლის გამოცდილება. მოსამართლის თანამდებობაზე დანიშვნა ხდება არანაკლებ 10 წლის ვადით.
ვფოქრობთ, რომ მოსამართლეთა დანიშვნის, თანამდებობიდან განთავისუფლების და შერჩევის წესი, მათ შორის იუსტიციის სკოლის დანიშვნისათვის სავალდებულო კურსის გავლა, რომელიც 2009 წელს შემოვიდა კონსტიტუციასთან შეუსაბამოა. აქედან გამომდინარე, ჩვენი კანონპროექტი სხვა საკითხებთან ერთად შეეხება მოსამართლეთა უვადო დანიშვნის წესის შემოღებას. შესაბამისად, ცვლილებები გათვალისწინებულია მოსამართლეთა დანიშვნის წესში და პირობებში, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ფუნქციებში და ფორმირების წესებში.
კანონპროექტში გათვალისწინებულია მსოფლიოს ქვეყნების პრაქტიკა. მაგალითად, ამერიკის შეერთებულ შტატებში დაბალი ინსტანციის მოსამართლეები სხვადასხვა შტატში ინიშნებიან სხვადასხვა ვადით, ხოლო ფედერალური თუ შტატის უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები უვადოდ, ანუ იმ ვადით სანამ მოსამართლე ქმედუნარიან პირს წარმოადგენს. ხოლო ევროპის ქვეყნებში მოსამართლეები ინიშნებიან უვადოდ - საპენსიო ასაკის მიღწევამდე, რაც სხვადასხვა ქვეყნებში 65-70 წელს შეადგენს.
აქედან გამომდინარე, ჩვენს მიერ მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის თაობაზე შექმნილ კანონპროექტში არ არის გამოგონილი ახალი საექსპერიმენტო ვარიანტი, ყველაფერი მსოფლიოს სასამართლო პრაქტიკის გათვალისწინებითაა განსაზღვრული. კანონპროექტით, უნდა მოხდეს პირველი ინსტანციის მოსამართლეთა 10 წლის ვადით დანიშვნა, ხოლო 65 წლის ასაკამდე - უზენაესი სასამართლოს და სააპელაციო სასამართლოების მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნა საპენსიო ასაკამდე, უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოში არჩევის წესით. რაც, ბუნებრივია გამოიწვევს სააპელაციო და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა მიმართ განსხვავებულ პირობების და მოთხოვნების წაყენებას.
- თქვენ ახსენეთ დანიშვნის წესის და პირობების შეცვლა, ასევე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეფორმა, თუ შეიძლება უფრო დააკონკრეტეთ, რას გულისხმობს ეს კანონპროექტები?
- კანონპროექტებს ჯერ დასრულებული სახე არ მიუღია და მუშაობის პროცესში შესაძლებელია კორექტივები შევიდეს, თუმცა, როგორც ავღნიშნე, უვადოდ აირჩევა მოსამართლეები უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს მიერ, რაც პროექტში არ შეიცვლება და ჩვენი კანონპროექტით, უზენაესი სასამართლოს თავჯდომარესაც პრეზიდენტის წარდგინებით აირჩევს პარლამენტი.
თუმცა, ვფიქრობთ, სააპელაციო და უზენაესი სასამართლოს და სხვა მოსამართლეების არჩევა განხორციელდეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარდგინებით, თუ პრეზიდენტის წარდგინებით, როგორც ბევრ დემოკრატიულ ქვეყანაშია მიღებული. აქედან გამომდინარე, შესაძლებელია გადაიხედოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დაკომპლექტების წესიც, ვინაიდან ამ სისტემის რეფორმის გარეშე შეუძლებელია დამოუკიდებელი სასამართლო სისტემის ჩამოყალიბება. ვფიქრობთ, რომ შეიცვალოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არსებობის დღევანდელი წესიც, როდესაც 4 წევრს წარმოადგენს პარლამენტი, 2-ს პრეზიდენტი და 9-ს სასამართლო ხელისუფლება. ჩვენი კანონპროექტით, საბჭოს 15 წევრიდან 5 წევრს უნდა წარმოადგენდეს მოსამართლეთა კორპუსი, 5-ს პარლამენტი და ხუთს პრეზიდენტი, ანუ დაცული უნდა იყოს პარიტეტი. უნდა გაიზარდოს იუსტიციის საბჭოს ფუნქციები და შემოღებული იყოს საბჭოს შემადგენლობიდან იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის არჩევის წესი, რაც უზრუნველყოფს საბჭოს მუშაობის დამოუკიდებლობას და გამჭვირვალობას. თვის ბოლოს პროექტი მზად იქნება და საბოლოო სახეს მიიღებს.
აქვე გეტყვით, რომ ბუნებრივია რაიონული (საქალაქო) სასამართლოს და უზენაესი და საპელაციო სასამართლოს მოსამართლეებს, რომლებიც იხილავენ პირველი ინსტანციის განაჩენებზე საჩივრების დასაბუთებულობას, კანონიერებას და უზრუნველყოფენ სამართლიანი სასამართლოს პირობებს, ერთი და იგივე პასუხისმგებლობა არ უნდა ჰქონდეთ, თუნდაც პროფესიული ან პრაქტიკული გამოცდილებიდან გამომდინარე, ამიტომაც, კანონპროექტში ცვლილებებს ამ მიმართულებითაც შევიტანთ.