რამდენიმე თვეა თბილისის სააპელაციო სასამართლოში მიმდინარეობს ერთ-ერთი გახმაურებული საქმის, განსასჯელ დავით მანაშვილის საქმის განხილვა.
24 საათი 18.03.10
რამდენიმე თვეა თბილისის სააპელაციო სასამართლოში მიმდინარეობს ერთ-ერთი გახმაურებული საქმის, განსასჯელ დავით მანაშვილის საქმის განხილვა.
განსასჯელმა და მისმა ადვოკატმა ხაშურის სასამართლოს მოსამართლის ლალი ბესტავიშვილის მიერ გამოტანილი განაჩენი, რომლის მიხედვითაც, 18 წლის დავით მანაშვილს 13 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიესაჯა, სააპელაციო წესით გაასაჩივრეს.
"დავით მანაშვილის მიმართ დადგენილი განაჩენი უკანონოა, რადგან მის სამოტივაციო ნაწილში დაფიქსირებული თითქმის ყოველი არგუმენტი წარმოადგენს მოსამართლის მიერ საქმეში არსებული მასალების თავისუფალ და არაარგუმენტირებულ ინტერპრეტაციას, ხოლო ხშირ შემთხვევაში - ამ მასალების გაყალბების საფუძველზე მიღებულ მიკერძოებულ დასკვნებს. განაჩენი დაუსაბუთებელია, რადგან ის დაფუძნებულია არა უტყუარ, არამედ ბრალდების მხარის მიერ ხელოვნურად შექმნილ და მოსამართლის მიერ უსიტყვოდ გაზიარებულ მტკიცებულებებზე," - ნათქვამია ადვოკატ გელა ნიკოლაიშვილის სააპელაციო სარჩელში.
დავით მანაშვილი 16 წლის იყო, როცა სამართალდამცველებმა ბრალი დასდეს 2006 წლის 29 ივლისს, დაბა სურამში მომხდარ ირაკლი ჩაკვეტაძის მკვლელობაში. საქმეს იძიებდა შიდა ქართლის კრიმინალური პოლიციის სამმართველო და როგორც ადვოკატი აცხადებს, საქმის ფალსიფიკაცია პირველივე საგამოძიებო მოქმედებიდან დაიწყო. გამომძიებელმა მკვლელობის პირველივე დღეებში ჩაატარა ამოცნობის პროცედურა და მოწმეებს იმ დროისთვის 16 წლის ეჭვმიტანილი იმ სურათზე ამოაცნობინა, რომელიც დავით მანაშვილს 12 წლის ასაკში ჰქონდა გადაღებული. აქვე აღსანიშნავია, რომ დაკავების შემდეგ, როცა დავით მანაშვილი უკვე 18 წლის იყო, გამომძიებელს არც გასჩენია სურვილი ამოცნობის პროცედურა რეალურად ჩაეტარებინა.
მომდევნო ფალსიფიკაცია საქმისთვის მთავარი მოწმის დამალვა და შემდეგ მასზე განხორციელებული ზეწოლა გახდა. გარდაცვლილის დედამ და დამ წინასწარი გამოძიებისას და სასამართლოზეც განაცხადეს, რომ მკვლელობამდე სამი დღით ადრე, ერთსა და იმავე დროს, ვიღაც პირი ირაკლის სთხოვდა ბიჭებთან შეხვედრას. "ამ პირის" ამოცნობა გამოძიებამ ჩაატარა და დაადგინა, რომ ის დავით სისვაძე იყო.
მოგვიანებით, დავით სისვაძემ განაცხადა, რომ მსგავს ფაქტს არ ჰქონია ადგილი და იგი არც ირაკლი ჩაკვეტაძეს და არც დავით მანაშვილს არ იცნობდა. თუმცა, მან ხაშურის სასამართლოს ჩვენება ვერ მისცა, რადგან, როგორც თბილისის სააპელაციო სასამართლოში მან ჩვენების მიცემისას განაცხადა, რომ ხაშურის სასამართლომდე ვერ მიაღწია, რადგან იგი გზაში აიყვანეს პოლიციელებმა და ორი დღის მანძილზე დაპატიმრებული ჰყავდათ. ემუქრებოდნენ, რომ თუ გაბედავდა და პროცესზე მივიდოდა, ჩაუდებდნენ ნარკოტიკს ან იარაღს, რის გამოც, იგი იძულებული გახდა დაეტოვებინა სურამი და თბილისში გადავიდა საცხოვრებლად - ნაქირავებ ბინაში.
მტკიცებულებების ფალსიფიკაციის მომდევნო და მთავარი ფაქტი მკვლელობიდან 40 დღის შემდეგ, კანონის იგნორირებით ჩატარებული პროცედურა - მკვლელობის იარაღის ამოღება გახდა. ჩხრეკა ჩუმათელეთში, მანაშვილების აგარაკზე მოწმეების გარეშე ჩატარდა. გამომძიებლებმა ჩუმათელეთის აგარაკიდან საეჭვო ვითარებაში, კანონით გათვალისწინებული მოწმეების გარეშე ამოიღეს შავი ფერის პისტოლეტი "ვოლტრა პროფესიონალი" იარაღის მჭიდით. თუმცა, ოქმში არ მიუთითებიათ იარაღის ნომერი, გამოშვების თარიღი, არ მიუთითებიათ მჭიდი ცარიელი იყო თუ სავსე, ან რამდენი ვაზნა იყო მასში.
ბრალდებულის ადვოკატის მოთხოვნით, აგარაკიდან ამოღებულ იარაღზე დაინიშნა ალტერნატიული სასამართლო-სამედიცინო, ბალისტიკური, ბიოლოგიური და ტრასოლოგიური ესქპერტიზა. მიუხედავად იმისა, რომ საგამოძიებო ორგანო ვალდებულია ექსპერტიზის ბიუროში წარადგინოს დალუქული მტკიცებულება, გამომძიებელი სამთელაძე კარგა ხანს უარს ამბობდა ამ პროცედურის განხორციელებაზე და მხოლოდ 6 თვის შემდეგ, ნაწილ-ნაწილ მიიტანა მტკიცებულებები - ნაცვლად ამოღებული შავი პისტოლეტისა, ნაცრისფერი უნომრო პისტოლეტი, ქუდის ფორმის 7 ერთნაირი ცილინდრული მასრის ნაცვლად 5 მასრა, თანაც კონუსისებური ქუდის ფორმით და ახალი ლუქით, რომლებიც ჩატარებული ექსპერტიზისას, იარაღმა ვერ გაატარა და გასკდა.
გამომძიებელმა კომპლექსური ბიოლოგიური და ბალისტიკური ექსპერტიზის დანიშვნის დადგენილებაში გარდაცვლილის სხეულიდან ამოღებული 1 ტყვიის გულის ნაცვლად მიუთითა 2 ტყვიის გულა, შსს-ს კრიმინალისტური მთავარი სამმართველოს ექსპერტს კი გადასცა 1 გულა, ხოლო ალტერნატიულ ექსპერტიზაზე მიიტანა 4 ტყვიის გულა, რომელიც განსხვავდებოდა შსს-ს კრიმინალისტურ მთავარი სამმართველოს ექსპერტისათვის გადაცემული გულასგან. საინტერესოა ის ფაქტიც, რომ საქმეში არ არსებობს დადგენილება ტყვიის გულების ნივთმტკიცებად ცნობის თაობაზე. გარდა ამისა, ნივთმტკიცებებზე დარღვეულია ლუქი, რაც თავად გამომძიებელმა სამთელაძემაც წერილობით დაადასტურა. აღსანიშნავია, რომ იარაღზე არ აღმოჩნდა დავით მანაშვილის თითის ანაბეჭდები.
"ექპერტიზის ასეთი შედეგები თავდაყირა აყენებდა საქმეს, რაც გამოიწვევდა საქმის გაყალბებაში მონაწილე პირების სამართლებრივ პასუხისმგებლობას. თანაც, ექსპერტიზის ბიუროში გამომძიებელი სამთელაძე აცხადებდა, რომ იარაღი მან პროკურორის მითითებით ჩადო. ის, რომ მტკიცებულებები გაყალბდა, დასტურდება ექსპერტიზის ბიუროს უფროსის მამალაძის კაბინეტში გაკეთებული ფარული ჩანაწერებით," - აცხადებს ადვოკატი გელა ნიკოლაიშვილი.
ფარული ვიდეოჩანაწერის შესწავლისას დადგინდა, რომ იუსტიციის სამინისტროს ექსპერტიზის ბიუროს ექსპერტი გია გოგია, ბიუროს ხელმძღვანელის მამუკა მამალაძის და განყოფილების უფროსის კახა ვარძიელის თანდასწრებით, ადასტურებს სამართალდამცველი ორგანოების დავალებით იარაღის ჩადების ფაქტს. გია გოგია ასევე აღიარებს, რომ გორის პროკურატურა ექსპერტებზე ახდენდა ზეწოლას და ითხოვდა, გამოძიების მოთხოვნით დანიშნული ექსპერტიზის დასკვნის ანალოგიური დასკვნის გაცემას. რადგან, მის მიერ რეალური დასკვნის გაცემა გამოიწვევდა ყველა იმ პირის პასუხისმგებლობას, რომლებმაც ხელოვნურად შექმნეს მანაშვილის საქმეში არსებული მტკიცებულებები. ექსპერტი ადასტურებს, რომ მასრებზე არ აღინიშნება წარმოდგენილ იარაღში გავლის კვალი და რომ მასრები წარმოდგენილი იარაღიდან არ არის გასროლილი.
გთავაზობთ რამდენიმე ფრაგმენტს ფარული ჩანაწერებიდან, რომელიც იუსტიციის სამინისტროს ექსპერტიზის ბიუროშია გაკეთებული:
ექსპერტი გია გოგია: მთელმა სამინისტრომ იცის, რომ შავი იარაღის ნაცვლად მოიტანა ნაცრისფერი... ატრეჟატელის კვალი ამ მასრებს არ აქვს, იმას აქვს. გამომძიებელს ეტაპობრივად მოჰქონდა მტკიცებულებები... რა კვალზე მელაპარაკებით, არაფერი დამთხვევები არ არის, ვაბშე არ არის დამთხვევები. სუფთა ხართ, რა ხაზებზე და რა დამთხვევებზე მალაპარაკებით, სულ სუფთა ხართ!
შეკითხვა: გამომძიებელმა თქვა, პროკურორის დავალებით ჩაიდო იარაღი, მე რა შუაში ვარო? ითქვა?
გია გოგია: ითქვა...
შეკითხვა: ითხოვდა, დაეკონტაქტეთ შსს-ს ექსპერტებსო?
გია გოგია: ითქვა და უარი ვუთხარი, თავი დამანებეთ, თქვენი ექსპერტიანად-მეთქი... სამთელაძე იძახის, პროკურატურამ დამაძალაო, გორის პროკურატურამ. მთხოვეს, ვაბშე იგივე დასკვნები გაეციო, მე საციხოდ არ გავიხდი საქმეს. გამომძიებელიც იყო, პროკურატურიდან მამალაძესთან დარეკილი იყო... გამომძიებელი მერე დაძვრებოდა... ვინ რა შეცვალა, ვინ რა იმამაძაღლა, რა ჩემი საქმეა...
შეკითხვა: იარაღი ახლა ნაცრისფერია?
გია გოგია: ნაცრისფერია, მორუხო ნაცრისფერი.
შეკითხვა: შეიძლება იარაღმა ფერი შეიცვალოს?
გია გოგია: იარაღმა ფერი რომ იცვალოს, ქამელეონი ხომ არ არის... მამალაძეს იცით რა უთქვია? ეს თუ არ გავაკეთე, მე გამიშვებენო. კორტების საქმე მე მაქვს, ვითომ თავს დაესხნენ... გურჯაანის საქმე...
ყოფილმა სახალხო დამცველმა იუსტიციის მინისტრს რეკომენდაციასთან ერთად, მტკიცებულებების ფალსიფიკაციის დამადასტურებელი სხვა მასალები და ფარული ჩანაწერის დისკებიც წარუდგინა, თუცა, პასუხი გამოძიების შედეგებზე დღემდე არ არის.
აღსანიშნავია ერთი მნიშვნელოვანი დეტალი. საქმეს აღარ ახლავს ნივთმტკიცებები. დავით მანაშვილის ადვოკატმა გელა ნიკოლაიშვილმა შიდა ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს დეტექტივ-გამომძიებელ რამაზ ნასყიდაშვილის წერილი მიიღო, სადაც ნათქვამია, რომ "საქმეზე ნივთმტკიცების სახით ამოღებული "ვოლტრა პროფესიონალის" მოდელის პისტოლეტი და სხვა მტკიცებულებები, გაიტაცეს 2008 წლის აგვისტოს თვეში, შსს შიდა ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს შენობიდან, რუსი ოკუპანტების მიერ განხორციელებული დარბევის დროს." ადვოკატის წერილობით შეკითხვაზე - პისტოლეტის გარდა სხვა რა მტკიცებულებები გაიტაცეს რუსმა ოკუპანტებმა? - დეტექტივ-გამომძიებელი რატომღაც არ პასუხობს.
გელა ნიკოილაიშვილის განცხადებით, გამოძიება "შეკერილი საქმის" გამაგრებას ცრუ მოწმეების გამოყენებითაც ეცადა.
"5 ცრუ-მოწმის დაკითხვის დღეს პოლიციის თანამშრომლები თავისი უფროსის ჩათვლით მობილიზებულნი იყვნენ ხაშურის სასამართლოს შენობასთან. ამის დამადასტურებელი ვიდეოკადრები არსებობს და თავის დროზე ყველასათვის თვალსაჩინო გახდება," - აცხადებს ადვოკატი, რომლის ინფორმაციითაც, პოლიციის დევნის ობიექტი გახდა საქმის ერთ-ერთი მთავარი მოწმე, ექსპერტი სოსო მაღრაძე, რომელიც 2 დღე დამალული იყო, რათა თავი დაეცვა პოლიციელთა დევნისგან, რომლებიც მისგან ცრუ ჩვენების მიცემას ითხოვდნენ. საქმე ისაა, რომ შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმიდან ირკვევა, რომ დათვალიერებას დაესწრო მხოლოდ ერთი მოწმე იოსებ მაღრაძე, რომლის ხელმოწერაც დოკუმენტზე გაკეთებულია.
ჩვენთან საუბრისას სოსო მარღაძემ განაცხადა, რომ განაცხადა, ის არ დასწრებია შემთხვევის ადგილის დათვალიერებას იმ მარტივი მიზეზით, რომ იგი იყო ექსპერტ-ნარკოლოგი და იმ დროს მორიგე, იმყოფებოდა სამსახურში და, შესაბამისად, მას ხელი არანაირ დოკუმენტზე არ მოუწერია, მისივე განცხადებით, დოკუმენტზე გაყალბებულია ხელმოწერა, არასწორადაა მითითებული მისი სახელი - სოსოს ნაცვლად წერია იოსები და არასწორია მისამართიც.
"ჩემზე და ჩემს ოჯახზე ხორციელდებოდა არნახული ზეწოლა - მემუქრებოდნენ მოკვლით, დაწვით. გორის პროკურორ მორის ჩუბინიძის დავალებით გამომძიებლები დავით სამთელაძე, პოლიციელები სიმონ ტეფნაძე დავით გოგალაძე და კობა ლომიძე ითხოვდნენ, ან ცარიელ ოქმზე მომეწერა ხელი ან მეთქვა, რომ ხელმოწერა ჩემი იყო, ანდა სასამართლო პროცესზე არ გამოვცხადებულიყავი, რისთვისაც გარკვეული თანხაც შემომთავაზეს," - განაცხადა ჩვენთან საუბრისას სოსო მაღრაძემ.
ექსპერტზე განხორციელებული ზეწოლის ფაქტს ადასტურებს მისი შვილი ნონო მაღრაძეც, რომელმაც მაის თაობაზე განცხადებით მიმართა პროკურორსა და მოსამართლეს, იგი ასევე ითხოვდა ხაშურში მიმდინარე სასამართლო პროცესზე დაკითხვას, რაც არ დაკმაყოფილდა.
ზეწოლა მაღრაძეზე კვლავ გაგრძელდა. ადვოკატ გელა ნიკოლაიშვილის განცხადებით, ბრალდების მხარის შუამდგომლობის საფუძველზე დაინიშნა ექსპერტიზა იმის გასარკვევად, "გადაუდებელ გარემოებათა გამო დათვალიერების ჩატარების შესახებ" დადგენილებაში და შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმში იოსებ მაღრაძის გვარის გასწვრივ არსებული ხელმოწერა შესრულებულია თუ არა იოსებ მაღრაძის მიერ. ადვოკატის განცხადებით, სინამდვილეში არავითარი იოსებ მაღრაძე არ არსებობს, ხოლო მოწმე სოსო მაღრაძე, რომელსაც აბრალებენ ხელმოწერების შესრულებას დოკუმენტებზე, 2 წელია ამტკიცებს, რომ არც იოსებია და არავითარი შეხება ამ დოკუმენტებთან არ ჰქონია.
"ბრალდების მხარემ კანონის უხეში დარღვევით, ძალის გამოყენებით ჩასვა მანქანაში და სურამიდან თბილისში ფაქტობრივად, გაიტაცა მოწმე მაღრაძე და ეს დავალება შეასრულა ხაშურის პოლიციის მაღალჩინოსანმა სიმონ ტეფნაძემ, რომელიც მხილებულია მოწმე მაღრაძეზე არაერთხელ განხორციელებულ ზეწოლაში, რაც დაადასტურა სააპელაციო სასამართლოში დაკითხულმა მოწმე ვალენტინა ბაკურაძემ, ხოლო პროკურატურას ამის თაობაზე განცხადებით მიმართა მოწმე მაღრაძის შვილმა ნინო მაღრაძემ. პოლიციელი სიმონ ტეფნაძე, რომელიც მონაწილეობდა როგორც მანაშვილების ბინის ჩხრეკაში, ასევე შემთხვევის ადგილის დათვალიერებაში და ხაშურის სასამართლოშიც მისცა ცრუ ჩვენება, რომ თითქოს მაღრაძე ესწრებოდა შემთხვევის ადგილის დათვალიერებას, ბუნებრივია, ყველაფერს აკეთებს თავისი ცრუ ჩვენებების გასამართლებლად.
2010 წლის 24 თებერვალს, პოლიციელებმა შალვა ედილაშვილმა და სიმონ ტეფნაძემ დილის საათებში გამოიყვანეს სოსო მაღრაძე სახლიდან და საღამოს 8 საათამდე უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება, ტელეფონის დარეკვის საშუალებასაც კი არ აძლევდნენ მას. ის ფაქტი, რომ ექსპერტიზის ბიუროს კრიმინალური განყოფილების დეპარტამენტის უფროსი, პროკურატურის ყოფილი თანამშრომელი როსტომ ლაზარია პირადად ჩაერია და აიძულებდა მოწმე სოსო მაღრაძეს, მისგან მიეღო ნიმუშები და ასევე ლაზარიას მითითებით მოხდა ჩვენს მიერ ჩართული ექსპერტის ზაირა კოხრეიძისადმი მითითება, რომ მოეწერა ხელი მის დაუსწრებლად შემდგარ ოქმზე, ადასტურებს იმას, რომ ექსპერტიზის ბიურო მიკერძოებული იყო. თუმცა სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროში იძულებით მიყვანილმა მოწმემ უარი განაცხადა ექსპერიმენტალური ნიმუშების მიცემაზე მას მერე, რაც მისთვის ცნობილი გახდა, რომ სასამართლო ითხოვდა იოსებ მაღრაძის და არა მისი ნიმუშების აღებას," - აცხადებს გელა ნიკოლაიშვილი, რომელმაც სასამართლოს და ექსპერტიზის ბიუროსაც მიმართა შუამდგომლობით, რომ "ექსპერტიზა არ უნდა ჩატარდეს მოქალაქე სოსო მაღრაძეზე, რადგან სასამართლოს მიერ მიღებულ განჩინებაში კითხვები ხელმოწერის ფაქტის დასადგენად დასმულია იოსებ (და არა სოსო) მაღრაძეზე".
მანაშვილის საქმე სერიოზული სამართლებრივი ხარვეზებითაა სავსე და მათი დეტალური მოყოლა შორს წაგვიყვანს. გეტყვით იმასაც, რომ ამ ხარვეზების გამო ადვოკატმა გელა ნიკოლაიშვილმა კარგა ხნის წინ იუსტიციის მინისტრ ზურაბ ადეიშვილს, შსს-ს და მთავარი პროკურატურის გენერალურ ინსპექციებს მიმართა. მან შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის პროკურორის მორის ჩუბინიძის და შიდა ქართლის კრიმინალური პოლიციის სამმართველოს გამომძიებლების დავით სამთელაძის, გაგა ღონღაძის, რამაზ გრიგალაშვილის და რამაზ ნასყიდაშვილის ქმედებების შესწავლა მოითხოვა. ადვოკატმა საქართველოს პრეზიდენტს, პარლამენტის თავმჯდომარეს, პარლამენტის იურიდიული კომიტეტის და ადამიანის უფლებთა კომიტეტის თავმჯდომარეებს და სახალხო დამცველსაც მიმართა.
"ჩვენთვის კარგადაა ცნობილი, რომ იმ კონკრეტული საკითხის გადაწყვეტა, რომლის გამოც მოგმართავთ, არ შედის უშუალოდ თქვენს კომპეტენციაში, თუმცა, თქვენი თანამდებობრივი მდგომარეობიდან გამომდინარე, საჭიროდ ჩავთვალეთ, მოგვემართა იმ უსამართლობაზე, რომელიც, ერთის მხრივ, სერიოზულ ჩრდილს აყენებს სამართალდამცველი ორგანოების რეპუტაციას და მეორეს მხრივ, ქმნის რეალურ საფრთხეს, რომ სრულიად უადანაშაულო, 18 წლის ახალგაზრდა მკვლელობის ბრალდებით დამნაშავედ გამოცხადდეს," - ნათქვამი იყო ადვოკატის წერილში.
ნათია აბაშიძე