კომპანია "ენერჯი ინვესტის" პრეზიდენტი და გენერალური დირექტორი გენო მალაზონია, მთავარმა პროკურატურამ გუშინ ბრალებულად ცნო, ხოლო თბილისის საქალაქო სასამართლომ 2-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
24 საათი 22.05.10
კომპანია "ენერჯი ინვესტის" პრეზიდენტი და გენერალური დირექტორი გენო მალაზონია, მთავარმა პროკურატურამ გუშინ ბრალებულად ცნო, ხოლო თბილისის საქალაქო სასამართლომ 2-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
გუშინწინ, სისხლის სამართლის კოდექსის ოთხი მუხლით დაკვალიფიცირებულ დანაშაულებში - განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადების დამალვაში, უკანონო სამეწარმეო საქმიანობაში, თაღლითობასა და ხელმძღვანელობის უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში ეჭვმიტანილი გენო მალაზონია, ახლა მხოლოდ ერთ დანაშაულშია ბრალდებული - უკანონო სამეწარმეო საქმიანობაში. უფრო ზუსტად, საქმის გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით - კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს წევრებთან ერთად, ჯგუფურად, უკანონო სამეწარმეო საქმიანობის გახოციელებას გულისხმობს. რაც, იმას ნიშნავს, რომ არ არის გამორიცხული მალაზონიას გარდა, "ენერჯი ინვესტის" სხვა ხელმძღვანელების პასუხისმგებლობის საკითხიც დადგეს.
მთავარმა პროკურატურამ, სადაც საქმის გამოძიება მიმდინარეობს, თბილისის საქალაქო სასამართლოს გუშინ შუამდგომლობით მიმართა და მალაზონიასთვის 2-თვიანი წინასწარი პატიმრობის შეფარდება მოითხოვა. მოსამართლე გიორგი გოგინაშვილმა არ გაიზიარა მალაზონიას ადვოკატ დავით ხაჟალიას მოთხოვნა - არ დააკმაყოფილა მისი შუამდგომლობა ბრალდებულისთვის გირაოს - 20 000 ლარის შეფარდების თაობაზე და დაეთანხმა პროკურატურის პოზიციას, რის საფუძველზეც, გენო მალაზონიას წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა.
ბრალდების მტკიცებით, 2006 წელს, როდესაც "ენერჯი ინვესტმა" საქართველოს ტერიტორიაზე ელექტროენერგიის წარმოების ლიცენზია მოიპოვა, მარეგულირებელმა კომისიამ, ლიცენზიის მიხედვით, მალაზონიას დაავალა, დაეფუძნებინა ცალკე ფირმა, რაც არ განხორციელებულა. საბუღალტრო აღრიცხვა მალაზონიამ 2006 წლიდან, ლიცენზირების პირობების დარღვევით დაიწყო, შესაბამისად, 2006 წლიდან მიღებული შემოსავალი - 165 მილიონ 828 ათას 582 ლარი უკანონოა.
პროკურორის მტკიცებით, მალაზონიასთვის წაყენებული ბრალდება დადასტურებულია საბუღალტრო დოკუმენტაციით, მალაზონიას და სხვა მოწმეების ჩვენებებით.
გენო მალაზონიას ადვოკატი პროკურატურასთან საპროცესო გარიგების გაფორმებას არ გამორიცხავს. დავით ხაჟალიას განცხადებით, "შეხედავენ რა გამოიკვეთება გამოძიების მსვლელობისას და გადაწყვეტილებას ამის მიხედვით მიიღებენ".
მისივე განმარტებით, მოწმის სახით ჩვენება მალაზონიას ამ დღეებში არ მიუცია, გამოძიება დიდი ხანია მიმდინარეობს და ჩვენებაც იმ პერიოდშია მიცემული. გენო მალაზონია თავს დამნაშავედ არ ცნობს და კვლავ დუმილის უფლებას იყენებს.
"ენერჯი ინვესტის" გენერალური დირექტორი სასამართლო პროცესს გუშინ არ დასწრებია. ადვოკატმა სასამართლოს წარუდგინა ბრალდებულის განცხადება, რომლის მიხედვითაც, მალაზონია თანახმა იყო, პროცესი მის გარეშე ჩატარებულიყო.