"არასრულწლოვანთა განრიდებისა და მედიაციის პროგრამა" დღეიდან საქართველოს 15 ქალაქში გავრცელდება.
24 საათი 04.02.12

"არასრულწლოვანთა განრიდებისა და მედიაციის პროგრამა" დღეიდან საქართველოს 15 ქალაქში გავრცელდება.
2012 წლიდან "კიდევ ერთი შანსი" კასპში, მცხეთაში, ქობულეთში, ვანში, ხონში, წყალტუბოში, ბაღდათსა და გარდაბანში მცხოვრებ იმ არასრულწლოვნებს ეძლევათ, რომლებმაც ნაკლებად მძიმე დანაშაული პირველად ჩაიდინეს.
"განრიდებისა და მედიაციის პროგრამის" მთავარი მიზანი არასრულწლოვნის რეაბილიტაცია და სოციალური რეინტეგრაციაა. ჩვენი სურვილია, კანონთან კონფლიქტში მყოფი მეტი ახალგაზრდა განვარიდოთ სისხლის სამართლებრივ დევნას, გამოვიყენოთ მათ მიმართ პასუხისმგებლობის ალტერნატიული ფორმები და დავეხმაროთ მათ საკუთარი შეცდომების გამოსწორებაში. 2012 წლიდან ამის შესაძლებლობა საქართველოს კიდევ 9 ქალაქში გვეძლევა," - განაცხადა იუსტიციის სამინისტროს ადმინისტრაციის უფროსმა ანდრო გიგაურმა.
"არასრულწლოვანთა განრიდებისა და მედიაციის პროექტი" საქართველოში 2010 წლის 15 ნოემბერიდან მოქმედებს. 2012 წლამდე პილოტურ პროგრამაში მხოლოდ ექვსი ქალაქი - თბილისი, რუსთავი, ქუთაისი, ბათუმი, გორი და სამტრედია იყო ჩართული.
მიუხედავად ამისა, მის ფარგლებში სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას უკვე 90-მდე მოზარდი განერიდა. 2012 წელს პროექტი, ეტაპობრივად, საქართველოს ყველა ქალაქზე გავრცელდება.
საქართველოში ამოქმედებული განრიდების ინსტიტუტის საფუძველი ჰოლანდიური მოდელია და ის სასჯელის ალტერნატიული ფორმაა. განრიდება გულისხმობს, პროკურორმა არ დაიწყოს ან შეწყვიტოს სისხლის სამართლებრივი დევნა. განრიდების შანსი პირს მხოლოდ ერთხელ მიეცემა. შეეხება პირს, რომელიც პროგრამაში არ მონაწილეობდა და რომელმაც პირველად ჩაიდინა ნაკლებად მძიმე დანაშაული, ანუ, დანაშაული, რომელიც 5 წელზე მეტ სადამსჯელო სანქციას არ ითვალისწინებს. სისხლის სამართლის კოდექსით ასეთ დანაშაულთა კატეგორიას განეკუთვნება: ქურდობა (1-2 ნაწილი), ხულიგნობა, ძარცვა (1 ნაწილი), თაღლითობა (1 ნაწილი), გამოძალვა (1 ნაწილი), დანაშაულის პროვოკაცია, სხვისი ნივთის დაზიანება-განადგურება (1-2 ნაწილი), ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება (1 ნაწილი), ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება (1,2,3 ნაწილი), ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, ცემა, ძალადობა (1 ნაწილი) და ყველა სხვა იმ კატეგორიის დანაშაული, რომელიც 5 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
პირი მზად უნდა იყოს, ზიანი თუნდაც სიმბოლურად აანაზღაუროს. პროკურორი გადაწყვეტილებას განრიდების შესახებ სოციალურ მუშაკს გადაუგზავნის, რომელიც მოკლე ბიოსოციალურ ტესტს ჩაუტარებს პირს. ტესტში შეტანილი იქნება ის გარემოებები, რამაც დანაშაულს ხელი შეუწყო. პირი ვალდებულია, დაზარალებულს აუხსნას, რატომ ჩაიდინა დანაშაული. რაც მთავარია, აუცილებელია, ბოდიში მოუხადოს დაზარალებულს. ეს ბოდიში შეიძლება ზეპირი, წერილობითი ან სხვა ჟესტით იყოს გამოხატული. ამის შემდეგ, ხელი ეწერება ხელშეკრულებას, რის შემდეგაც, პროკურორი დევნის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს. თუ ხელშეკრულება დაირღვევა, პროკურორს შეუძლია დევნა დაიწყოს ან დევნა განაახლოს.
უცხოელ ექსპერტთა განცხადებით, მსგავსი პრაქტიკა დადებით შედეგს იწვევს და მხოლოდ ერთეული შემთხვევებია, როცა განრიდების პროექტის მონაწილეები დანაშაულს კვლავ ჩადიან. თანაც, როგორც ექსპერტები ირწმუნებიან, მსგავსი ფაქტები საზოგადოებისთვის მაგალითის მიმცემია, რადგანაც, უმეტეს შემთხვევაში, მათ დანაშაულის ჩადენის სურვილი აღარ უჩნდებათ.
ცოტა ხნის წინ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში კიდევ ერთი ცვლილება შევიდა, რითაც განრიდების ერთ-ერთი პირობის - საზოგადოებისთვის სასარგებლო უსასყიდლო შრომის წესები გამარტივდა. უფრო ზუსტად, შემცირდა შრომის დადგენილი ვადები. კერძოდ, სისხლის სამართლის მოქმედი საპროცესო კოდექსის თანახმად, პროკურორს შეუძლია, ნაკლებად მძიმე ან მძიმე დანაშაულის ჩადენის ფაქტზე განრიდების სუბიექტის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა არ დაიწყოს ან შეწყვიტოს, თუ პირი საზოგადოებისთვის სასარგებლო უსასყიდლო სამუშაოს 140-დან 800 საათამდე ვადით შეასრულებს. ახალი ცვლილების თანახმად კი, კანონით დადგენილი ვადა, ფაქტობრივად, ნახევრდება - 40-დან 400 საათამდე მცირდება.
გარდა ამისა, განრიდების გამოყენება წინასასამართლო სხდომის შემდეგაც არის შესაძლებელი, თუკი მხარეები სასამართლოს, განრიდების მიზნით, პროკურორისთვის საქმის დაბრუნების შუამდგომლობით მიმართავენ. ასეთ შემთხვევაში, სასამართლო უფლებამოსილია, საქმე პროკურორს დაუბრუნოს, რომელიც ბრალდებულს განრიდებას შესთავაზებს.
პროკურატურამ საქართველოს "არასრულწლოვანთა განრიდებისა და მედიაციის პროგრამა" გასული წლის ყველაზე წარმატებულ პროექტად დაასახელა.