გურჯაანის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარემ დავით ნარიმანიშვილმა პროკურატურის შუამდგომლობა, ჟურნალისტ სოფიო ნიკოლაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შესახებ, დააკმაყოფილა და მას აღმკვეთ ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა.
24 საათი 04.02.12
გურჯაანის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარემ დავით ნარიმანიშვილმა პროკურატურის შუამდგომლობა, ჟურნალისტ სოფიო ნიკოლაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შესახებ, დააკმაყოფილა და მას აღმკვეთ ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა.
სასამართლოზე განსასჯელის ადვოკატებმა აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობის ნაცვლად, 10 000 ლარის გირაოს შეფარდება მოითხოვეს, თუმცა დაცვის მხარის შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა. მოსამართლის განმარტებით, ნიკოლაშვილს განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენაში ედება ბრალი და მისთვის პატიმრობაზე უფრო მსუბუქი აღკვეთის ღონისძიების გამოყენების შემთხვევაში შესაძლოა, გამოძიებას ხელი შეეშალოს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა სოფიო ნიკოლაშვილი 1-ელ თებერვალს დააკავეს. ოფიციალური ინფორმაციით, ის საქართველოს სსკ-ის 19, 108 (განზრახ მკვლელობის მცდელობა) და 236 (იარაღის უკანონო ტარება) მუხლებითაა ბრალდებული, რაც კანონმდებლობით 7-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
სამართალდამცველებისვე ცნობით, მამამისის კუთვნილი ცეცხლსასროლი იარაღიდან სოფო ნიკოლაშვილმა კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომელ გიორგი სიბაშვილს ესროლა, თუმცა სიბაშვილმა მას იარაღი წაართვა, რის შემდეგაც სოფო ნიკოლაშვილი პოლიციაში მიიყვანა და სამართალდამცველებს გადასცა.
მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე დღის წინ შინაგან საქმეთა სამინისტრომ ოფიციალურად გაავრცელა ინფორმაცია, სოფიო ნიკოლაშვილის მიერ დანაშაულის აღიარების შესახებ, გუშინდელ სასამართლო პროცესზე კომენტარი თავად ბრალდებულმაც გააკეთა და განცხადა, რომ მომხდარ ინციდენტში თავს დამნაშავედ არ ცნობს.
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, დაზარალებულად ცნობილი გიორგი სიბაშვილი, რომლის მამაც გოჩა სიბაშვილი გურჯაანის პოლიციის უფროსის მოადგილეა, ხოლო ბიძა გიორგი სიბაშვილი - კახეთის ვიცე გუბერნატორი, ჟურნალისტებთან კომენტარს არ აკეთებს. გამომძიებლისთვის მიცემულ ჩვენებაში კი აღნიშნავს, რომ სოფიო ნიკოლაშვილი გასული წლის გაზაფხულზე გაიცნო და არავითარი კონფლიქტი არ ჰქონიათ. სოფო ნიკოლაშვილი მას 31 იანვარს დაუკავშირდა და შეხვედრა სთხოვა, შეხვედრის დროს კი მისი მოკვლა სცადა.
სოფიო ნიკოლაშვილის მამა დავით ნიკოლაშვილი, რომელიც მოძრაობა "ქართული ოცნების" აქტივისტია, სიბაშვილს პირიქით, მისი შვილისთვის შეურაცხყოფის მიყენებაში ადანაშაულებს და შვილის დაკავებას საკუთარ პოლიტიკურ საქმიანობას უკავშირებს.