ბრიტანეთში ქალაქ უინჩესტერის სასამართლომ მუსულმანი გოგონას გატაცებისა და ცემის საქმე განიხილა.
24 საათი 04.02.12

ბრიტანეთში ქალაქ უინჩესტერის სასამართლომ მუსულმანი გოგონას გატაცებისა და ცემის საქმე განიხილა.
ბრალდებულის სტატუსით, სასამართლოს წინაშე დაზარალებულის დები და ძმა წარდგნენ.
დები - 25 წლის ნადია და 29 წლის ნაზირა აქტარი და მათი ძმა 24 წლის კაიამუ მუხამედ-აბდულა ბრალდებული არიან საკუთარი დის მიმართ ძალადობაში. The Daily Mail-ის ინფორმაციით, ბრალდებულებს არ მოსწონდათ, რომ მათი და ევროპულად იქცეოდა და მამაკაცს აკოცა.
ბრალდებულებმა მათი 18 წლის და შამიმა, მას შემდეგ გაიტაცეს, რაც დაინახეს, რომ ის ბრიტანელ გარი პეინს კოცნიდა. შამიმამ იმ დღეს დაბადების დღე თანამშრომლებთან ერთად რესტორანში აღნიშნა. იმის გამო, რომ სახლში დააგვიანდა, და-ძმამ მას რესტორანში მიაკითხა. მათ დაინახეს, როგორ აკოცა შამიმამ ახალგაზრდა მამაკაცს. ამ სცენის დანახვით გაბრაზებულმა ძმამ შამიმას გაარტყა და მანქანაში ძალით ჩასვა. უკვე მანქანაში დის ცემა ნაზირამ განაგრძო, ხოლო სახლში მათ ნადია შეუერთდათ. კოლექტიური ცემისას შამიმას სიტყვიერადაც ლანძღავდნენ. ცემის შემდეგ, შამიმას თმაც შეაჭრეს.
მეორე დღეს ნაცემმა და შეურაცხყოფილმა შამიმამ პოლიციას მიმართა., ამის შემდეგ მისი დები და ძმა დააკავეს.
სასამართლო პროცესზე ნაფიც მსაჯულთა ჟიურიმ მოისმინა, რომ შამიმა მუსულმანების ოჯახში გაიზარდა, რომლებიც ძალზე მკაცრად იცავდნენ რელიგიურ ტრადიციებს. გოგონას უკრძალავენ სიგარეტის მოწევას, ალკოჰოლური სასმელის დალევას და სხვა სარწმუნოების წარმომადგენელთან ურთიერთობასაც კი. თავად შამიმა, ევროპული ღირებულებებისკენ ისწრაფვის, რაც ოჯახური კონფლიქტის მიზეზი გახდა.