The Daily Mail-ის ინფორმაციით, ბრიტანეთის სპეცსამსახურებმა MI-5 და MI-6-მა მიიღეს მოთხოვნა, გახსნან საიდუმლო მასალები, რომლებიც რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის ექსოფიცრის ალექსანდრე ლიტვინენკოს საქმეს უკავშირდება, რომელიც 2006 წელს რადიოაქტიური ნივთიერება "პოლინიუმით" მოწამლეს.
24 საათი 04.02.12
The Daily Mail-ის ინფორმაციით, ბრიტანეთის სპეცსამსახურებმა MI-5 და MI-6-მა მიიღეს მოთხოვნა, გახსნან საიდუმლო მასალები, რომლებიც რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის ექსოფიცრის ალექსანდრე ლიტვინენკოს საქმეს უკავშირდება, რომელიც 2006 წელს რადიოაქტიური ნივთიერება "პოლინიუმით" მოწამლეს.
გამოცემა წერს, რომ დოკუმენტები მკვლელობის რუსეთის სპეცსამსახურების მიერ ორგანიზებას ნაწლობრივ დაადასტურებენ.
The Daily Mail-ის ინფორმაციით, მასალების გახსნის თხოვნით, MI-5 და MI-6-ს ლონდონის სასამართლოს მოსამართლე ენდრიუ რიდმა მიმართა, რომელიც ლიტვინენკოს მკვლელობის საქმეს ისმენს.
"მოსამართლის ამ გადაწყვეტილებით, ფაქტობრივად, მან თანხმობა განაცხადა, რომ განიხილოს არსებული მოსაზრება იმის შესახებ, რომ ლიტვინენკო ვლადიმირ პუტინის ღია კრიტიკის გამო მოკლეს. "საზოგაოდებრივი ინტერესი მოითხოვს, გამოძიებული იქნეს რუსეთის სახელმწიფოს სავარაუდო დანაშაულებრივი ქმედება ამ საქმესთან დაკავშირებით. ნებისმიერი გამოძიება, რომელიც უფრო დაბალ დონეზე ჩატარდება საზოგადოების ნდობას ვერ დაიმსახურებს ვერც ნაციონალურ და ვერც საერთაშორისო დონეზე," - ნათქვამია მოსამართლის მოთხოვნაში," - წერს გაზეთი.
რუსეთის ფედერალური სამსახურის ყოფილი თანამშრომელი ალექსანდრე ლიტვინენკო ლონდონის საავადმყოფოში 2006 წლის 24 ნოემბერს გარდაიცვალა. იგი რადიოაქტიური ნივთიერება "პოლინიუმ-210"-ით მოწამლეს. დიდი ბრიტანეთის პროკურატურამ ლიტვინენკოს მკვლელობაში რუსეთის სპეცსამსახურების ყოფილი თანამშრომელი, ამჟამად კი რუსეთის დუმის დეპუტატი ლიბერალ-დემოკრატიული პარტიიდან ანდრეი ლუგოვოი დაადანაშაულა. თავად ლუგოვოი ლიტვინენკოს მკვლელობასთან მის კავშირს კატეგორიულად უარყოფს.
თავის დროზე, ბრიტანეთის ხელისუფლებამ რუსეთისგან ლუგოვოის ექსტრადაცია მოითხოვა, რაზეც უარი მიიღო, იმ მოტივით, რომ რუსეთის ფედერაციის კონსტიტუციის მიხედვით, რუსეთის მოქალაქის უცხო სახელმწიფოსთვის გადაცემა დაუშვებელია.
ალექსანდრე ლიტვინენკოს გარდაცვალების ფაქტის გამო, 2006 წლის დეკემბერში რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ სისხლის სამართლის საქმე აღძრა, თუმცა - უშედეგოდ.
გასული წლის ოქტომბერში ლიტვინენკოს ქვრივმა აღიარა, რომ მისი მეუღლე ბრიტანეთის სპეცსამსახურებზე მუშაობდა. გავრცელებული ინფორმაციით, ალექსანდრე ლიტვინენკო ბრიტანეთის სპეცსამსახურებს დახმარებას უწევდა ევროპაში მოქმედი რუსული ორგანიზებულ-დანაშაულებრივი დაჯგუფებების წინააღმდეგ ბრძოლის საქმეში.
გასული წლის ოქტომბერში ლიტვინენკოს მკვლელობის საქმის მთავარმა პროკურორმა ლორდ კენ მაკდონალდსმა ღიად განაცხადა მკვლელობის საქმეში კრემლის მონაწილეობის შესახებ. მან გაზეთ The Sunday Times-ში გამოაქვეყნა სტატია სათაურით: "რუსეთმა ლიტვინენკო მოკლა."