სასტუმრო "Holiday Inn"-ში "ადამიანის უფლებათა ცენტრის" ანგარიშის, სახელწოდებით - "2011 წელს საქართველოში მშვიდობიანი შეკრების თავისუფლების მონიტორინგი" პრეზენტაცია გაიმართა.
24 საათი 04.02.12
სასტუმრო "Holiday Inn"-ში "ადამიანის უფლებათა ცენტრის" ანგარიშის, სახელწოდებით - "2011 წელს საქართველოში მშვიდობიანი შეკრების თავისუფლების მონიტორინგი" პრეზენტაცია გაიმართა.
პრეზეტნაციას ესწრებიან საერთაშორისო ორგანიზაციები, ადგილობრივი არასამთავრობოების წარმომადგენლები, ადამიანის უფლებადამცველები და სახალხო დამცველი გიორგი ტუღუში.
პრეზენტაციამდე "ადამიანის უფლებათა ცენტრის" ხელმძღვანელმა უჩა ნანუაშვილმა განაცხადა, რომ მათ 2011 წელს 75 მშვიდობიანი აქციის მონიტორინგი განახორციელეს და დადგინდა, რომ ძირითად შემთხვევებში ადგილი ჰქონდა მშვიდობიანი დემონსტრანტების უფლებების დარღვევას და პოლიციელების მხრიდან ძალის გადამეტებას. ნანუაშვილის თქმით, პრობლემებია როგორც კანონმდებლობაში, ასევე პრაქტიკაში.
სახალხო დამცველ გიორგი ტუღუშის განცხადებით კი, 2011 წელს ადგილი ჰქონდა მცდელობებს, კანონმდებლობა გამოსწორებულიყო, თუმცა კვლავ საჭიროებს დახვეწას. მისი თქმით, 2009 წელს, კანონმდებლობის გაუარესების კუთხით, სერიოზული პრობლემები დაფიქსირდა. მისი თქმით, კანონმდებლობა არ არის ისეთი პრობლემატური, როგორიც პრაქტიკა.
"Human Rights Watch"-ის წარმომადგენელი გიორგი გოგია ამბობს, რომ აქციებზე ძირითადად ადმინისტრაციული წესით აკავებდნენ პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის და საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის გამო. მათ ჩაატარეს ადმინისტრაციული წესით დაკავებულთა მონიტორინგი და აღმოჩნდა, რომ მათი უფლებების დაცვა არ არის გარანტირებული და მათი უფლებები ირღვევა.
ანგარიში, რომელიც ადამიანის უფლებათა ცენტრმა მოამზადა, მხარდაჭერილია ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტების და ადამიანის უფლებების ოფისის მიერ და ასახავს 2011 წლის 1-ლი იანვრიდან 30 ივნისამდე ჩატარებული აქციების მონიტორინგს.