საქართველოსა და უკრაინის იუსტიციის უმაღლეს საბჭოებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
24 საათი 04.02.12
საქართველოსა და უკრაინის იუსტიციის უმაღლეს საბჭოებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
მემორანდუმს ხელი მოაწერეს ქართული მხრიდან იუსტიციის საბჭოს მდივანმა ვალერი ცერცვაძემ, უკრაინული მხრიდან კი იუსტიციის უმაღლესი რადას თავმჯდომარე ვლადიმირ კოლესნიჩენკომ.
მხარეებმა შეხვედრაც გამართეს, რომელსაც საქართველოში ვიზიტით მყოფი უკრაინელი მოსამართლეებიც ესწრებოდნენ.
"მემორანდუმით მხარეები ურთიერთდახმარებაზე შეთანხმდნენ და ინფორმაციისა და გამოცდილების გაცვლის ვალდებულება აიღეს. ვფიქრობ, რომ ეს მნიშვნელოვანი დოკუმენტია, რათა სასამართლო სისტემა ორივე ქვეყანაში განვითარდეს," - განუცხადა ჟურნალისტებს ვალერი ცერცვაძემ.
უკრაინის იუსტიციის უმაღლესი რადას თავმჯდომარე და უკრაინელი მოსამართლეები საქართველოში სამუშაო ვიზიტით ორი დღის წინ ჩამოვიდნენ. ვიზიტის ფარგლებში, ისინი შეხვედრებს გამართავენ საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კონსტანტინე კუბლაშვილთან და თბილისის საქალაქო სასამართლოში. უკრაინის დელეგაციის წევრები გაეცნობიან საქართველოში მიმდინარე სასამართლო რეფორმის შედეგებს და მონაწილეობას მიიღებენ მართლმსაჯულების ეფექტურობის თაობაზე გამართული კონფერენციის მუშაობაში.
დელეგაციის ვიზიტი საქართველოში 6 თებერვლამდე გაგრძელდება.