2012 წლის 12-27 იანვარს, ორ რეგიონალურ სასამართლოში მოქალაქეების გამოკითხვა ჩატარდა, რომლებიც დაესწრნენ სხდომის იმ ეტაპს, როცა მოსამართლე აცხადებს საბოლოო გადაწყვეტილებას.
24 საათი 07.02.12
2012 წლის 12-27 იანვარს, ორ რეგიონალურ სასამართლოში მოქალაქეების გამოკითხვა ჩატარდა, რომლებიც დაესწრნენ სხდომის იმ ეტაპს, როცა მოსამართლე აცხადებს საბოლოო გადაწყვეტილებას.
გამოკითხულთა 98 პროცენტი მოსამართლეთა კომუნიკაციის უნარ-ჩვევებს მაღალ დონეზე აფასებს.
უზენაესი სასამართლოს პრესსამსახურის ინფორმაციით, გამოკითხულთა 98 პროცენტი თვლის, რომ მოსამართლე პროცესზე თავაზიანი იყო. 99 პროცენტი აცხადებს, რომ მოსამართლემ პროცესის დასრულების შემდეგ გააკეთა განმარტება, რომელიც გამოკითხულთა 89 პროცენტისთვის იყო გასაგები და ცხადი, ხოლო 86 პროცენტის აზრით, განმარტების მოსმენის შემდეგ, მათთვის ცხადი გახდა, თუ რამ გამოიწვია მათ საქმეზე კონკრეტული შედეგის დადგომა.
გამოკითხული მოქალაქეების 80 პროცენტი კმაყოფილია სასამართლოს მუშაობით, 12 პროცენტი ნაწილობრივ არის კმაყოფილი, ხოლო 8 პროცენტი - უკმაყოფილო.
2012 წელს სასამართლო ხელისუფლებისთვის პრიორიტეტული მიმართულებები სწორედ მოსამართლის დარბაზთან კომუნიკაციური უნარ-ჩვევების გაუმჯობესება და სასამართლო გადაწყვეტილებების დასაბუთებულობის ხარისხის ზრდა იქნება.
როგორც სასამართლოში აცხადებენ, სასამართლო ხელისუფლების ამ მიმართულებით გააქტიურება მოქალაქეებს კიდევ უფრო გაუადვილებს, გაერკვნენ იმ ობიექტურ თუ კანონიერ მიზეზებში, რომელიც მოსამართლის გადაწყვეტილებას დაედო საფუძვლად, რაც საბოლოოდ, გაზრდის მოქალაქეთა სამართლებრივ შეგნებას და ნდობას სასამართლოს მიმართ. ამჯერად, კვლევის თემატიკა სასამართლო პროცესზე მოსამართლის კომუნიკაციური უნარ-ჩვევების შეფასება იყო. კვლევის არეალი - ხელვაჩაურისა და ოზურგეთის სასამართლოები.
სულ გამოიკითხა 315 მოქალაქე, რომელმაც შეაფასა მოსამართლის მიერ გადაწყვეტილების განმარტების ხარისხი, დრო, რომელიც მოსამართლემ დაუთმო განმარტებას, ასევე, სხდომათა დარბაზში მოსამართლის ქცევის და პროცესის წარმართვის ტექნიკა.