ბიძინა ივანიშვილისთვის დაკისრებული ჯარიმა და 7-დღიანი ვადა
"ქართული ოცნების" ლიდერი ბიძინა ივანიშვილი თბილისის საქალაქო სასამართლომ ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო და 148 650 131 ლარით დააჯარიმა. ამგვარი გადაწყვეტილება მართლმსაჯულებამ ორ სხვადასხვა სხდომაზე გამოიტანა და ორივე შემთხვევაში, დაჯარიმებულს თანხის გადახდის შვიდდღიანი ვადა მიეცა.
24 საათი 12.06.12
"ქართული ოცნების" ლიდერი ბიძინა ივანიშვილი თბილისის საქალაქო სასამართლომ ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო და 148 650 131 ლარით დააჯარიმა. ამგვარი გადაწყვეტილება მართლმსაჯულებამ ორ სხვადასხვა სხდომაზე გამოიტანა და ორივე შემთხვევაში, დაჯარიმებულს თანხის გადახდის შვიდდღიანი ვადა მიეცა.
საქმე ეხება კომპანიების - "ბურჯის", "ელიტა ბურჯის" და "გლობალ კონსალტინგ გრუპის" მიერ კოალიცია "ქართული ოცნებისთვის" ტექნიკური, პერსონალური და სხვა საშუალებებით გაწეულ მომსახურებას. კონტროლის პალატის მონიტორინგის სამსახურის მტკიცებით, ბიძინა ივანიშვილის მიერ მისი კუთვნილი კომპანიების მეშვეობით, ხორციელდებოდა პოლიტიკური და საარჩევნო მოტივაციით კანონსაწინააღმდეგო სქემების დაფინანსება, კანონით დადგენილი რეგულაციების გვერდის ავლის მიზნით. კერძოდ, ერთ შემთხვევაში, კონტროლის პალატის მიერ სასამართლოსთვის გადაცემულ საქმის მასალებში საუბარია კომპანია "გლობალ კონსალტინგ გრუპის" მიერ ამომრჩევლებისთვის მასობრივად და უსასყიდლოდ ათეულ ათასობით სატელიტური ანტენების დარიგებაზე, რაშიც მაკონტროლებელი ორგანოს განმარტებით, "ქართული ოცნების" ლიდერმა 12 622 000-ლარიანი შემოწირულობა განახორციელა.
ხოლო მეორე შემთხვევაში, კონტროლის პალატა ბიძინა ივანიშვილს პირადი ანგარიშიდან კომპანიების "ბურჯისა" და "ელიტა ბურჯის" რესურსების გამოყენებით "ქართული ოცნებისთვის" 239 ავტომობილის შეღავათებით მიქირავების ბრალდებას უყენებდა. ბრალდების მტკიცებით, აღნიშნული კანონსაწინააღმდეგო ქმედებით, ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკური პარტიის სასარგებლოდ 2 242 994,13 ლარის უკანონო შემოწირულობა განახორციელა.
კონტროლის პალატის ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მტკიცებით, მათ მიერ შეგროვებული ფაქტები ადასტურებს, რომ პოლიტიკური კოალიცია საქმეში დასახელებულ კომპანიერს საარჩევნო და პოლიტიკური მიზნებისთვის კანონსაწინააღმდეგოდ იყენებდა, რისთვისაც კოლაიციის ლიდერი, ანუ თანხის უშუალო გამცემი ბიძინა ივანიშვილი, უნდა დაჯარიმებულიყო გაწეული მომსახურებისთვის გაღებული თანხის ათმაგი ოდენობით. ვინაიდან, ბიძინა ივანიშვილს უკანონო შემოწირულობის განხორცილებისათვის ადრე უკვე შეფარდებული ჰქონდა ჯარიმა, კანონმდებლობით იგივე ქმედების განმეორებით ჩადენის შემთხვევაში, დადგენილია ჯარიმის ათმაგი ოდენობა.
კონტროლის პალატის წარმომადგენელი გიორგი ამირანაშვილი, რომელიც ორივე სასამართლო სხდომაზე მის სამსახურს წარმოადგენდა, ამტკიცებდა, რომ
კომპანიების "ბურჯის", "ელიტაბურჯის" და "გლობალ ტვ"- ის მფლობელი ბიძინა ივანიშვილია და კომპანიებს მისი საარჩევნო მიზნებისთვის იყენებდა.
"მაგალითად მოვიყვანთ "ქართუ ჯგუფს", ეჭვი არავის ეპარება რომ ის ივანიშვილის კომპანიაა, თუმცა რეგისტრირებულია მისი წარმომადგენლის ანუ ივანიშვილის დის შვილის კახა კოკიაშვილის სახელზე. იგივე ხდება "მეცხრე არხის" შემთხვევაშიც," - განაცხადა კონტროლის პალატის წარმომადგენელმა გიორგი ამირანაშვილმა.
ივანიშვილის ადვოკატები სანდრო ბარამიძე და შალვა თადუმაძე სხდომაზე ამტკიცებდნენ, რომ ივანიშვილი კანონდამრღვევი არ არის, რადგან კონტროლის პალატის მიერ დასახელებულ ფირმებს სხვა მფლობელები ჰყავთ. ამასთან, სხდომაზე ადვოკატები მოსამართლეების აცილებას მოითხოვდნენ, რადგანაც, მიკერძოებულობაში დასდეს ბრალი. მათი თქმით, მოსამართლე სხდომაზე კონტროლის პალატის პოზიციის გამყარებას ცდილობდა. თუმცა, საბოლოოდ, მათი არც ერთი შუამდგომალობა არ დაკმაყოფილდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეებმა ნანა დარასელიამ და გიორგი გოცირიძემ სასამართლო სხდომა რამენიმე საათში, კონტროლის პალატის არგუმენტების სრული გაზიარებით დაასრულა და ბიძინა ივანიშვილი ერთ შემთხვევაში 126 220 190 მილიონი ლარით დააჯარიმა, ხოლო მეორე ფაქტზე 22 429 941 ლარით.
ბიძინა ივანიშვილის ადვოკატები სანდრო ბარამიძე და შალვა თადუმაძე სასამართლოს გადაწყვეტილებას პოლიტიკურს უწოდებენ და პირველი ინსტანციის განადაწყვეტილების გასაჩივრებას სააპელაციო წესით აპირებენ. თუმცა, შალვა თადუმაძის თქმით, თუ სიმართლე იქაც არ დადგინდა, გადაწყვეტილება მართლმსაჯულების ყველა ინსტანციაში, მათ შორის ევროსასამართლოშიც გასაჩივრდება.
თუმცა, "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" იურისტი ლელა ტალიურის განმარტებით, ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში, ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სასამართლო აღსრულების ღონისძიების სახით ყადაღის გადაწყვეტილებას მიიღებს.
"მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ კანონი ერთადერთი გამონაკლისია, როცა გასაჩივრება აღსრულებას არ აჩერებს, ივანიშვილმა დავის მიმდინარეობის დასრულებამდე ჯარიმის თანხა უნდა გადაიხადოს, იმის მიუხედავად, თუ რა დროის განმავლობაში გაგრძელდება დავა," - აღნიშნა ლელა ტალიურმა.