ხვალ ჟენევაში, მოლაპარაკებების მე-8 რაუნდზე, აშშ-ს მხარის წარმომადგენელი შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილის ახლად დანიშნული თანაშემწე თინა კაიდანოუ იქნება. განსახილველ საკითხებში უკეთ გასარკვევად, ამერიკელი დიპლომატი გუშინ საქართველოს პრეზიდენტს და პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა.
24 საათი 16.09.09
ხვალ ჟენევაში, მოლაპარაკებების მე-8 რაუნდზე, აშშ-ს მხარის წარმომადგენელი შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილის ახლად დანიშნული თანაშემწე თინა კაიდანოუ იქნება. განსახილველ საკითხებში უკეთ გასარკვევად, ამერიკელი დიპლომატი გუშინ საქართველოს პრეზიდენტს და პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა.
გარდა ამისა, კაიდანოუ საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაუმჯობესებისთვის გადადგმული ნაბიჯებითა და ქვეყნის შიდა პოლიტიკური საკითხებით დაინტერესდა. სწორედ ამიტომ მან თავდაცვის მინისტრ ბაჩო ახალაიასთან გამართა შეხვედრა. ბოლოს კი, 45 წუთის განმავლობაში, საპარლამენტო უმცირესობის ლიდერ გიორგი თარგამაძეს ესაუბრებოდა.
ამერიკელმა დიპლომატმა, ქვეყანაში არსებულ ვითარებაში უკეთ გასარკვევად, საქართველოში აკრეტიდებული ელჩებისგან მიიღო ინფორმაცია. კაიდანოუს კოლეგები შეხვედრის დასრულების შემდეგ კმაყოფილებას გამოთქვამდნენ. “დღევანდელი დღე ჩვენს მეგობრებთან რეგულარული შეხვედრების ნაწილია. თინა კაიდანოუმ შეცვალა მეთიუ ბრაიზა, რომელთანაც ბოლო ორი წლის განმავლობაში მჭიდროდ ვთანამშრომლობდით. რა თქმა უნდა, მოუთმენლად ველით ქალბატონ კაიდანოუსთან თანამშრომლობას,” - განაცხადა საფრანგეთის ელჩმა საქართველოში ერიკ ფურნიემ. საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელ ჰანსიორგ ჰაბერთან საუბრისას, დიპლომატი ქალბატონი დაინტერესდა ოკუპირებული ზონების მიმდებარე ტერიტორიებზე შექმნილი ვითარებით. “ამერიკელ მეგობრებს გავაცანით ევროკავშირის დამკვირვებლების საქმიანობა, ასევე ვისაუბრეთ ჩვენს სამომავლო გეგმებზე,” - განაცხადა შეხვედრის შემდეგ ჰაბერმა.
შემდეგ კი კაიდანოუ სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრ დიმიტრი შაშკინს შეხვედა. მხარეებმა დემოკრატიული რეფორმების მეორე ტალღის ეგიდით გასატარებელი და გატარებული ღონისძიებები განიხილეს.
დავით ბაქრაძესთან გაცნობით შეხვედრაზე, სხვა საკითხებთან ერთად, ყურადღება გამახვილდა საქართველოში არსებულ შიდა პოლიტიკურ ვითარებასა და ხელისუფლების მიერ დაგეგმილ დემოკრატიულ რეფორმებზე. “ჩვენი პოზიციები იდენტური აღმოჩნდა, მათ შორის იმ თემაზე, რომ პოლიტიკურმა დავამ პოლიტიკურ ინსტიტუტებში უნდა გადაინაცლოს და დაწყებული პოლიტიკური რეფორმები გაგრძელდეს,” - განაცხადა შეხვედრის შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარემ.
უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში გამართულ მოლაპარაკებაში მონაწილეობდნენ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი მინაშვილი და ვიცე-სპიკერები გიგი წერეთელი და ლევან ვეფხვაძე. თინა კაიდანოუსთან გამართული შეხვედრის შესახებ “24 საათი” ლევან ვეფხვაძეს ესაუბრა. მისი თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საუბრის ძირითადი დრო ქვეყანაში დემოკრატიის საკითხში არსებულ სირთულეებს მიეძღვნა. “მოხარული ვარ, რომ კაიდანოუ დაინტერესებულია საქართველოში არსებული დემოკრატიის პრობლემებით. ამ შემთხვევაში პარტნიორი ქვეყნის პოზიციას ქვეყნის მომავლისთვის ლამის გადამწყვეტად მივიჩნევ,” - განაცხადა “ქრისტიან-დემოკრატების” ერთ-ერთმა ლიდერმა. ვეფხვაძემ დასძინა, რომ “მას შემდეგ, რაც ხელისუფლებამ დემოკრატიის განვითარებისთვის საჭირო თავისეული გეგმა კაიდანოუს გააცნო, მან ხელისუფლების წარმომადგენლებს უთხრა, რომ თუ თქვენ განახორციელებთ ყველაფერს, რაც დაგეგმილი გაქვთ, მაშინ ჩვენ (აშშ-ს ხელისუფლება) კმაყოფილები ვიქნებით.” ლევან ვეფხვაძის თქმით, მთავარია, შეხვედრაზე გამოთქმული წინადადებების რეალიზება.