ოპოზიციის შეფასებით, პრეზიდენტმა სააკაშვილმა არასამთავრობოებს სრული იგნორირება გაუკეთა და ცესკო-ს თავმჯდომარეობის კანდიდატებად სამი საჯარო პირი მორჩილების ნიშნით შეარჩია.
24 საათი 13.01.10
ოპოზიციის შეფასებით, პრეზიდენტმა სააკაშვილმა არასამთავრობოებს სრული იგნორირება გაუკეთა და ცესკო-ს თავმჯდომარეობის კანდიდატებად სამი საჯარო პირი მორჩილების ნიშნით შეარჩია.
პრეზიდენტის მიერ ცესკო-სთვის წარდგენილი სამი კანდიდატის - ლევან თარხნიშვილის, ზურაბ ხარატიშვილის და ოთარ სიჭინავას ვინაობის გახმოვანებას ოპოზიციის მწვავე კრიტიკა მოჰყვა.
ვიდრე უშუალოდ კანდიდატებს შეაფასებდნენ, ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმა "24 საათთან" საუბრისას განაცხადეს, რომ კანდიდატები მიხეილ სააკაშვილმა კანონის უხეშად დარღვევით წარადგინა - პირველად, როცა ვადებში ვერ ჩაეტია, ხოლო მეორედ გუშინ, 12 იანვარს, როდესაც ცესკო-ში პრეზიდენტის განაცხადი ისე შევიდა, რომ პარლამენტის მიერ საარჩევნო კოდექსში შეტანილ ცვლილებებს იურიდიული ძალა არ გააჩნდა, ვინაიდან გამოქვეყნებული არ იყო.
"რესპუბლიკური პარტიის" ლიდერ დავით უსუფაშვილის შეფასებით, პრეზიდენტის კონსულტაციები არასამთავრობოებთან მორიგი ფარსი აღმოჩნდა: "კულუარებში ჯერ კიდევ სამი კვირის წინ იყო ცნობილი, რომ სააკაშვილი ამ სამი კანდიდატურის წარდგენას აპირებდა."
უსუფაშვილმა პრეზიდენტის მიერ შერჩეულ კანდიდატებზე ამგვარი კომენტარი გააკეთა: "თარხნიშვილზე არაფერს ვიტყვი, რადგან ყველა იცნობს... სიჭინავას არავინ იცნობს, ხარატიშვილს - ვანო მერაბიშვილი..."
"მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის" წარმომადგენელ ეკა ბესელიას თქმით, გუშინდელმა დღემ იმედი გაუცრუა ყველა იმ გულუბრყვილო ადამიანს, ვისაც ჰქონდა ილუზია, რომ პრეზიდენტი ამ მეტად მნიშვნელოვან პოსტს არასამთავრობო სექტორს ან ოპოზიციურ პარტიებს დაუთმობდა. "სააკაშვილმა თარხნიშვილის გზა პირდაპირი მნიშვნელობით გააგრძელა. იგი არ მოერიდა საზოგადოების გამოწვევას და სამეულში ერთ-ერთ კანდიდატად ისიც შეიყვანა. ასე რომ, საქართველოს პრეზიდენტი ისევ ძველ რელსებზე რჩება."
ეკა ბესელია მიიჩნევს, რომ ცესკო-მ ამ სამი უარესი კანდიდატიდან ნაკლებად უარესი უნდა აიჩიოს. "თუმცა, საბოლოო ჯამში, მივიღებთ იმას, რომ ნაკლებად უარესიც ხელისუფლების ნებას აღასრულებს," - განუცხადა "24 საათს" ოქრუაშვილის პარტიის წევრმა.
"მემარჯვენეების" განმარტებით, მათ, მას შემდეგ, რაც მმართველმა პარტიამ ე.წ. NDI-ის ჯგუფი დატოვა, საბოლოოდ დაასკვნეს, რომ "ნაციონალური მოძრაობა" საარჩევნო გარემოს გასაუმჯობესებლად ნაბიჯსაც არ გადადგამდა.
"მემარჯვენეთა" ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა კაციტაძემ ჩვენთან საუბრისას თქვა: "ჩემთვის არ არსებობს თარხნიშვილი-სიჭინავა-ხარატიშვილის კანდიდატურები. ესენი არიან "კაცის კაცები". მე ასე განვიხილავ ამ კანდიდატურებს: ბოკერია - თარხნიშვილი, მერაბიშვილი - ხარატიშვილი, უგულავა - სიჭინავა. აქედან გამომდინარე, თუკი ვინმე არჩევანს გააკეთებს, ეს მოხდება ბოკერია-მერაბიშვილ-უგულავას შორის."
საბოლოო ჯამში, კაციტაძე მიიჩნევს, რომ ცესკო-ს არჩევანი არ დაუტოვეს, რის გამოც ის არჩევანს ვერც გააკეთებს.
მიუხედავად ამისა, კაციტაძე ოპოტიმისტურ განწყობას ინარჩუნებს და დასძენს, რომ ოპოზიცია იმედს ამყარებს "ქართველ ამომრჩეველზე და არა ცესკო-ს თავმჯდომარეზე, ამ ხელისუფლებაზე, მოგონილ დემოკრატიაზე".
"მრეწველთა" ერთ-ერთი ლიდერის ზურაბ ტყემალაძის აზრით, პრეზიდენტისთვის გადაწყვეტი აღმოჩნდა არა პროფესიონალიზმი და გამოცდილება, არამედ ის გარემოება, რომ სამი დასახელებული კანდიდატი ხელისუფლების კეთილგანწყობით სარგებლობს.
მისივე თქმით, იმ 14-კაციან სიაში, რომლის მიხედვითაც სააკაშვილმა არჩევანი გააკეთა, გაცილებით უფრო სერიოზული და გამოცდილი ადამიანები იყვნენ წარმოდგენილნი.
ტყემალაძის ვარაუდით, სიჭინავას კანდიდატურა ფარსია, რადგან, მისი ინფორმაციით, ის საკონსტიტუციო სასამართლოდან წამოსვლას არ აპირებს.
ზურაბ ტყემალაძის დახასიათებით, ზურაბ ხარატიშვილი პროფესიონალი ფინანსისტი და ეკონომისტია, თუმცა "მრეწველისთვის" ძნელი სათქმელია, როგორ გაართმევს იგი თავს ცესკო-ს ხელმძღვანელობას. ლევან თარხნიშვილის შესახებ ტყემალაძე, ისევე როგორც სხვა ოპოზიციონერები, კომენტარს არ აკეთებს.
"საქართველოს ლეიბორისტულ პარტიაში" აცხადებენ, რომ პარტია ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თანამდებობაზე პრეზიდენტის მიერ წარდგენილ კანდიდატურებს უნდობლობას უცხადებს. როგორც "ლეიბორისტული პარტიის" გენერალურმა მდივანმა სოსო შატბერაშვილმა განაცხადა, სამივე კანდიდატი, რომელიც მიხეილ სააკაშვილმა დაასახელა, მხოლოდ პრეზიდენტის და მისი გუნდისთვის მისაღები პირები არიან და ნებისმიერი მათგანის დანიშვნის შემთხვევაში საქართველოში ჩატარებული არჩევნები ისევე გაყალბდება, როგორც აქამდე ყალბდებოდა. "სააკაშვილს განზრახული აქვს, ცენტრალურ საარჩევნო კომისიას სათავეში ისევ ცნობილი გამყალბებელი ლევან თარხნიშვილი ან რომელიმე მისი ტრადიციის გამგრძელებელი ჩაუყენოს, თან ისე, რომ საბოლოოდ ის ოპოზიციის მიერ არჩეულ კანდიდატად მონათლოს. ჩვენ არ ვაპირებთ, მას ამ გეგმების განხორციელებაში ხელი შევუწყოთ. შესაბამისად, სააკაშვილის მიერ დასახელებულ არც ერთ კანდიდატს არავითარ შემთხვევაში არ დავუჭერთ მხარს, " - განაცხადა სოსო შატბერაშვილმა.
"კონსერვატიული პარტიის" წარმომადგენელ კახა კუკავას შეფასებით, პრეზიდენტმა სააკაშვილმა ცესკო-ს თავმჯდომარეობის სამი კანდიდატი "უსინდისობის კრიტერიუმით" შეარჩია. "სამივე კანდიდატი, - დასძენს კუკავა, - სრულად კონტროლირებადია ხელისუფლების მიერ. ხოლო მათ შორის ლევან თარხნიშვილი მაღალი კატეგორიის სისხლის სამართლის დამნაშავეა".
როგორც კახა კუკავამ "24 საათს" განუცხადა, 12 იანვრის პრეზიდენტის გადაწყვეტილების შედეგად გაქრა ყოველგვარი იმედი და ილუზია იმისა, რომ საქართველოში სამართლიანი არჩევნები ჩატარდებოდა. "აშკარაა, რომ ეს ადამიანი არჩევნების გზით ხელისუფლების დატოვებას არ აპირებს," - ასკვნის "კონსერვატორთა" ერთ-ერთი ლიდერი, რომელმაც "24 საათისთვის" მიცემული კომენტარი სააკაშვილის მიმართ მუქარის ტექსტით დაასრულა: "თუ სააკაშვილს უნდა, რომ რევოლუცია მიიღოს, ის მიიღებს რევოლუციას 31 მაისს!"