ცესკო-ში დღეს თავმჯდომარეობის კანდიდატებს განიხილავენ
24 საათი 14.01.10
ცესკო-ში დღეს თავმჯდომარეობის კანდიდატებს განიხილავენ
პრეზიდენტის მიერ ცესკო-ს კანდიდატურების დასახელებას ოპოზიციაში არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა. ნაწილი კონსულტაციების შესაძლებლობაზე საუბრობს, ნაწილი - ცესკო-ში კენჭისყრის ბოიკოტირებაზე, ნაწილი კი უკვე საგაზაფხულო ბუნტის გეგმებს აწყობს. ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ოპოზიციის შეხვედრა დღეს არის დაგეგმილი. კანდიდატის დასამტკიცებლად ექვსი ოპოზიციური ხმიდან კანდიდატს ოთხი სჭირდება.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტმა ცესკო-ს თავმჯდომარის კანდიდატებად ცესკო-ს ყოფილი თავმჯდომარე ლევან თარხნიშვილი, ფინანსისტი ზურაბ ხარატიშვილი და საკოსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე ოთარ სიჭინავა წარადგინა.
ცსკო-ს თავმჯდომარეობის კანდიდატებმა საზოგადოებას საკუთარი პრიორიტეტები გუშინ გააცნეს. ზურაბ ხარატიშვილის თქმით, მთავარი ქვეყანაში საარჩევნო გარემოს გაუმჯობესება და ცსკო-ს მიერ საერთაშორისო ორგანიზაციების მიმართ ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაა.
"ჩემი აზრით, ცსკო-ს მუშაობის მთავარი ქვაკუთხედი ეუთო-ს წინაშე საქართველოს მიერ ნაკისრ ვალდებულებებთან სრული შესაბამისობა უნდა იყოს, რაც საკანონმდელო ბაზის სრულყოფას, საზოგადოების ნდობის ამაღლებას და საარჩევნო პროცესის ხარისხის გაუმჯობესებას გულისხმობს," - აცხადებს ხარატიშვილი.
ოთარ სიჭინავა აქცენტს ცსკო-ს გამჭვირვალობაზე აკეთებს და არჩევის შემთხვევაში მედიასთან ურთიერთობის გაუმჯობესებას გეგმავს. "ეს დიდი ტვირთია და მე სრულად მაქვს გააზრებული პასუხისმგებლობა. მასმედიასა და საზოგადოებასთან თანამშრომლობის კუთხით ბევრი სამუშაო იქნება," - განმარტავს სიჭინავა.
რაც შეეხება ცსკო-ს თავმჯდომარეობის მესამე კანდიდატს ლევან თარხნიშვილს, ის ამ პოსტზე მიღწეულ შედეგებზე საუბრობს და აცხადებს, რომ მისი ხელახალი არჩევის შემთხვევაში განსაკუთრებული ცვლილებები არ იგეგმება.
სხვათა შორის, თარხნიშვილის წარდგენასთან დაკავშირებით პრეზიდენტის გადაწყვეტილება გუშინ პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე განმარტა. მისი თქმით, სამივე კანდიდატი "პროფესიონალიზმისა" და "პოლიტიკური აქტიურობისაგან დისტანცირების" კრიტერიუმებით შეირჩა არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დასახელებულთა სიიდან.
"თარხნიშვილმა, ცესკო-ს თავმჯდომარეობის დროს, შეძლო ძლიერი პროფესიული გუნდის შეკრება და სისტემის ჩამოყალიბება," - განაცხადა მანჯგალაძემ და დასძინა, რომ, რომელი კანდიდატი იქნება არჩეული, ეს უკვე ცესკო-ში წარმოდგენილი ოპოზიციური ძალების გადასაწყვეტია.
ოპოზიციის პასუხისმგებლობაზე კომენტარი გუშინ საპარლამენტო ოპოზიციის წევრმა პავლე კუბლაშვილმაც გააკეთა.
"ახლა უკვე ჯერი ოპოზიციაზეა, - განაცხადა პავლე კუბლაშვილმა, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, - ჩვენ ველოდებით მათ გადაწყვეტილებას. ველოდებით, რომ ამ ერთ შემთხვევაში მაინც აიღებენ რაღაც დოზით პასუხისმგებლობას".
გუშინდელი შეფასებების გათვალისწინებით, დღეს ცესკო-ს გადაწყვეტილების მიღება უნდა გაუჭირდეს. ექვსი ოპოზიციური ძალიდან სამმა გუშინ განაცხადა, რომ არ აპირებს ცესკო-ს თავმჯდომარის არჩევის პროცესში მონაწილეობას, ვინაიდან პრეზიდენტის მიერ წარმოდგენილი სამი კანდიდატიდან მათთვის ყველა მიუღებელია.
ცესკო-ში კენჭისყრის ბოიკოტირებას "კონსერვატორები", "ლეიბორისტები" და "რესპუბლიკელები" აპირებენ.
"ლეიბორისტულმა პარტიამ" ბოიკოტის თემას სპეციალური ბრიფინგი მიუძღვნა და ოპოზიციურ პარტიებს მოუწოდა, პრეზიდენტის მიერ დასახელებული კანდიდატებისთვის მხარი არ დაეჭირათ და ფარულ კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიეღოთ. კახა ძაგანიამ განაცხადა, რომ პრეზიდენტის მიერ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეობის თანამდებობაზე ლევან თარხნიშვილის, ზურაბ ხარატიშვილისა და ოთარ სიჭინავას დასახელება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ხელისუფლება მომავალი ადგილობრივი არჩევნების გასაყალბებლად ემზადება.
აღნიშნულ პოზიციას იზიარებენ რესპუბლიკელები, რომლებიც დღევანდელ კენჭისყრაში მონაწილეობას ასევე არ აპირებენ.
"კონსერვატორების" განცხადებაში კი უკვე მომავალი არჩევნების შედეგების დაცვის დაპირება და მუქარა გაისმა. "ჩვენ, პრაიმერის ინიციატორი პარტიები, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ დავიცვათ ყველა ჩვენი ხმა და ვაიძულოთ პრეზიდენტი სააკაშვილი, აღიაროს და ცნოს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების რეალური შედეგები," - განაცხადა კახა კუკავამ.
ზემოთ დასახელებული სამი პარტიისგან განსხვავებული პოზიცია აქვთ ცესკო-ს ოპოზიციური ექვსეულის დარჩენილ სამ წევრს.
"ქრისტიან-დემოკრატ" ლევან ვეფხვაძის შეფასებით, ბოიკოტირება მხოლოდ ოპოზიციას დააზარალებს. როგორც ჟურნალისტებთან საუბრისას ლევან ვეფხვაძემ განაცხადა. ვიცე-სპიკერს მიაჩნია, რომ უმჯობესი იქნებოდა, გარკვეული შეთანხმებების საფუძველზე ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის არჩევაში თავად ოპოზიციას მიეღო მონაწილეობა. ლევან ვეფხვაძის თქმით, ბოიკოტირების რეჟიმში მაქსიმალურად იკარგება ნდობა საარჩევნო ადმინისტრაციისადმი, რაც მხოლოდ ოპოზიციის ამომრჩეველზე იმოქმედებს.
ვეფხვაძის აზრით, სახელისუფლო გუნდს ჰყავს მოტივირებული ამომრჩეველი, რომელიც აუცილებლად მივა საარჩევნო ყუთთან, ხოლო, თუ საარჩევნო ადმინისტრაციისადმი ნდობა არ იქნა, ოპოზიციის ამომრჩეველმა შეიძლება, უნდობლობის გამო, არც კი მიიღოს არჩევნებში მონაწილეობა. შესაბამისად, პოლიტიკურმა პარტიებმა, რომლებიც წარმატებაზე არიან ორიენტირებულნი და არა - არეულობაზე, საარჩევნო პროცესში მონაწილეობაზე უარი არ უნდა თქვან.
ამას გარდა, ლევან ვეფხვაძე იმასაც აცხადებს, რომ თავის დროზე გარკვეული შეცდომა იყო დაშვებული, როდესაც კანონმდებლობაში დარჩა დათქმა - ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე აუცილებლად უნდა იყოს სერტიფიცირებული. ლევან ვეფხვაძეს მიაჩნია, რომ სრულიად შესაძლებელი იყო, ასეთი მოთხოვნის არარსებობის შემთხვევაში, გამოძებნილიყო ისეთი კანდიდატურა, რომელიც ხელისუფლებისთვისაც და ოპოზიციისთვისაც მისაღები იქნებოდა. დეპუტატი სამწუხაროს უწოდებს იმ ფაქტს, რომ პრეზიდენტმა ცენტრალურ საარჩევნო კომისიას მხოლოდ თავისთვის სასურველი კანდიდატები შესთავაზა.
მსგავსი პოზიცია აქვს პარტიის "ჩვენ თვითონ" ლიდერს პაატა დავითაიას. მისი შეფასებით, ცესკო-ში ოპოზიციის მხრიდან თავმჯდომარის კანდიდატურების კენჭისყრის ბოიკოტირება ხელისუფლებას კიდევ ერთხელ აძლევს საშუალებას, კომისიის თავმჯდომარედ სასურველი კანდიდატი დანიშნოს. როგორც ჟურნალისტებთან საუბრისას პაატა დავითაიამ განაცხადა, ნებისმიერ საკითხში ბოიკოტირება ხელისუფლების გაძლიერების საშუალებას იძლევა. პაატა დავითაია სამწუხაროს უწოდებს იმ გარემოებას, რომ ხელისუფლებამ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეობის კანდიდატურებთან დაკავშირებით უგუნური გადაწყვეტილება მიიღო.
"მრეწველების" ლიდერი ზურაბ ტყემელაძე კი კონსულტაციების წარმოებას აპირებს და კენჭისყრასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღებასაც ამის შემდეგ გეგმავს.
არასაპარლამენტო ოპოზიციიდან ყველაზე რადიკალური მოძრაობა "სამართლიანი საქართველოსთვის" ლიდერი ზურაბ ნოღაიდელი აღმოჩნდა. იგი ხელისუფლებას "კიდევ ერთი რევოლუციით" დაემუქრა: "პრეზიდენტის მიერ ცესკოს თავმჯდომარის პოსტზე დასახელებული კანდიდატები იმას მიანიშნებენ, რომ ხელისუფლება არჩევნების გასაყალბებლად ემზადება. მინდა მას ვუთხრა, რომ ამჯერად არჩევნებს არავის გავაყალბებინებთ. კიდევ ერთი გაყალბებული არჩევნები საქართველოში დამთვარდება აუცილებლად აჯანყებით და ახალი რევოლუციით."
მის ამ განცხადებაში ხელისუფლების წარმომადგენლებმა რუსეთის გეგმების გამოძახილი დაინახეს.
რა გადაწყვეტილებას მიიღებს ცსკო-ს ოპოზიციური სპექტრი თავმჯდომარის შესახებ, დღევანდელ სხდომაზე გახდება ცნობილი. იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტილება ვერ იქნა მიღებული, 21 იანვრამდე ცესკო-ს თავმჯდომარეს არსებული სამი კანდიდატიდან აირჩევს პარლამენტი, სადაც, როგორც ცნობილია, გადაწყვეტილებებს მმართველი პარტია იღებს.