RSS ბოლო ნომერი მობილური ვერსია
24 saati
24 მაისი, ხუთშაბათი 2012
თბილისი ... ...
ამბები >>

პოლიტიკური სიურპრიზი არ შედგა

ცესკო-ს თავმჯდომარეს პარლამენტი აირჩევს

24 საათი 15.01.10

ცესკო-ს თავმჯდომარეს პარლამენტი აირჩევს

პროგნოზები გამართლდა - ცესკო-ში კომისიის თავმჯდომარე ვერ აირჩიეს. პროცესმა პარლამენტში გადაინაცვლა - თავმჯდომარის კანდიდატურას საკანონმდებლო ორგანო დღეს უყრის კენჭს. ცესკო-ს გუშინდელ სხდომას, რომელზეც თავმჯდომარის ბედი უნდა გარკვეულიყო, 4 ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი - "ქრისტიან-დემოკრატები", "ჩვენ თვითონ", "მრეწველები" და "რესპუბლიკელები" ესწრებოდნენ. სხდომაზე არ მისულან "ლეიბორისტები" და "კონსერვატორები". კენჭისყრაში სამმა ოპოზიციონერმა მიიღო მონაწილეობა. კენჭისყრაზე უარი განაცხადა "ქრისტიან-დემოკრატების" წარმომადგენელმა. შედეგების მიხედვით, სამივე ბიულეტენი გაბათილდა. ოპოზიციის წევრებმა პრეზიდენტის მიერ წარდგენილი სამი კანდიდატიდან არც ერთს არ დაუჭირეს მხარი.

გუშინდელი დღე ცესკო-ში თავმჯდომარეობის კანდიდატებთან კონსულტაციებით დაიწყო. სპეციალურად ამ კონსულტაციებისთვის გუშინ კიევიდან თბლისში დაბრუნდა ცესკო-ს თავმჯდომარეობის ერთ-ერთი კანდიდატი და ამჟამად თავმჯდომარების მოვალეობის შემსრულებელი ლევან თარხნიშვილი. კონსულტაციებზე, რომელსაც სამი ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი - "ქრისტიან-დემოკრატები", "ჩვენ თვითონ" და "მრეწველები" ესწრებოდნენ, ასევე მოუსმინეს ოთარ სიჭინავას და ზურაბ ხარატიშვილს.

როგორც კონსულტაციების შემდეგ სიჭინავამ ჟურნალისტებს განუცხადა, შეხვედრა საინტერესო იყო, ოპოზიციური პარტიის წევრებისგან ბევრი საინტერესო წინადადება და საკითხი მოისმინა. სიჭინავასვე განმარტებით, საკითხები იყო წმინდა სამართლებრივი, რომლებსაც იმ შემთხვევაშიც გაითვალისწინებს თავის პროფესიულ საქმიანობაში, თუ ცესკო-ს თავმჯდომარედ არ აირჩევენ. მისივე თქმით, კონსულტაციები იყო მხოლოდ პროცედურული მხარე, რომელიც საარჩევნო კოდექსის მიხედვით უნდა ჩატარებულიყო ცესკო-ში; თუმცა, კანდიდატმა გუშინ კონსულტაციების დასრულებისთანავე განაცხადა, რომ უკვე თითქმის გადაწყვეტილი გახლდათ, რომ პროცედურა გაგრძელდებოდა პარლამენტში და ცესკო-ს თავმჯდომარეს საკანონმდებლო ორგანო აირჩევდა.

ცესკო-ს თავმჯდომარეობის კანდიდატმა ზურაბ ხარატიშვილმა კი გუშინ ჟურნალისტებთან იმ პრიორიტეტებზე ისაუბრა, რასაც ცესკო-ს თავმჯდომარის პოსტზე ყოფნის შემთხვევაში გააკეთებს. მისი თქმით, პირველ რიგში, ცესკო-ში კოლეგიალური ურთიერთობების გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს და გამოიყენებს ყველა ტექნიკურ საშუალებას, რათა ცესკო-ს მუშაობა იყოს მაქსიმალურად გამჭვირვალე და ცესკო-ს მიმართ ნდობის ფაქტორი გაიზარდოს.

"ცესკო-ს 13 წევრი ერთმანეთის მიმართ უფრო კოლეგიალური უნდა გახდეს, რათა ქართულმა საზოგადოებამ ესეც და მომდევნო არჩევნებიც მიიღოს როგორც სამართლიანი და ჰქონდეს სამართლიანობის შეგრძნება," - აღნიშნა ხარატიშვილმა.

როგორც აღვნიშნეთ, კონსულტაციებს კანდიდატებთან სამი პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი ესწრებოდა, თუმცა სხდომას, რომელზეც კენჭისყრა უნდა შემდგარიყო, მეოთხე პარტიის - "რესპუბლიკელების" წარმომადგენელიც შეუერთდა.

"ცესკო-ს გამჭვირვალობასა და დემოკრატიას ფარსის სუნი ასდის," - ასეთი განცხადება გააკეთა გუშინ ცესკო-ს სხდომაზე "რესპუბლიკელების" წარმომადგენელმა ზურაბ მარაქველიძემ.

მისი თქმით, პრეზიდენტმა ორჯერ უხეშად დაარღვია ვადების შესახებ ორგანული კანონი; კანდიდატურები, რომლებიც პრეზიდენტმა წარმოადგინა, კულუარულად უკვე ორი კვირის წინ იყო ცნობილი, რაც ნიშნავს, რომ ვადების გადაწევა ხელოვნურად მოხდა.

"მოტივაცია, თითქოს ვადების გადაწევა იმიტომ მოხდა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებს კონსულტაციების საშუალება და კანდიდატების შერჩევისთვის მეტი დრო ჰქონოდათ, ფარსი აღმოჩნდა," - განმარტა მარაქველიძემ.

"რესპუბლიკელების" წარმომადგენლის თქმით, ცესკო-ს სხდომაზე დასწრებისა და კენჭისყრაში მონაწილეობის გადაწყვეტილება მიიღო, რითიც კანონის მოთხოვნა შეასრულა.

საინტერესოა ერთი ფაქტი - თავიდანვე ცნობილი იყო, რომ "რესპუბლიკელები" ბოიკოტს გამოუცხადებდნენ კენჭისყრის ჩატარებას, მაგრამ მათი წარმომადგენელი სხდომას დაესწრო და კენჭისყრაშიც მიიღო მონაწილეობა, თუმცა ყველა კანდიდატი გადახაზა.

კენჭისყრისგან თავი შეიკავა “ქრისტიან-დემოკრატების” წარმომადგენელმა გოჩა ჯოჯუამ. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ცესკო-ს ოპოზიციურ პარტიებს არჩევანის გაკეთების მინიმალური შანსი ჰქონდათ.

"ეს შანსი მას შემდეგ გახდა მინიმალური, რაც პრეზიდენტმა დაარღვია ორგანული კანონი კანდიდატების წარდგენის ვადების შესახებ. შემდეგ კი ცესკო-ს თავმჯდომარეობის კანდიდატები არაკონსენსუსის გზით შეარჩია," - განაცხადა გოჩა ჯოჯუამ. მისივე თქმით, თავიდანვე იყო მცდელობა, რომ სიტუაცია ჩიხში შესულიყო და ასეც მოხდა.

"ხელისუფლებამ ვერ მოახერხა კონსესუსის მიღწევა და ვერ შეძლო, რომ ოპოზიციურ პარტიებს ჰქონოდათ არჩევანის საშუალება. პროცესი პარლამენტში გადაინაცვლებს," - აღნიშნა ჯოჯუამ.

კენჭისყრის შედეგებზე გუშინ კომენტარი გააკეთა ცესკო-ს თავმჯდომარეობის კანდიდატმა, ამჟამად "მოვალეობის შემსრულებელმა" ლევან თარხნიშვილმაც.

როგორც თარხნიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ძალიან სამწუხაროა, რომ ცესკო-ს ოპოზიციურმა წევრებმა არ გამოიყენეს შანსი - თავად გაეკეთებინათ არჩევანი.

მისივე ვარაუდით, ოპოზიციის ეს წევრები, რომლებიც ყველაზე მეტად უნდა გამოირჩეოდნენ დამოუკიდებლობით, პარტიული კონტროლისა და დიქტატის ქვეშ მოექცნენ.

"ძალიან ცუდია, მაგრამ რას ვიზამთ, ეს არის რეალობა. მომდევნო პროცესი უკვე პარლამენტში გადაინაცვლებს და პარლამენტი მიიღებს გადაწყვეტილებას, თუ ვინ გახდება ცესკო-ს თავმჯდომარე," - აღნიშნა თარხნიშვილმა.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, კანონის შესაბამისად, ცესკო-ს თავმჯდომარის დამტკიცების პროცედურამ ახლა უკვე საკანონმდებლო ორგანოში გადაინაცვლა.

თავმჯდომარეობის კანდიდატებს - ოთარ სიჭინავას, ლევან თარხნიშვილსა და ზურაბ ხარატიშვილს შორის არჩევანს პარლამენტარები დღეს გააკეთებენ. საპარლამენტო უმცირესობა ამ პროცესში მონაწილეობას არ აპირებს.

მიუხედავად ასეთი გადაწყვეტილებისა, საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი გუშინ ცესკო-ს საკითხზე ახალი ინიციატივით გამოვიდა. "ქრისტიან-დემოკრატებმა" ოპოზიციურ პარტიებს მოუწოდეს, აწარმოონ კონსულტაცია ოპოზიციისთვის ისეთი ბერკეტების გადასაცემად, რომლებიც მაქსიმალურად შეამცირებს არჩევნების გაყალბების შესაძლებლობას. ამის შესახებ "ქრისტიან-დემოკრატმა" ლევან ვეფხვაძემ და ცესკო-ში “ქრისტიან-დემოკრატების" წარმომადგენელმა გოჩა ჯოჯუამ გუშინ პარლამენტში სპეციალურად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადეს.

ლევან ვეფხვაძის თქმით, ხელისუფლებამ ოპოზიციას არჩევანის საშუალება არ დაუტოვა; ცესკო-ს თავმჯდომარეობის სამი კანდიდატიდან რომელი გახდება თავმჯდომარე, დიდი მნიშვნელობა აღარ აქვს, მაგრამ ვეფხვაძეს მიაჩნია, რომ თუ ხელისუფლება უპასუხისმგებლოდ იქცევა, ეს არ ნიშნავს, რომ ოპოზიციამაც იგივე გაიმეოროს.

"ჩვენ ვთავაზობთ ოპოზიციურ პარტიებს, კომისიის თავმჯდომარეობის კანდიდატებთან ვაწარმოოთ კონსულტაციები ოპოზიციისთვის ისეთი ბერკეტების გადასაცემად, რომლებიც მაქსიმალურად შეამცირებს არჩევნების გაყალბების შესაძლებლობას," - აღნიშნა ვეფხვაძემ და ასეთ ბერკეტებად დაასახელა ცესკო-ში თავმჯდომარის მოადგილისა და მდივნის თანამდებობების ოპოზიციის მიერ დაკავება, საოლქო საარჩევნო კომისიის მე-13 წევრის დანიშვნისას ოპოზიციის აზრის გათვალისწინება და საქართველოს ყველა საარჩევნო უბნის შესაბამისი სათვალთვალო კამერით აღჭურვა.

ლევან ვეფხვაძემ დასძინა, რომ იმ ოპოზიციური პოლიტიკური პარტიებისთვის, რომლებიც სერიოზულად ფიქრობენ არჩევნებში წარმატების მოპოვებას, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ამომრჩეველს დაუბრუნდეს საარჩევნო პროცესისადმი ნდობა. წინააღმდეგ შემთხვევაში კი, როგორც ვეფხვაძე აცხადებს, ოპოზიციურად განწყობილი ამომრჩეველი არ მივა საარჩევნო ყუთთან, რითიც მხოლოდ სააკაშვილი და მისი ხელისუფლება იხეირებენ.

სანამ ოპოზიცია აღნიშნულ შეთავაზებაზე გადაწყვეტილებას მიიღებს, პარლამენტი დღეს ცესკოს-ს და ზოგადად არჩევნების შესახებ კიდევ რამდენიმე საკითხს განიხილავს - რიგგარეშე სხდომაზე საკანონმდებლო ორგანო ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრობის საკონკურსო წესით შერჩეულ სამ კანდიდატს დაამტკიცებს. ცესკო-ში არსებულ ვაკანტურ თანამდებობებზე შერჩეული კანდიდატურები პარლამენტს დასამტკიცებლად უკვე წარედგინა. თითო ვაკანტურ ადგილზე ორი კანდიდატია დასახელებული, შესაბამისად, პარლამენტს არჩევანის გაკეთება 6 კანდიდატს შორის მოუწევს. პირველ ვაკანტურ თანამდებობაზე პრეზიდენტმა დეპუტატებს თამაზ შარმანაშვილისა და ზურაბ ლომსაძის კანდიდატურები წარუდგინა, მეორე ვაკანტურ ადგილზე გიზო მჭედლიძე და ზაალ ზაალიშვილი არიან წარდგენილნი, ხოლო მესამეს დასაკავებლად პრეზიდენტმა კონსტანტინე კირვალიძის და მევლუდ კუხიანიძის კანდიდატურები შეარჩია. დღესვე პარლამენტი პირველი მოსმენით საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს დაამტკიცებს. საუბარია საკონსტიტუციო პროექტზე, რომელიც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ჩატარების ვადებს განსაზღვრავს და კენჭისყრის 1 ივლისამდე დანიშნვას ითვალისწინებს.

ყველაზე პოპულარული
  1. ბიზნესი >>

    aa
  2. ბიზნესი >>

    aa
  3. უცხოეთი >>

    aa
  4. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  5. რევიუ >>

    aa
  6. სპორტი >>

    aa
  7. სპორტი >>

    aa
  8. სპორტი >>

    aa
  9. სპორტი >>

    aa
  10. ავტო >>

    aa
  11. ავტო >>

    aa
  12. ავტო >>

    aa
  13. ავტო >>

    aa
  14. ავტო >>

    aa
  15. ავტო >>

    aa
  16. ავტო >>

    aa
  17. ავტო >>

    aa
  18. ავტო >>

    aa
  19. ავტო >>

    aa
  20. ავტო >>

    aa
  21. ავტო >>

    aa
  22. ავტო >>

    aa
  23. ავტო >>

    aa
  24. ავტო >>

    aa
  25. ავტო >>

    aa
  26. რევიუ >>

    aa
  27. რევიუ >>

    aa
  28. რევიუ >>

    aa
  29. მარანი >>

    aa
  30. მარანი >>

    aa
  31. მარანი >>

    aa
  32. მარანი >>

    aa
  33. კულინარია >>

    aa
  34. კულინარია >>

    aa
  35. კულინარია >>

    aa
  36. კულინარია >>

    aa
  37. კულინარია >>

    aa
  38. კულინარია >>

    aa
  39. კულინარია >>

    aa
  40. კულინარია >>

    aa
  41. კულინარია >>

    aa
  42. წიგნები >>

    aa
  43. წიგნები >>

    aa
  44. წიგნები >>

    aa
  45. წიგნები >>

    aa
  46. წიგნები >>

    aa
  47. წიგნები >>

    aa
  48. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  49. ამბები >>

    aa
  50. ტექნოლოგიები >>

    aa
  51. ტექნოლოგიები >>

    aa
  52. რევიუ >>

    aa
  53. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  54. რეგიონი >>

    aa
  55. კალათბურთი >>

    aa
  56. სპორტი >>

    aa
  57. რაგბი >>

    aa
  58. რაგბი >>

    aa
  59. წიგნები >>

    aa
  60. წიგნები >>

    aa
  61. წიგნები >>

    aa
   

ამბები
ბიზნესი
სპორტი
საზოგადოება
რევიუ
სტილი
თვალსაზრისი
ტენდერები
The New York Times
გაზეთ"24 საათის"
ელექტრონული არქივი
ავტორები
მობილურის ვერსია
RSS არხები
Twitter
სიახლეების გამოწერა
რეკლამის განთავსება
www.24saati.ge
გაზეთი "24 საათი"
კონტაქტი