ოპოზიციონერი დეპუტატი გიორგი ცაგარეიშვილი განთლების რეფორმის შესახებ პრეზიდენტის საყვედურების არაადეკვატურობაზე საუბრობს.
24 საათი 15.01.10
ოპოზიციონერი დეპუტატი გიორგი ცაგარეიშვილი განთლების რეფორმის შესახებ პრეზიდენტის საყვედურების არაადეკვატურობაზე საუბრობს.
როგორც ცაგარეიშვილმა გუშინ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, გაუგებარია, ვის აბრალებს სააკაშვილი განათლების რეფორმის წარუმატებლობას, როდესაც ამ რეფორმის შემქნელი გუნდი ახლაც მისი თანამოაზრე და თანაგუნდელია.
ცაგარეიშვილმა იმ ადამიანების გვარები დაასახელა, რომლებიც განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სათავეში იყვნენ, განათლების ე.წ. რეფორმას ატარებდნენ და ახლა "ამ რეფორმის კიდევ ერთი შემქნელის, გიგი თევზაძის ინსტიტუტში არიან მოკალათებულნი".
დეპუტატმა შენიშნა, რომ ბოლო ექვსი წლის განმავლობაში განათლებისა და მეცნიერების ხუთი მინისტრი შეიცვალა, თუმცა არ იცვლებოდა ე.წ. რეფორმის გუნდი. კერძოდ, მერაბ სამადაშვილი, ბელა წიფურია, ლევან გახელაძე, ალექსანდრე ლომაია, ალექსანდრე დიდებულიძე და ა.შ.
“ინტერპრესნიუსის” ინფორმაციით, დეპუტატი განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს "გიგი თევზაძის ილია ჭავჭავაძის უნივერსიტეტზე", რომელსაც უკანასკნელი წლების განმავლობაში ბიუჯეტი "კატასტროფული სისწრაფით" ეზრდება. კერძოდ, 2007 წელს ეს უმაღლესი სასწავლებელი 1 მილიონ 154 ათასი ლარით დაფინანსდა, 2008 წელს - 2 მილიონ 864 ათასით, 2009 წელს - 4 მილიონ 269 ათასით. ამასთან, ამ უმაღლეს სასწავლებელს ალოგიკურად შეუერთეს სხვადასხვა საგანმანათლებლო ორგანიზაციები, მათ შორის აბასთუმნის ობსერვატორია და ზოოლოგიის ინსტიტუტი.
დეპუტატმა გია ცაგარეიშვილმა მედიას ასევე შეახსენა 2005 წელს განათლებისა და მეცნიერების მაშინდელ მინისტრ ალექსანდრე ლომაიას პარლამენტში გამოსვლა "ზოგადი განათლების შესახებ კანონთან" დაკავშირებით, სადაც ლომაია ამბობს, რომ ამ კანონმა უნდა განსაზღვროს ქართული ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის სახე 21-ე საუკუნეში და მკვეთრად უნდა გააუმჯობესოს როგორც ზოგადი განათლების ხარისხი, ისე მართვის ეფექტურობა.
"როგორი ეფექტური აღმოჩნდა ეს ე.წ. რეფორმა, ყველამ ნახეთ, შედეგად მხოლოდ გონებისგან დაცლილი და გამოფიტული სკოლა მივიღეთ", - განაცხადა ცაგარეიშვილმა.