აფხაზმა სეპარატისტების მიერ რუსეთის "როსნეფტთან" 2009 წლის 25 დეკემბერს გაფორმებული 15 მილიარდიანი ხელშეკრულების მიხედვით, რუსული კომპანია 2010 წლიდან შავი ზღვის გუდაუთის აკვატორიაში ნავთობის მოპოვების დაწყებას გეგმავს.
24 საათი 16.01.10
აფხაზმა სეპარატისტების მიერ რუსეთის "როსნეფტთან" 2009 წლის 25 დეკემბერს გაფორმებული 15 მილიარდიანი ხელშეკრულების მიხედვით, რუსული კომპანია 2010 წლიდან შავი ზღვის გუდაუთის აკვატორიაში ნავთობის მოპოვების დაწყებას გეგმავს.
ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებულია აფხაზეთში ბენზინგასამართი სადგურებისა და თხევადი გაზის კომპლექსების მშენებლობა.
სოხუმსა და რუსულ "როსნეფტს" შორის ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ აფხაზურმა ოპოზიციამ სოციოლოგიური გამოკითხვა ჩაატარა. აღმოჩნდა, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილი, რუსეთის "როსნეფტის" მიერ გუდაუთაში ნავთობის მოპოვებას ეწინააღმდეგება.
აღნიშნულ ფაქტს ქართული მხარეც გამოეხმაურა. საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერ პაატა დავითაიას განმარტებით, რუსეთსა და ოკუპირებული აფხაზეთის მოსახლეობას შორის ურთიერთობები კიდევ უფრო დაიძაბება. ამის მიზეზი საკურორტო სეზონია, რადგანაც ნავთობის მოპოვების შემდეგ აფხაზეთში დასვენების სურვილი აღარავის ექნება. ტურისტებისგან მიღებული შემოსავალი აფხაზეთში მცხოვრები აფხაზებისათვის შემოსავლის ძირითადი წყაროა. “ეს ყველაფერი აფხაზეთის ტერიტორიაზე გამოიწვევს ეკოლოგიური სიტუაციის დამძიმებას და აფხაზეთს, როგორც საკურორტო ზოლს, მთლიანად მოწყვეტს. ეს ნათელი მაგალითია იმისა, რომ აფხაზები უკვე ხვდებიან, რომ რუსეთს არ აინტერესებს მათი ე.წ. დამოუკიდებლობა. მათი მიზანი აფხაზეთის ტერიტორიაზე მხოლოდ და მხოლოდ ფულის კეთებაა. აფხაზები ვერ განკარგავენ თავიანთ მიწას ისე, როგორც მათ სურთ, რაც მათთვის ყველაზე მიუღებელია. სავარაუდოდ, მომავალში აფხაზეთის მოსახლეობის წინააღმდეგობის მუხტი რუსეთის მიმართ გაიზრდება,” - განმარტა პაატა დავითაიამ.
კავკასიის საკითხებში ექსპერტ მამუკა არეშიძის განცხადებით კი, აფხაზეთის მოსახლეობის რეაგირება რუსეთის მიერ აფხაზეთში ნავთობის მოპოვებაზე სავსებით ლოგიკურია. “ აფხაზეთის მოსახლეობის დიდი ნაწილი დამოკიდებულია ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებაზე. ისინი მიიჩნევენ, რომ ნავთობის მოპოვების შემთხვევაში ტურიზმს ხელი შეეშლება და ეს ლოგიკურია. განსაკუთრებით ნავთობის მოპოვების დაწყების წინააღმდეგი ოჩამჩირის და გულრიფშის რაიონების მოსახლეობაა,” - აცხადება მამუკა არეშიძე.